"ძალიან ემოციურია თითოეული კადრი... უყურებ ხალხს თვალცრემლიანს, ამ საშინელაბას კი  აფიქსირებ" - რას ჰყვება შოვში მყოფი ფოტოგრაფი, რომელიც უმძიმეს კადრებს იღებს - კვირის პალიტრა

"ძალიან ემოციურია თითოეული კადრი... უყურებ ხალხს თვალცრემლიანს, ამ საშინელაბას კი  აფიქსირებ" - რას ჰყვება შოვში მყოფი ფოტოგრაფი, რომელიც უმძიმეს კადრებს იღებს

შოვში, დღეს, მეხანძრე-მაშველებმა მიწის დამუშავების დროს ხუთი ცხედარი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ უფრო იზრდება.

უწყების ცნობით, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას 200-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი. უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ საგანგებო სიტუაციის მართვის თანამშრომლები, ასევე, სამაშველო პროცესში ჩართულნი არიან თავდაცვის ძალები და ავიაცია.

სტიქიის ზონიდან მოვლენებს აშუქებს და უმძიმეს კადრებს იღებს „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტი გიორგი ნიკოლიშვილი, რომელიც გვიყვება, რა მდგომარეობაა ახლა ტრაგედიის ადგილას.

giorgisfoto1-1691252457.jpg
ფოტოგრაფი: გიორგი ნიკოლიშვილი

- გიორგი, რამდენი დღეა, რაც სტიქიის ზონაში ხარ?

- დღეს მეორე დღეა, რაც სტიქიის ზონაში ვარ. გვიწევდა ტყეში სიარული და შემოვლითი გზების მოძიება, რადგან მედიას არ გვქონდა თავისუფლად გადაადგილების საშუალება.

giorgisfoto2-1691252576.jpg
ფოტოგრაფი: გიორგი ნიკოლიშვილი

- უმძიმეს კადრებს გვიზიარებ, რა შეგიძლია გვითხრა იმაზე, რაც ახლა სტიქიის ზონაში და შენ გარშემო ხდება?

- კადრები მართლაც უმძიმესია, მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, როგორც იცით, პროცესში ჩართულები არიან მოხალისეთა ჯგუფებიც და დღეს თავდაცვის სამინისტროს ძალებიც შეუერთდა. კადრები კიდევ ვერ ასახავს იმ ემოციურ მდგომარეობას, რაც აქ არის. ვცდილობ, ავსახო ეს ყველაფერი, შეძლებისდაგვარად.

- გზები გაიწმინდა თუ ისევ ისეა მასა ჩამოწოლილი?

- გზებს წმენდენ, მუშაობს ტექნიკა, ამ ეტაპზე არ გვეძლევა საშუალება მივუახლოვდეთ იმ ტერიტორიას, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს. ძალიან რთულ მდგომარეობაში გიწევს მუშაობა. ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

ფოტო:გიორგი ნიკოლიშვილი
ფოტოგრაფი: გიორგი ნიკოლიშვილი

- რას გვეტყვი შენ მიერ გადაღებულ კადრებზე?

- ჩემთვის ძალიან ემოციურია თითოეული კადრი... როდესაც იაზრებ იმას, რა ტრაგედია დატრიალდა და უყურებ ხალხს თვალცრემლიანს, ამ საშინელაბას კი აფიქსირებ, როგორც ფოტოგრაფი. ძალიან ემოციური შეგრძნებაა, როდესაც ხედავ, რამდენი ადამიანია ჩართული სამძებრო სამუშაოებში და როგორ თავდაუზოგავად მუშაობენ, ტრაგედიის ამსახველი ფაქტების აღბეჭდვა, დამეთანხმებით, ძალიან დიდ ემოციებთანაა დაკავშირებული.

giorgisfoto3-1691253212.jpg
ფოტოგრაფი: გიორგი ნიკოლიშვილი

- რას ამბობენ, როდემდე გაგრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია?

- ეს არავინ იცის. არაპროგნოზირებადი სიტუაციაა. ჯერჯერობით აქ ვართ, არ ვიცი, როდის დავბრუნდებით.

(სპეციალურად საიტისთვის)