"ახლაც მეტირება... დღეს ადგილზე არ დამხვდა და რომ ვიკითხე, სად იყო, მითხრეს, მისი ოჯახის წევრი სავარაუდოდ, გარდაცვლილი იპოვესო" - რას ჰყვება ჟურნალისტი სტიქიის ზონიდან?
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა.
უწყების ცნობით, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას 200-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი. უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ საგანგებო სიტუაციის მართვის თანამშრომლები, ასევე, სამაშველო პროცესში ჩართულნი არიან თავდაცვის ძალები და ავიაცია.
სტიქიის ზონიდან მოვლენებს აშუქებს „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტი სალომე ჯაფარიძე, რომელიც გვიყვება, რა მდგომარეობაა ტრაგედიის ადგილას.
- რა ხდება სტიქიის ზონაში?
- მდგომარეობა გასულ დღეებთან შედარებით სტაბილურია, თუმცა დამძიმდა ზოგადი ფსიქო-ემოციური ფონი, რადგან იზრდება გარდაცვლილთა რიცხვი, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ სამაშველო ჯგუფები, მეხანძრეები, სამართალდამცველები და მოხალისეები თავდადებით ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას.
ახლაც სტიქიის ზონაში ვართ, შეგვიყვანეს დამეწყრილ ზონაში, პრაქტიკულად, ყველაფერი განადგურებულია, დაახლოებით 4 მეტრია მეწყრის შედეგად დაგროვილი მასა, მაინც ვცდილობ, რომ სამუშაო პროცესში დავითრგუნო ჩემი სენსიტიური და ემოციური მდგომარეობა. მსგავს სიტუაციებში მიმუშავია, თუმცა არა ასეთი სიმძაფრის მოვლენებზე, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ აქ ყველასთვის უმთავრესი დაკარგული და გარდაცვლილი ადამიანების პოვნაა, ყველას უჭირს, უმძიმს, დათრგუნულია, მაგრამ მაინც მხნედ და იმედით არიან, რომ პოზიტიური სიახლეები იქნება, ამხელა მწუხარების მიუხედავად, სტიქიის ზონაში მყოფი თითოეული მოქალაქე ორიენტირებულია, რომ სხვას დაეხმაროს და სევდა შეუმსუბუქოს, ამიტომ, ჩემთვის ამ ველაფერის ყურება მწუხარებასთან ერთად, სიამაყის მომგვრელიცაა.
- უმძიმეს ვითარებაში გიწევს მუშაობა, რა შეგიძლია გვითხრა?
- განცდები და ემოციები ერთმანეთში მაქვს არეული, რამდენიმე დღეა ვუყურებ ადამიანებს, რომლებიც დაკარგულ ოჯახის წევრებს ეძებენ, ასევე, რაჭას, რომელიც ჩემთვის უცხო რეგიონი არ არის, თითქმის ყოველ წელს ვისვენებდი შოვში, რომელიც აღარ არსებობს. ძალიან მიჭირს გარდაცვლილ და დაკარგულ ადამიანებზე საუბარი. ერთი მხრივ, ვცდილობ, ჩემი პროფესიული მოვალეობა შევასრულო და მეორეს მხრივ, აქ მყოფ ადამიანებს, დაკარგული დამსვენებლების ოჯახებს ვამხნევებ, ვცდილობ, რომ მათ გვერდით ვიყო, ისინიც იმავეს აკეთებენ, ამ დღეების განმავლობაში, განსაცდელმა დაგვაახლოვა და ეს კიდევ უფრო ემოციურია პირადად ჩემთვის.
- უმძიმესი ემოციების თანაზიარი ხდები...
- მოგიყვებით ერთ- ერთი დაკარგული ადამიანის ოჯახის წევრზე. რომელსაც ყველაზე მეტად დავუახლოვდი და 2 დღის განმავლობაში ვცვლიდით ინფორმაციას, ვამხნევებდი, იმედს ვაძლევდი, შეიძლება ეს ცუდიც არის, მაგრამ ვცდილობდი, რომ მხნედ ყოფილიყო, გუშინ ძალიან ნერვიულობდა და მიუხედავად ამისა, საკვებით გაგვიმასპინძლდა, დღეს ადგილზე არ დამხვდა და როდესაც ვიკითხე, სად იყო, მითხრეს, რომ მისი ოჯახის წევრი, სავარაუდოდ, გარდაცვლილი იპოვეს, ეს ეპიზოდი ყველაზე მძიმედ დამამახსოვრდება მთელი ცხოვრების განმავლობაში... ახლაც მეტირება...
განსაკუთრებული გვერდზე დგომის, თავდადების, ემპათიის და მეგობრობის მაგალითია ის, რასაც რაჭველები აკეთებენ, ადგილობრივები მოხალისეები და "წითელი ჯვარი" თითოეულ აქ მყოფს უმასპინძლდებიან, პირველადი საჭიროების ნივთებს ურიგებენ და მაქსიმალურად ცდილობენ თითოეულ აქ მყოფ ადამიანს მდგომარეობა შეუმსუბუქონ, ყოველ ნაბიჯზეა სპეციალური პუნქტები, ადგილობრივები საკუთარი რესურსებით ცდილობენ დაკარგულების მოძებნას. ძალიან ემოციური იყო და ალბათ ყველაზე მეტად აღწერს აქ სიტუაციას, სამძებრო სამაშველო ოპერაციების დროს, შოვის თავზე გამოსახული ცისარტყელა... სიტყვებით ვერ აღვწერ, ტრაგედიის პარალელურად, როგორი მეგობრობის და სიკეთის მაგალითები ვნახე რაჭაში.
(სპეციალურად საიტისთვის)