"ახლა გლოვის დროა, კრიტიკისა და ბრალდებების დროც დადგება. როგორც ვხედავ, ტრაგედიის შედეგებით მანიპულირებას ცდილობენ..." - კვირის პალიტრა

"ახლა გლოვის დროა, კრიტიკისა და ბრალდებების დროც დადგება. როგორც ვხედავ, ტრაგედიის შედეგებით მანიპულირებას ცდილობენ..."

"ჩემი აზრით, ახლა გლოვის დროა, კრიტიკისა და ბრალდებების დროც დადგება", - ასე ეხმაურება „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია შოვში 3 აგვისტოს მეწყრის ჩამოწოლის შედეგად განვითარებულ პროცესებს. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას სამაშველო სამუშაოებში თავდაცვის ძალების ჩაერთვის თაობაზე ოპოზიცია და საზოგადოების ერთი ნაწილი დაგვიანებულად მიიჩნევენ და სამაშველო ვერტმფრენების უკმარისობაზე ლაპარაკობენ. უფრო ვრცლად ბოლოდროინდელ მოვლენებზე იაგო ხვიჩია გვესაუბრება:

- მე როგორც ვხედავ, პოლიტიკოსები რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის შედეგებით მანიპულირებას ცდილობენ. ყველა ცდება, ვინც ამას აკეთებს - ცდება ოპოზიცია, რომელიც ახლა ხელისუფლებას აკრიტიკებს და აქციებს აანონსებს, და ცდება ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ სამშენებლო რეგულაციებს გაამკაცრებს. თუ სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებას სტიქიის თავიდან არიდება შეეძლო, აქამდე რას უყურებდნენ? როდესაც რამე ტრაგედია ხდება, უნამუსო პოლიტიკოსები ყოველთვის სარგებლის პოვნაზე არიან გამეცადინებული, მთავრობა ცდილობს როგორმე შეზღუდოს ადამიანის თავისუფლებები, ისე დაარეგულიროს კანონი, რომ სხვებს სისხლი გაუშროს. სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ის ბიზნესი შეავიწროონ, რომლებიც კოტეჯებს აწყობს, და ეს ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვით ახსნან. ასევე მცდარია, რომ პრემიერ-მინისტრი ჩადის სტიქიის ადგილზე, ესეც მხოლოდ პოლიტიკური ქულების დასაწერად გაკეთდა.

- სხვათა შორის, საზოგადოების ნაწილი იმითაც კი უკმაყოფილო დარჩა, რომ პრემიერი სტიქიის ზონაში ჩავიდა, მაგრამ სამაშველო ღონისძიებაში არ მიიღო მონაწილეობა.

- როდესაც პრემიერი ასეთ სახიფათო ადგილას ჩადის, ის არათუ სხვას ეხმარება, თავად ხდება საპატრონო და დასახმარებელი. დაცვამ უნდა სდიოს, რომ ვინმემ, მაგალითად, განაწყენებულმა მოქალაქემ რამე უსიამოვნო არ უთხრას. ოპოზიციის ნაწილი იმიტომ ამუნათებს პრემიერს და დააფრიალებენ "ფეისბუკში" კახეთში სტიქიის დროს გადაღებულ სააკაშვილის ფოტოებს, რომ პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ, თორემ არ იციან, რომ ღარიბაშვილის შოვში ჩასვლით სინამდვილეში საქმე არ კეთდება? ჩვენ, პარტია „გირჩის“ დეპუტატები ვცდილობთ ბევრი არ ვილაპარაკოთ არც ერთი და არც მეორე მიმართულებით, სრულად ვემიჯნებით სტიქიური უბედურებების შედეგად პოლიტიკური ქულების წერის უნამუსო ცდას. როგორც პრემიერის რაჭაში უაზრო სიარულია არაფრისმომტანი, ასევე არაფრისმომტანია ოპოზიციის მიერ ჩინოვნიკების დადანაშაულება იმაში, რომ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ორივე მხარე ერთნაირად ამორალურად იქცევა. უბედური შემთხვევა ყოველთვის, ყველგან ხდება, რა თქმა უნდა, მსგავსი საფრთხეებისთვის მუდმივად უნდა ვემზადებოდეთ და გაცილებით მოწესრიგებული ვხვდებოდეთ, ვიდრე ვხვდებით, მაგრამ მსგავსი ტრაგედიისგან დაზღვეული მაინც ვერასდროს ვიქნებით. უბედური შემთხვევა იმიტომ არის უბედური, რომ მისი ბოლომდე თავიდან აცილება ყოველთვის შეუძლებელია.

ქართულ პოლიტიკურ სპექტრს სჩვევია ამა თუ იმ საკითხით სპეკულირება, ეკოლოგიურ კატასტროფასთან იქნება ის დაკავშირებული, პოლიტიკასთან თუ კიდევ სხვა საკითხთან. ასეთივე ამბავი ატყდა ცოტა ხნის წინ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზეც.

- დიახ, ეს ამბავი ხელისუფლებამ ისტორიულ მოვლენად შეაფასა, ოპოზიციამ კი მხოლოდ რისკები და საფრთხეები დაინახა. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

- პრობლემა ის არის, რომ ჩვენ არა გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია, რა ტიპის ურთიერთთანამშრომლობაზეა საუბარი. თუ საქმე ეხება ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების უფრო გამყარებას, ამას მივესალმებოდი, მაგრამ მაქვს ეჭვი, რომ ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, ჩვენ ვითომდა დიდ გეოპოლიტიკურ თამაშს ვთამაშობთ - ამერიკელების ნერვების მოსაშლელად ჩინელებს ველაპარაკებით და დასავლეთის გულის გასახეთქად აღმოსავლეთში დავდივართ. თუ ასეა, მაშინ „ქართული ოცნება“ ძალიან სახიფათოდ თამაშობს ჩვენი ქვეყნის მომავლით. სინამდვილეში ამ პოლიტიკურ ჯგუფს არ გააჩნია იმის ლეგიტიმაცია, რომ ასეთ სახიფათო თამაშებში ჩაგვრთოს. იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტი ინფორმაცია არ გამაჩნია, ამ ყველაფერს ვარაუდების დონეზე ვამბობ. როდესაც უფრო საჯარო მმართველობა გვექნება, როცა ხელისუფლება მუდმივად არ მოატყუებს ხალხს, მაშინ უფრო თავისუფლად შევძლებთ მსგავს საკითხებზე მსჯელობას.

- თქვენს ამ ვერსიას რა საფუძველი აქვს, რაში აძლევს ხელს „ქართულ ოცნებას“ ამერიკელების და ევროპელების ნერვების მოშლა?

- თქვენც ხომ იცნობთ, „ქოცურ“ რიტორიკას? ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ქართული ოცნება“ ჯიბრით ელაპარაკება დასავლეთს?! ყველამ იცის, რომ ამერიკასა და ჩინეთს არა აქვთ იდეალური ურთიერთობა. ასეთ დროს ამერიკასთან ურთიერთობის დალაგების ნაცვლად რომ ჩინეთთან მიდიხარ, ეს კარგად არ ჩანს. თუმცა დაზუსტებით ვერაფერს ვამბობ ინფორმაციის სიმწირის გამო.

- თქვენ, როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელს, არ უნდა გიჭირდეთ ინფორმაციის მოპოვება.

- საქმე ის არის, რომ არ ვენდობი იმ ინფორმაციას, რომლის მოწოდებაც ახლა შეიძლება. ზუსტად ვიცი, ეს ინფორმაცია რომ გამოვითხოვო, სადღეგრძელოების გარდა ვერაფერს მოვისმენ. ეს არაფერში მჭირდება. ამ ამბავში ყველაზე ცუდი ის არის, რომ სიმართლე რომ მითხრან, იმასაც არ დავიჯერებ. მთავარი პრობლემა უნდობლობაა.

- ცოტა ხნის წინ ძალიან დიდი აჟიოტაჟის საგანი გახდა ბათუმში შემოსული სამგზავრო ლაინერი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვისი ან რა არგუმენტები მოგეჩვენათ სარწმუნოდ?

- ამ შემთხვევაშიც იგივე პრობლემაა - არც ერთი და არც მეორე მხარე არ იყო დამაჯერებლად. საქართველოში ბევრად მეტი რუსი დადის, ვიდრე იმ გემზე იყო. რუსი საჰაერო საზღვარს გადმოკვეთს, სახმელეთოს თუ ზღვით შემოვა ქვეყანაში, ყველა შემთხვევაში რუსია და ცუდია. შეიძლება ერთ სივრცეში ერთად თავმოყრილი რუსი საგინებლად უფრო ხელსაყრელი და მოსახერხებელი იყო, მაგრამ ბათუმშიც ხომ ბევრი რუსია?! შესაბამისად, ვერ ვხვდები, გემისთვის ლოდინი რა საჭირო იყო? ისედაც შეიძლებოდა გულის მოოხება. ვფიქრობ, სხვაგვარად უნდა დავუპირისპირდეთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლებაა და ვერავის აუკრძალავ გემზე თავმოყრილი რუსების გინებას.

- როგორ გგონიათ, დღეს როდესაც, თქვენი თქმით, ხალხი ხელისუფლებას არ ენდობა, როგორ უნდა დაუპირისპირდეს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს?

- საკრუიზო გემით მოსული ტურისტი საშიში არ არის, საშიში იარაღით მოსული რუსი და ჩვენს ხელისუფლებაში მოსული რუსია. მე უფრო ამას მივაქცევდი ყურადღებას მოქალაქეების ადგილას რომ ვიყო. ჩემს კოლეგა პოლიტიკოსებსაც ამაზე ვურჩევ კონცენტრირებას.

- ფიქრობთ, რომ ახლა ხელისუფლებაში რუსია?

- არა, მე უბრალოდ ის ვთქვი, რომ საშიშია ჩვენს ხელისუფლებაში მყოფი რუსი. რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებაში მყოფ პირებს, როდესაც რა სჭირდებათ, ისინი არიან - როცა უნდათ, პროამერიკელები არიან, როცა უნდათ, პრორუსები და თუ მათ საქმეს დასჭირდა, ინდურადაც დაიწყებენ ცეკვას-სიმღერას.

ხათუნა ბახტურიძე