შავი დღეები შოვში - კვირის პალიტრა

შავი დღეები შოვში

უმძიმესია რაჭის სტიქიის შედეგები, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა და მთელი საქართველო განიცდის ამ უდიდეს ტრაგედიას. 3 აგვისტოს მოვარდნილმა ღვარცოფმა წალეკა კურორტი შოვი. ტრაგედიის ადგილას თავგანწირვით მუშაო­ბენ­ 400-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მოსახლეობა, მოხალისეები, მუშაობს მძიმე ტექნიკაც და ყველაფერი კეთდება ტერიტორიის გასაწმენდად. მაშველების ამოცანაა როგორმე მიაგნონ გარდაცვლილებს.­ 5 აგვისტოს მონაცემებით, ნაპოვნია 16 ცხედარი, დაკარგულების ძებნა გრძელდება. "4 აგვისტოს ღამით აეწყო და დამონტაჟდა დროებითი ხიდი. მაშველებთან ერთად მუშაობენ საჯარისო ნაწილებიც. სტიქიის ზონაში სრული მობილიზაციაა. გავჭერით ახალი დროებითი­ გზა, რათა ქვედა მხრიდან მივუდგეთ არეალს. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოებიც, რათა ვიპოვოთ­ ის ადამიანები, რომლებთანაც კავშირი ვერ ხერხდება", - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 210 კაცი, მიწასთან გასწორებულია ათეულობით კოტეჯი და რამდენიმე სასტუმრო. ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე სარმის ხიდი, ხოლო 139-ე კმ-ზე შოვის ხიდი წაიღო.

ყველაფერი 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის ოთხის ნახევრისთვის დაიწყო. ამ დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში მეწყერი ჩამოწვა და პირველი განგაშის ზარი სასტუმრო "სანსეტ შოვის" დამსვენებლებმა ჩამოჰკრეს - ისინი შველას ითხოვდნენ. 112-ში პირველი ზარი 15 საათსა და 10 წუთზე შევიდა და მას მერე გაუთავებლად რეკავდნენ სხვადასხვა ადგილიდან. თავიდან ითქვა, რომ მეწყერში 16 კაცი მოყვა. უმძიმესი მოსასმენი იყო სასტუმრო "სანსეტ შოვიდან" ლაივჩართვა. მოქა­ლაქე მაია ფირცხალაიშვილი აჩვენებდა კადრებს­ დამეწყრილი ადგილიდან, სასტუმროს ადმინისტრაციამ გამოიყვანა ხალხი უსაფრთხო ადგილას, მაგრამ ითხოვდნენ დროულად სამშვიდობოს გაყვანას. ბავშვები ტიროდნენ და შველა სჭირდებოდათ... ერთადერთი გზა ვერტმფრენი იყო, რადგან მეწყრის გამო გზები ჩაიხერგა და მიმოსვლა ვერ ხერხდებოდა.

შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენების ჩასვლა მეწყრის ჩამოწოლიდან 4 საათის შემდეგ მოხერხდა და საღამოს 8 საათისთვის იქ ჩარჩენილი ადამიანები გაიყვანეს სამშვიდობოს.

shovi4-1691318268.jpg

4 აგვისტოს დილის 7 საათზე ისევ განახლდა სამძებრო სამუშაო და საბოლოოდ 210 კაცი გადაურჩა ამ უდიდეს სტიქიას. სამწუხაროდ, მეორე დღეს გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი ამბობს, რომ სტიქიური უბედურების ზონიდან ამოყვანილი ცხედრების უმეტესობა დასახიჩრებულია და მათ ამოსაცნობად დნმ-ის ანალიზის ჩატარებაა საჭირო.

ჩვენი რესპონდენტი დიტო მარკოიშვილი ადგილობრივი მოსახლეა და ჯერაც ეძებს დაკარგულ სამ მეგობარსა და მეზობელს სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად. დიტომ, სხვებთან ერთად, იპოვა ორი ბავშვის ცხედარი: "შოვი აღარ არსებობს, განადგურებულია ყველაფერი. აქტიურად მიდის სამძებრო სამუშაო, ყველაფერი კეთდება. მძიმე ტექნიკაც მოიყვანეს. მოსახლეობაც ვეხმარებით მაშველებს. სადაც ვერ გადაადგილდება მაღალი გამავლობის მანქანა, ტრაქტორი, იქ ჩვენ დავდივართ. ჭალაში ვნახეთ ჩაფლული მანქანები, დაღუპული ხალხი. მანქანები ისეთ მდგომარეობაშია, ვერც ვატრიალებთ, ბურთივითაა დამრგვალებული, მიწით არის სავსე და ვერც ვხედავთ, შიგნით არის თუ არა ვინმე. 4 ასეთი მანქანა ვნახეთ. რა მარკა იყო ან ვის ეკუთვნოდა, ამის დადგენა შეუძლებელია. სავარაუდოდ, შიგნით იქნებოდნენ ადამიანები, ვეძებთ, მაგრამ ვერ ვპოულობთ. დაკარგულების ზუსტ რაოდენობაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, შეიძლება ზოგი შემთხვევითი გამვლელიც მოყვა მეწყერში. კურორტი იყო და ბევრი მიმსვლელ-წამსვლელია. ნეტავ ცხედრებს მაინც ვიპოვიდეთ. ახლა აზრი აღარც აქვს ცოცხლებზე საუბარს, თუ ვინმე ცოცხალი გადარჩა, ის ტყის პირას მაინც გამოვიდოდა. დრონებს ვუშვებთ, ვერტმფრენი დადის, ყველანი ვეძებთ, მაგრამ არავინ ჩანს. ცხედრები ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, ამოცნობა­ შეუძლებელია. ღვარცოფმა საიდან სად ატარა ეს ცხედრები, ამიტომ არიან დასახიჩრებული.

shovi3-1691318268.jpg

საშინელება იყო, როცა პატარა გოგოს ცხედარი ვნახეთ, ცოტა მოშორებით ბიჭის ცხედარიც ვიპოვეთ. სავარაუდოდ, ბავშვები კოტეჯში იყვნენ, რომელიც ღვარცოფმა ჭალაში ჩაიტანა. ახლახან კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, ბიჭის... გვეუბნებიან სახიფათოა იქ ყოფნაო, მაგრამ შორიდან ამის ყურება წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ძებნაში არ მიიღო მონაწილეობა. იქ 3-4 კოტეჯი იდგა, სასტუმროებიც იყო, ერთი 3-სართულიანი სასტუმრო, კიდევ სამი კოტეჯი, ამირან გამყრელიძის, მისი შვილისა და მათი მეგობრების, აღარაფერი არსებობს. "სანსეტ შოვი" უკნიდან სავსეა ჩამონაშალი მასით. მის უკან მთაა და ეტყობა, სასტუმროს კედელს დაეტაკა, კედელმა შეაკავა, მერე გადმოვიდა პატარა კოტეჯებისკენ და ეს საშინელება დაატრიალა. მყინვარი არის მოწყვეტილი, თურმე მდინარეზე ორი დღე წყალი არ მოდიოდა, ჩაგუბებული იყო. ყურადღება რომ მიექცია ვინმეს, მოსახლეობას, ან "სანსეტის" ბინადრებს, შეიძლება ეს უბედურება არ დატრიალებულიყო. არ აცნობეს არავის".