„ისე ვიყავით ტალახში ჩაფლული, ბავშვს მარტო სახე და ყურები უჩანდა და უფრო იძირებოდა“ - კვირის პალიტრა

„ისე ვიყავით ტალახში ჩაფლული, ბავშვს მარტო სახე და ყურები უჩანდა და უფრო იძირებოდა“

საზოგადოებამ დავით ჯელაძე სოცქსელში გავრცელებული ფოტოთი გაიცნო - მას მეწყრიდან 5 წლის გოგონა ზურგით გამოჰყავს. მას მაშინ დავუკავშირდით, როდესაც ექიმთან პროცედურა დაასრულა.

- ჩემი ოჯახის წევრებს, ყველას, ფეხები დაზიანებული გვაქვს, ვერ დავდივართ, წოლითი რეჟიმი გვაქვს გამოწერილი და ვმკურნალობთ. რაჭული ოჯახი გვაქვს, სოფელ ურავში (ამბროლაურის რ-ნი) გვაქვს სახლი. ჩემი დები ქალაქში ცხოვრობენ და მეც იქით ვარ ხოლმე. საზაფხულოდ მოვიყარეთ მშობლიურ სახლში თავი, და გვინდოდა მთელი აგვისტო ერთად გაგვეტარებინა. ბავშვები არ იყვნენ შოვში ნამყოფი და სწორედ იმ ავბედით დღეს გადავწყვიტეთ იქაურობის დათვალიერება. ათნი წავედით: მე, ჩემი სამი და, ოთხი დისშვილი, სიძე და დედაჩემი. 12 საათი იქნებოდა, რომ გავედით შინიდან. შოვში ზემოთ, ტყეში რომ ავედით, თურმე ფესტივალს ატარებდნენ, უამრავ ადამიანს მოეყარა თავი. ის ადგილი ექსკურსიებისთვისაა. ბავშვებმა ვიდეოები გადაიღეს, დაათვალიერეს და მალევე მოგვინდა უკან დაბრუნება. 2 საათისთვის წამოვედით შოვიდან და გზადაგზა გაჩერება გადავწყვიტეთ სხვადასხვა ადგილის სანახავად. სანამ "სანსეტ კოტეჯებამდე" მოვიდოდით, მის ქვემოთ მინერალური მჟავე წყალი ამოდიოდა. ტურისტი თუ ადგილობრივი ყველა იქ ჩერდება ხოლმე. ჩვენც გავჩერდით. ბევრი ხალხი იყო, ბავშვები ფოტოებს იღებდნენ, ჩემი სიძე ცოტა წინ წავიდა და უცებ ხიდიდან მიძახის, სწრაფად წამოდიო. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. მჟავე წყალი და ხიდი თითქმის ერთმანეთის გასწვრივ იყო, ოღონდ წყალი ხიდიდან რამდენიმე საფეხურით დაბლა. წყაროსთან, სადაც მე ვიყავი, არც არაფრის ხმა არ ისმოდა. ვერ მივხვდი, ჩემი სიძე რატომ იყო ასე გაშმაგებული, მაგრამ დავუჯერე, უცებ დავძარი მანქანა, მივედი ნოდოსთან და სადღა წახვალ, ზემოთ აღარაფერი ჩანს - მიწის მასა მოდის მთელი სიძლიერით, ხეების მტვრევის ხმა გვესმის. მეორე ტალღა მინერალური წყლისკენ წავიდა. ვინც მჟავე წყალთან იყვნენ, ზოგმა შეასწრო ტყეში, მინერალური წყლის თავზე, ვინც რაჭას არ იცნობდა, ძირითადად, ტურისტები გაიტაცა მეწყერმა... ანუ ერთი ტალღა ხიდის ერთი მხრიდან წამოვიდა, მეორე - მეორე მხრიდან. ხიდი შუაში მოექცა, ჩვენ კი შუა ხიდზე ვდგავართ მანქანებით. მიწის მასა ისეთი ხმაურით მოდიოდა, მეგონა, ყურის დაფებს დაგვიხეთქდა, თან სიცივე მოჰქონდა. ჩვენ ხიდზე ვდგავართ, ვერც წინ მივდივართ, ვერც უკან. მხოლოდ მანქანებიდან გადმოსვლა მოვასწარით. გარეთ საშინელება ხდება, ხმა ისმის ისეთი, თავი ჯოჯოხეთში გეგონება. უცებ გავიხედეთ, ზემოდან მოდის უზარმაზარი ტალღა და ემიზნება პირდაპირ იმ ხიდს, რომელზეც ვდგავართ. ხიდი, ალბათ, ძლიერი კონსტრუქციის იყო, ტალღა ერთხელ რომ დაეჯახა, მაგრად შეაზანზარა, მაგრამ ვერ წაიღო. ამ დროს გადმოვირბინე და ნოდოს ვანიშნებ, გადი წინ, თორემ ხიდიანად წაგვიღებს-მეთქი. მართლაც გადავედით და, ის წამოსული მასა დაეჯახა ხიდს, ხიდი მოწყდა და წაჰყვა მასას. ხიდიდან კი გადმოვედით, მაგრამ სადაც პირველად დაარტყა, იქ აღმოვჩნდით, ანუ მეწყერში, ლაფის მასა რაც მოდის, ჩვენზე მოდის. იმან გვიშველა, რომ ხიდი, რომელიც მოწყდა, ხეობაზე გადებული იყო და ძირითადი ნაკადი იქით წავიდა.

- ამის მერე როდის დაიფანტეთ?

- ყველა პანიკაში იყო. ჩემს სიძეს უმცროსი შვილი უჭირავს ხელში. ჩემს დას 2 ბავშვი ჰყავს, პატარაზე ვუთხარი, ამას უფრო ატარებ-მეთქი, უფროსი, 5 წლის მაშო, მე ავიყვანე. 20 მეტრში ვხედავდი ნაძვებს, ხუთიოდე ხე იდგა. მაშოს ვეუბნებოდი, იქ თუ მივალთ, გადავრჩებით-მეთქი. წინ წასვლა ვერ გავბედე, ლაფში ვეფლობოდით. როგორმე უნდა გადავიდეთ-მეთქი, ვამბობდი. მივდივართ, მივდივართ და ზემოდან ისევ ისმის საშინელი ხმა, მოდის უშველებელი მეწყრის ტალღა (ჩვენს იქ ყოფნაში 5-ჯერ მაინც განმეორდა). გასაქცევი არ მქონდა. ჩემი დისშვილი გულში ჩავიხუტე და ზურგით დავდექი. ეს მთიდან წამოსული მასა რომ დამეჯახა, ბავშვს ცოცხალი თავით ხელი არ გავუშვი და ასე ხელჩაკიდებულები სულ სხვა მიმართულებით წაგვიყვანა იმ მასამ, ზუსტად იმ ადგილისკენ, სადაც ხეები მეგულებოდა, მაგრამ ვეღარ ვხედავ ვერაფერს, ისე ვართ ტალახში ჩაფლული. ჩემს დისშვილს მარტო სახე და ყურები უჩანს. ძლივს ამოვიყვანე ლაფიდან, სხმარტალებდა და უფრო ქვემოთ და ქვემოთ მიდიოდა, კინოებში რომ გვინახავს, ჭაობში როგორც იძირებიან, ისე. მესამე ცდით ძლივს ამოვიყვანე, ისეთი მძიმე იყო, ტალახში იყო ამოგანგლული, ქვები ჰქონდა აკრული... ბავშვს მიწას ვაცლი, ვაცლი, ოდნავ შევამსუბუქე და მოვახერხე ხეებისკენ მოსროლა. მე წელამდე ვიყავი­ ჩაფლული, კარგა ხნის წვალების შემდეგ ამოვედი და როგორღაც მივხოხდი მაშოსთან. ბავშვი ისეთ პანიკაში იყო, რასაც ვეუბნებოდი, მიჯერებდა, სულ კანკალებდა, სიცივისა თუ შოკისგან. სანამ ძალას ვიკრებდით, ისევ ახალმა ტალღამ გადაგვიარა, ოღონდ უკვე ხეებმა დაგვიცვა. მერე ძალიან შორს დავინახე სასტუმრო, სადაც ხალხი ჩანდა და ბავშვს ვუთხარი, იქ უნდა მივიდეთ როგორმე-მეთქი.ტალახში მივდიოდი, ყველაზე კარგ ადგილებში მუხლამდე მწვდებოდა, არადა, მეტრი 90 ვარ სიმაღლეში. სამშვიდობომდე მისასვლელად 2 საათი მაინც დამჭირდა.

- თქვენი ოჯახის წევრები სად იყვნენ?

- სასტუმროში მაშო დაბანეს, ჭრილობები დაუმუშავეს, მერე მეც. მერე მომცეს ტელეფონი, ერთ დას დავურეკე, არ მიპასუხა, მეორეს - არ მიპასუხა, მერე სიძეს დავურეკე, არც იმან, და გავგიჟდი, რა ხდება-მეთქი. ბოლოს დედაჩემმა მიპასუხა, ცოცხლები ვართო. თურმე ნამეწყრალზე შედარებით გამაგრებული ადგილი უნახავთ, ლაფში რომ არ ჩაძირულიყვნენ, და იქ გაჩერებულან. მაშო სასტუმროში დავტოვე, ერთ ქალს ჩავაბარე, და წავედი ჩემებთან, ვიპოვე, მაგრამ მივხვდი, რომ უკან ვეღარ გავიდოდით. მერე გლოველები გვეძახდნენ, თქვენს დასახმარებლად მოვდივართო. რომ გაუგიათ, შოვში ასეთი ამბავი­ მოხდაო, ტყე-ტყე გადმოსულან დასახმარებლად. მალე მაშველებიც მოვიდნენ და ყველამ ერთად ფიცრებით, რკინებით, კოტეჯის ნამტვრევებით ბილიკივით გააკეთეს და მიგვიყვანეს ვერტმფრენამდე... სადაც ჩემებს მივაკითხე, იქ კიდევ 2 ოჯახი იყო და სამივე ოჯახი ერთად გამოგვიყვანეს.

- ფოტო, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, ვინ გადაიღო?

- როგორც ვიცი, სასტუმროში მყოფი ხალხი იღებდა. 23 წლის ვარ და აქამდე ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში მინახავს. ახლა დავიჯერე, რომ შესაძლებელია ასეთი ჯოჯოხეთი გამოიარო და გადარჩე.