„თუ არ იქნება ჩინური ინვესტიციები, არ იქნება ჩინური ტვირთებიც“ - კვირის პალიტრა

„თუ არ იქნება ჩინური ინვესტიციები, არ იქნება ჩინური ტვირთებიც“

რამდენიმე დღის წინ საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარ­ტნიორობის­ ხელშეკრულებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ხელისუფლება ამას დიდ წარმატებად აფასებს, ოპოზიცია­ კი ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭებად. რას ნიშნავს ეს ხელშეკრულება პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, პლუსები გადაწონის თუ მინუსები და რა პროექტებზე უნდა აკეთებდეს საქართველო აქცენტს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" აკადემიკოს ლადო პაპავას ესაუბრა.

- ნებისმიერ საერთაშორისო პროც­ესს­ თავისი საფრთხეები ახლავს, მაგ­რამ­ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩინეთისთვის­ საქართველო­ არ არის პირველი ქვეყ­ანა, რომელთანაც ის სტრატეგიული პარტნ­იო­რო­ბის თანამშრომლობას იწყებს. სტრატ­ე­გიული პარტნიორობა მას აშშ-თან, ევროკავშირთან, თავად უკრაინასა და ძალიან ბევრ ქვეყანასთან აქვს. ამიტომ ეს საფრთხეს არ გვიქადის. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, რადგან, როდესაც 2013 წელს ჩინეთმა გამოაქვეყნა "ერთი სარტყელი - ერთი გზის" პირველი რუკები, იქ საქართველო საერთოდ არ ფიგურირებდა. დიდი ძალისხმევა დასჭირდა მთავრობას, რათა შედგენილიყო რუკები, სადაც საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანიც იქნებოდა დატანილი.

დღეს ჩინეთისთვის საქართველოს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან რუსეთზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი დაბლოკილია ომისა და დასავლური სანქციების გამო. ეს დერეფანი, დიდი ალბათობით, კარგა ხანს არ გაიხსნება, ხოლო ჩინეთს სჭირდება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ევროპის მიმართულებით. ამან აქტუალური გახადა ალტერნატიული დერე­ფნები, მათ შორის საქართველოზე გამავალი ე.წ. შუა დერეფანი. ეს უკანასკნელი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან გაჩნდება ახალი შესაძლებლობები ტვირთების გადმომისამართებისთვის, ჩვენი სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებისთვის. რაც შეეხება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ამის გამო დაპირისპირების შიშს, მინდა ერთ მნიშვნელოვან მომენტს გავუსვა ხაზი - თავის დროზე საქართველომ მიაღწია ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ეს ვაშინგტონისა თუ ბრიუსელისთვის მიუღებელი რომ ყოფილიყო, მაშინ რეაქცია ექნებოდათ, მაგრამ ხელი არავის შეუშლია. ვფიქრობ, თუ საქართველო გამონახავს სწორ ბალანსს ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის, საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობაზე ეს უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს.

chineti-1691318810.jpg

- რა პროექტებია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის ყველაზე მთავარი და როგორ უნდა განვითარდეს ეს მიმართულება?

- ამ კითხვაზე პასუხი რომ გაგცეთ, უნდა გავიხსენოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დასაწყისი. მაშინ დღის წესრიგში დადგა საკითხი, რომ გამოკვეთილიყო ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკური ფუნქცია. ეს ყველა ქვეყანას აქვს - ზოგისთვის ეს არის ნავთობისა და გაზის რესურსი, ზოგისთვის მოსახლეობის დიდი რაოდენობა და სამუშაო ძალის სიიაფე და, შესაბამისად, დიდი მასშტაბის ბაზარი და ა.შ. საქართველოსთვის ეკონომიკური ფუნქციის განსაზღვრა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს ობიექტურად ვერ მოხდებოდა - როცა საქართველომ დამო­უკიდებლობა გამოაცხადა, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო. შემდეგ სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და ამისთვის არავის ეცალა.­ შევარდნაძის­ პერიოდში კი გამოიკვეთა საინტერესო მიდგომა, რომელსაც ერქვა "განახლებული დიდი აბრეშუმის გზა". ეს იდეა, რომელიც შევარდნაძემ გაახმიანა, გულახდილად რომ ვთქვათ, ზღაპარი იყო. ამაზე ისტორიკოსებთან მისაუბრია და მათ უთქვამთ, რომ საქართველოზე კი გადიოდა სავაჭრო გზები, მაგრამ დამტკიცებული­ არ არის, რომ დიდი აბრეშუმის გზის ნაწილი იყო ან პირიქით, არანაირ კავშირში არ იყო დიდ აბრეშუმის გზასთან. შევარდნაძის­ იდეას, მიუხედავად იმისა, რომ მყარი ისტ­ორიული საფუძველი არ ჰქონდა, ფრთები მალე შეესხა მარტივი მიზეზის გამო - იმხანად ყველას აწყობდა რუსეთის ალტ­ერნატიული სატრანზიტო გზის არსებობა­ და ახალი აბრეშუმის გზის იდეა მიმზიდველი აღმოჩნდა. ამასთან, 1990-იანი წლების დამდეგს დასავლეთში შევარდნაძე პოპულარული იყო და იდეა აიტაცეს. არ ვიცი, შევარდნაძეს ის თვითონ მოუვიდა თავში თუ ვინმემ ურჩია, ქართველმა თუ უცხოელმა, მნიშვნელობა აღარ აქვს. სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი მილსადენების ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, როგორიც არის ბაქო-თბილისი-სუფსა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი-ერზრუმი. ამით საქართველომ სატრანზიტო ფუნქცია შეიძინა. მეტიც, დაიწყო უნიკალური რკინიგზის მშენებლობა, რომელმაც ახალქალაქი ყარსთან დააკავშირა და ამით აზერბაიჯანი საქართველოს გავლით თურქეთს დაუკავშირდა. ამიტომ ამ საერთაშორისო ეკონომიკურმა ფუნქციამ, რომ საქართველოზე გადის სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც აზიას აკავშირებს ევროპასთან და შეიძლება ჩაითვალოს რუსეთის დერეფნის ალტერნატივად, ხელი შეუწყო მსოფლიოს საქართველოთი დაინტერესებას. თუმცა შემდეგ აქტიურობა ცოტა შენელდა. მართალია, 2013 წელს ჩინეთმა წამოაყენა "ერთი სარტყელი - ერთი გზის" იდეა, რომელიც საქართველოსთვის მეტად მიმზიდველია, მაგრამ თავდაპირველ სქემაში,­ როგორც გითხარით, საქართველო არ იყო გათვალისწინებული და ჩვენი მთავრობის ძალისხმევით გაჩნდა ამ პროექტში საქართველოს მონაკვეთი. თუმცა ამ მონაკვეთის გააქტიურებით დიდად არ იყო დაინტერესებული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ, რადგან მას და ჩინეთს დაძ­აბული ურთიერთობა აქვთ, დაწყებული სავაჭრო, დამთავრებული სავალუტო ომებით და ეს გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა.

გავიხსენოთ, რომ თბილისში ყოველწლი­ურად იმართებოდა აბრეშუმის გზის კონფერენცია, ჩამოდიოდნენ პოტენციური ინვესტორები, ამ საკითხებით დაინტერესებული პოლიტიკოსები და ეკონომისტები. შემდეგ პანდემიამ პროცესი შეაფერხა. უკრაინაში დაწყებულმა ომმა საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის თემა კვლავ გამოაცოცხლა, რადგან ცენტრალური აზიიდან და ჩინეთიდან ტვირთების უდიდესი ნაწილი დასავლეთში რუსეთის გავლით გადიოდა და დღეს ეს სატრანსპორტო დერეფანი პრაქტიკულად აღარ მუშაობს, რადგან ომს დაემატა რუსეთისთვის დაწესებული დასავლური სანქციებიც. ამიტომ საჭირო გახდა ძველი აბრეშუმის გზის, რომელსაც ახლა შუა დერეფანი ჰქვია, გააქტიურება და შესაბამისად, გააქტიურდა საქართველოთი დაინტერესებაც. სწორედ აქ არის საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა და კიდევ ერთ პროექტს უნდა გავუსვა ხაზი - ელექტროსადენს, რომელიც შავ ზღვაზე უნდა გავიდეს. ევროკავშირის ამ პროექტში ჩართულია 4 სახელმწიფო: საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი­. ეს პროექტი ევროკავშირის ეგიდით დაიწყება და ამით საქართველო არა მარტო სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციის მქონეა, არამედ ეკონომიკურ დერეფნადაც უნდა ჩამოყალიბდეს - არა მარტო სხვების ტვირთები უნდა გაატაროს, არამედ შექმნას პროდუქცია - ელექტროენერგია. ეს ჩვენს ეკონომიკურ ფუნქციას უფრო გააძლიერებს და მეტად მოვექცევით ჩვენი პარტნიორების ყურადღების ცენტრში.

- რა რესურსებით უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი და რამდენ ხანში მივიღებთ შედეგს, რომ მოსახლეობამ იგრძნოს?

- ყაზახეთმა თავისი ტვირთების, მაგალითად, ნავთობპროდუქტების საქარ­თ­ველოზე გატარება არსებითად გაზარდა.­ რაც შეეხება სხვა პროექტებს, ყველაფერს­ თავისი სპეციფიკა აქვს. მაგალითად, საქა­რთველოს მთავრობამ დააანონსა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული ახალი მიდგომა, რომლის თანახმად საკონტროლო პაკეტი ექნება მთავრობას - და ასეც უნდა იყოს - რადგან ანაკლიის პორტი სტრატეგიული ობიექტია და მთავრობა უნდა აკონტროლებდეს. 2023 წლის ბოლომდე დაიწყება აქტიურობა ანაკლიის პორტის მშენებლობის საქმეში. საუბარია ინვესტორების მოძიებაზეც - მთავრობა დააბანდებს ინვესტიციების 51%-ს, ხოლო 49%-ს - სხვა ინვესტორები. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში მნიშვნელოვანი იყო ხაზგასმა, რომ პოტენციურ ინვესტორთა შორის, დასავლეთის ქვეყნების გარდა, შესაძლოა იყვნენ იაპონია და ჩინეთი. ჩინეთს ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ წინა პერიოდში, როდესაც ანაკლიის პორტის მშენებლობაზე იყო ლაპარაკი, ამერიკას არ სურდა ამ პროექტში ჩინური ინვესტიცია ყოფილიყო ისევ და ისევ მათ შორის დაძაბული ურთიერთობის გამო. მაგრამ თუ ჩინური ინვესტიციები სრულად გამოირიცხება, მაშინ არც ჩინური ტვირთები იქნება - ტვირთების დიდი ნაწილის გენერატორი სწორედ ჩინეთია. ამიტომაც ჩვენთვის ჩინეთის მონაწილეობა ისევე, როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნების, მაგა­ლითად, იაპონიის, ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც ეს მიდგომა უფრო რეალისტურია, ამერიკული მხარეც დარწმუნებული იქნება, რომ ანაკლიის საკონტროლო პაკეტი ჩინეთს ხელთ ვერ ექნება და საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობაა გარანტია, რომ საქართველოში მოიძებნოს ბალანსი ჩინეთისა და აშშ-ის ინტერესებს შორის.

აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი, რომ ანაკლიის კონსორციუმის მომზადებულ ნავსადგურის პროექტს აკლდა მეცნიერული დასაბუთება - კეთდებოდა არა იქ, სადაც ბუნებრივად შექმნილი ღრმაწყლოვანი კანიონია, არამედ მისგან დაშორებით, რასაც თავად ესაჭიროება გაღრმაწყლოვანება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაიკარგებოდა ანაკლიის სანაპიროს ბუნებრივი უპირატესობა. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა სპეციალისტებთან შეხვედრა. აკადემია მზადაა, როგორც მთავრობის მეცნიერული მრჩეველი, ამ კონკრეტულ პროექტში მჭიდროდ ითანამშრომლოს მასთან, რათა მეცნიერთა დასაბუთებული არგუმენტები მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული, რაც ქვეყანას სასიკეთოდ წაადგება.

- თავიდანვე რატომ ვერ მოხერხდა ამერიკის დაინტერესება ჩინეთის მონაწილეობით, თუნდაც ამ სქემითა და პირობებით?

- ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოდის, მაგრამ საბჭოთა კავშირი მანამდე დაიშალა, ვიდრე მშენებლობის დაწყებას შეძლებდნენ. შემდეგ დამოუკიდებელ საქართველოში, შევარდნაძის მთავრობაში დადგა ეს საკითხი და ამ პროექტის განხილვაში მეც ვმონაწილეობდი, როგორც მაშინდელი მთავრობის წევრი. მაგრამ მაშინ დასავლეთს მილსადენები უფრო აინტერესებდა, ვიდრე პორტი, საქართველოს მთავრობას კი მაშინ ამის დამოუკიდებლად გაკეთების რესურსი არ ჰქონდა. ინვესტორები ენერგეტიკული პროექტებით იყვნენ დაინტერესებული. სატრანსპორტო დერეფანზე მუშაობდა ევროკავშირის პროექტი "ტრასეკა", მაგრამ ის ჩინეთამდე არ მიდიოდა, ცენტრალური აზიის ქვეყნებით შემოიფარგლებოდა. შემდეგ ეს თემა კიდევ ერთხელ გააცოცხლა "ნაცმოძრაობის" მთავრობამ და პოლიტიკური კომპონენტიც შესძინა, როდესაც კონსტიტუციაში გაჩნდა ჩემთვის და კიდევ ძალიან ბევრი სპეციალისტისთვის გაუგებარი ჩანაწერი ქალაქ ლაზიკის მშენებლობის შესახებ. ამით ამას უფრო იდეოლოგიური დატვირთვა მიეცა, ხოლო, როდესაც უკვე გიორგი კვირიკაშვილის მთავრობამ დაიწყო ამ პროექტზე მუშაობა, მათ ვერ წარმოედგინათ, რომ აქ სახელმწიფოს უნდა დარჩენოდა საკონტროლო პაკეტი, რადგან, ჩემი აზრით, ბატონი კვირიკაშვილი მაინც რჩებოდა სააკაშვილის დროინდელი ლიბერტარიანული მსოფლმხედველობის ტყვეობაში, რომ სტრატეგიული ობიექტები არ არსებობდა და მაქსიმალურად ყველაფერი კერძო საკუთრებაში უნდა გადასულიყო. სინამდვილეში ყველა ქვეყანას აქვს სტრატეგიული ობიექტები და მათთან ასეთი მიდგომა დაუშვებელია - სტრატეგიული ობიექტები მხოლოდ სახელმწიფოს ხელში უნდა იყოს. ამას აკეთებს თავად აშშ, რომელიც დემოკრატიის შუქურაა და ჩვენ რატომ არ უნდა გავაკეთოთ? თუ ამერიკას, ევროპას აქვთ უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს არ უნდა ჰქონდეს? ამიტომ იმ მიდგომით, რომელსაც ხორცი შეესხა ანაკლიის კონსორციუმის შექმნით, სახელმწიფოს მონაწილეობა მიზერული იყო. ღარიბაშვილის მთავრობას ეკუთვნის მიდგომა, რომ საკონტროლო პაკეტი უნდა იყოს სახელმწიფოს ხელში და ამას, როგორც გითხარით, სრულად ვეთანხმები. დანარჩენი კი დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე და მთავარია ომი უკრაინაში, როდის და როგორ დასრულდება. ყველას გვინდა და გვჭირდება უკრაინის გამარჯვება, მაგრამ ეს ადვილი არ არის და ამასაც კარგად ვხედავთ. სამწუხაროდ, დაწყებულია უკრაინის "ავღანეთიზაციის" პროცესი - ეს ტერმინი ამერიკელებს ეკუთვნით და რეალობას რომ შევხედოთ, სამწუხარო ფაქტია. ომი რომ დაიწყო, ყველა საინფორმაციო გადაცემა უკრაინის თემით იწყებოდა, ახლა კი სადღაც შუაშია ცნობები, თუ რა ხდება უკრაინაში. დაახლოებით ისე, როგორც თავის დროზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რა ხდებოდა სირიაში, ლიბანში, ერაყში და განსაკუთრებით ავღანეთში... ჯერ ნათელი არ არის, პროცესი როგორ წარიმართება, რუსეთი გამოიყენებს თუ არა ბირთვულ იარაღს. ღმერთმა დაგვიფაროს, ეს მოხდეს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს დრამატულად შეცვლის სიტუაციას მთელ მსოფლიოში და ეს ჩვენს პროექტებზეც აისახება.

გარდა შუა დერეფნის განვითარებისა, სხვა გამოწვევებიც გვაქვს. უპირველესად გადასაწყვეტია სასურსათო­ უსაფრთხოების საკითხი. მარცვლეულის საკითხში ჩვენ ჩამოკიდებული ვართ რუსეთიდან იმპორტზე,­ რუსეთი კი მარცვლეულს "სასურს­ათო ომის" ელემენტად იყენებს. ასე რომ, დამოკიდებულება რუსეთზე სასურსათო საკითხებში შესამცირებელია. უნდა გაიზარდოს ადგილობრივი წარმოება, ასევე უნდა მოხდეს იმპორტიორების დივერსიფიკაცია.

- დავუშვათ, ეს გაკეთდა, შემდეგი ნაბიჯი რა უნდა იყოს?

- საშუალოვადიანი ამოცანაა საქარ­თველოს მრეწველობის განვითარება. როდესაც ქვეყნის რეგიონებში მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოები აშენდება, სადაც გადამუშავდება ადგილობრივი პროდუქცია და მოსახლეობა ჩაერთვება ამ საქმეში, უკვე გვექნება ინკლუზიური ზრდა და ასეთ ეკონომიკურ ზრდას მოსახლეობა უკეთ იგრძნობს. რაც მთავარია, საქართველოს ეკონომიკურად სერიოზულად ვერ განვითარდება, თუ არ გადავალთ იმ რელსებზე, რასაც ჰქვია ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და ეს უკვე გრძელვადიანი ამოცანაა. ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა ნიშნავს სამეცნიერო პროდუქტების შექმნას და მათ ექსპორტს. ეს ინტელექტუალური პროდუქტები იქმნება ისეთ სფეროებში, როგორიც არის კომპიუტერული ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, სამედიცინო ფიზიკა, ბიოტექნოლოგიები, ფარმაკოლოგია და სხვ. ამას სჭირდება მნიშვნელოვანი სახელმწიფო მხარდაჭერა. ქვეყანაში მეცნიერება უნდა გახდეს პრიორიტეტული. ამის გარეშე ქვეყანას ეკონომიკური განვითარების სერიოზული პერსპექტივა ვერ ექნება, რადგან ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაში შექმნილ პროდუქტებს ძალიან მაღალი დამატებული ღირებულება აქვს და ეს არის სწორედ სიმდიდრის წყარო. ამისთვის კი აუცილებელია, მეცნიერების ანაზღაურება იყოს ადეკვატური. ნიჭიერ ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს სტიმული, თავისი ნიჭი სამეცნიერო კვლევებისთვის გამოიყენოს. ამის წარმატებული გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს და მხოლოდ სამხრეთ კორეის მაგალითი რად ღირს. ეს უნდა იყოს გრძელვადიანი ამოცანა და რაც მალე დაიწყება ამის გაკეთება, მით უკეთესი.

- დღეს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის რა არის მთავარი?

- საქართველოს პრობლემა მცირე ბიზნესი კი არა, მსხვილი ბიზნესია. დღეს მცირე ბიზნესი ჩვენში ყველაზე განვითარებულია - შიმშილისგან გადარჩენის ბიზნესია. მცირე ბიზნესი არა მარტო გადარჩენის, არამედ განვითარების წყარო მაშინ არის, როდესაც არსებობს მსხვილი ბიზნესი. მსხვილი საწარმოების გვერდით მცირე ბიზნესი ტექნოლოგიური პროცესების შემავსებელია...

- ის, რომ ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზარი არ არსებობს, რა გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე?

- ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაზე დიდი ხანია მიდის საუბარი. ეს ბაზარი სწორედ მსხვილი ბიზნესის განვითარებასთანაა დაკავშირებული. ფასიანი­ ქაღალდები და მცირე ბიზნესი გაგიგონიათ? ამიტომ მსხვილი ბიზნესის განვითარება გვჭირდება, მცირე ბიზნესის განვითარება კი მსხვილი ბიზნესის განვითარების თანმდევი უნდა იყოს და არა პირიქით.

- მსხვილი ბიზნესი რატომ ვერ ვითარდება?

- იმიტომ, რომ ძალიან ცოტა სამრეწველო საწარმოა. ის, რაც არის, იქაც ძველი ტექნოლოგიებია, და არცთუ იშვიათად სიცოცხლისთვის საშიშია. გაიხსენეთ, რა ხდება ტყიბულის ან ჭიათურის მაღაროებში. ქვეყანაში სულ რამდენი მსხვილი­ სამრეწველო ობიექტი გვაქვს? ძალიან ცოტა და იქაც ხშირად არ არის გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები. იშვიათი გამონაკლისია საპარტნიორო ფონდის დაფინანსებული ახალი საავიაციო ქარხანა,­ რომელიც უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. როცა თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მსხვილი საწარმოები ძალზე ცოტაა, მაშინ ფასიანი ქაღალდების ბაზარიც ვერ ვითარდება. სწორედ სიტუაციის კარდინალურად შეცვლისთვის გვჭირდება გარღვევა, რაც მხოლოდ ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე გადასვლითაა შესაძლებელი.

რუსა მაჩაიძე