ვეტოს პრინციპი
ქართული რეალობა აჩვენებს, რომ პრეზიდენტის ვეტოს მხოლოდ პოლიტიკური დანიშნულება აქვს და პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინება-გაუთვალისწინებლობა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით ხდება... პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება პირველად 2022 წლის ივნისში გამოიყენა და ე.წ. მოსმენების კანონს დაადო. ამ კანონის თანახმად, 7 ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დამატებით 27 დანაშაულზე იქნება შესაძლებელი. ასევე, ფარული მოსმენების ვადა 6-დან 9 თვემდე იზრდება, ხოლო 100 დანაშაულზე უვადოდ შეიძლება გაგრძელდეს. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას მისი ოპონენტები მწვავედ აკრიტიკებდნენ. მათი თქმით, მაშინ, როდესაც არ არსებობს კანონით გათვალისწინებული კონტროლის ეფექტიანი მექანიზმი, ეს ცვლილებები არსებითად აუარესებს ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობის სტანდარტს და საგამოძიებო უწყებებს უვადო ფარული მოსმენების შესაძლებლობას აძლევს. "ეს არის პოლიტიკური ვეტო, ვიდრე სამართლებრივი. არ შეიძლება ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ისეთი კანონი, რომელიც ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როცა პირიქით გვთხოვენ, რომ ვიყოთ უფრო დემოკრატიულები, ევროპელები", - ასე განმარტა მაშინ ზურაბიშვილმა თავისი გადაწყვეტილება. თუმცა მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის შენიშვნები არ გაითვალისწინა და ვეტო დაძლია.
მეორედ ვეტო უკვე 2023 წლის თებერვალში გამოიყენა და ვეტო დაადო "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს, რომელთა მიხედვითაც, ბანკში შეიქმნა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას - მანამდე ბანკის პრეზიდენტის სამი მოადგილიდან ერთ-ერთი ხდებოდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. პრეზიდენტის არგუმენტი ის იყო, რომ დამატებითი თანამდებობის შექმნა არა საჭიროებიდან გამომდინარე, არამედ მმართველი პარტიის პოლიტიკური ინტერესით მოხდა და შესაბამისად, ვეტო გამოიყენა. თუმცა პარლამენტმა ეს ვეტოც დაძლია.
მესამე ვეტო კი ზურაბიშვილმა ივნისში "საარჩევნო კოდექსში" შეტანილ იმ ცვლილებებს დაადო, რომლებიც ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურას შეეხება. მანამდე მოქმედ რედაქციაში ეწერა, რომ პრეზიდენტი, როგორც დამოუკიდებელი და ზეპარტიული თანამდებობის პირი, აცხადებდა კონკურსს და ქმნიდა ცესკოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევ კომისიას, შერჩეულ კანდიდატებს კი პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენდა და პარლამენტი რომელიმეს დაამტკიცებდა. ცვლილებების შემდეგ კომისიის შექმნა, კანდიდატთა შერჩევა და წარდგენა პარლამენტის თავმჯდომარეს შეეძლება, არჩევა კი პარლამენტის უბრალო უმრავლესობით იქნება შესაძლებელი. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ნათქვამი იყო, რომ ეს "ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავს". ამასთან, ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს 76 ხმით აირჩევენ, ნაცვლად 100 ხმის. ეს კი, პრეზიდენტის შეფასებით, "აუქმებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას და ზრდის პოლარიზაციის რისკს" და "ვეტო სწორედ ამ კონსენსუსის შენარჩუნების მიზანს ემსახურება". მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ამ მოსაზრებას საარჩევნო საკითხების სპეციალისტებიც, არასამთავრობო სექტორიც და ხელისუფლების ოპონენტებიც სრულად იზიარებდნენ, მმართველმა პარტიამ ეს ვეტოც დაძლია. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტს გაცხადებული ჰქონდა, რომ დაადებდა ვეტოს ე.წ. აგენტების კანონსაც, რომლის მიღებასაც პარლამენტი მარტში აპირებდა.
ცნობისთვის: პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვეტოს უფლების გამოყენება მხოლოდ 2012 წლის დეკემბრიდან დაიწყო და კოაბიტაციის დაახლოებით 11-თვიან პერიოდში ვეტო 12-ჯერ გამოიყენა. აქედან 11-ჯერ პარლამენტმა ვეტო დაძლია, ხოლო ერთ შემთხვევაში არც ვეტო დაძლია და არც მის მიღებულ ცვლილებებს დაუჭირა მხარი, რითაც მოქმედი საკანონმდებლო ნორმა უცვლელი დატოვა.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვეტოს გამოყენება პრეზიდენტობიდან ერთ წელიწადში დაიწყო და 11-ჯერ გამოიყენა, მათ შორის 2017 წელს მიღებულ იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლებითაც, ფაქტობრივად, რადიკალურად შეიცვალა არსებული კონსტიტუცია. თუმცა პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნები არ გაითვალისწინა. ჯამში კი პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტოები 9-ჯერ დაძლია, 2-ჯერ კი შენიშვნები გაითვალისწინა. რა მექანიზმი შეიძლება იქნეს გამოყენებული იმისთვის, რომ ვეტოს გამოყენება იყოს შედეგიანი, ამ საკითხზე კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს ვესაუბრეთ:
- ძალიან ადრე, როდესაც იზღუდებოდა მონარქის ძალაუფლება, მონარქს ჰქონდა ე.წ. აბსოლუტური ვეტოს უფლება - თუ მონარქი არ მოაწერდა კანონს ხელს, კანონი ვერ ამოქმედდებოდა. ამიტომაც გაცნობიერებულ იქნა, რომ ეს იყო სახიფათო მოდელი, რადგან ერთ პირს - მონარქს, ფაქტობრივად, ეძლეოდა პარლამენტის გადაწყვეტილებათა ბლოკირების უფლება. ამიტომ ეს მიდგომა შეიცვალა და ნაცვლად აბსოლუტური ვეტოს უფლებისა, შემოღებულ იქნა ე.წ. შეყოვნებითი ვეტოს მექანიზმი. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მეთაურს, იქნება ის მეფე თუ პრეზიდენტი, უფლება ეძლეოდა, არ მოეწერა ხელი კანონისთვის და დაებრუნებინა პარლამენტისთვის, რათა პარლამენტს განმეორებით ემსჯელა მიღებულ კანონზე მეფის ან პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინებით. პარლამენტს მიეცა უფლება, ან დასთანხმებოდა შენიშვნებს და ცვლილებები შეეტანა კანონში, ან თუ არ დაეთანხმებოდა, დაეძლია ვეტო - ხელმეორედ ეყარა კენჭი იმ კანონის მიღებისთვის, პირვანდელი რედაქციით რაც ჰქონდა მიღებული - ანუ პრეზიდენტისთვის არ მიეცა პარლამენტის გადაწყვეტილების დაბლოკვის შესაძლებლობა. ეს მექანიზმი ორ მიზანს ემსახურება: პირველი - უკეთესი კანონი იქნეს მიღებული, ვიდრე მიიღო პარლამენტმა; მეორე მიზანი - დემოკრატიულ სახელმწიფოში, კონსტიტუციონალიზმის ერთ-ერთი პრინციპის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები უნდა თანამშრომლობდნენ. ერთ-ერთი პრინციპია ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, როდესაც ერთიმეორეს აკონტროლებენ, და გარდა ამისა, ხელისუფლების შტოებმა უნდა ითანამშრომლონ... ანუ, რომ შევაჯამოთ, დემოკრატიულ სახელმწიფოებში ვეტოს არსებობა ხელს უწყობს, ერთი მხრივ, უკეთესი კანონის მიღებას და მეორე მხრივ, პრეზიდენტისა და პარლამენტის თანამშრომლობას.
- ჩვენთან ეს პრინციპი როგორ მუშაობს?
- მე მახსოვს შემთხვევები, როდესაც პრეზიდენტი გახლდათ შევარდნაძე და პარლამენტს მიუღია კანონი, რაზეც პრეზიდენტს ვეტოს უფლება გამოუყენებია და მერე პარლამენტს პრეზიდენტის შენიშვნები გაუთვალისწინებია. შევარდნაძის შემდეგ ვითარება შეიცვალა. სააკაშვილს ვეტოს გამოყენება არ სჭირდებოდა, 2016 წლიდან კი ვეტოს გათვალისწინების არც ერთი შემთხვევა არა გვაქვს. ვეტოს გამოყენებას დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა აღიქვამს, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ წინააღმდეგობად, პრეზიდენტის მოქმედებას, როგორც ოპოზიციური ძალის მოქმედებას, რაც არსებითად არასწორია. ვეტოს უმთავრესი მიზანია გაწონასწორებული გადაწყვეტილების მიღება, უკეთესი კანონის მიღება. როცა ვეტო პოლიტიკურ წინააღმდეგობად აღიქმება, შეუძლებელია გაწონასწორებული გადაწყვეტილების მიღება...
- კიდევ რა არის მთავარი პრობლემა, რა უნდა მოგვარდეს, რომ ვეტო ეფექტიანი იყოს? ცხადია, გარდა პოლიტიკური ნებისა.
- არის კიდევ ერთი პრობლემა, რომლის გამოსწორება რეგლამენტში ცვლილების შეტანით შეიძლება. რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტმა თავისი შენიშვნები კანონპროექტის სახით უნდა წარადგინოს. ეს კონსტიტუციაში არ წერია. იქ წერია, რომ პარლამენტი განიხილავს პრეზიდენტის შენიშვნებს და ან მიიღებს, ან არა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა არც პრეზიდენტის შენიშვნები არ გაითვალისწინა და ვერც პირვანდელი ვარიანტი ვერ მიიღო, მაშინ ეს კანონი უარყოფილად ითვლება. არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც შეუძლებელი ხდება პრეზიდენტის შენიშვნების კანონპროექტის სახით ჩამოყალიბება. მაგალითად, პარლამენტმა მიიღო სრულიად ახალი კანონი, რომელიც მანამდე არ არსებობდა, პრეზიდენტმა კი მიიჩნია, რომ ასეთი კანონის მიღება არ არის მიზანშეწონილი და კანონპროექტში რა უნდა ჩაწეროს? ვერაფერს ჩაწერს და რადგან პრეზიდენტი კანონპროექტს ვერ მოამზადებს, გამოდის, ის თავის კონსტიტუციურ უფლებას ვერ გამოიყენებს. მეორე შემთხვევაა ის, თუ პარლამენტმა გააუქმა მოქმედი კანონი და პრეზიდენტს მიაჩნია, რომ არ უნდა გაუქმებულიყო. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტმა კანონპროექტში რა უნდა ჩაწეროს? მესამე შემთხვევა - ვთქვათ, პარლამენტმა კანონში შეიტანა სხვადასხვა ცვლილება და პრეზიდენტმა მიიჩნია, რომ არც ერთი არ არის საჭირო. ამ შემთხვევაშიც კანონპროექტის სახით რა უნდა დაწეროს? ამ სამივე შემთხვევაში, და განსაკუთრებით პირველ ორში, პრეზიდენტს ერთმევა ვეტოს დადების უფლება, რადგან ვერ ამზადებს კანონპროექტს. ხომ სრულიად ლოგიკურია, რომ სამივე შემთხვევაში პრეზიდენტს ჰქონდეს საშუალება, დაასაბუთოს თავისი პოზიცია და პარლამენტმა ამას უყაროს კენჭი? ამის გამოსწორება ძალიან მარტივად მოხერხდება, რადგან მხოლოდ პარლამენტის რეგლამენტში იქნება ცვლილება შესატანი. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი შემთხვევა, როცა პარლამენტმა შეიძლება კანონში შეიტანოს სხვადასხვა სახის ცვლილება და შესაძლოა პრეზიდენტს გაუჩნდეს მოსაზრება, რომ ამ ცვლილებათა ნაწილი სრულიად მისაღებია, ზოგიერთის ან თუნდაც ერთის კი, მიზანშეუწონელი. ახლანდელი რეგლამენტით კი პარლამენტმა ან ყველა შენიშვნა უნდა მიიღოს, ან არც ერთი, და უნდა დაძლიოს ვეტო. ხომ შესაძლებელია, რომ პარლამენტმა შენიშვნების ნაწილი მისაღებად მიიჩნიოს, ნაწილი კი - არა და მოქმედი რეგლამენტით პარლამენტს ამის გაკეთების საშუალება არა აქვს, ამ შემთხვევაშიც ან სრულად უნდა მიიღოს, ან დაძლიოს ვეტო. პრეზიდენტის შენიშვნების გასათვალისწინებლად კი ჯერ ვეტო უნდა დაძლიოს, ანუ არ გაითვალისწინოს პრეზიდენტის შენიშვნები, და მერე ახალი კანონპროექტი უნდა მოამზადოს. ამის მოგვარებაც მარტივად შეიძლება რეგლამენტში ცვლილების შეტანით. ეს გაზრდიდა პარლამენტისა და პრეზიდენტის თანამშრომლობის ხარისხს და რაც მთავარია, შედეგი უკეთესი იქნებოდა. იმედია, რომელიმე პარლამენტი ამას გაითვალისწინებს. მე არა მაქვს იმედი, რომ დღევანდელი პარლამენტი ამას გააკეთებს.
- რამდენად შეიძლება ასეთი მექანიზმის გამოყენება, რომ ვეტოს დაძლევისთვის აუცილებელი იყოს ოპოზიციის ხმებიც?
- ვეტოს თაობაზე ასეთი მექანიზმი რომელიმე ქვეყანაში არ შემხვედრია. ერთი რამ ცხადია - თუკი ასეთ რამეს დავუშვებთ, ეს ცვლილება კონსტიტუციაში უნდა იქნეს შეტანილი. კონსტიტუცია პირდაპირ პარლამენტის გადაწყვეტილებაზე ლაპარაკობს და კვორუმს მიუთითებს ვეტოს მისაღებადაც და დასაძლევადაც. ეს ორმაგი დასტურის პრინციპია. დღეს ვეტოს დასაძლევად საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა ანუ მინიმუმ 76 ხმა. ამ მექანიზმმა კი, რაც თქვენ თქვით, შესაძლოა დაარღვიოს ბალანსი პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის და ხელი შეუშალოს საკანონმდებლო პროცესს. მოგეხსენებათ, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო პარლამენტია და შესაძლოა ამ ნორმას პრობლემა შეექმნას. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან სახიფათო იქნება ამგვარი მექანიზმის შემოღება.
რუსა მაჩაიძე