გაფრთხილების გარეშე სამსახურიდან გათავისუფლება და კომპენსაცია
გაზეთ "კვირის პალიტრაში" გრძელდება სამოქალაქო საკითხებზე კითხვების გამოგზავნა. ჩვენი ერთგული მკითხველების შეკითხვებს პასუხს გასცემს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი:
- მდგმურს მივაგირავე ბინა, იცხოვრა რამდენიმე წელი, გირავნობას ვადა დიდი ხანია გაუვიდა, ვუბრუნებ კუთვნილ თანხას, მაგრამ მაინც არ გადის ბინიდან. სპეკულირებს მცირეწლოვანი შვილებით, ამბობს, რომ წასასვლელი არა აქვს, ამ თანხაში ვერ გირაობს სასურველ ბინას. ვიცი, რომ ასეთ დროს სასამართლოში უნდა ვუჩივლო, მაგრამ დავას წლები დასჭირდება, ამასობაში ის ჩემს ბინაში არხეინად იცხოვრებს? იქნებ მაპოვნინოთ გამოსავალი.
- კანონიერი გზით გამოსახლების ალტერნატივა გარდა სასამართლოში საქმის წარმოებისა, არ არსებობს. გამოსახლების საქმის წარმოებაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია საქმის განხილვის შემჭიდროებული ვადა ერთი თვე - ანუ სხვა ჩვეულებრივი სამოქალაქო საქმისგან განსხვავებით სასამართლომ ეს სარჩელი გაცილებით შემჭიდროებულ ვადაში უნდა განიხილოს. ამასთან, მოსარჩელეს შეუძლია გამოსახლებასთან ერთად სარჩელით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურების თანხა გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იმ დროის განმავლობაში, რა დროიდანაც საცხოვრებელ სადგომში შესახლებულს უნდა დაეტოვებინა ეს ფართობი. ზიანის თანხა განისაზღვრება ამ ფართობის ქირავნობის თანხის ოდენობით.
- გამარჯობა, ხელშეკრულების გარეშე მაქვს ბინა ნაქირავები მეუღლესა და ორ არასრულწლოვან ბავშვთან ერთად, ვცხოვრობ მესამე წელია, ყოველთვე დაგვიანების გარეშე მეპატრონეს საბანკო ანგარიშზე 700 ლარს ვურიცხავ. ვიცი, რომ კანონით ის ვალდებულია გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი, მაგრამ არ იხდის. ახლა დამირეკა და მითხრა, რომ ბინას აძვირებს და მომავალი თვიდან 1000 ლარის გადახდას ითხოვს. ვუთხარი, რომ 700 ლარზე მეტს ვერ გადავიხდი, მაშინ ბინის დაცლას მთხოვს, რომ არ დავუცალო ბინა, ან ვუჩივლო შემოსავლების სამსახურში, რა მოხდება? მაინტერესებს, რა შეუძლია გააკეთოს ასეთ დროს ბინის მეპატრონემ, ან რამდენი ხანი მაქვს დრო, რომ ამ ფასში დავრჩე ბინაში?
- ქირავნობით მიღებული შემოსავალი იბეგრება კანონით დადგენილი წესით და ცხადია, მის გადაუხდელობას ან გადასახადის დამალვას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. რაც შეეხება მოცემულ ვითარებას, როდესაც ქირავნობა განუსაზღვრელი ვადითაა, მოცემულ შემთხვევაში ქირავნობის შეწყვეტა უნდა მოხდეს წერილობით, რაც გულისხმობს, რომ გამქირავებელმა 2 თვით ადრე უნდა აცნობოს დამქირავებელს წერილობითი ფორმით, რომ ქირავნობით ურთიერთობას წყვეტს, ხოლო ხელშეკრულების მოშლის ვადაა სამი თვე. თუმცა ეს ვადა არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც გამქირავებლისთვის არსებობს ურთიერთობის შეწყვეტის პატივსადები საფუძველი. ამასთან, საყურადღებოა, რომ ქირის გაძვირება, რომელსაც დამქირავებელი არ იხდის, არის პატივსადები საფუძველი შეწყვიტოს ქირავნობა ზემოაღნიშნული ვადის დაცვის გარეშე, თუმცა გამქირავებელმა უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ შეთავაზებული გაზრდილი ქირა შეესაბამება საბაზრო ღირებულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეწყვეტა პატივსადებ საფუძვლად არ ჩაითვლება და გამქირავებელს მოუწევს ურთიერთობის მოშლისთვის დადგენილი სამთვიანი ვადის დაცვა. გარდა აღნიშნულისა, თუ საკითხი სასამართლოს მეშვეობით წარიმართა, დამქირავებელს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილებამდე იმყოფებოდეს საცხოვრებელ სადგომში, თუმცა სამართლიანი ანაზღაურების გადახდა შეიძლება დაეკისროს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ გამქირავებელი აღნიშნულს სასარჩელო წესით გამოსახლებასთან ერთად მოითხოვს.
- მშობელმა მაჩუქა სოფელში სახლი და ჩემს სახელზეა გაფორმებული. ამ ამბიდან რამდენიმე წელია გასული. ერთი წელია გარდაიცვალა მამა და ძმისშვილი მედავება, მან სასამართლოში შეიტანა საჩივარი. მეკუთვნის თუ არა ნაჩუქარი ქონება მე? და ძმისშვილს ეკუთვნის რამე ამ ქონებიდან, თუ ეკუთვნის იქნებ მეტად დამისაბუთოთ რატომ?
- როდესაც ნივთი პირმა გააჩუქა და გარდაიცვალა ნივთის გაჩუქების შემდეგ, ნიშნავს, რომ გარდაცვლილი პირი მისი გარდაცვალების მომენტში გაჩუქებული ნივთის მესაკუთრე აღარ იყო, ანუ საკუთრება გადასულია სხვა პირზე, ამიტომ აღნიშნული ნივთი ვერ იქნება სამკვიდრო და როგორც სამკვიდროს, ვერ მოითხოვს ვერავინ. თუმცა გააჩნია სასარჩელო მოთხოვნას, თუ რას ითხოვს, მოცემულ შემთხვევაში არაა გამორიცხული, ითხოვდეს არა სამკვიდრო წესით მიღებას, არამედ ჩუქების ხელშეკრულების ბათილობას, ხოლო თუ ბათილობის საკითხი დადგა, შემდეგ სამკვიდროს ნაწილში მიიღოს ის, რაც შეიძლება მიეღო, რომ არა ჩუქების ხელშეკრულებით ნივთის სხვა პირზე გადასვლა.
- 30 დღით ადრე წერილობითი გაფრთხილების გარეშე სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში ორი თვის ხელფასის ანაზღაურება უწევს თუ არა დამსაქმებელს? ასევე არ მისარგებლია კუთვნილი შვებულებით, შემიძლია შვებულების ანაზღაურებაც მოვითხოვო, ანუ სულ სამი თვის კომპენსაცია?
- შრომის კოდექსით გათვალისწინებულია, რომ 2 თვის შრომითი სარგო კომპენსაციის სახით მიეცემა იმ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი კანონით დადგენილ 30 დღით ადრე არ გააფრთხილებს გათავისუფლების შესახებ, თუმცა აღნიშნული საფუძვლით 2 თვის სამსახურებრივი სარგო კომპენსაციის სახით არ გაიცემა სამსახურიდან გათავისუფლების ნებისმიერ საფუძველზე, ანუ კომპენსაციის გაცემა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა საფუძვლით გაათავისუფლეს დასაქმებული; რაც შეეხება შვებულების თანხის ანაზღაურებას, შვებულება წარმოადგენს დასვენების იმ პერიოდს, რომელიც ანაზღაურებადია, ანუ დამსაქმებლისთვის შვებულება უთანაბრდება დასაქმებულის შრომითი საქმიანობის შესრულებას, შესაბამისად, ის უნდა ანაზღაურდეს, თუ მისი გამოყენება ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ სამსახურიდან ვადაზე ადრე მოხდა გათავისუფლება. თუმცა გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება დამოკიდებულია ასევე იმაზე, თუ წლის რა პერიოდში გათავისუფლდა დასაქმებული. ასევე, თუ დასაქმებული წინა წლების გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას ითხოვს, ამისათვის აუცილებელია დადასტურდეს ის გარემოება, რომ შვებულების გამოყენება წინა წლებში ვერ მოხერხდა დამსაქმებლის მიერ შექმნილი სამუშაო რეჟიმის გამო და არა დასაქმებულის კეთილი ნებით.
თეა ხურცილავა