„პატრიარქი ყოველთვის აფიქსირებს ძალიან პატრიოტულ და მართალ პოზიციას“
აგვისტოს ომის დროს, როდესაც ხმა გავრცელდა, რუსები შეიძლება თბილისში შემოვიდნენო, პატრიარქის ევაკუაცია გადაწყდა. თუმცა უწმინდესი ცივ უარზე იყო, ამბობდა, ჩემს ხალხს მარტო ვერ დავტოვებ, საპატრიარქოდან ფეხს არ მოვიცვლიო. ბოლოს შესთავაზეს, რომ მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე დღით სვეტიცხოველში ან შავნაბადას მონასტერში ასულიყო. უწმინდესმა ამაზეც უარი განაცხადა და 14 აგვისტოს გადაწყვიტა კონფლიქტის ზონაში წასულიყო. იქ ჯერ კიდევ უამრავი ქართველი იყო, რომელთაც ნუგეში სჭირდებოდათ. პატრიარქი დილიდან ემზადებოდა გორში შესასვლელად. მოატანინა პროდუქტები, პური და წყალი.... პარალელურად ჩვენი საპატრიარქო რუსეთში კირილეს უკავშირდებოდა (მაშინ საპატრიარქოში რუსეთის საგარეო საქმეებს ხელმძღვანელობდა). მას მიაწვდინეს ხმა, რომ ილია II გორში მიდიოდა. რუსეთიდან ასეთი პასუხი მოვიდა: "დაელოდეთ ჩვენს ზარს, მანამდე ნუ წახვალთ!". როცა სატვირთო მანქანაზე მოსახლეობისათვის გორში წასაღები ტვირთი დააწყვეს, პატრიარქმა ბრძანა, არავის ველოდები, მივდივარო. მაშინ სახელმწიფომ დაჯავშნული მანქანა გამოუგზავნა. უწმინდესმა უარი განაცხადა, ჩემი მანქანით წავალო. გორს რომ უახლოვდებოდა ესკორტი, რუსეთიდან ზარი შემოვიდა, უკვე იცოდნენ, რომ პატრიარქი არ დაელოდა ზარს და წავიდა. გორის შესასვლელში რუსებმა სახელდახელოდ მოაწყვეს ბლოკპოსტი, სადაც 58-ე არმიის ხელმძღვანელი ბორისოვი უნდა დახვედროდა პატრიარქს.
"ეს იყო პატრიარქის პირადი გადაწყვეტილება"
მამუკა ყურაშვილი, გენერალი: - როდესაც უწმინდესის სურვილის შესახებ შევიტყვე, დავუკავშირდი ბავშვობის მეგობარს, კოტე ყიფიანს, რომელიც იმ მომენტში გორში ვითარებას აკონტროლებდა. ის დაუკავშირდა ბორისოვს და 14 აგვისტოს მისი ორგანიზატორობით მოხერხდა მისი უწმინდესობის ჩასვლა გორსა და ნიქოზში. მისი უწმინდესობის წაბრძანების შემდეგ ყველა ჩვენი დარჩენილი მიცვალებული გადმოასვენეს. ეს იყო პატრიარქის პირადი გადაწყვეტილება და არავის აქვს უფლება, მას ჩაეწილოს იმ დიდ გმირობაში, რომელიც მან მაშინ ჩაიდინა. შეუძლებელია არ გავიხსენო ის დღე, როდესაც ჩვენთან ჩამობრძანდა მისი უწმინდესობა და დაგვლოცა მე და ჩვენი ბიჭები. სადაც ჩვენ ვიყავით, იქიდან ადამიანი ცოცხალი არ უნდა გასულიყო. დარწმუნებული ვარ, რომ მან თავისი დალოცვითა და გამხნევებით დაგვიფარა. რა დროც არ უნდა გავიდეს, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ჩვენ ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნებით. ყველა სამხედროს სახელით მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით კიდევ ერთხელ მოვეფერო და მადლობა გადავუხადო. თქვენ არ იცით, ეს რამხელა სტიმული იყო მაშინ თითოეული ჩვენგანისათვის. მხოლოდ ჩვენს პატრიარქს შეეძლო ის, რაც მან ცხინვალში გააკეთა.

"უწმინდესმა პრინციპულად მოითხოვა, ჰუმანიტარული დახმარება უნდა ჩავიტანოო"
გიორგი ანდრიაძე, მეცნიერებათა აკადემიის თეოლოგიური კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, პროფესორი: - მე მაშინ საპატრიარქოს ტელევიზია "ივერიის" დირექტორი ვიყავი. როგორც კი ომი დაიწყო, იმ წუთშივე დაგვიბარეს საპატრიარქოში და 8 აგვისტოსვე გაკეთდა ძალზე მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც ძალიან ვრცელია, მაგრამ რამდენიმე წინადადება შეიძლება ითქვას პატრიარქის განცხადებიდან: "საქართველო თავისი საზღვრების სამართლიანობას იცავს. ეს სურვილი სამართლიანია და ამას საერთაშორისო ნორმებიც ითვალისწინებს... ყველამ იცის, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომია საქართველოს ძალადობრივი გასაბჭოების შედეგია, რომელიც ჩვენს ისტორიულ ტერიტორიაზე მხოლოდ 80-90 წლის წინ შეიქმნა და იგი არ უნდა იქნეს გამოყენებული სეპარატიზმის საფუძვლად" - ეს იყო უწმინდესის მიმართვა, საერთაშორისო საზოგადოებისადმი, უპირველესად კი რუსეთისადმი. პატრიარქი თავისი მოღვაწეობის მთელ პერიოდში აფიქსირებს ძალიან პატრიოტულ და მართალ პოზიციას. ეს არის პირველი, რაც უნდა ითქვას მის როლზე 2008 წლის აგვისტოს ომში. ის ყოველდღე გამოდიოდა საპატრიარქოს ტელევიზიით და მიმართავდა და ამხნევებდა ჩვენს საზოგადოებას.
14 აგვისტოს, როდესაც მისმა უწმინდესობამ ცხინვალში შესვლა გადაწყვიტა, მაშინვე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართეს. მათ კი ურჩიეს, რომ თავი შეეკავებინა წასვლისგან, ბრძოლები კიდევ მიდის და არ შეიძლება იქ შესვლაო. მიუხედავად ამისა, უწმინდესმა ძალიან პრინციპულად მოითხოვა ეს და სხვათა შორის, სამართლებრივი საფუძველიც იპოვა, ჰუმანიტარული დახმარება უნდა ჩავიტანო. იქ არის ჩემი მრევლიო (იმ დროს სულ იქ იყო მეუფე ისაია, ნიქოზის ეპისკოპოსი). წითელ ჯვარს დაურეკეს, რომ კორიდორი გაეკეთებინათ და რუსეთის მხარემაც ვეღარაფერი თქვა. მე, როგორც ტელევიზიის ხელმძღვანელი, პირადად ვიყავი ჩართული ამ პროცესში, მაგრამ გაჩნდა დიდი პრობლემა - რუსებმა, ტელევიზიას ვერ შეუშვებთო, თუმცა უწმინდესის დაჟინებული მოთხოვნით კამერით წავედით. გავიარეთ კორიდორი, რომელიც მოაწყვეს, და მივედით საკათედრო ტაძარში, სადაც ნიქოზის მეუფე ისაია დაგვხვდა ბერებთან ერთად. ჩამოვტვირთეთ ტვირთი. მთელი ამ გზის პერიოდში თავზე დაგვტრიალებდა ორი რუსული ვერტმფრენი. პატრიარქმა ჰკითხა ბორისოვს, რატომ დაგვყვებიანო? ვინმემ რამე რომ არ მოგვიწყოს, ამის გამო თქვენ გიცავენო, უპასუხა ბორისოვმა. კამერით როგორც კი დავიწყებდით გადაღებას, იმ წუთშივე გვეწეოდნენ ხოლმე გამყოლი რუსები და გვიკრძალავდნენ, ეს არ გადაიღოთ, სადაც ჩავალთ, მხოლოდ ის ადგილი გადაიღეთო. მაშინ უწმინდესმა დაგვიცვა, რა მოხდა, რა არის ისეთი აქ, რაც არ იციანო. მივდიოდით და გზაზე ტანკებსა და გავერანებულ არემარეს ვიღებდით. ბორისოვმა პატრიარქს უთხრა, ცხინვალში დახოცილი ქართველების, ოსებისა და რუსების ცხედრები ერთად შევაგროვეთ, გავყვიროდი, საკუთარი მიცვალებულები წაასვენეთ-მეთქი, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავდა. მაღალი სიცხის გამო, ეპიდემია რომ არ გავრცელებულიყო, ყველა ერთ ორმოში ჩავყარეთ და დავწვითო. ამის გაგონებაზე პატრიარქი ატირდა (მთელი დღე თვალცრემლიანი დადიოდა), მერე ბორისოვს 10.000 დოლარი გადასცა, ეს თანხა დახოცილი ქართველების, ოსებისა და რუსების დასაკრძალავად, მათ გასაპატიოსნებლად გამოიყენეთო. კონფლიქტის ზონაში ხალხი პატრიარქს საოცარი ემოციით ხვდებოდა. როცა დაბრუნების დრო მოვიდა, ერთი კაცი მოვიდა, შინდისთან ქართველი ჯარისკაცების ცხედრები ყრია და იქნებ პატრიარქს უთხრათო. უწმინდესმა როგორც კი გაიგო, მაშინვე თქვა, წავიდეთ, ვნახოთ ბიჭებიო. ბორისოვი გაგიჟდა, უფლება არა მაქვს, თქვენ იქ მარტო გაგიშვათ, მხოლოდ ეს კორიდორია გაღებული თქვენთვისო. უწმინდესმა უთხრა, მე ადგილზე უნდა მივიდე და ვნახოო. ბორისოვმა მოსკოვში დარეკა. მას სახე შეეცვალა და გახედა უწმინდესს, რომელიც სახეგაყინული, მკაცრი სახით იდგა და ისევ უთხრა, მიმიყვანეთო. ბოლოს და ბოლოს, ნებართვა აიღეს, რომ მივსულიყავით იქ. რომ მივედით, სანამ პატრიარქი გადმოვიდოდა მანქანიდან, შორიდან უკვე ჩანდა, რაც ხდებოდა. დაფლეთილი ცხედრები იყო მიმოფანტული. აგვისტო იდგა და იმდენად გახრწნილი იყო გვამები, სუნი მანქანებამდე მოდიოდა. უწმინდესს სთხოვეს, ნუ გადმოხვალთო. რას ჰქვია, არ გადმოვიდეო, პატრიარქმა. ახლოს რომ მივიდა, ტირილი დაიწყო. დიდხანს იდგა იქ... პატრიარქმა ბორისოვს უთხრა, ცხედრები ახლავე უნდა გადავასვენოთო. გადაირია ბორისოვი, ჯერ ნებართვა ავიღოთ, ან თუ გინდათ, აქ დავმარხოთო. ისევ დარეკა ბორისოვმა მოსკოვში და უთხრეს, ეს უკვე აღარაა გათვალისწინებულიო. უწმინდესი შეუვალი გახდა, აქედან ფეხს არ მოვიცვლიო. რამდენიმე საათის შემდეგ მოიტანეს დიდი რკინის ლაფეტი და გადაწყდა მათი დასვენება. სასულიერო პირებმა პირბადეები გაიკეთეს და მოემზადნენ ცხედრების ლაფეტზე დასასვენებლად. მაშინ უწმინდესმა სთხოვა, რკინაზე პირდაპირ არ დაასვენოთ, დააფინეთ რაღაცებიო. რა უნდა დაგვეფინა? არაფერი არ გვქონდა. ამ დროს პატრიარქმა ანაფორის გახდა დაიწყო, აი, ეს დაუფინეთ, და თქვენც, მამებმა, ყველამ დაუფინეთ თქვენი ანაფორებიო. ეს რომ ბორისოვმა დაინახა, გაშეშდა და უცებ ერთ სამხედროს დაუძახა, სასწრაფოდ თეთრი ზეწრები მოიტანეთო. მალევე მოიტანეს, დაასვენეს ჩვენი 16 გმირი ბიჭი და ზევიდან ჩვენმა ბერებმა გადააფარეს თავიანთი ანაფორები.

"ეს იყო მზის გამონათება"
როდესაც ომი მიმდინარეობდა, ქალაქი თითქმის სულ დაცლილი იყო. არავინ იყო, გარდა რამდენიმე კაცისა და ერთი მღვდელმთავრისა. ნიქოზისა და ცხინვალის მეუფე ისაია უშიშრად გადიოდა ოკუპირებულ ახალგორის რაიონში და იქ დარჩენილ ხალხს, ქართულ მონასტერს სულიერად აძლიერებდა. 2014 წლის აპრილში მეუფე ისაიას გამოუცხადეს, თუ ახალგორიდან გავიდოდა, იქ არასოდეს შეუშვებდნენ, და მან გადაწყვიტა დარჩენილიყო ახალგორის მონასტერში. მხოლოდ ორი წლის შემდეგ, 2016 წლის 25 ნოემბერს გამოვიდა ახალგორიდან.
მეუფე ისაია, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი: - არავის ვუსურვებ იმას, რაც 2008 წლის ომში გამოვიარეთ. თუმცა ახლა, როდესაც ეს ყველაფერი ჩავლილია, ჩემთვის ის პერიოდი უმნიშვნელოვანესია...
დაბომბვის დღიდან ველოდებოდით ნიქოზში მოწინააღმდეგე ჯარის შემოსვლას, მაგრამ 13 აგვისტომდე არავინ გამოჩენილა. როცა შემოვიდნენ, პირისპირ შეფეთებას მოვერიდეთ და ორი დღე ხეხილის ბაღს ვაფარებდით თავს. იმ დღეებში დიდი ხნის წინ წასაკითხად გადადებულ სქელტანიან წიგნს დავავლე ხელი და ხან რომელი ხის და ხან რომელი ბუჩქის ძირას თითქმის ბოლომდე წავიკითხე. დარჩენილი ნაწილი დღემდე წაუკითხავი მაქვს. სუსტი გულით არ გამოვირჩევი, მაგრამ მახსოვს ორჯერ ამ დაუმთავრებელი დაბომბვის გამო გული შემიღონდა. ნაღმსატყორცნით სახურავს ესროლეს ერთი ბომბი, სახურავს ასცდა და ბაღში ჩამოვარდა. მეორე ეტყობა, პირდაპირ ტაძარს ესროლეს, მესამე ოთახს მოხვდა, მაგრამ იმ მომენტში იქ არავინ იყო. ეს იყო 7-8 აგვისტოს, 9-შიც გაგრძელდა. ბომბი ჩემს მანქანასა და შესასვლელს შორის, კიბესთან ჩამოვარდა. დაცხრილული იყო მანქანა, საბურავები - დაშვებული. მინები ჩამსხვრეული იყო, შესასვლელი კარი - მთლიანად მოწყვეტილი. 10 აგვისტოს ნიქოზში ქართული ჯარი აღარ იყო, 11-ში დილით კი თვითმფრინავმა დაგვბომბა და სასწაულებრივად გადავრჩით. სოფელი სავალალო მდგომარეობაში იყო. მხოლოდ უძლური მოხუცები იყვნენ დარჩენილი. ახალგორში ჩვენებს შევეხმიანე, რომ ჩამოსულიყვნენ და როგორმე ცოტათი დაგველაგებინა ის, რასაც შევძლებდით. ამასობაში რუსის არმიაც შემოვიდა 13-ში. 15 აგვისტოს მეუფე ანდრია ამოვიდა ჩვენთან რუსი კაპიტნის თანხლებით, სხვაგვარად შეუძლებელი იყო მაშინ გადაადგილება. მეუფეს ვუთხარი, ხვალ, 16 აგვისტოს, წმინდა რაჟდენის ხსნების დღეა (ნიქოზშია დაკრძალული) და თუ ოდესმე არ უნდა მივდიოდე ნიქოზიდან, ალბათ, დღეს-მეთქი. ასე გადავწყვიტე დარჩენა. მეუფეს გამოვემშვიდობეთ და მარტო როცა დავრჩით, ჩემს რამდენიმე თანმხლებ პირებთან ერთად დავიწყეთ მსჯელობა, საიდან რა დაგვეწყო. უცებ ატყდა სამეუფეო ზარების რეკვა. გარეთ რომ გამოვიხედეთ, მისი უწმინდესობა იდგა სასულიერო პირებთან ერთად მონასტრის ეზოში. იცით, ეს რა იყო? - ძალიან დიდი უამინდობის მერე დიდი მზის გამონათება. ის შეგრძნება დღემდე მომყვება. მასთან ერთად მოვილოცეთ ტაძარი და შემდეგ ერთ სახლში, რომელიც გადაგვირჩა, დავსხედით სასაუბროდ. მაშინ გენერალ ბორისოვს ასეთი რამ ვუთხარი, ბატონო გენერალო, ჩვენ თვითმფრინავიდან დაგვბომბეს-მეთქი, მან კი ასე მიპასუხა, გეფიცებით, მაშინ მეც დამბომბესო.აქ დარჩენილმა ქართველმა მოსახლეობამ რა არ გამოიარა. განსაცდელის პირველი ტალღა იყო, როცა ბრძოლები ჩვენგან მოშორებით მიმდინარეობდა, როცა გვიშენდნენ ქვემეხების ცეცხლს. ეს შემზარავი სანახაობა იყო. ჩვენ მართლაც სასწაულებრივად გადავრჩით. ჩვენი სატრაპეზო ერთსართულიანი ნაგებობა იყო. მის გვერდით სენაკები გვქონდა. მარტო ამ ადგილას 12 ჭურვია ჩამოგდებული. სამონასტრო ნაგებობა მთლიანად დაიწვა.მე დღეს ასე ვფიქრობ - ის კი არ არის მთავარი მიზეზი, რომ ორგანულად ვერ იტანს ოსს ქართველი ან ოსი ვერ იტანს ქართველს. რომ ვერ ვიტანდეთ ერთმანეთს, მაშინ შერეული ოჯახებიც არ გვექნებოდა. უბრალოდ, დროის ამბავია. ეს აბსურდული ვითარება, ჩვენი ღრმა რწმენით, მუდმივად არ გაგრძელდება. ჩვენი ქვეყანა ჩვენვე გვაბარია და ამაზეა დამოკიდებული, როგორ მოვაწყობთ მას, როგორი სასურველი გახდება იგი არათუ სხვისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის, საკუთარი ხალხისთვის. ჩვენი ჩრდილოელი მეზობელიც ამ შეცდომას უშვებს - ის ამბობს, მე ვარ ცუდად და ბედნიერები იყავით და გაიხარეთ, რომ ჩვენთან ერთად იქნებით ცუდადო. არადა, არავის სურს ცუდად ყოფნა. ყველას სურს კარგად იყოს და სწორედ ამაში არ უნდა დავემსგავსოთ იმ ქვეყანას. ჩვენი ქვეყანა უნდა მოვაწყოთ ისე, რომ სხვას უნდოდეს და სხვაც იყოს შენთან ერთად კარგად.
რუსუდან შაიშმელაშვილი