ჟურნალისტ ვასილ სილაგაძეს ჩვენი დახმარება სჭირდება - კვირის პალიტრა

ჟურნალისტ ვასილ სილაგაძეს ჩვენი დახმარება სჭირდება

ღამის 3 საათზე სასტუმრო "აჭარასთან"”დასისხლიანებული და გონდაკარგული, უფრო სწორად, ნახევრად მკვდარი ახალგაზრდა იპოვეს. შემთხვევითმა გამვლელმა მასში, მეგობრის დეიდაშვილი, ჟურნალისტი ვასილ სილაგაძე ამოიცნო. თვითმხილველების თქმით, სილაგაძეს უნომრო "ოპელი" დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ეს 2003 წლის 31 ოქტომბერს მოხდა. მას შემდეგ ვასილ სილაგაძის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა...

თავიდან ექიმებს მისი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ. ამ ტრაგიკული შემთხვევიდან წლები გავიდა, მაგრამ, ვასილ სილაგაძეს ქალა-ტვინის ტრავმის შედეგად მარჯვენა ხელ-ფეხი გაშეშებული აქვს და უჭირს მეტყველებაც. 6 წელი ინვალიდის სავარძელს იყო მიჯაჭვული, მერე წამოდგა, თუმცა დამოუკიდებლად გადაადგილება ტკივილისა და დიდი ძალისხმევის ფასად უჯდება. წლებია უშედეგოდ ითხოვს უცხოეთში მკურნალობის დაფინანსებას, მანამდე კი ტკივილს ურეკში სარეაბილიტაციო კურსით იამებს, წლიდან წლამდე ეს მასულდგმულებსო, ამბობს.

ვასილ სილაგაძე: - 2003 წლის შემდეგ დამღალა ერთი და იმავეს მოყოლამ: 2003 წლის 31 ოქტომბერს, ღამის ორ საათზე სასტუმრო "აჭარასთან" შავი ფერის "ოპელვექტრა" დამეჯახა, თვითმხილველების თქმით, დაჯახების შემდგომ ხილიანზე აუხვევია და მიიმალა. მე კი კეთილი ადამიანების წყალობით რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნახევრად მკვდარი მიმიყვანეს და... აქედან იწყება ჩემი გაუსაძლისი, ჯოჯოხეთური ცხოვრება. ექიმებს ჩემი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ, აპარატზე მიმაერთეს, და სამი თვის შემდეგ თვალი რომ გავახილე, საავადმყოფო და მთელი­ ჯანდაცვა გადავრიე. სიცოცხლე მაჩუქეს, მაგრამ სიკვდილამდე ჯოხი კი დამაკავებინეს ხელში.

- რას გულისხმობთ?

- ავარიიდან ოცდამესამე დღეს რეანიმაციის ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მარჯვენა­ ფეხი მქონია დამტვრეული. გარდა ამისა, აპარატიდან მოხსნისას მთელი ხორხი ამომგლიჯეს, რადგან სასუნთქი მილი უკვე ზედ ყოფილა მიხორცებული. ამის შემდეგ ყელზე სამი, ფეხზე კი 5 ოპერაცია გამიკეთდა. 2003-დან 2008 წლამდე ვერ დავდიოდი, გათენდებოდა დავჯდებოდი, დაღამდებოდა, დავწვებოდი... ამის შემდეგ იწყება ახალი ეტაპი.

- კერძოდ?

- აუცილებელი იყო რეაბილიტაციის კურსი. ზურა მელიქიშვილისა და სახელმწიფო ფონდის (ვატო სურგულაძე) დახმარებით, ერთთვიანი კურსი გავიარე ორთაჭალაში, თვალის კლინიკაში. ამის შემდეგ ბევრი წელი გავიდა. პანდემიამდე ჩემი კლასელი (ამერიკაში ცხოვრობს) დამეხმარა და 22-დღიანი კურსი ვილნიუსში, ბადფუსენის ცენტრში ჩავიტარე. ვილნიუსამდე კი წლების განმავლობაში ურეკში დავდივარ, იქ ერთი ღვთისნიერი ცოლ-ქმარი მუშაობს, ვინაობას სპეციალურად არ ვამბობ, მათთან კლინიკის ერთმა ექიმმა დამაკავშირა. მავარჯიშებენ და მასაჟს ცხელ, გახურებულ ქვიშაზე ნახევარ ფასში მიკეთებენ, იმდენად მიზერულ ფასად, რომ ვარჯიში, მასაჟი და ბინა, 16 დღე, 950 ლარი მიჯდება. სამი, ოთხი წლის წინ 850 ლარს მართმევდნენ, ახლა 100 ლარი მომიმატეს. ეს მასულდგმულებს, რომ წლიდან წლამდე ტკივილმა გონი არ დამიბინდოს და დამოუკიდებლად გადაადგილება მოვახერხო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს თანხა წელსაც­ შემიგროვდება ისევ და ისევ თქვენი წერილისა და კეთილი ადამიანების დახმარებით. "კვირის პალიტრა" და კეთილი ადამიანები­ რომ არ იყვნენ, ჩემი ცხოვრება გაცილებით მძიმე და გაუსაძლისი იქნებოდა. ძნელია, სათხოვნელად ხელის გამოშვერა, მაგრამ გაცილებით მძიმეა, როდესაც ტკივილი გჭამს და ყოველ წუთს იმაზე ფიქრობ ოდესმე თუ დასრულდება ეს ჯოჯოხეთი.

ვისაც სურვილი აქვს ვასილს დაეხმაროს, რომ მან შეძლოს სარეაბილიტაციო კურსის გავლა, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:

საქართველოს ბანკი

MasterCard Personal

GE80BG0000000125594000

მიმღები: ვასილ სილაგაძე

თიბისი ბანკი

GE52TB7283545061100031

მიმღები : მაია სილაგაძე