„დაბრუნება“ 86 წლის შემდეგ
არც ვიცი, მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში თუ არსებობს პრეცედენტი, რომ 86 წლის წინ დახვრეტილი კაცის საფლავი მოძებნო, მასში საკუთარი დნმ მოძებნო, მერე მის გამო თალხით შეიმოსო, იგლოვო და მიწას პატივით მიაბარო.
86 წლის წინ, 1937 წელს, უდანაშაულოდ დახვრეტილი ჰასან დიშლი-ოღლის, ჰემდი მალაყმაძისა და ჰაფიზ ძნელაძის საძმო საფლავი ხელვაჩაურში დაახლოებით ორი წლის წინ ნახეს. მას შემდეგ მათი შთამომავალი მათ ნათესაობას ამერიკის დნმ ლაბორატორიაში იკვლევდა და როცა პასუხი მიიღეს, მაშინღა ამოისუნთქეს. ტყუილად ეგონათ კაცთმოძულე ბოლშევიკებს, რომ უდანაშაულო ხალხის დახოცვით მუდამ შეინარჩუნებდნენ ძალაუფლებას ან შთამომავლობას დაავიწყებდნენ წინაპართა პატივისცემას. მე კი სამივე მათგანის შთამომავალს ვესაუბრე: ჰაფიზ ძნელაძის შვილიშვილს, უშანგი ძნელაძეს; ჰემდი მალაყმაძის შვილიშვილს, ნაირა მალაყმაძეს; ჰასან დიშლი-ოღლის რძალს, შვილის მეუღლეს, ეთერ ბერიძეს: რახან მეუღლე უკვე გარდაცვლილი ჰყავს, მამამთილის ჭირისუფლობა მისმა რძალმა, ეთერ ბერიძემ აიღო თავზე. როდესაც ვკითხე, ხომ შეგეძლოთ 86 წლის წინ გარდაცვლილი მამამთილი ქელეხის გარეშე დაგეკრძალათ ან დნმ-ის ხარჯს (3.000 ლარი!) არიდებოდით-მეთქი, ასე მიპასუხა:
- მეხუმრებით? ჩვენს ჯიშში, ქართველობაში, არ არის წესი, წინაპარი პატივისცემის გარეშე დაკრძალოს და მე ეს რატომ უნდა გამეკეთებინა?! მით უფრო ისეთი კაცი, როგორიც ჩემი მამამთილი იყო. მე მოვიქეცი ისე, როგორც ეკადრებოდა ჩვენს ჯიშსა და ჩემი მეუღლის ხსოვნას. 47 წელიწადი ვიყავი მისი ცოლი და აქედან 47 დღეც არ გასულა, მამა რომ არ ეხსენებინა. არადა, მამა რომ დაუხვრიტეს, სულ ორწლინახევრის იყო. ჩემი მამამთილი შეძლებული კაცი იყო, რადგან ბევრს შრომობდა. ერთხელაც შრომით დაღლილი მაღაზიაში კალოშების საყიდლად შევიდა, მაგრამ კალოშები აღარ დახვდა. გაბრაზებულს ჩაულაპარაკია, ცაცხვის ძირში რომ უმუშევრები იკრიბებიან, კალოშებს ისინი დაიტაცებდნენ, მე მუშაობა როდის დავამთავრე და ვინ რას შემახვედრებდაო. არა უშავს, თურქეთიდან მთელ ვაგონ კალოშს ჩამოვუტან ჩემს ოჯახსო. ამის თქმიდან 3 დაიჭირეს. ჩემმა დედამთილმა ჩემს ქმართან ერთად კიდევ ორი ობოლი გაზარდა და სულ ეუბნებოდა შვილებს, მამათქვენი ჭოროხის პირას არის დახვრეტილიო. მართალს ეუბნებოდა, ჩემი მამამთილი სწორედ ჭოროხის პირას აღმოჩნდა დანარჩენებთან ერთად, მაგრამ დნმ-ის შესწავლა მაინც სჭირდებოდა. ამიტომ ამერიკულ ლაბორატორიაში გაიგზავნა. ამას ხომ დრო სჭირდებოდა, ამიტომ სულ ვიხვეწებოდი, მალე მომიტანეთ დნმ-ის პასუხი, რომ ჩემი ქმრის სული მოვასვენო და ჩემი მამამთილი ღირსეულად დავკრძალო-მეთქი. მერე ქელეხიც გადავუხადე და დავიტირე კიდეც. შვილებმა და შვილიშვილებმა მადლობა მითხარეს, დიდი ბაბუის საფლავი რომ გვაქვს, თითქოს უფრო მყარად ვართ მიწაზეო.
ნაირა მალაყმაძე, ჰემდი მალაყმაძის შვილიშვილი: - ბაბუაჩემის დახვრეტის მიზეზი, არ ვიცი, მაგრამ განათლებული კაცი იყო და, ალბათ, ამიტომ მოიშორეს ბოლშევიკებმა. განათლებულ კაცს ხომ ისე იოლად ვერ დაიმორჩილებ, როგორც იმას, ვისაც აზროვნება უჭირს. არადა, ბებია მეუბნებოდა, თურმე გააფრთხილეს, ჰემდი, დაჭერას გიპირებენ, წადი და თავს უშველეო, მაგრამ არ იკადრა, არაფერი დამიშავებია და რატომ უნდა წავიდე, ოჯახი რისი გულისთვის მივატოვოო? მოვიდნენ და წაიყვანეს, წაყვანიდან სამ დღეში დაუხვრეტიათ.
ბებიაჩემი ბაბუას სულ ელოდა. ისეთ ამბებს მიყვებოდა, სურათით შემაყვარა ბაბუა და აბა, ამ სიყვარულს ან ჩემს წინაპრებს როგორ ვუღალატებდი. ისინი შორიდან გვიყურებენ, როგორ ვიქცევით. სანამ ამერიკიდან დნმ-ზე დასტური მომივიდოდა, წინადღეს ახალგაზრდა ასაკში გარდაცვლილი მამიდა და ბიძა დამესიზმრნენ. ალბათ, ამით მაცნობეს, რომ ბაბუა წინაპართა საფლავზე მიდიოდა. მეორე დღეს უკვე დნმ-ის პასუხიც მომივიდა. ვისაც ასეთი ამბავი არ შეხვედრია, ვერ გაიგებს, რამხელა ტვირთის მოხსნაა, დაკარგულ წინაპარს წინაპრების გვერდით რომ მიუჩენ ბინას.
უშანგი ძნელაძე, ჰაფიზ ძნელაძის შვილიშვილი: - იცით, როგორი ამაყი ვიყავი, როცა ამერიკიდან პასუხი მომივიდა?! ჟურნალისტებმა მომიტანეს. თეთრი კონვერტი სიხარულით გადმომცეს - მაჭახელას ნაპირზე ნაპოვნ საფლავში თქვენი ბაბუა აღმოჩნდა, აქ ასე წერიაო. ვუთხარი, ბიჭებო, მე ინგლისური არ ვიცი, კარგად გამაგებინეთ, მაგ კონვერტში რა არის-მეთქი! რომ მითარგმნეს, მითხრეს, შენი დნმ ბაბუაშენის დნმ-ს 99, 999%-ით ემთხვევაო! ავტირდი კაცი, ბებიაჩემი ბაბუაჩემის დაბრუნებას თურმე მთელი სიცოცხლე ელოდა, ციმბირში ეგონა გადასახლებული, მაგრამ ცოცხალი. ალბათ, იმიტომ დატოვა მამაჩემმა ბებიას საფლავის გვერდით კიდევ ერთი ადგილი. ალბათ, გულში მამასაც სჯეროდა, რომ ბაბუა დაბრუნდებოდა და ბებიას საფლავის გვერდით დაიდებდა ბინას. ახლა დავიბრუნე ბაბუაჩემი და მათ წინაშე ვალიც მოვიხადე. იმიტომაც ვარ ამაყი.