„სიხარულისგან აღარ ვიცოდი, სად წავსულიყავი... თუმცა თვითმფრინავში ვიყავით და სად წავიდოდი?!“
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები მისთვის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. ილიას ზუროსის გუნდს პირველი მატჩი 26 აგვისტოს აქვს კაბო-ვერდესთან, იქამდე კი საკონტროლო შეხვედრების დროა: ლიტვა-ლატვიასთან თამაშის შემდეგ, 12-13 აგვისტოს, საქართველოს ნაკრებს თბილისის საერთაშორისო თასზე ვნახავთ. ეროვნული ნაკრებისა და "ლენოვო ტენერიფეს" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი შერმადინი, წელს მეორედ გახდა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე. გიორგის კაუნასში დავუკავშირდით და გასული სეზონის შეფასების შემდეგ, მომავალ მატჩებზეც ველაპარაკეთ:
- "ტენერიფემ" წარმატებით ითამაშა ესპანეთის ჩემპიონატსა და საერთაშორისო ტურნირებზე. სეზონით კმაყოფილი უნდა იყოთ...
- წარმატებული სეზონი გვქონდა. ოთხი წელია "ტენერიფეში" ვარ და შეიძლება ითქვას, შედეგებს ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ. შარშან ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, წელს გამარჯვებამდე ცოტა დაგვაკლდა, სამაგიეროდ, დავისაკუთრეთ საკონტინენტთაშორისო თასი, მეოთხე პოზიციაზე დავასრულეთ ესპანეთის ჩემპიონატი, გავედით ესპანეთის სამეფო თასის ფინალში...
- არაერთი ტურნირი ჩამოვთვალეთ. რომელი გახსოვთ გამორჩეულად?
- სანამ ნაკრების შეკრებაზე თბილისში ჩამოვიდოდი, თებერვალში ესპანეთის სამეფო თასზე ვითამაშეთ - "ტენერიფე" პირველად გავიდა ამ ტურნირის ფინალში და ეს ისტორიული შედეგი ძალიან სასიხარულო იყო მთელი გუნდისთვის, გულშემატკივრებშიც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სამწუხაროდ, ფინალური მატჩი 3 ქულის სხვაობით წავაგეთ "უნიკახასთან", მაგრამ ის დღე მაინც განსაკუთრებული მოგონებაა ჩემთვის.
- ბოლო სამი წლის განმავლობაში ესპანეთში მეორედ გახდი სეზონის საუკეთესო მოთამაშე. ესპანური ლიგა "ენდესა ევროპის" უძლიერესი საკალათბურთო პირველობაა და იქ წლის საუკეთესო კალათბურთელად დასახელება განსაკუთრებული აღიარებაა! მეორედ გამარჯვება პირველის მსგავსად სასიხარულო იყო?
- ასეთი აღიარება ყველა ჯერზე დიდ ემოციას იწვევს. ყველა ქართველ მოთამაშეს ვუსურვებ ამის განცდას! გამოკითხვის მიმდინარეობისას მხოლოდ გულშემატკივრის ხმების შედეგებს ხედავ, გადამწყვეტი კი მოთამაშეების, მწვრთნელებისა და მედიის წარმომადგენლების არჩევანია და სანამ შედეგები გამოცხადდებოდა, გარკვეულწილად, მთელი ოჯახი ვნერვიულობდით. ასეთი მოლოდინის შემდეგ, გამარჯვება ძალიან გიხარია, ყველაფერი გავიწყდება, აღარ იცი, რა თქვა, რა გააკეთო, სად წახვიდე... თუმცა შედეგები თვითმფრინავში გავიგეთ და სად წავიდოდი?!
- ვნახეთ ის ვიდეოჩანაწერი: პილოტმა მგზავრების გასაგონად გამოაცხადა, რომ ბორტზე იმყოფება საკალათბურთო კლუბი "ტენერიფე" და... სეზონის საუკეთესო მოთამაშე გიორგი შერმადინი! ისე გაგიხარდა და დაიბენი, რომ ლამის ყველა თანაგუნდელს გადაეხვიე!
- გამოკითხვის შედეგები ჩვენზე ადრე მხოლოდ კლუბის პრესსამსახურმა შეიტყო. როცა რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის წინ მალაგაში გასაფრენად მივედით აეროპორტში, იქ ჟურნალისტი და ოპერატორი დაგვხვდნენ. ვერაფერი ვიეჭვე, რადგან ჩემ გარდა, სხვა მოთამაშეებსაც გადაუღეს და თანაც, გვითხრეს, ბოლო ტურია, პლეი-ოფების წინ ვიდეოკადრებს "ვიმარაგებთო". აფრენიდან ნახევარ საათში კი პილოტის ხმა გავიგეთ: დღეს განსაკუთრებული დღე გვაქვს, ჩვენი რეისით მგზავრობს საკალათბურთო კლუბი "ლენოვო ტენერიფე", რომლის რიგებშიც ესპანეთის პირველობის საუკეთესო მოთამაშეც ირიცხებაო, და ჩემი გვარი გამოაცხადა! ძალიან დავიბენი და გამიხარდა, აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა...
- "ტენერიფეში" დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ტურისთვის საუკეთესო მოთამაშე თანაგუნდელებს თავისი ქვეყნის გამორჩეული საჭმლით უმასპინძლდება. შენი შედეგებიდან გამომდინარე, "ტენერიფეს" მოთამაშეებს ლამის ყოველკვირა უწევთ ჩვენებური კერძების ჭამა და ძალიანაც შეუყვარდათ. შერმადინის მორიგი წარმატების შემდეგ, ხაჭაპური პირდაპირ ბორტზეც ხომ არ მოგთხოვეს თვითმფრინავის მენიუს ნაცვლად?
- ხაჭაპური ბევრჯერ მივიტანე და ძალიან უყვართ, ნიგვზიანი ბადრიჯანიც გავასინჯეთ. ახლა ვფიქრობ, რომელი ქართული კერძის რიგია? იქნებ დამეხმაროთ მოფიქრებაში... პრინციპში, იყოს მიტანის მიზეზი და მოვახერხებ რამეს, მით უმეტეს, რამდენიმე ახალი მოთამაშეც დავიმატეთ და ქართული სამზარეულოს მარგალიტები მათაც უნდა გავასინჯო!
- გამოდის, ახალი სეზონის დაწყებამდე უკვე დაიმატეთ ძლიერი მოთამაშეები.
- განსაკუთრებულად ცნობილი და ძლიერი მოთამაშე არცერთი არ არის, ისე კი "ტენერიფეში" დააბრუნეს ესპანელი გამთამაშებელი, რომელიც რამდენიმე წლის წინაც იყო ჩვენს გუნდში. დაგვემატა სერბი ცენტრიც, რამდენიმე ადგილობრივი ფორვარდიც. აქაურ კლუბებში ყველა ცდილობს ესპანელ მოთამაშეებს მისცეს შანსი. ჯერ ერთი, ამას კალათბურთის ფედერაციაც ითხოვს, ევროთასებზეც აუცილებელია მინიმუმ 5-6 ადგილობრივი კალათბურთელი და თანაც, ეროვნული ნაკრებისთვის კადრების გაზრდაზეც ზრუნავენ.
- ახლა, ის გვითხარით, როდის ველოდოთ ლეგენდარული არვიდას საბონისის რეკორდის გაუმჯობესებას?
- იმედია, მალე. ესპანეთში თამაშის დროს საბონისმა ცხრამეტჯერ მიიღო ტურის MVP-ის (ყველაზე ღირებული მოთამაშე) ჯილდო, მე ჯერჯერობით, თვრამეტჯერ. იმედია, გავაუმჯობესებ რეკორდს.
- რადგან ნაკრები გუნდები და ემოცია ვახსენეთ, საქართველოს ნაკრებზეც ვილაპარაკოთ. გავიხსენოთ 2023 წლის 26 თებერვალი, დღე, როცა თბილისში ისლანდიასთან მარცხის მიუხედავად, პირველად მოვიპოვეთ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური!
- სრულად გვქონდა გაცნობიერებული, რამხელა მნიშვნელობის იყო ჩვენი ქვეყნისთვის ეს მატჩი და გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. მატჩი ისლანდიისთვისაც გადამწყვეტი იყო, ამბობდნენ კიდეც, მოსაგებად ჩამოვედითო და მართლაც მთელი მონდომებით, ძალიან მაგრად ითამაშეს. სამ ქულაზე მეტი სხვაობით წაგების უფლება არ გვქონდა და მადლობა უფალს, რომ თამაშის ჩვენთვის სასურველი სხვაობით დასრულება მოვახერხეთ. ჩვენს წარმატებაში ქართველმა გულშემატკივარმაც უდიდესი როლი შეიტანა, ჩვენთან ერთად, მათაც უზომოდ გაიხარეს და წაგების მიუხედავად, საბოლოოდ, მაინც მოგებული დავრჩით! დაგვიფასდა ამდენი შრომა, მგზავრობა, ბრძოლა და ქართული კალათბურთის ისტორიაში პირველად გავედით პლანეტის პირველობის ფინალურ ეტაპზე.
- ევრობასკეტის ფინალური ეტაპის საგზური პირველად 2011 წელს მოვიპოვეთ. მას შემდეგ ევროპის ჩემპიონატები აღარც გამოგვიტოვებია, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატი სხვა მასშტაბია... შეგიძლიათ შეადაროთ იქ გასვლით მიღებული ემოცია 12 წლის წინანდელს?
- დიახ, მსოფლიო ჩემპიონატი სხვა დონეა და შესაბამისად, იქ გასვლა განსაკუთრებული სიხარული. პლანეტის პირველობაზე გასვლით ძალიან ბედნიერი ვიყავით, ჩვენც და გულშემატკივრებიც – სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე ლამის დარბაზში მყოფი ყველა გულშემატკივარი გამოგვყვა და იყო დიდი ჟრიამული. ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა ასეთი დღეები. ვისურვებდი, მსგავსი წარმატება ბევრი ჰქონდეს ქართულ სპორტს.
- მსოფლიო ჩემპიონატის საგზურამდე იყო 2022 წლის ევრობასკეტი, რომლის მატჩებსაც თბილისმაც უმასპინძლა. გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს ნაკრებმა წარუმატებლად ითამაშა საშინაო ევრობასკეტზე და ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, ორგანიზების მხრივ იყო ყველაფერი უმაღლეს დონეზე.
- ამ მასშტაბის ტურნირის მასპინძლობა მნიშვნელოვანი იყო არა მარტო საკალათბურთო სამყაროს წარმომადგენლებისთვის, იმ გულშემატკივრისთვისაც, ვისაც სხვა დროს არ ეძლევა ევროპის ჩემპიონატის მატჩების "ცოცხლად" ნახვის ბედნიერება. მოთამაშეებიც დიდი მოლოდინით ვიყავით, იმედი გვქონდა, რომ შევძლებდით ჯგუფიდან გასვლას და გერმანიაში პლეი-ოფის მატჩებში მონაწილეობას. სამწუხაროდ, გეგმები ყოველთვის ვერ სრულდება. რაც შეგვეძლო, ვიბრძოლეთ, მაგრამ ლიდერების დანაკლისი ძალიან დაეტყო საქართველოს ნაკრებს. შენგელია გამოგვაკლდა, მერე ბითაძეც დაშავდა და... ამ ყველაფერმა ფსიქოლოგიურადაც ძალიან იმოქმედა გუნდზე. რთულია, როცა ლიდერებს მოულოდნელად მოისაკლისებ. თოკო რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, სხვა შედეგი გვექნებოდა, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი აღარ აქვს. კარგია, რომ ტურნირი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული.
- თორნიკე შენგელიას ტრავმა დიდი დანაკლისი იყო საქართველოს ნაკრებისთვის. კაპიტნის გარდა, ტურნირის მიმდინარეობისას ბითაძეც გამოგვაკლდა. თუმცა ჯგუფში ჩარჩენას მხოლოდ ტრავმებს ვერ დავაბრალებთ - დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენი გუნდი მოსამზადებელ ეტაპზე გამართული მატჩებით "გადამწვარი" შეხვდა ევრობასკეტს.
- ესპანეთის ნაკრების დამარცხებამ ქართველ გულშემატკივარში დიდი მოლოდინი გააჩინა. ბევრმა ჩათვალა, რომ რადგან ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს მოვუგეთ, არა მარტო ჯგუფურ ეტაპს დავძლევდით, უფრო შორსაც წავიდოდით... სამწუხაროდ, ქვეჯგუფიდან გასვლა ვერ მოვახერხეთ და ქართველი ქომაგები იმედგაცრუებული დარჩნენ. თუმცა არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ტურნირს "გადაღლილები" შევხვდით, წამყვანი მოთამაშეები გამოგვაკლდნენ და წარუმატებლობის მიზეზი ეს იყო.
- შარშან, როცა არგენტინის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ყველა ამბობდა, რომ "სამართლიანობამ იზეიმა და არ შეიძლებოდა მესის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გარეშე დაესრულებინა კარიერა". იმავეს ვიტყვი თქვენზეც: საქართველოს საკალათბურთო ნაკრების თქვენმა თაობამ (წინა თაობებმაც!) ნამდვილად დაიმსახურა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში!
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს ვითამაშებ ნაკრებში. საკლუბო დონეზე დაახლოებით ხუთი წელიწადი კიდევ ვაპირებ თამაშს და თუ ნაკრებსაც დავჭირდები და ჯანმრთელობაც შემიწყობს ხელს, ეროვნულ გუნდსაც დავეხმარები. ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ სანაკრებო დონეზე ორივე დიდ ტურნირზე მექნება ნათამაშები. ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსიც გვაქვს და ვნახოთ.
- მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს 26 აგვისტოს კაბო-ვერდეს წინააღმდეგ ითამაშებთ. ორ დღეში ქვეჯგუფის ფავორიტი სლოვენია გველის, 30 აგვისტოს - ვენესუელა. რას იტყვით მომავალ მატჩებსა და ჩვენი გუნდის შანსებზე?
- ამ ეტაპზე მხოლოდ საკონტროლო შეხვედრებზე, ტაქტიკა-სტრატეგიის დამუშავებასა და ფიზიკური კონდიციის აღდგენაზე ვფიქრობთ. ამხანაგურ მატჩებში სწორედ ეს იქნება ჩვენი მიზანი, შედეგი კი მეორეხარისხოვანია. რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, სადებიუტო შეხვედრას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. კაბო-ვერდეს "რეალის" ცენტრი ედი ტავარეში ჰყავს, რომელიც ევროპულ კალათბურთში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება, დაცვაშიც ჩინებულად თამაშობს და მის წინააღმდეგ განსაკუთრებული მობილიზება გვმართებს. თუ კაბო-ვერდეს დამარცხება მოვახერხეთ, ჯგუფიდან გასვლისკენ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ. სლოვენიის სიძლიერეზე აღარაფერს ვიტყვი, მაგრამ უშანსოდ არც დონჩიჩსა და მის გუნდთან ვიქნებით. რაც შეეხება ვენესუელას, ზუროსი გვეუბნება, რომ ძალიან სწრაფ კალათბურთს თამაშობენ და რთული ბრძოლისთვის უნდა ვიყოთ მზად. მომქანცველი სეზონის შემდეგ, დასვენებაც აუცილებელია, მერე კი ფიზიკური კონდიციების აღდგენას სჭირდება დრო. მოსამზადებელი ეტაპის მატჩები სწორედ ამისთვის არის: ლიტვა-ლატვიის შემდეგ, თბილისში ვითამაშებთ (თბილისის საერთაშორისო თასზე, მასპინძელთა გარდა, მონტენეგრო, ირანი და იორდანია იასპარეზებენ. - რ.შ.) და ვეცდებით მსოფლიო ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრას საუკეთესო ფორმითა და განწყობით შევხვდეთ.
- საუბრის ბოლოს აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ჯამლეტ ხუხაშვილი, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. მწვრთნელი, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს გიორგი შერმადინის პროფესიონალ კალათბურთელად გაზრდაში. კარგი კაცი, რომელიც ძალიან დააკლდა საქართველოს, ქართულ სპორტსა და ჟურნალისტიკას...
- ბატონ ჯამლეტზე ახალი რა უნდა ვთქვა?! ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩემზე. 2005 წლიდან, როცა პირველად მომიყვანა კალათბურთში, ერთად მოვდივართ, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ კალათბურთი უმაღლეს დონეზე მეთამაშა. მას შემდეგაც, რაც საზღვარგარეთ წავედი, დღე არ გავიდოდა, არ დაერეკა, არ მოვეკითხე, რჩევა არ მოეცა. მისმა გარდაცვალებამ უზომოდ დამწყვიტა გული.