"ქართველებმა იციან, რა ხდება ჩვენს გულში, რადგან მათ იციან, რა არის ომი" - კვირის პალიტრა

"ქართველებმა იციან, რა ხდება ჩვენს გულში, რადგან მათ იციან, რა არის ომი"

PMC კვლევითი ცენტრის 2023 წლის მარტის თვეში გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინის ტერიტორია ჯამში 18.4-მა მილიონმა მოქალაქემ დატოვა. აქედან 10.8 მილიონი სამშობლოში დაბრუნდა, ხოლო 8 მილიონზე მეტი, ანუ მთლიანი მოსახლეობის 18.4%, კვლავ ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობს. კვლევის მიხედვით, საქართველოში დაახლოებით 17 000 უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს.განა სერდიუკი და ვლადიმირ ამელინიც რუსულ აგრესიას გამოექცნენ, რუსულ-უკრაინული ოჯახი რუსეთში, ქალაქ ტარუსაში ცხოვრობდნენ. 2022 წელს ომის დაწყებისთანავე ვლადიმირის ანტიპუტინური პოზიციის გამო, ოჯახის დევნა დაიწყეს და ისინიც იძულებულნი გახდნენ, სასწრაფოდ დაეტოვებინათ ჯერ საკუთარი სახლი, შემდეგ კი - ქვეყანა და 2022 წლის 27 მარტს 7 წლის შვილთან, მირონთან ერთად თბილისში ჩამოვიდნენ.

განა: - საქართველოში 2022 წლის 27 მარტს რუსეთიდან ჩამოვედით, ომი დაახლოებით ერთი თვის დაწყებული იყო. მე უკრაინელი ვარ, ხარკოვიდან, ჩემი მეუღლე რუსია. თავდაპირველად უკრაინაში ვცხოვრობდით, ჩვენი შვილიც ხარკოვში დაიბადა, თუმცა შემდეგ რუსეთში საცხო­ვრე­ბლად გადასვლა გადავწყვიტეთ. უკანასკნელი რამდენიმე წელი იქ ვცხოვრობდით და ჩემი ქმარი მოზაიკის სკოლაში ასწავლიდა.

ვლადიმირი: - ჩვენი რუსეთის დატოვების მთავარი მიზეზი შეუთანხმებლობა, ომის პროპაგანდისა და აგრესიის ატმოსფეროში ცხოვრებაა. სახლის დატოვების­ მეორე მიზეზი იყო ძალოვანი სტრუქტურების თვალთვალი. ომის პირველივე დღეებში ჩვენს სახლთან გამოჩნდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების თანამშრომლები. დაიწყო წნეხი, ფაქტობრივად, მუშაობა ამიკრძალეს. მათ იცოდნენ ჩემი აზრი, რომ არ ვემხრობოდი მათ პოლიტიკას, ამიტომ მათთვის სახიფათო ვიყავი, რადგან მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან საკუთარ სამოქალაქო აზრს ვაფიქსირებდი. არასოდეს ვგეგმავდი ემიგრაციას, თუმცა ომმა ყველაფერი შეცვალა. პირველივე დღეებში ჯერ დავტოვეთ ჩვენი სახლი და ქალაქი, შემდეგ ქვეყანა.

განა: - ძალიან შეშინებული ვიყავით, ჩემი ოჯახის წევრები მირეკავდნენ უკრაინიდან და მეუბნებოდნენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაგვეტოვებინა რუსეთი. თავდაპირველად ერევანში ჩავფრინდით, თუმცა ვლადიმირის მოსწავლეებმა გვირჩიეს, რომ საქართველოში ჩამოვსულიყავით, რადგან თბილისი იყო ქალაქი, სადაც ჩვენი ცხოვრების პოვნა შეგვეძლო. ერევნიდან სამარშრუტო ტაქსით წამოვედით. პირველივე წუთებში მივხვდით, რომ არსად წასვლა აღარ გვინდოდა. ჩემს ქმარს ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან ჰქონდა შემოთავაზებები მოზაიკის სკოლებში, თუმცა ჩვენ აქ დარჩენა გადავწყვიტეთ.

ვლადიმირი: - აქ ყველაფერი სწრაფად აეწყო, თავდაპირველად თბილისის მერია დაგვეხმარა, განგვათავსეს სასტუმროში, სადაც 2 თვე ვიცხოვრეთ, შემდეგ მოხალისეებმა საცხოვრებელი გვიპოვეს. ქართველებმა იმხელა სითბო და სიყვარული დაგვანახეს, რომ მივხვდით, ლტოლვილობა გაგვიადვილდებოდა.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ საქართველოსა და ქართველ ხალხზე?

განა: - სახლის შემდეგ ეს არის ყველაზე კარგი ადგილი, სადაც შეიძლებოდა მოვხვედრილიყავით. აქ თავს თავისუფლად და დაცულად ვგრძნობთ. ქართველები ძალიან თბილი ხალხია, ყოველდღე გვეხმარებიან, ბავშვს უმასპინძლდებიან, გვჩუქნიან ნივთებს. ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. ქართველებმა იციან, რა ხდება ჩვენს გულში, რადგან მათ იციან, რა არის ომი.

ვლადიმირი: - რუსეთში ისეთი შეგრძნებაა თითქოს ყველა ადამიანს სახეზე რკინის ჩაფხუტი აქვს ჩამოფარებული, გრძნობები და ემოციები არ არსებობს. მეც ეგეთი ვიყავი, თუმცა საქართველომ ჩემი რკინის ნიღაბი გაალღო, ვისწავლე თანაგრძნობა და გრძნობების გამოხატვა.

- განა, როგორი განცდაა, როცა ხარ უცხო ქვეყანაში იმ დროს, როდესაც საკუთარ ქვეყანას გიბომბავენ?

- მამის გარდაცვალების შემდეგ, ეს ყველაზე საშინელი რამაა, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. ჩემი ოჯახის წევრები ხარკოვში ცხოვრობენ. როდესაც უყურებ როგორ იბომბება შენი ქალაქი, იხოცებიან ადამიანები და მათი შველა არ შეგიძლია უსუსურობის გრძნობა განადგურებს. ეს ტკივილი არ გადის, ახლაც ძალიან რთულია, უბრალოდ, ახლა დაცულად ვგრძნობთ თავს, მაგრამ დარდი მუდამ არის - ოჯახის წევრებზე, სახლზე, ქვეყანაზე. ვდარდობ, რომ ჩემს ქმარს არ შეუძლია წავიდეს არც რუსეთში და არც უკრაინაში. არ ვიცით, რა იქნება ხვალ. ბავშვი მძიმე მდგომარეობაში იყო, არავის გაცნობა არ სურდა, ამბობდა, რატომ უნდა გავიცნო ვინმე, ჩვენ ხომ მალე სახლში დავბრუნდებითო.

ძალიან მინდა უკრაინაში დაბრუნება, არადა, არ ვიცი, ჩემს ქმარს როგორ მიიღებენ ხარკოვში. როცა ჩავალთ, იქ იქნებიან ომის ვეტერანები, რომლებიც დაშავდნენ, მაგრამ საბედნიეროდ გადარჩნენ. არ ვიცი, როგორ მიიღებენ ჩემს რუს ქმარს, როგორ მოექცევიან. სამწუხაროდ კონფლიქტი ომის შემდეგაც არ დასრულდება.

- ვლადიმირ, თქვენს საქმიანობაზე მოგვიყევით, მოზაიკის სკოლაზე, რომელიც თბილისში გახსენით.

- მე მოზაიკით მხატვარი ვარ და 20 წელია მასწავლებლად ვმუშაობ, საქართველოში რომ ჩამოვედით, უკრაინელი ლტოლვილების დახმარების ცენტრში შემომთავაზეს, რომ გამეკეთებინა მოზაიკის სკოლა და ბავშვებისთვის მესწავლებინა.

მე, როგორც რუსეთის მოქალაქეს, უფლება არა მაქვს სხვა ქვეყანაში ვინმე განსაჯო, თუმცა პოლიტიკურ მოვლენებში ჩართული ვარ. ვხედავ, როგორ ეხმარებიან ქართველები უკრაინელებს, როგორ ცდილობენ რომ შეუმსუბუქონ ცხოვრება და ეს ძალიან საამაყო და დასაფასებელია. ასევე როგორი განსხვავებაა ხალხისა და მმართველი პარტიის შეხედულებებს შორის. საპარლამენტო არჩევნები მოდის და ეს ცოტა ამძაფრებს სიტუაციას, თუმცა მჯერა, რომ სამოქალაქო საზოგადოება სოლიდარული იქნება.

- ხომ არ გიქმნით დისკომფორტს ან საფრთხეს ხომ არ გრძნობთ საქართველოში მომრავლებული რუსების გამო?

- მადლობა ღმერთს, რაც საქართველოში ვართ, არ შემხვედრია რუსი პატრიოტები, ვგულისხმობ ძ-პატრიოტებს. ომის დაწყების შემდეგ ათობით რუსი დავბლოკე სოციალურ ქსელში, დავკარგე უახლოესი მეგობარი, ჩემი კლასელი, მხოლოდ იმიტომ რომ, ის ომის მომხრეა.

განა: - სექტემბერში, როდესაც მობილიზაცია დაიწყო, რუსეთიდან ძალიან ბევრი ჩამოვიდა საქართველოში. მე იმ დროს შალვა დადიანის ქუჩაზე ერთ კაფეში ვმუშაობდი. ერთ დღეს ქუჩაზე სულ რუსი კაცები იყვნენ. ვფიქრობდი, როგორც უკრაინაში, აქაც ჩვენს `გასათავისუფლებლად~ ხომ არ მოვიდნენ, აქ ძალიან ბევრი რუსია, მოდი, გავათავისუფლოთ თბილისიო.

ვლადიმირი: - ომის დაწყებამდე ძალიან ბევრი გეგმა გვქონდა, თუმცა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ამჟამად საბუთებს ვაწესრიგებთ. არ ვიცით, რა იქნება ხვალ, თუმცა საქართველოში ცხოვრება ძალიან მოგვწონს.

სოფია კაჭარავა