სად და როგორ ისვენებენ ქალაქში დარჩენილი თბილისელები და ტურისტები - კვირის პალიტრა

სად და როგორ ისვენებენ ქალაქში დარჩენილი თბილისელები და ტურისტები

"თბილისი დაიცალაო, არადა, ყველა სკვერი, პარკი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაღაზია, კაფე-ბარი სავსეა. საცობებს არ აკლდება და რაში გამოიხატება დაცლა?! სკვერში, სადაც ბავშვები დამყავდა, შარშან ამ დროს შედარებით ცოტა ხალხი იყო, ახლა კი სავსეა - ატრაქციონებზე, საქანელებზე, სკამებზე ადგილი აღარ არის", - ამბობს თბილისის ერთ-ერთ სკვერში დასასვენებლად გამოსული ვერიკო გარსევანიშვილი, რომელიც სიძვირის, წყლის საეჭვო ხარისხისა და სხვა სუბიექტური მიზეზების გამო ზღვაზე წასვლას ვერ ახერხებს.

მაღალი ფასები, დასვენება, ზღვა, მთა, შვებულება, დაუსრულებელი რემონტი, მატყუარა ხელოსნები, ტელეფონის განვადება, იპოთეკური თუ სამომხმარებლო სესხი, გაუსაძლისი სიცხე, რუსი ტურისტებით სავსე ქალაქის ქუჩები... - ამ მეტად საჭირბოროტო სიტყვებს ყველა ასაკის ადამიანისგან ხშირად გაიგონებთ სკვერებში. ახალგაზრდა დედები ცალი თვალით იქვე მოთამაშე შვილებს მწყემსავენ, მეორით ტელეფონში იჭყიტებიან, ეძებენ თბილისსა და მის შემოგარენში ღია აუზების, საზაფხულო ბაღების შესახებ ინფორმაციას. ერთმანეთს ძიძებსა და დამხმარეებზე გამოცდილებას უზიარებენ.

tbilisi2-1691329237.jpg

29 წლის ნინი გელაშვილი მეუბნება, რომ საგურამოში სახლი აქვთ და იქ აპირებენ წასვლას: "სტუდენტობა გერმანიის პატარა ქალაქ ცვიქაუში გავატარე. მყუდრო ქალაქია, მშვიდი ხალხით. მოწესრიგებულია ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა. ვოცნებობ ასეთი ქალაქები საქართველოშიც იყოს... ყოველ შაბათ-კვირას, ბავშვთან ერთად საგურამოში მივდივართ, ზაფხულის გატარებასაც იქ ვაპირებთ. თბილისთან ახლოა, მაგრამ აშკარად განსხვავებული ტემპერატურაა, განსაკუთრებით დილა-საღამოს. ჩემს მეუღლეს ვეხვეწები, თბილისში გავყიდოთ ბინა და იქ დავსახლდეთ-მეთქი, მაგრამ უარზეა, სამსახურში სიარული გამიჭირდებაო. სამწუხაროდ, საცობების გამო, გზაზე ზოგჯერ საათობით გიწევს გაჩერება, ამიტომ მესმის მისი".

ნათია, 34 წლის: "ჯერ შვებულება არა მაქვს, ბავშვს დღისით ძიძას ვუტოვებ, საღამოს კი სკვერში გამომყავს, რომ ჰაერი ჩაყლაპოს. საზაფხულო ბაღში მინდოდა მიმეყვანა, მაგრამ ყველა შევსებულია. არის ისეთი, სადაც 4-5 ბავშვი ჰყავთ, მაგრამ ფასი 1000 ლარიდან იწყება, მე კი ამდენი შემოსავალი არა მაქვს. მეუღლე უცხოეთშია წასული. ის რომ არ გვიგზავნიდეს ფულს, ჩემი 1400 ლარი არაფერში გვეყოფოდა. პრესტიჟულ სამსახურში მუშაობდა, მაგრამ 910 ლარს იღებდა ხელზე, ამიტომ ამბიციებს გადავაბიჯეთ და მექსიკის გავლით ამერიკაში წავიდა. იქ ტაქსიზე მუშაობს. კი მითხრა, გამოგიგზავნი ფულს და ერთი ათი დღით წადით ზღვაზეო, მაგრამ ის იქ წვალობს, ლამის მანქანაში ცხოვრობს და მე ზღვაზე რა სინდისით წავიდე... ამიტომ შვილთან ერთად საღამოობით სკვერში გამოვდივარ და ასე ვისვენებთ".

tbilisi3-1691329237.jpg

ქრისტი, 31 წლის: "კერძო აუზში მინდოდა ბავშვებთან ერთად სიარული, მაგრამ ისეთი გადაჭედილი დამხვდა, უკან გამოვბრუნდი. უცხოელები გვყავსო, მითხრეს. რუსებზე იყო საუბარი. მთელი დღე რომ გაატარო აუზზე, ქართულ საუბარს ერთი-ორჯერ თუ გაიგონებ. ყველგან ესენი არიან, ჰიგიენას არ იცავენ, აუზშივე სვამენ ყავა-ჩაის და საათობით არ ამოდიან...

აგვისტოს ბოლოს როგორმე ორი კვირით მინდოდა ზღვაზე წავსულიყავით, მაგრამ მითხრეს, მთელი აჭარის ზღვისპირეთში ისეთი ფასებია, გავიყიდეთო. თიანეთში სახლი გვაქვს, მაგრამ თოვლმა სახურავი დაუზიანა. წელს დავიფიცეთ, როგორმე ფული დავაგროვოთ და მოვაწესრიგოთ".

მამაკაცების საღამოს შეკრებაზე გაიგონებთ ბანკის ვალის, სესხებისა და სხვა პრობლემების შესახებ საუბარს, თუმცა ახალგაზრდები იმავე თემებთან ერთად ლუდსა და თამაშებზე ემოციურად საუბრობენ: განიხილავენ მსოფლიო და ქართულ ფეხბურთს, კამათობენ "დინამოს", ეროვნული ნაკრების, "ნაპოლის" ახალ სეზონზე, ხელახალ შანსებზე.

საღამოობით სკვერში გამოსული ბიჭები ბავშვების შეთხელებას ელოდებიან, რომ ვარჯიში დაიწყონ. თუმცა ზოგი პატარა არსადაც არ მიდის და მოთმინებით ელოდება, როდის დაიწყებენ ბიჭები აჭიმვებს, რათა შემდეგ კითხვები დააყარონ, - ყველაზე მეტი რამდენი გაუკეთებია, რამდენი წელია ვარჯიშობს, დღეში რამდენ ლიტრ წყალს სვამს, ბეტმენს თუ დაამარცხებს, სუპერმენს თუ აჯობებს, სპაიდერმენზე მაღლა თუ ახტება...

32 წლის გოგა მიყვება, რომ დიდი ხნით დასასვენებლად წასვლა არ უყვარს, რადგან შინ სამი ძაღლი ჰყავს. ძაღლებიანი­ დამსვენებელი კი ყველგან არასასურველია: "მე მაშინ ვარ ბედნიერი, როდესაც ჩემი ოჯახი დასასვენებლად მიდის და მე მარტო ვრჩები. დილით 8-ზე ვდგები და ძაღლებთან ერთად რამდენიმე კილომეტრს დავრბივარ. შემდეგ 12-მდე ისევ ვიძინებთ.­ საღამოს კი ისევ ძაღლებს ვასეირნებ. ამასობაში სკვერში ხალხი შეთხელებულია და ვარჯიშს ვიწყებ, თუმცა მოზარდები მაინც დამეხვევიან ხოლმე. მიხარია, რომ სპორტით ინტერესდებიან და ვცდილობ ყველაფ­ერი ავუხსნა. ზოგჯერ შინ მეგობრები მიმყავს, ლუდს ვსვამთ და სპორტულ გადაცემებს ვუყურებთ. ხანდახან­ კლუბშიც წავალ და ბარშიც. ძვირიანი კურო­რტები საჩემო არაა. სულ ვამბობ, იაფად შესანახი ბიჭი ვარ-მეთქი, მაგრამ გოგოები მაინც არ მეკარებიან. თავიდან მოსწონთ ძაღლები, სპორტული ცხოვრება,­ მაგრამ შემდეგი კითხვაა: "ძაღლები სად გყავს, სახლში?" - ჩემთან სძინავთ-მეთქი, რომ ვპასუხობ, მაშინვე ფრთხებიან.

ხმაურიანი საღამოები და დილამდე ცეკვა ან საათობით სანაპიროზე ყოფნა არაა ჩემი საქმე. ჩემი მეგობრები დასასვენებლად 100 ლარით მიდიან და 2 ათასი ლარი ვალი ჩამოაქვთ, არ გვეყოო. ყოველ წელს ასეა და რით ვერ ისწავლეს ჭკუა, არ ვიცი".

რუსეთის მოქალაქეების სიმრავლე, როგორც ქალაქის ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, სკვერებშიც შეინიშნება. უფროსებისგან განსხვავებით, ერთმანეთთან კომუნიკაცია არ უჭირთ ბავშვებს, მათ არც ენობრივი ბარიერი აქვთ და არც პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობა აწუხებთ.

როსტოველი ელენა ამბობს, რომ ქართველების ნაწილი ამრეზით უყურებს,­ ზოგიერთი კი ლოიალურად ექცევიან: "რამდენიმე დღის წინ მაღაზიაში გოგონები რუსულად არ დამელაპარაკნენ. ერთხელ ჩემი სურსათით სავსე გორგოლაჭებიანი ჩანთა გვერდზე გასწიეს და ინგლისურად მითხრეს, რომ ოკუპანტი ქვეყნიდან ვარ და ეს სულ უნდა მახსოვდეს.

ზაფხულის ბოლომდე აქ ვაპირებთ დარჩენას, სექტემბრის შუა რიცხვებისთვის­ ბათუმში წავალთ. ჩემი მოსკოველი ახლობლები საოჯახო სასტუმროს ხსნიან. შემდეგ გადავწყვეტთ - სხვაგან წავალთ თუ საქართველოში დავრჩებით. ახლობელი ქართველები გვეუბნებიან, მოითმინეთ,­ ანტირუსული ისტერიკა თანდათან გადაი­ვლ­ისო. იმედია, ასე იქნება, რუსეთიდან­ ომს გამოვექეცით და ძალიან გვინდა მშვიდად­ ცხოვრების შესაძლებლობა მოგვეცეს.­ მე და დედას აქაურობა ძალიან მოგვწონს, ჩემს ძმას არ უნდოდა წამოსვლა, რუსეთში ქართველებთან სულ ჩხუბი მქონდაო".

ელენას თანამგზავრმა რუსეთის მოქალაქეებმა როგორც მითხრეს, ახლა თავიანთი ქონების რუსეთში დარჩენილი ახლობლებისთვის გადაფორმებით არიან დაკავებული: "უკვე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მიბარებული ქონება გაყიდეს. გვეუბნებიან, თქვენ კი წახვედით აქედან, მაგრამ არც ჩვენ ვართ უსაფრთხოდ, სექტემბრისთვის ისევ მობილიზაცია იქნება და წასასვლელ გზებს ვეძებთო".

მათი სასაუბრო თემაც ფასებია. ამბობენ, რომ ზოგი რამ ევროპაზე ძვირია, საზღვაო კურორტზე კი ეგვიპტეზე მაღალი ფასებია... ისურვებდნენ მეტ კლუბსა და ღია ბარს, ასევე, მოწესრიგებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. კიდევ ერთის თქმით, კარგი იქნება, თუ ქალაქს მეტი სკვერი, ბაღი და პარკი ექნება, რადგან საღამოობით ძალიან სიმჭიდროვეა: "გვეუბნებოდნენ, რომ ქართველები არასპორტული ხალხია, ჭამა და ქეიფი ურჩევნიათო, და სულაც არ ყოფილა ასე - საღამოობით, თითქმის ყველა ასაკის ადამიანი გამოდის სასეირნოდ, სარბენად... ძალიან ბევრი საუბრობს კარგი ინგლისურით... ამას კი არ ველოდით".

ყველაზე მეტი ჟრიამული იქ არის, სადაც საბავშვო ატრაქციონებია. ორი წლის წინ დიდ დიღომში ზარ-ზეიმით გახსნეს სკვერი, საქანელებითა და სავარჯიშო მოედნებით. შარშანდლის მერე, შადრევანი გათიშულია, ამბობენ, ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის გამო ქალაქში ყველა შადრევანი გამორთულია.

ოთხფეხა მეგობრებისთვის ცალკე სივრცეა გამოყოფილი. უბნის ბავშვებმა თითქმის ყველა ცხოველის ისტორია იციან, როგორი ლამაზი იყო "ბავშვობაში", როდესაც ვიღაცამ ვიღაცას აჩუქა, შემდეგ კი, მოვლა დაეზარათ და გამოაგდეს. აქა-იქ უფროსების კატეგორიულ გაფრთხილებას გაიგონებთ, ძაღლს, (ან კატას) არ მიეკარო, არ გიკბინოსო. ზოგიერთი აპროტესტებს, რომ ახალი კანონის თანახმად, ძაღლების ალიკაპის გარეშე ტარება სავალდებულო იქნება.

ყველაზე შესამჩნევი და უცვლელი, რაც თბილისის პარკებსა და სკვერებში გამოფენილ თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს აერთიანებთ, გულგრილობაა: მზესუმზირის ჩენჩო, სიგარეტის ნამწვები,­ ნაყინის ქაღალდები და ჩხირები, ძაღლის ფეკალიები - ასეთია ჩვენი სკვერების "ლანდშაფტი". არადა, ყველა სკვერში დგას ნაგვის ურნები. ყველა ერთმანეთს მიუთითებს, რომ წესრიგი დაიცვან და სხვის შრომას პატივი სცენ, მაგრამ დღის ბოლოს, იქაურობა მაინც ნაგვით არის სავსე. სკვერში ჩამომჯდარი მეეზოვე სევდიანი ღიმილით მიყვება, რომ უნახავს, როგორ მიუთითებდა ახალგაზრდა დედა პატარას, ნაგავი ძირს არ დაყაროო, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ მზესუმზირის ჩენჩოები ფეხებთან მიუყარა.