ფრთხილად! თაღლითებმა დასვენება რომ არ ჩაგიშხამონ! - კვირის პალიტრა

ფრთხილად! თაღლითებმა დასვენება რომ არ ჩაგიშხამონ!

დამეთანხმებით, რომ ყველა ჩვენგანი მოუთმენლად ელოდება ზაფხულის დადგომას, რათა დავისვენოთ და როგორმე ის სასიცოცხლო ენერგიაც აღვიდგინოთ, რომელიც მომავალი წლისთვის გვჭირდება. არადა, თურმე შესაძლოა დასვენებაც ისეთ უსიამოვნებად გვექცეს, რომელსაც მთელი წელიწადი ვერ დავივიწყებთ. ეს იმ თაღლითების დამსახურებაა, რომლებიც სოციალურ ქსელს დამსვენებელთა თანხების მისატაცებლად იყენებენ. იზრდება იმ დაზარალებულ დამსვენებელთა რიცხვიც, რომლებმაც ამა თუ იმ კურორტის ბინების "მეპატრონეებს" ბინის დასაჯავშნად ფული წინასწარ გადაუხადეს, კურორტზე ჩასულები კი ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ. საკურორტო ბინების ე.წ. მეპატრონეები სამუდამოდ გაქრნენ.

სოციალურ ქსელში წლევანდელი სეზონის მსგავს ინციდენტებზე არაერთ განცხადებას შეხვდებით, მათ შორის ახალგაზრდა ექიმის, ეკა გიგაურის პოსტსაც: "მინდა გაგიზიაროთ ძალიან ცუდი გამოცდილება, რათა თქვენც არ აღმოჩნდეთ იმ დღეში, როგორშიც მე და ჩემი ორი ახლობელი აღმოვჩნდით. საქმე ის არის, რომ ბათუმში დასვენება გადავწყვიტეთ. რისთვისაც იქ მდებარე ბინების ფოტოები დავათვალიერეთ და ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე "ორბი" შევარჩიეთ. შემდეგ მითითებულ ნომერზე დავრეკეთ და აღნიშნული ფართობის "მეპატრონეს" ლუკა (გაბრიელ) წიქარიშვილს ვესაუბრეთ. მან დასაქირავებელი ბინის არსებობა დაგვიდასტურა. გვითხრა, სულ რამდენიმე წუთი დამელოდეთ და ინფორმაციას უფრო დაწვრილებით მოგაწვდითო. მართლაც რამდენიმე წუთში დაგვირეკა. თუმცა არა პირვანდელი ნომრით, არამედ ვაიბერით, რისთვისაც, ალბათ, ყურადღება­ უნდა მიმექცია.­ თუმცა,­ სამწუხაროდ, ასე არ მოვიქეცი. მან გვითხრა, თუ როდის გათავისუფლდებოდა ბინა დამსვენებლებისაგან და დასაჯავშნად ბე, ანუ 140 ლარის გადახდა გვთხოვა, რაც მაშინვე გადავიხადეთ. თუმცა ფული გაქრა და ბათუმში ბინის ნაცვლად ღია ცის ქვეშ აღმოვჩნდით... დასვენების ნაცვლად პოლიციას მივაკითხეთ, რომ ამ თაღლითობის ამბავი გაგვერკვია, პარალელურად კი ამ პოსტსაც ვაქვეყნებ, რადგან არ მინდა ვინმე სხვაც აღმოჩნდეს ჩემს მდგომარეობაში, - ფრთხილად იყავით", - წერს სოციალურ სივრცეში დაზარალებული დამსვენებელი.

სოციალურ ქსელში უკვე მსგავს არაერთ განცხადებას შეხვდებით და გვსურს მსგავსი პრობლემის თავიდან არიდებაში დავეხმაროთ საზოგადოებას, რის გამოც ქალბატონ ეკა გიგUაურს ამ სავალალო გამოცდილების შესახებ ვესაუბრეთ:

- ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში იყავით, როდესაც ჩემოდნებით ღია ცის ქვეშ აღმოჩნდით.

- არა მარტო ჩვენ, როგორც გავარკვიე, ჩვენს დღეში ათეულობით დასვენების მოსურნე ჩავარდნილა. თუმცა ნაწილმა ხელი ჩაიქნია და სიჩუმე ამჯობინა, რომ ნერვები უფრო არ მოშლოდა. სოციალურ ქსელში ჩემს განცხადებას უამრავი ჩემსავით მოტყუებული გამოეხმაურა, ბინის დაჯავშნისათვის ბე არა მარტო 140 ლარი, 500-600 ლარიც გამოუძალავთ. რა თქმა უნდა, ბინების "პატრონები" გაქრნენ.­ მე "გამიმართლა", შედარებით მცირე თანხა, 140 ლარი დავკარგე. თუმცა, გააჩნია, ვისთვის არის მცირე ეს თანხა, ჩემთვის ნამდვილად - არა. ცხადია, ეს ამბავი ფულის გამო არ გამიხმაურებია, არ მსურს სხვაც მსგავს ვითარებაში აღმოჩნდეს. ყველაფერი კი ასე დაიწყო: როდესაც მე და ჩემმა ორმა ახლობელმა ბათუმში დასვენება გადავწყვიტეთ, ბინა ტრადიციულად სოციალურ ქსელში შევარჩიეთ. კერძოდ, სასტუმრო "ორბის" ერთ-ერთი ოთახი. შემდეგ­ სასტუმროს "მეპატრონის" მითითებულ ნომერზე დავუკავშირდით. ვიღაც მამაკაცმა გვიპასუხა, გვითხრა, რამდენიმე წუთში გავარკვევთ ყველა დეტალს და დაგირეკავთო. მოგეხსენებათ, ასეთ შემთხვევაში წუთებიც გათვლილია, რათა არჩეული­ ბინის დაცლას ფოიეში საათობით­ არ ელოდო. "მეპატრონემ" მართლაც მალევე­ დარეკა და ბინით სარგებლობის დრო დამიკონკრეტა.

taglit2-1691330211.jpg

- კურორტზე ამის შემდეგ მალევე გაემგზავრეთ?

- ოთხ დღეში. წასვლისას კიდევ ერთხელ დავუკავშირდით ბინის "მეპატრონეს". მან გვითხრა, როგორც კი სასტუმროსთან მოხვალთ, იქ დაგხვდებითო. ჩვენც გულდამშვიდებულებმა მივაკითხეთ სასტუმრო "ორბს", სადაც "მეპატრონე" არ დაგვხვდა. ისევ დავუკავშირდით და დაგვაიმედა, 10 წუთში მოვალო, მაგრამ 10 წუთიც და ერთი საათიც ისე გავიდა, არ გამოჩენილა. ჩვენ კი ამ დროის განმავლობაში აღშფოთებულ მესიჯებს ამაოდ ვწერდით. საპასუხოდ მან ჩვენი და ასევე "ორბის" მენეჯმენტის ზარები დაბლოკა. ჩვენ მათაც მივმართეთ დასახმარებლად. შეწუხდნენ, ჩვენ თქვენთვის ბინა არ მოგვიქირავებიაო, და "მეპატრონეს" ჩვენთან ერთად ურეკავდნენ. ამის შემდეგ მოთმინებადაკარგულები პოლიციაში წავედით, სადაც მაშინვე ამ კითხვით შემოგვეგებნენ, ლუკა წიქარიშვილის საქმეზე ხართ მოსულებიო?

- ესე იგი თაღლითობის შესახებ უკვე იცოდნენ?

- როგორც აღმოჩნდა... პოლიციაშიც­ გვითხრეს და სოციალური ქსელითაც არაერთი მოტყუებული დამიკავშირდა. ბევრს "სასტუმროს დასაჯავშნად" მართლაც სოლიდური თანხა ჰქონდა გადარიცხული­, თუმცა პოლიციაში მისვლაზე მაინც ხელი ჩაიქნიეს იმ მიზეზით, რომ ფულს მაინც ვერ დაიბრუნებდნენ. მე კი პოლიციას უყოყმანოდ მივმართე, მინდა ადამიანებს ავარიდო ის სტრესი, რაც ახლობლებთან ერთად ამ საქმის გამო გავიარე.

- საინტერესოა, თუკი თაღლითის პირადი­ ნომერი და ანგარიში არსებობს, პოლიციამ რატომ დროზე არ იმოქმედა თაღლითის დასაკავებლად?

- როგორც აღმოჩნდა, პირადი ნომრ­ებიცა და ანგარიშებიც, რომლებზეც მიტაცებული თანხა ირიცხებოდა, არასრულწლოვნებს ეკუთვნის. ეს ყველაფერი­ აისახება ე.წ. სქულქარდებზე, მოსწავლეთა­ სამგზავრო ბარათებზე, რომლებითაც მოსწავლეები საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობისას სარგებლობენ.

- როგორც ცნობილია, საბანკო ფუნქციები სქულქარდმა სულ ცოტა ხნის წინ შეიძინა, რაც რბილად რომ ვთქვა, დიდი შეცდომაა.

- გეთანხმებით. ნებისმიერი სქულქარდი შეიძლება უფროსების თაღლითობის მსხვერპლი გახდეს საბანკო მაქინაციებისას. ჩვენს შემთხვევაში დაზარალებული დამსვენებლების ფული გადარიცხული აღმოჩნდა არა მარტო 16 წლის ლუკა წიქარიშვილის, არამედ მისი 8 წლის ძმის, გაბრიელ წიქარიშვილის სქულქარდზე, არასრულწლოვანი კი კანონით არ ისჯება.­ ამ შემთხვევაში პოლიციამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ ორივე ბავშვი "გააწითლა" საზღვრის­ გადაკვეთაზე - ბავშვები თავიანთი პირადი­ ნომრით საქართველოს საზღვრებს ვერ დატოვებენ.

- ეს რა შეღავათია მათთვის, ვინც თანხა დაკარგა?

- სრულიად არაფერი. თუმცა მეეჭვება, მსგავსი თაღლითობა ან 16 წლის, მით უფრო 8 წლის ბავშვის მოფიქრებული იყოს. გამოძიება დაწყებულია და იმედია, თაღლითები პასუხს აგებენ. ჩემი გამოცდილება, ალბათ, ბევრს გამოადგება იმისთვის, რომ ფულის გადარიცხვა მკაცრად გადაამოწმონ და დაზარალებულთა რიცხვში არ აღმოჩნდნენ.