როგორ ხუმრობენ ქუთათურები
"ნათქვამია, ადამიანი მანამ არის ცოცხალი, ვიდრე იცინისო. ჩემს მშობლიურ ქალაქში ყველაფერზე ხუმრობენ და, რა თქმა უნდა, პოლიტიკასაც არ ტოვებენ "უყურადღებოდ", - გვითხრა ჟურნალისტმა დათო ლიკიკაძემ, რომელიც ქუთაისში გაგონილ სხარტულებსა და ხუმრობებს გაგვიზიარებს:
- მთელმა საქართველომ იცის, რა ენაკვიმატი ხალხია ქუთათურები. ისინი ხშირად ხუმრობენ ჩვენს პოლიტიკოსებზეც, სულერთია, ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება თუ ხელისუფლების. კომუნისტების დროიდან დღემდე ქუთათურები ყველა ხელისუფლებას თავისებური, კვიმატი იუმორით აფასებდნენ. ვეცდები მოგიყვეთ ისეთი ხუმრობები, რომელიც ამ თემაზე გამიგონია და განსაკუთრებით მომწონს.
წლების წინ ქუთაისში პოპულარული იყო შემდეგი სხარტულა:
- ვინ იცის, რა განსხვავებაა სტალინსა და რუზველტს შორის?
- რუზველტი მასზე ნათქვამ ხუმრობებს აგროვებს, ხოლო სტალინი იმ ხალხს, რომელიც მასზე ხუმრობას ბედავს.
მახსენდება ძველი ქუთაისური ანეკდოტი, რომელიც იმ ეპოქის რეალობას ზუსტად ასახავს: სასამართლო დარბაზიდან გამოდის მოასამართლე, რომელიც სიცილით კვდება - ისე გემრიელად იცინის, თვალებზე ცრემლი აქვს მომდგარი.
მეორე მოსამართლე ეკითხება, რა გაცინებსო? ცოტა ხნის წინ ისეთი ანეკდოტი მოვისმინე, კინაღამ გავიგუდეო, უპასუხა მან. მომიყევიო, სთხოვა კოლეგამ ჩაბჟირებულ კოლეგას. შენ ხომ არ გაგიჟდი, ამ ანეკდოტის მოყოლისთვის კაცს წეღან ათწლიანი პატიმრობა მივუსაჯეო...
ამას წინათ ქუთაისელების საუბარს მოვკარი ყური.
- ბიჭიკია, შენ თუ იცი, დედამიწა რომ მრგვალია და ბრუნავს?
- ჩუმად, ბიჯო, მთავრობამ არ გაგვიგოს თუ არა, "კატაობის" ფულს გამოგვართმევს! - გააფრთხილა შეშფოთებულმა ბიჭიკიამ მეგობარი...
ქუთაისის მერიას ხშირად სტუმრობენ მოქალაქეები, რომლებსაც მერიის თანამშრომლებთან ათასგვარი თხოვნა და პრეტენზია აქვთ. ერთხელ კულტურის სამსახურში მივიდა სიმპათიური, ინტელიგენტი ქალი და ხელმძღვანელს ეკითხება, ლექსებს თუ დამიბეჭდავთო? თქვენი კრებული მოგვიტანეთ, გავეცნობით და ვეცდებით, დავბეჭდოთო, უპასუხეს. ჯერ არაფერი დამიწერია, მაგრამ თუ დამიბეჭდავთ, აუცილებლად დავწერო, წამოიძახა უცნაურმა პოეტმა...
მერიაში სასულიერო პირებიც მიდიან სხვადასხვა თხოვნით. რამდენიმე წლის წინ მერთან მივიდა ერთი მღვდელი, რომელსაც კოპიტნარის დასახლებასთან, აეროპორტის ახლოს, 200 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის აღება სურდა. თუ ამ ნაკვეთს ეკლესიას გადასცემთ, იქ ნამდვილ სამოთხეს გავაშენებთო, ამტკიცებდა. კარგა ხანს უსმინა მერმა სასულიერო პირს, ბოლოს ვეღარ მოითმინა და უთხრა, მამაო, 200 ათასი ჰექტარი მთელი სამოთხე არ ყოფილა და თქვენ რას აკეთებთ ასეთს, ლამის ნახევარ ქალაქს რომ მთხოვთო.
ძალიან მომწონს ნამდვილი ამბავი, რომელიც ჩემს ნაცნობ ოპერატორს შეემთხვა: მას ერთმა თანამდებობის პირმა ფოტოების გადაღება სთხოვა - ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქის მერიას ფოტომასალა და ინტერვიუ უნდა გადავუგზავნო, ისეთ ადგილას გადამიღე, ქუთაისი კარგად რომ შეიგრძნონო.
ოპერატორმა შესთავაზა, ინტერვიუ ბაგრატის ტაძართან ჩავწეროთ და იქვე გადაგიღებთო. არა, ბაგრატის ტაძარი წინა მთავრობის დროს გაარემონტეს და არ გამოგვადგებაო. მაშინ ქალაქის ცენტრში, ლამაზ ფონზე, შადრევანთან გადაგიღებთო. არა, შადრევანიც არ გამოდგება, მიშას დროსაა დადგმულიო. ისტორიულ უბანში გადავიღოთო... არა, ეგ უბანიც "ნაცების" დროს გაკეთდა და მანდ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავდგებიო. თქვენც გაგეკეთებინათ რაღაც და ახლა ფოტოს გადასაღები ადგილის პოვნა აღარ გაგიჭირდებოდათო, უპასუხა გაგულისებულმა ოპერატორმა.
P.S. ამ ინტერვიუს ბოლოს კი გეტყვით: ყველა ეს ანეკდოტი თუ სახუმარო ამბავი ძალიან კარგად ასახავს ქუთათურების ბუნებას და იმ ქალაქის კოლორიტს, სადაც ვცხოვრობ და რომელიც მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ქალაქი მგონია.
ხათუნა ჩიგოგიძე