აგვისტოს ომის გაკვეთილები,ანუ 8 აგვისტოდან 24 თებერვლამდე - კვირის პალიტრა

აგვისტოს ომის გაკვეთილები,ანუ 8 აგვისტოდან 24 თებერვლამდე

აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. რუსეთის თავდასხმას საქართველოზე შეეწირა 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი. 150 ათასი კაცი დევნილად იქცა. დამატებით ოკუპაციაში მოექცა 110 დასახლებული პუნქტი ანუ ოკუპანტებმა და მათმა დამქაშებმა 110 ქართული სოფელი გაასწორეს მიწასთან.

ამ 15 წლის განმავლობაში, ყოველ აგვისტოს, თავიდან ვიწყებთ მსჯელობას ომის პერიპეტიებზე, ვდაობთ და ვკამათობთ იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა დაპირისპირების თავიდან აცილება, წავაგეთ თუ მოვიგეთ, ვინ ვის აბრალებს ომის დაწყებას და ა.შ. აგვისტოს ომი საქართველოში ხშირად იქცევა ხოლმე პოლიტიკური შიდა და ურთიერთდაპირისპირების მიზეზად და არც დრო გვაქვს და და არც სურვილი, რომ მთავარ კითხვებზე პასუხი გავცეთ.

მთავარი კითხვები არ შეცვლილა: შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება? შეიძლებოდა თუ არა საბრძოლო მოქმედებების სხვა სცენარით განვითარება? რა შეცდომები დაუშვა დასავლეთმა?

შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება?!

დღევანდელი გადასახედიდან ამ კითხვას შესაძლოა სხვაგვარი პასუხი გავცეთ. კერძოდ, 2008 წლის აგვისტოსაც რუსეთის ხელისუფლების სათავეში იყო პუტინი. პუტინი, რომლის მთავარი მიზანი იყო და არის მოდერნიზებული საბჭოთა კავშირის აღდგენა. ალბათ, გახსოვთ, 2021 წლის დეკემბერში, უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი თვით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნატოს ე.წ. ულტიმატუმი წაუყენა, რომელშიც შავით თეთრზე წერია - ალიანსმა მოსკოვს უნდა მისცეს გარანტიები, რომ უკრაინა და საქართველო არ გაწევრდებიან ნატოში.

შესაბამისად, პუტინი საქართველოსაც, უკრაინასაც, ყაზახეთსაც და კიდევ სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებსაც მიიჩნევდა და მიიჩნევს რუსეთის გავლენის სფეროებად. ნატო პუტინისთვის კატასტროფაა და შეუძლია სისხლის მდინარეები დააყენოს, ათეულობით ათასი ადამიანი დახოცოს, რომ საბოლოოდ არ ჩაეშალოს რაღაც ჰიბრიდული იმპერიის აღდგენის ოცნება. რუსეთის ყველა სამეზობლოში, მათ შორის საქართველოშიც, არიან „ჭკუის კოლოფები", რომლებიც ამტკიცებენ, რომ, მაგალითად, რუსეთის მოკავშირეები ვყოფილიყავით ან ნატოზე უარი გვეთქვა, თითქოსდა ოკუპაცია აგვცდებოდა და ტერიტორიულ მთლიანობასაც აღვადგენდით. სხვათა შორის, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ - სააკაშვილი პუტინს სთავაზობდა განსაკუთრებულ ურთიერთობებს, ლამის ნახევარ აფხაზეთს უთმობდა და მზად იყო ნატოზეც უარი ეთქვა, მაგრამ მიიღო ცინიკური პასუხი: "ჩვენ არ ვვაჭრობთ თქვენი სუვერენიტეტითო".

ვინ ვის ენდობოდა თუ არ ენდობოდა, ეს სხვა თემაა. თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - მოკავშირეებისადმი თუ პარტნიორებისადმი აშშ-სა და რუსეთს რადიკალურად განსხვავებული მიდგომები აქვთ. კერძოდ, აშშ ცდილობს მისი მოკავშირეები იყვნენ ძლიერები და ეხმარება ყველანაირად, იქნება ეს ფინანსური სახსრები თუ სამხედრო ტექნოლოგია. აგერ დიდი ჩინეთი პატარა ტაივანს (ნახევარმილიარდიანი ჩინეთის ფონზე 23-მილიონიან ტაივანს კი შეიძლება ეწოდოს პატარა) დიდი ხანია გადაყლაპავდა, აშშ რომ არა.

omi2-1691332066.jpg

რუსეთს სხვა ტაქტიკა აქვს - რაც არ უნდა მისი ერთგული მოკავშირე იყოს ესა თუ ის ქვეყანა, მოსკოვი, პირველ რიგში,­ თავისი პარტნიორების დასუსტება-დაუძლურებას ცდილობს, რათა მის იქით გზა არ ჰქონდეთ. ყველაზე ერთგულები კი შეუძლია ისე გაწიროს, როგორც არაფერი. თუ არ გჯერათ, აგერ ვკითხოთ სომხებს, რომლებიც ბოლო 32 წლის განმავლობაში მოსკოვის ფორპოსტი იყო სამხრეთ კავკასიაში, თუმცა რუსებმა თხებივით გაყიდეს ისინი ყარაბაღის ბოლო ომში. თუმცა რად გვინდა სომხების მაგალითი, როდესაც საქართველოში 90-იან წლებში არც ნატოზე ოცნებობდა ვინმე და არც ევროკავშირზე, პოლიტიკური თუ ეკონომიკური კავშირებით რუსულ სხეულზეც საკმაოდ მყარად ვიყავით მიბმული, თუმცა სამოქალაქო ომიც მოგვიწყო რუსეთმა, სამაჩაბლოს პირველი კონფლიქტიც და აფხაზეთის ომიც და თვითონ ჩადგა ე.წ. მშვიდობისმყოფლად.

შესაბამისად, დღევანდელი გადმოსახედიდან, რაც უფრო მეტ ნაბიჯს გადადგამდა­ საქართველო დასავლეთისკენ, მით მეტად გაიზრდებოდა რუსეთის სამხედრო აგრესიის საფრთხე. რუსეთი მომენტს ელოდებოდა და 2008 წლის აგვისტოში დრო იხელთა (არ გამოუვიდოდა 2008 წლის აგვისტოში, 2009 წელს მოაწყობდა პროვოკაციებს და ა.შ.). სამწუხაროდ, მაშინდელ ხელისუფლებას არ სჯეროდა ამ ომის ალბათობის. რა თქმა უნდა, ამაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანეს რუსულმა სპეცსამსახურებმა, რომლებიც აწვეთებდნენ ქართველ მაღალჩინოსნებს, თითქოს რუსეთს ცხინვალი არ აინტერესებს, მხოლოდ აფხაზეთის აინტერესებს და ა.შ. ასე რომ, რუსეთის სამხედრო აგრესია დაპროგრამებული იყო, საკითხავი ის იყო, როდის მოხდებოდა და რა მასშტაბების იქნებოდა. სამწუხაროდ, პუტინმა მოახერხა და წინა ხელისუფლებას ბოლომდე შეაყოფინა თავი რუსულ ხაფანგში.

შეიძლებოდა თუ არა საბრძოლო მოქმედებების სხვა სცენარით განვითარება?!

წარსული მოვლენების მოდელირება უმადური საქმეა და "ასე რომ ყოფილიყო და ისე რომ ყოფილიყოს" პრინციპით მსჯელობა არასერიოზულია. ჩვენ მხოლოდ ვისაუბრებთ ფაქტებზე. მაგალითად, იმაზე, თუ რატომ შეიცვალა სამხედრო მოქმედებების თავდაპირველი გეგმა.

გეგმის შეცვლას რამდენიმე წყარო ადასტურებს, მათ შორის ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნებიც. ზოგიერთი მათგანი პირდაპირ ინტერვიუებში ჰყვება ომის დაწყებიდან რამდენიმე საათით ადრე, მაშინდელი თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილის კაბინეტში. კერძოდ, ზემოხსენებული პირები ამტკიცებენ, რომ თავდაპირველად, სამხედროებს ჰქონდათ კარგად ჩამოყალიბებული და დამუშავებული გეგმა. ამ გეგმის მიხედვით, მთავარი დარტყმისა და შეტევის ობიექტი უნდა ყოფილიყო როკის გვირაბი, საიდანაც უწყვეტ ნაკადად შემოედინებოდნენ რუსები. თუმცა სამოქალაქო პირების ჩარევით, გეგმა შეიცვალა და პრიორიტეტი გახდა ცხინვალი.

ლოგიკურად, თუ წარმატებით მოხდებოდა როკის გვირაბის ჩაკეტვა, რუსები ასე სწრაფად ვერ შემოვიდოდნენ და ამას შესაძლოა საბრძოლო მოქმედებების სცენარზე გავლენა მოეხდინა. კიდევ ერთი ფაქტი - ომის დროს სამოქალაქო პირები აქტიურად ერეოდნენ ჯარის მართვაში და ბრძანებებსაც გასცემდნენ. მეტს აღარ გავაგრძელებთ...

2013-2014 წლებში თავდაცვის სამინისტრომ (მაშინ მინისტრი ირაკლი ალასანია იყო), დეტალურად შეისწავლა აგვისტოს ომის პერიპეტიები. მასალას გრიფი "საიდუმლო" დაედო. ალბათ, ოდესღაც გრიფი მოეხსნება ამ საქმეს და სრულ სიმართლეს შევიტყობთ.

რა შეცდომები დაუშვა დასავლეთმა?!

რომ არა ჩვენი დასავლელი პარტნიორები, აგვისტოს ომი საქართველოს წელში გატეხდა. რაც შეეხება შეცდომებს - გეოპოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია პოტენციური მოწინააღმდეგის ნაბიჯების გათვლა და პრევენციული ღონისძიებების გატარება. ზოგჯერ ეს პრევენციული ღონისძიება იმ მომენტში შესაძლოა სახიფათოდ და რადიკალურად გეჩვენებოდეს, მაგრამ შემდეგ ამან დიდი კატასტროფები აგაცილოს თავიდან. მნიშვნელოვანია პოტენციური მოწინააღმდეგისთვის დასწრებაზე თამაში. ვგულისხმობთ იმას, რომ დასავლეთს დაჩქარებული ტემპით რომ აეყვანა საქართველო თავისი უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ (როგორც 2000-იანი წლების დასაწყისში ბალტიისპირეთი), შესაძლოა აგვისტოს ომი არ ყოფილიყო. მეტიც, არ იქნებოდა უკრაინის ომი.

სამწუხაროდ, დასავლეთი აგვისტოს ომმაც კი ვერ გამოაფხიზლა. რაღაც უკუპროცესი წავიდა - პუტინის დამშვიდების პოლიტიკას დაადგნენ. არადა, თავის დროზე რა მოიტანა ჰიტლერის დამშვიდების პოლიტიკამ, ყველამ კარგად იცის.

დიახ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთს ხახვივით შერჩა. მეტიც, დასავლეთში იმის ნაცვლად, რომ პუტინისთვის ხელები დაემოკლებინათ, რათა სხვა ქვეყნები მაინც ყოფილიყვნენ დაცული აგრესიისგან, მასთან გადატვირთვის პოლიტიკა დაიწყეს. შესაბამისად, სულ რაღაც 6 წელიწადში პუტინი ყირიმს მიადგა... და ყირიმიც შერჩა! კი ბატონო, მას ყირიმის გამო სანქციები დაუწესეს. თუმცა ვერანაირი ზარალი რუსეთმა ვერ განიცადა და პუტინი სასურველი სტუმარი იყო ყველგან. გაზრდილ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ტრილიონდოლარიან ნავთობკონტრაქტებზე აღარაფერს ვიტყვით. შესაბამისად, დადგა 2022 წლის 24 თებერვალი (აქვე უნდა ვთქვათ - რომ არა დასავლეთის ფინანსური და სამხედრო დახმარება, უკრაინას ძალიან გაუჭირდებოდა ბრძოლა). პუტინის (რომელიც აგვისტოს ომისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ მაინც იჯდა დიდ სამიტებზე საპატიო ადგილას და დღეს ჰააგის სასამართლო ეძებს)­ დამშვიდების პოლიტიკამ აი, რა მოიტანა - მსოფლიო წესრიგი დაინგრა, კაცობრიობის მომავალი ბუნდოვანია, რადგან ბირთვული ომის დაწყების საფრთხე ისეთი რეალურია, როგორც არასოდეს. ყველა აგრესიულმა სახელმწიფომ წამოყო თავი და დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორ ისარგებლოს მსოფლიო წესრიგისა და უსაფრთხოების სისტემების რღვევით.

არადა, ყველაფრის ამის თავიდან აცილება 15 წლის წინ, 8 აგვისტოსვე შეიძლებოდა. რომ არ ყოფილიყო 8 აგვისტო, არც 24 თებერვალი იქნებოდა.

გიორგი კვიტაშვილი