რა ინტერესები აქვს ჩინეთს საქართველოში?!
ჩინეთში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს საქართველო-ჩინეთს შორის "სტრატეგიული პარტნიორობის" მემორანდუმი გაფორმდა. ექსპერტების ნაწილი ელოდა, რომ ეს ურთიერთობა უფრო ეკონომიკური დეტალების მომცველი იქნებოდა, თუმცა გამოქვეყნებული დოკუმენტი თავისი შინაარსით მიანიშნებს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში პოლიტიკური კომპონენტი აქტიურად შემოდის. ჩინეთ-საქართველოს შორის გაფორმებულ მემორანდუმს უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ანდრო გოცირიძე აფასებს:
- ჩინეთი ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო აქტორი და ჩვენი სავაჭრო პარტნიორია. ამიტომ, ცხადია, მასთან ურთიერთობა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია. საქართველოს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქამდეც ჰქონდა გაფორმებული და ამ ურთიერთობის გაღრმავება, რა თქმა უნდა, დადებითი მოვლენაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩინური პროდუქცია რუსეთის გავლით ვეღარ ხვდება დასავლეთის ქვეყნებში. მეორე მხრივ, კითხვა გააჩინა "სტრატეგიულმა პარტნიორობამ", რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ამერიკასა და ჩინეთს შორის კონკურენციაა, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო გვცოდნოდა, რას გულისხმობს ჩინეთი სტრატეგიულ პარტნიორობაში. ჩინეთისათვის ეს არ ნიშნავს სამხედრო ბლოკს ან უსაფრთხოების საკითხებში დახმარებას. ასეთი პარტნიორობა ჩინეთს ძალიან ბევრ ქვეყანასთან აქვს და სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში ამაში ცუდი არაფერია. მას შემდეგ, რაც კომუნიკე გამოქვეყნდა, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის აშკარად ჩინელი დიპლომატების მომზადებულია და მასში საქართველოს პრობლემატიკა ან არა აქვს ფართოდ გაშუქებული, ან უბრალოდ, სახელმწიფომ ვერ დაიცვა საკუთარი ინტერესები. მაგალითად, როცა საუბარია ერთიანი ჩინეთის ცალსახა აღიარებაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბარი ძალიან გაკვრითაა. ჩინეთი არ გამოირჩევა რუსეთისადმი ხისტი პოლიტიკით, მათ შორის არაღიარების პოლიტიკითაც. ის ხშირად თავს იკავებს ოკუპაციის დამგმობ და ლტოლვილების დაბრუნების რეზოლუციებზე საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამიტომ კარგი იქნებოდა, თუ კომუნიკეში ჩვენი მხრიდანაც შევიდოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ განცხადება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რა იგულისხმება, რომ საქართველო გაითვალისწინებს ჩინეთის მოდერნიზაციის გამოცდილებას და ჩინური მმართველობის სისტემას ხედავს როგორც ახალ გზას მსოფლიოში. ჩინეთი არის ერთპარტიული, ავტოკრატიული სახელმწიფო, საქართველოს კი დეკლარირებული აქვს ევროპული დემოკრატიის გზა, ამიტომ ეს ორი რამ ერთმანეთთან რამდენადაა თავსებადი?..
- როგორ ფიქრობთ, ეს საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხი შეთანხმებული იქნებოდა დასავლეთთან? ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს პარტნიორებთან მსგავსი საკითხების შეთანხმებას?
- არ ვფიქრობ, რომ ეს დიდი მნიშვნელობის ხელშეკრულებაა. უბრალოდ, ტერმინი "სტრატეგიული პარტნიორობა" გვაბნევს. ვფიქრობ, ეს ჩინური ინიციატივაა, რადგან ბოლო პერიოდში ჩინეთი, განსაკუთრებით რუსეთის დასუსტების ფონზე, ცდილობს გამოვიდეს ზესახელმწიფოს, მსხვილი მსოფლიო აქტორის როლში და ჩაერთოს მსოფლიო პროცესებში. მაგალითად, ირანსა და არაბულ სამყაროს შორის მოდერატორობას ცდილობს, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებაც გამოვიდა წინადადებით. მართალია, არ იყო მაინცდამაინც საღ აზრთან ახლოს, არაფერს ცვლიდა უკრაინის სასარგებლოდ, მაგრამ ჩინეთისთვის ეს იყო ინიციატივა ახალი მსოფლიო წესრიგის კონტექსტში. ვფიქრობ, რამდენიმე სახელმწიფოსთან ამგვარი ხელშეკრულების გაფორმება ჩინეთისთვის საერთაშორისო სტატუსის დაფიქსირებას უფრო ემსახურება.
- რა ტიპის საფრთხეებს მოიცავს ეს ინიციატივა. საბოლოოდ, მიზანი ის ხომ არაა, რომ სამხრეთ კავკასიაში ჩინეთი და რუსეთი მომძლავრდეს, დასავლეთი კი განიდევნოს?
- არა მგონია, ჩინეთი ამხელა მნიშვნელობას ანიჭებდეს საქართველოს და რუსეთთან ერთად რაღაც თამაშებში იყოს ჩართული საქართველოს გასანეიტრალებლად. ეს საქართველოს მნიშვნელობის გაზვიადება იქნებოდა. საქართველოსთან დღევანდელი ურთიერთობით ამას რუსეთი ისედაც ახერხებს. აქ საფრთხის შემცველი უფრო შეიძლება იყოს ის, რომ ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერების ფონზე (როდესაც კომუნიკეში საუბარია იმაზე, რომ ერთმანეთის ეკონომიკის განვითარებაში ჩინეთი წვლილს შეიტანს და საკუთარ სახსრებს შემოიტანს), შეიძლება ჩინურ კომპანიებს შემოჰყვეს იაფფასიანი ჩინური მუშახელი, რომელიც კონკურენციას გაუწევს საქართველოში ისედაც გაპრობლემებულ მუშახელს - მოგეხსენებათ, საქართველოდან ძალიან ბევრი მიდის სამუშაოდ ევროპა-ამერიკის ბაზრებზე; პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭება მაგალითად, ტაივანის საკითხის გამო, იმიტომ, რომ ერთიანი ჩინეთის აღქმიდან გამომდინარე, ის ტაივანს ჩინეთის ნაწილად თვლის... ამიტომ აქ შეიძლება გარკვეული აცდენა ჰქონდეს ამერიკის პოზიციასთან. ამ მხრივ საქართველოს პოზიციის სწორი ფორმულირება შესაძლებელია, თუმცა ამას პარტნიორებთან კონსულტაციები უნდა ახლდეს თან და არა კონფრონტაციული რიტორიკა. კიდევ ერთი, რაც შეერთებულ შტატებთან პარტნიორობასთან შესაძლოა არ იყოს თავსებადი, არის ჩინეთთან ტექნოლოგიების საკითხში თანამშრომლობა, განსაკუთრებით 5G -ის დანერგვასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ვინაიდან ამერიკასა და ჩინეთს სერიოზული კონკურენცია აქვთ - ამერიკა ეწინააღმდეგება ამ ტექნოლოგიის დანერგვას დასავლეთში, რადგან ეს უსაფრთხოების რისკებთანაა დაკავშირებული. საფრთხედ შეიძლება ისიც განვიხილოთ, რომ ჩინეთი რეალურად (და არის ამის მაგალითები) გაცემულ კრედიტს, ინვესტიციებს პოლიტიკური წინა პირობების წამოსაყენებლად, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს. შემდეგ ამ ჩინურ ინვესტიციებს შეიძლება მოჰყვეს ერთიანად სახელმწიფოს დაკაბალება. აფრიკაში, აზიასა თუ ბალკანეთში ამის არაერთი მაგალითი არსებობს.
- საქართველოს ჩანაწერი დოკუმენტში "ჩინეთის უსაფრთხოების დოქტრინას გავიზიარებთ", ეწინააღმდეგებაY თუ არა ამერიკა-ნატო-დასავლეთს და რა რეაქცია მოჰყვება ამას?
- თვითონ დოკუმენტი და კომუნიკე განსაკუთრებულს არაფერს შეიცავს და რჩება შთაბეჭდილება, რომ უფრო კარგად იმუშავა ჩინეთის, ვიდრე ქართულმა მხარემ. საინტერესოა, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ხელისუფლებას - შესაძლოა საქართველოს ხელისუფლება პარტნიორებს ეძებს იმგვარ ქვეყნებში, რომლებიც არ ზღუდავენ ავტოკრატიას, პარტიის მუდმივად ყოფნას ხელისუფლებაში. მათ მოსწონთ ეს მოდელი და, შესაბამისად, ამგვარ სახელმწიფოშიც კი განუსაზღვრელ ინვესტიციებს დებენ. ამ დროს ევროკავშირი, დასავლეთი გთხოვს მოდერნიზაციას, რეფორმებს, დემოკრატიის კონსოლიდაციას და ა.შ. რა თქმა უნდა, ევროპასა და აშშ-თან ინტეგრაცია ყველას ურჩევნია, ჯერ მარტო იმიტომ, რომ კულტურულად უფრო ახლოსაა ჩვენთან, მაგრამ ხელისუფლება ამგვარად ფიქრობს: თუ მე ამის გამო ხელისუფლებიდან წასვლა და ძალაუფლების დათმობა მომიწევს, მაშინ მირჩევნია ვიყო ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც ამას არ მომთხოვენ. ან თქვენ მიმიღებთ ისეთს, როგორიც ვარ, ან არადა ამისთვის ის ქვეყნები არსებობენ, რომლებიც მიმიღებენ. მე თქვენთვის მაინც საჭირო ვიქნებიო. ამან შეიძლება ამერიკელების გააქტიურებაც გამოიწვიოს, მაგრამ ჩვენს პოლიტიკურ ისტებლიშმენტს არ ესმის ერთი რამ, რომ დემოკრატია დასავლეთის მოთხოვნა კი არ არის, ეს ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოს სჭირდება, რათა ინვესტიციები იყოს დაცული. მეორეც, თავსებადი იყო დასავლურ სტრუქტურასთან, არის საარსებო გარემო. ისინი დემოკრატიით რამეს კი არ გევაჭრებიან, უბრალოდ, დემოკრატია მათი ცხოვრების წესია. შესაბამისად, აუცილებელია ის რეფორმები, რომელთა შესახებაც პარტნიორებთან ვალდებულება გვაქვს აღებული.
ვფიქრობ, კომუნიკეზე დასავლეთის რეაქცია მწვავე არ იქნება, იმიტომ, რომ ასობით ასეთი დოკუმენტი მუშავდება, გააჩნია, ამას ჩვენი ხელისუფლება როგორ შეასხამს ხორცს. ეს არის ჩარჩო-დოკუმენტი, ვთანხმდებით, რომ ამ სფეროებში ვითანამშრომლებთ. არავინ გაგვაკრიტიკებს, მაგრამ ყურადღებით დააკვირდებიან, რაში გადაიზრდება ეს თანამშრომლობა. თუ იმგვარ ქმედებებში გადაიზარდა, რაც დასავლურ ინტერესებს ეწინააღმდეგება, რეაქცია იქნება. თუ ამ თანამშრომლობამ გამოიწვია ჩინური ინვესტიციით საქართველოს დაკაბალება, ეს არის საქართველოს პრობლემა და ამაზე მწვავე რეაქცია არ იქნება. სახელმწიფო თავად იღებს სუვერენულ გადაწყვეტილებებს. შესაძლოა იყოს რჩევები, გაფრთხილება, მაგრამ საქართველოს საშინაო საქმეებში არავინ ჩაერევა.
- რა პოლიტიკა აქვს ჩინეთს უცხო ქვეყნებში? ხშირად მოჰყავთ მაგალითად სამხრეთი აფრიკა და სხვა ქვეყნები, სადაც მან ეკონომიკური ექსპანსიური პოლიტიკით ხელში ჩაიგდო მათი ინფრასტრუქტურა...
- მათი პოლიტიკა მარტივია - ჩინეთი ყოველგვარი წინა პირობის გარეშე გაძლევს უზარმაზარ ინვესტიციებს, რისთვისაც შემდგომ გთხოვს პოლიტიკურ ლოიალურობას და პირდაპირ ყიდულობს აბსოლუტურად ყველაფერს, ანუ გირაოში მიაქვს მთელი სახელმწიფო. მის აღურიცხავ კაპიტალს მოჰყვება პოლიტიკური წინა პირობები, კაბალური, დაურეგულირებელი შრომითი ურთიერთობები, რისკები შრომის უსაფრთხოებაში, კორუფციული ინტერესები და სხვა. დასავლური ინვესტიცია კი შემოდის შესწავლით, რამდენად გადახდისუნარიანი ხარ, როგორ აისახება ის ეკონომიკურ, პოლიტიკურ უსაფრთხოებაზე და ა.შ. დასავლურ ინვესტიციას არ მოჰყვება პოლიტიკური წინა პირობები. ერთადერთი წინა პირობაა თავისუფალი სასამართლო და "კარგი მმართველობა", რათა დაიცვან საკუთარი ინვესტორი, მას ჰქონდეს საკუთარი უფლებების დაცვის საშუალება. არავინ არაფერს დაგვიშლის, არ არის დასავლური სტილი, რომ ჩინეთთან ურთიერთობა დაგვიშალონ, ჩინეთთან თანამშრომლობენ ევროპის კავშირის ქვეყნებიც და აშშ-ც, რომელსაც მასთან გაფორმებული აქვს ათობით ხელშეკრულება, თუნდაც კიბერუსაფრთხოების სფეროში. ბუნებრივია, საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობაც არ არის არაკონსტიტუციური მხოლოდ იმის გამო, რომ კონსტიტუციაში გვაქვს ჩანაწერი დასავლურ ინტეგრაციაზე. ნებისმიერ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობას თანამედროვე მსოფლიოში ახლავს უსაფრთხოების კონტექსტი და თუ პარტნიორობა ამ ყველაფრის გათვალისწინებით ხდება, ის მხოლოდ პოზიტიური მოვლენაა.
- "გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის მხარდაჭერა" როგორ ითარგმნება?
- ნებისმიერი ჩინური პროექტი, რომელსაც ოფიციალური პეკინის ხედვით, გლობალური მნიშვნელობა აქვს, მიმართულია ნატოსა და ევროკავშირის გავლენის შემცირებისკენ. ეს არის ჩინური პროექტების სპეციფიკა. მიუხედავად ამისა, შესაძლოა საქართველოს ამ პროექტებისგან ჰქონდეს ეკონომიკური სარგებელი. კარგი მმართველობის, პარტნიორებთან კონსულტაციების შემთხვევაში შეიძლება ამგვარ პროექტებში მონაწილეობა. ყველაზე მნიშვნელოვანია შემდგომი ნაბიჯები, სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობა და ხელშეკრულებები შეიძლება გქონდეს ყაზახეთთანაც, ჩინეთთანაც და ა.შ. ერთადერთი, არ შეიძლება თანამშრომლობა გქონდეს რუსეთთან, რომელიც საქართველოს ოკუპაციას ახდენს. საგარეო პოლიტიკური კურსის მიხედვით, ჩინეთი ჩვენთვის განიხილება მეგობარ ქვეყნად და არანაირი პრობლემა არ არის მასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობისთვის, თუმცა მთავრობას გონივრული პოლიტიკის წარმართვა მართებს, რამდენად არის ეს თანამშრომლობა საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი ქოლგის - დასავლური ინტეგრაციის პროცესების შემაფერხებელი. იგივე ითქმის ეკონომიკურ მდგენელზეც: ამ დოკუმენტზე დაყრდნობით მოზიდულ ინვესტიციებში თუ იქნება გამჭვირვალობა, არ იქნება პოლიტიკური წინა პირობები, კორუფციული გარიგებები, ეს საქართველოს წაადგება, რადგან ინვესტიციები ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა.
- დღეს უმთავრესად რა საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა?
- როგორც ადრე, ახლაც საქართველოსთვის ყველაზე საფრთხის შემცველია რუსეთში მიმდინარე პროცესები, დაწყებული უკრაინასთან ბარბაროსული ომით, დასრულებული თავად რუსეთში მიმდინარე პროცესებით. რუსეთ-უკრაინის ომი გაგრძელდა, შესაბამისად, საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა ეს პერიოდი გამოეყენებინა უსაფრთხოების ქოლგის შესაქმნელად, პარტნიორებთან ალიანსების დასამყარებლად და უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად. ეს პერიოდი შიდაპოლიტიკური მიზნების გამო გაიფლანგა და ახლა საქართველო დასავლეთთან იმდენად კონფრონტაციაში, რაც არ მახსოვს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან - 1991 წლიდან. ამიტომ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრული საქართველოსთვის ორივე მხრივ შეიძლება სახიფათო იყოს. აღარ განვიხილავ რუსეთის გამარჯვებას, რადგან ვიცით, რომ საქართველოს ძალიან მძიმე ხვედრი ელოდება - რუსეთის გამარჯვება, ფაქტობრივად, იქნება დასავლური სამყაროს აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოების შეჩერება. რუსეთმა ომი თუ დაასრულა რუსეთ-უკრაინის 1991 წლის საზღვრებში, მაშინ ეს მისთვის ბიძგი იქნება უფრო აქტიურად იმუშაოს საქართველოს "მისაერთებლად", მით უმეტეს, როცა აქ ამისთვის საჭირო ეკონომიკური ბერკეტები უკვე აქვს. ამ გამოწვევას საქართველო შეხვდება პარტნიორებთან კონფრონტაციული რიტორიკის ფონზე, განსაკუთრებით უკრაინასთან გვაქვს გართულებული ურთიერთობა. ამას ერთადერთი მიზეზი აქვს: მმართველ პარტიას მუდმივად ან დიდი ხნით სურს ხელისუფლებაში ყოფნა, რაც არათავსებადია დასავლეთთან და იწვევს მასთან კონფრონტაციას. ამით კარგად სარგებლობს რუსული დაზვერვა, რომელსაც, როგორც ჩანს, მასშტაბურად აქვს მეტასტაზები გადგმული ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და უფრო და უფრო აღრმავებს ძირგამომთხრელ საქმიანობას დასავლეთთან. შესაბამისად, საქართველოსა და პარტნიორებს შორის ახლა საუბარი იმაზე კი არ მიმდინარეობს, როგორ გადარჩეს ომს საქართველო, არამედ იმაზე, თუ რა ცუდია დასავლეთი, როგორ გვართმევენ სუვერენიტეტს და როგორ იცავს საქართველო მას დასავლური სამყაროსგან. ეს არის სწორედ რუსული ეფ-ეს-ბეს სახელმძღვანელო და სამწუხაროა, რომ ამ მესიჯბოქსით მსოფლიოში მხოლოდ რუსული ელიტა და ქართული მმართველი პარტია საუბრობენ. ეს გარემო წარმოშობს ყველაზე მეტ საფრთხეს საქართველოსთვის.
ნანა ფიცხელაური