„მთავარია, რუსეთის ეკონომიკაზე არ ვიყოთ ჩამოკონწიალებული“
საქართველოში 2022-23 წლებში რეგისტრირებული რუსული კომპანიებიდან მხოლოდ 1700-მდე კომპანიის საქმიანობის სფეროა ცნობილი. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, 1700-მდე რუსული კომპანია შემდეგ სფეროებში საქმიანობენ: 82% - საინფორმაციო ტექნოლოგიები, 5.3% - სხვადასხვა მომსახურება, 4.9% - დიზაინერული და სარეკლამო საქმიანობა, 4.4% - განათლება, ხელოვნება და გართობა, 3.3% - ვაჭრობა და წარმოება. ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა სულ 21 326 კომპანია დააფუძნეს, რაც გასული წლების მონაცემებს 3-ჯერ აღემატება.
ცოტა ხნის წინ პრემიერი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს, სი ძინ პინს შეხვდა... მმართველი გუნდი რუსეთის ალტერნატიულ ბაზრად ჩინეთს გვთავაზობს...
რა ტიპის ეკონომიკური და პოლიტიკური საფრთხეების წინაშე ვდგავართ, ვინ როგორ პოზიციონირებს არსებულ მოცემულობაში და პროცესების როგორი განვითარებაა მოსალოდნელი, ამის შესახებ საერთაშორისო საკითხების ექსპერტი, რუსეთის სპეციალისტი გიორგი გობრონიძე გვესაუბრება.
- ასეთი დიდი რაოდენობით რუსული კომპანიების საქართველოში დარეგისტრირება ნამდვილად არის ეკონომიკური ექსპანსიის საფუძველი, მაგრამ მე არ ვიცი, რუსეთს ეს საკითხი სახელმწიფო დონეზე აქვს თუ არა აყვანილი. ერთი რამ კი ცხადია, მოსკოვი საკუთარი მოქალაქეების საქართველოში გამომგზავრებას და მათ მიერ ბიზნესების დარეგისტრირებას ხელს არ უშლის. მეტიც, ხელსაც უწყობს. ამაზე მეტყველებს ავიამიმოსვლის აღდგენა, უვიზო რეჟიმის შემოღება და ა.შ. ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ არა გვაქვს შემუშავებული რუსეთთან ურთიერთობის რაიმე სახის პოლიტიკა. დიდი ხნის წინ უნდა მიგვეღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებდა. თუმცა საქმის ნაცვლად ურთიერთბრალდებები გვესმის. შევარდნაძის ხელისუფლებას თავი დავანებოთ, იმაზე ლაპარაკი აღარც ღირს, რომ "ნაცმოძრაობის" დროსაც ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც სტრატეგიული ობიექტები, ენერგეტიკული თუ სატრანსპორტო, პირდაპირ გადადიოდა რუსი ინვესტორების ხელში. სააკაშვილმა ომიდან ორი წლის შემდეგ ცალმხრივად დააწესა რუსეთის ფედერაციასთან უვიზო რეჟიმი და დღემდე ასეა. თანამიმდევრულად არაკომპეტენტური პოლიტიკა ჰქონდა და აქვს ორივე ხელისუფლებას რუსეთთან. ნაცვლად იმისა, მთავარი საფრთხის წყაროზე ანუ რუსეთზე დამოკიდებულება შეგვემცირებინა, გავზარდეთ! ოპოზიციის შიში გამართლებულია, მაგრამ ამ უთავბოლო პოლიტიკას საფუძველი წინა ადმინისტრაციის დროს ჩაეყარა. სამწუხარო რეალობაა, რომ ეს პოლიტიკა მეორე ადმინისტრაციის ხელშიც არ შეცვლილა.
ლოგიკურია, რომ რუსული კომპანიების დარეგისტრირების მაჩვენებლები გაიზარდა და კიდევ გაიზრდება, იმიტომ, რომ რუსეთის ძალიან ბევრი მოქალაქე შემოვიდა საქართველოში, თბილისის ცენტრი, პრაქტიკულად, აითვისეს. ამ დროს კი რას ვისმენთ პოპულისტური ჯგუფებისგან? ზღაპრებს თურქულ ექსპანსიაზე, ჰიპოთეზურ საფრთხეებზე და ა.შ. ამასობაში, ნელ-ნელა დამოკიდებული ვხდებით ქვეყანაზე, რომლისთვისაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა მიუღებელია. რუსული ფულის შემოსვლასთან ერთად, ჩვენს ქვეყანაში მკვიდრდება რუსული ბიზნესის კეთების ეთიკა და საზოგადოდ, რუსული ქცევის წესი - ჩვენ რუსეთზე მხოლოდ ეკონომიკურად დამოკიდებული კი არ ვხდებით, რუსული ცხოვრების წესს ვამკვიდრებთ. ყველაზე ცუდი ის არის, ამ პრობლემაზე ოპოზიცია იმიტომ კი არ ლაპარაკობს, რომ მართლა პრობლემად მიაჩნია, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკურ დისკუსიაში უფრო კარგი პოზიცია დაიკავოს. მე ვთავაზობ მათ, ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რა პოლიტიკაა შესამუშავებელი, რათა რუსეთზე კიდევ მეტად დამოკიდებული არ გავხდეთ. ჩვენ შეგვეძლო გაგვეტარებინა ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც საქართველოს გახდიდა მიმზიდველს სხვა ქვეყნის ინვესტორებისთვისაც და არა მარტო რუსებისთვის. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემდა რუსეთთან ერთად სხვა ქვეყნების ბაზრებიც აგვეთვისებინა. მე ხომ არ ვამბობ, რუსული ბაზრისთვის უნდა გამოგვეცხადებინა ბოიკოტი-მეთქი? ეკონომიკის დივერსიფიკაცია ნამდვილად ვერ გააღიზიანებდა რუსეთს.
- მმართველი გუნდი რუსეთის ალტერნატიულ ბაზრად ჩინეთს გვთავაზობს, თუმცა ოპოზიცია განსაკუთრებულად შეაშფოთა ორმა სიტყვამ - "სტრატეგიული პარტნიორობა". მათი აზრით, დოკუმენტში მხოლოდ ჩინეთის ინტერესებია მაქსიმალურად ასახული.
- ჩინეთი ნამდვილად არის საინტერესო ბაზარი, თუმცა ძალიან საფრთხილოც არის. გვინდა თუ არა, ჩინეთი თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ ძლიერ პოლუსად ყალიბდება. მე მაინტერესებს, მაინც რისი ეშინია ოპოზიციას? იმის, რომ ჩინეთი და რუსეთი სანქცირებული ტვირთების გადასაზიდ პლაცდარმად გამოიყენებენ საქართველოს? რატომ რა, აფრიკული პორტები აღარ არის ჩინეთის განკარგულებაში? თუ რუსეთმა შემთხვევით გაგზავნა დაქირავებული მებრძოლები აფრიკის სხვადასხვა სახელმწიფოში?! ალტერნატიულ გზებზე უარი არ უნდა ვთქვათ. თუმცა არც იმის თქმა შეიძლება, რომ ჩინეთი იქნება ალტერნატიული ბაზარი და მორჩა. ჩვენ უნდა გვქონდეს კონცეფცია, როგორი იქნება ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობა, სტრატეგიული თანამშრომლობა და ა.შ.
- ზოგიერთის აზრით, სწორედ ჩინეთს შეუძლია ქართულ ეკონომიკაზე რუსეთის გავლენის დაბალანსება.
- ჩვენი ეკონომიკისთვის ნებისმიერი ქვეყანა დამაბალანსებელია, ჩინეთი იქნება თუ მალაიზია. მთავარია, რუსეთის ეკონომიკაზე არ ვიყოთ ჩამოკონწიალებული. რა თქმა უნდა, დასავლური ბაზარი საუკეთესო გამოსავალია, მაგრამ თქვენ იცით, ჩვენს ბიზნესს არ შეუძლია მოერგოს დასავლურ რეგულაციებს. ჩვენ არა გვაქვს მაღალტექნოლოგიური წარმოება, რომელიც მაღალი ხარისხის ბაზრების დასაკმაყოფილებლად აუცილებელი წინა პირობაა. ჩვენ არა ვართ კონკურენტუნარიანი დასავლური ბაზრისთვის და თუ ისევ გავაგრძელებთ მითოლოგიებით პოზიციონირებას, კიდევ უფრო უარეს დღეში ჩავცვივდებით. არც ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკა გვაქვს, არც ნაციონალური უსაფრთხოების და არც სამეზობლო - საერთოდ არა გვაქვს პოლიტიკური კულტურა. არაადეკვატურად აღვიქვამთ პრობლემებსა და საფრთხეებს. ნახეთ, რა თემები პრევალირებს: ვიღაცას ჩვენი გარყვნა უნდაო და ა.შ. პრობლემად ის მიგვაჩნია, რომ რომელიღაც მშობელმა ჰეფიმილში ელტონ ჯონზე რაღაც მოთხრობა იპოვა, და საერთოდ არ გვანაღვლებს, რომ ქვეყნის მთავარი არტერია, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი, გარემონტების შემდეგ გრაფიკით მუშაობს. ე.ი. ზოგიერთი ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსვლას ორი საათი სჭირდება, დასავლეთიდან დედაქალაქში ჩამოსვლას კი ხუთი საათი. ეს ნორმალური მდგომარეობაა?! ამაზე არავინ ლაპარაკობს... ალტერნატივა რომ დავინახო, უნდა ვიცოდე, რას აპირებს ესა თუ ის ოპოზიციური ძალა ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. არაფერში მჭირდება მითოლოგიური ფრაზა: "ეკონომიკა უნდა გაიზარდოს". საიდან, როგორ უნდა უნდა გაიზარდოს? როდესაც მეუბნებიან, რომ რუსეთზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს, მე მაინტერესებს, როგორ აპირებენ ამის გაკეთებას, სავიზო რეჟიმს დააბრუნებენ, არიან ამის გამკეთებლები?!
- ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას აქვს გეგმა და სტრატეგია, თუნდაც სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული, რომელიც მიმოსვლის აკრძალვას კი არ მოითხოვს, ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრების ვადასა და უძრავი ქონების შეძენის წესებს აწესრიგებს სხვაგვარად, არგუმენტებად კი დასავლური ქვეყნების გამოცდილებას ასახელებენ.
- რომელ დასავლეთს, რომელსაც თავისი ბაზარი და ეკონომიკური სივრცე დაცული აქვს რუსეთიდან მომდინარე ყოველგვარი რისკისგან? გერმანიას აქვს იმის ფუფუნება, რომ გაზი რუსეთისგან კი არა, ლიბიისგან იყიდოს. გაზს თავი დავანებოთ, ხვალ რომ რუსეთმა ხორბალი აღარ მოგვცეს, რას ვაპირებთ? ჩვენ რუსეთზე მხოლოდ ტურიზმით კი არა ვართ დამოკიდებულები, პირდაპირ შეიძლება ითქვას, პურს ვჭამთ რუსების ხელიდან. რატომ არავინ ლაპარაკობს ქართულ ხორბალზე? გასაგებია, რომ საქართველოს ფართობი სულ 69,700 კილომეტრია და მთა-გორებიც რომ მოვასწოროთ და ხორბალი დავთესოთ, მაინც არ გვეყოფა, მაგრამ რაც არის, იმას მაინც რატომ არ ვითვისებთ და ალტერნატიულ ბაზრებს რატომ არ ვეძებთ? რატომ არ ვმუშაობთ ხორბლის ერთ-ერთ მსხვილ ექსპორტიორ უკრაინასთან, რომელიც, წესით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი უნდა იყოს? ის მაინც გაგვეკეთებინა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტით მაინც არ ვყოფილიყავით დამოკიდებული მტრულად განწყობილ სახელმწიფოზე. ენერგოგანაწილება ჩამოვხსენით რუსეთს? რესურსის ყიდვაზე არაფერს ვამბობ, გამანაწილებელზე მაქვს საუბარი - ანუ პრობლემა ის კი არ არის, რომ სანქციები არ დავუწესეთ, საქმე ის არის, რომ ვერ დავუწესეთ. კონსპირაციებს არ დავიწყებ და ქვეყნის წინაშე შეთქმულებაში არც სააკაშვილის ადმინისტრაციას დავადანაშაულებ და არც დღევანდელ ხელისუფლებას, მაგრამ ფაქტია, არც ერთი და არც მეორე ადმინისტრაცია სახელმწიფოებრივად არ მოიქცა. დღევანდელი კვერცხი არჩიეს ხვალინდელ ქათამს. არადა, საერთოდ არ არის რთული ისეთი პატარა ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიცირება, როგორიც საქართველოა.
ხათუნა ბახტურიძე