„ვნანობ, რომ ქართველების წინააღმდეგ ვიბრძოდი“
იაკობ პეროვი ერთ-ერთია იმ ასობით რუსი ჯარისკაციდან, ვინც რუსეთის შეიარაღებული ძალები დატოვა და თავშესაფრის თხოვნით ევროპას მიმართა. ვორონეჟელი სამხედრო რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ჯერ კიდევ 2008 წლიდან მსახურობდა და რუსეთ-საქართველოს ომშიც მონაწილეობდა.
- არმია მეთაურობის უნებართვოდ გვიან გაზაფხულზე დავტოვე, გავიქეცი და ცოლსა და ორ შვილთან ერთად ბელარუსში, იქიდან კი პოლონეთში გადავედი. შემდეგ ესპანეთში წავედით, სადაც უკრაინაში რუსული არმიის დანაშაულებრივ ქმედებებზე აღიარებითი ჩვენება მივეცი. დედ-მამა და და რუსეთში დარჩნენ. მამა მშენებლობაზე დაზიანდა და ეტლით გადაადგილდება, ამიტომ მისი გამოყვანა ადვილი არ არის. ვიცი, ჩემს ნებისმიერ სიტყვას ეფ-ეს-ბე გულდასმით აკონტროლებს, რაც არავინ იცის, ჩემს ოჯახზე როგორ აისახება, მაგრამ სხვა გზა არა მაქვს. მივედი იმ კონდიციამდე, რომ უნდა ვილაპარაკო.
- რუსეთ-საქართველოს ომით დავიწყოთ.
- სამხედრო ნაწილი, რომელშიც ვმსახურობდი, 58-ე არმიის შემადგენლობაში შედიოდა. აგვისტოს პირველ რიცხვებში ნაწილში ბრძანება მოვიდა, რომ სატანკო ბატალიონს უნდა გავყოლოდით, რათა ცხინვალში ბაზირებული რუსი სამშვიდობოები, რომლებიც, მათი თქმით, საქართველოს ჯარის თავდასხმის გამო ყაზარმებში იყვნენ შეკეტილი, უნდა დაგვეცვა. მე მეკავშირის მანქანაში ვიჯექი. როკის გვირაბი გავიარეთ, ჩემი მეთაური გზადაგზა ვიღაცებს უკავშირდებოდა, შეტაკებებზე აწვდიდა ცნობებს. ნაწყვეტ-ნაწყვეტ მესმოდა, რომ ქართული ტანკები შეტევაზე იყვნენ გადმოსული. ჩვენი მშვიდობისმყოფელები ჯავშანტრანსპორტიორებში სხედან, მაგრამ მოსკოვიდან საპასუხო ცეცხლის გახსნაზე ბრძანებას ელოდებიანო. ქალაქში შესულები რამდენიმე ნაწილად გაგვყვეს. ჩვენ შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც ჩეჩნეთის ომი გამოიარა. პატარა ქვეყნის კვალობაზე ძალიან მაგრად მუშაობენ, კარგი მომზადებაც ეტყობათო, ამბობდნენ. ცხინვალში დაზიანებული, დაბომბილი, დამტვრეული სამხედრო ტექნიკა ეყარა. ბევრი დაჭრილი და დაღუპული გვყავდა, გამიკვირდა. რაღაც პატარა კონფლიქტი წარმომედგინა, ტანკებით შევისეირნებდით და მორჩებოდა... რამდენჯერმე რაციაში გავიგონე, მობილური ჯგუფებით გვიტევენ, დახმარება გვჭირდებაო. ბიჭები ამბობდნენ, სწრაფად მოქმედებენ, თან დაჭრილები და დაღუპულები გაჰყავთ, თან გვებრძვიან, ძალიან კარგად არიან აღჭურვილიო. რუსული ტექნიკა ნაალაფართან შედარებით სასაცილო იყო - ისედაც ძველი, 15-20 წლის ტანკებსა და ჯავშანტრანსპორტიორებს ჩეჩნეთის ორი ომი ჰქონდათ გამოვლილი.
ჩვენ ასე ვიცოდით, თითქოს ქართველი სამხედროები ცხინვალში სამშვიდოებს ესროდნენ და ისინი უნდა დაგვეცვა. მაშინ ინტერნეტიც არ იყო ასე გავრცელებული. ხელი ინფორმაციაზე არ მიგვიწვდებოდა. სამხედრო და სამოქალაქო პირებს ახლაც კი უპრობლემოდ ატყუებენ, რომ ყველა ჩვენ გვებრძვის, მაშინ მით უფრო... 19 წლის ბიჭი ვიყავი. კრიტიკული აზროვნება არც ვიცოდი, რას ნიშნავდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე დასავლური მედიის მომზადებული ვიდეორგოლები გაზვიადებული მეგონა. რუსული არმიის გასაშავებლად გააკეთეს-მეთქი, ვფიქრობდი, რადგან მსგავსი არაფერი შემხვედრია, ტექნიკის, უნიტაზების გაზიდვის კადრებს ვგულისხმობ, მაგრამ შემდეგ მივხვდი, ჩემი ნაწილის მისვლამდე იქაურობა სხვებმა მოასუფთავეს. ამ ომში მონაწილეობას ძალიან ვნანობ.
მას შემდეგ რუსულ არმიაში არაფერი შეცვლილა. ჯარს იგივე შეიარაღება, ამუნიცია აქვს. მთავრობამ კი 45-მილიონიან უკრაინასთან, რომელსაც მთელი დასავლეთი უმაგრებს ზურგს, მასშტაბური ომი წამოიწყო. მოკლედ, რუსეთში დაბრუნებულს თავი შემძულდა, ყველა საქმეში ხელი მომეცარა, დაცვის სამსახურშიც ვერ ვიმუშავე და ისევ შეიარაღებული ძალების სადესანტო ნაწილში დავბრუნდი კონტრაქტით...
ერთი წლის განმავლობაში უკრაინის ომში ყველაფერი ვნახე. ბიჭები, რომელთან ერთადაც ტალახსა და ყინვაში ხორცისა და თევზის კონსერვს ვიყოფდი, მიყვებოდნენ, რომ ხელებშეკრული ადამიანებისთვის სროლა უბრძანეს. ერთი ამბობდა, ჰოსპიტალში დაჭრილი უკრაინელი სამხედროების გაკონტროლება მიბრძანეს, მათ კი გაქცევა სცადეს. სამს ზურგში ვესროლე და მოვკალი, ორი გამექცა, რის გამოც დამსაჯესო.
- როგორ დასაჯეს?
- დასჯის სხვადასხვა ფორმა არსებობს - ზოგჯერ ფიზიკურად უსწორდებიან, ან ნაწილში შავი სამუშაოს შესრულება... ზოგჯერ ФСИН-ს (სასჯელაღსრულებითი დაწესებულება) და ОМОН-საც გადასცემენ. სამხედროებზე არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში გვაგდებდნენ სამოქალაქო პირები. როდესაც უკრაინის დასახლებულ პუნქტებში შევდიოდით, სანადირო თოფიც კი უსვრიათ. თავიდან გვეგონა, რომ ჩვენს წინააღმდეგ რაღაც კატეგორია იყო, პარტიზანული დაჯგუფება, მოსახლეობა კი ჩვენს მხარეს იყო, მაგრამ რამდენიმე ქალაქი ისე გავიარეთ, ყოველ 10 კილომეტრში ვჩერდებოდით, რომ თავდასხმა მოგვეგერიებინა.
ომი 24 თებერვალს დაიწყო და მარტის ბოლოს უკვე ყველამ ვიცოდით, რომ "კიევის სამ დღეში აღების გეგმა" ჩავარდნილი იყო, უკვე იმით "გვმუხტავდნენ", რომ ნატოს ვებრძოდით და უკან არ უნდა დაგვეხია, რათა მთელი მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა, თუ რა შეუძლია რუსულ არმიას. თუმცა მარტის ბოლოს უკვე უმძიმეს პირობებში ვიყავით, პოზიციებზე საველე კარვებიც კი არ გვქონდა, "კამაზის" ძარაზე გვეძინა.
ერთხელაც ჩვენი კოლონა ხერსონის მისადგომებთან გაჩერდა. შუაღამისას ცა წითლად განათდა და კოლონის ორივე მხარეს, გამაყრუებელი აფეთქებების ხმა გაისმა - რეაქტიული არტილერია ზალპით გვიტევდა. მე და კიდევ რამდენიმე ჯარისკაცი ტომრიანად "ჩამოვხტით" ძარიდან და წამში "კამაზი" ჰაერში აიწია. სასწრაფოდ პოზიციები შევარჩიეთ და საპასუხო ცეცხლისთვის მოვემზადეთ. ერთმა, გვარად კლიმჩევმა, ჩაილაპარაკა, ეს აშკარად არ არის ოპერაცია "ყირიმი ჩვენია", დიდ შარში ვართო. იმ ღამეს 40-ზე მეტი სამხედრო დავკარგეთ, სამი დღის შემდეგ კი კლიმჩევი გაქრა. შემდეგ გავიგეთ, რომ თანამებრძოლების დემორალიზებისთვის დასაჯეს.
ჩემს ნაწილში 190-ზე მეტი სამხედრო მსახურობდა, მაგრამ როდესაც ბრძანება მოვიდა, რომ დნეპრის ხიდის გავლით ხერსონი უნდა აგვეღო, 50-ზე მეტი კაცი გამოგვაკლდა, მაღალი სიცხით, გაჭედილი ფილტვებით საველე ჰოსპიტალში დარჩნენ. ხერსონში მაინც წავედით. ეს არის ჩემი ცხოვრების კოშმარი. იქ ვნახე, რამდენად ცხოველურად შეუძლია ადამიანს მოიქცეს. მე ოცეულთან ერთად ჰოსპიტლის დაცვა მევალებოდა, სადაც ჩვენებთან ერთად უკრაინელებიც ჰყავდათ, დაჭრილები, ტყვეები. ხერსონელი მოსახლეობის წინააღმდეგობას არაერთხელ გადავაწყდი. ახალგაზრდა ქალმა ჩემთვის იარაღის წართმევაც კი მოინდომა...
უკრაინაზე მასშტაბური თავდასხმის შემდეგ გავაცნობიერე, რომ არავითარი "გამათავისუფლებელი სპეცოპერაცია" არ ჩაგვიტარებია, არც საქართველოში, არც ყირიმში, დნრ-სა და ლნრ-ში. ჩვენ, ვინც საკუთარი თვალით ვნახეთ Yჩვენი ხელისუფლების ძალადობა, სადიზმი, ახლობლებს ვუყვებით, რათა სიმართლე გაიგონ. ისინი კი პოლიციაში გვასმენენ, დასავლეთმა მოგისყიდათო, დეზერტირებს გვეძახიან... სამხედრო პირმა დედას უამბო, უკრაინის ომში მოსახლეობას ვაწამებთო. მან კი უთხრა, მამაშენმა ნაცისტურ გერმანიასთან ომში ფეხები დაკარგა, მაგრამ ამით მთელი ცხოვრება ამაყობდაო. საბოლოოდ ის ბიჭი ნორვეგიაში გაიქცა... ხერსონში ვნახე, როგორ ძალადობდნენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, იმ აქტივისტებზე, რომლებიც საპროტესტო აქციებს მართავდნენ, შემდეგ კი კოლაბორაციონისტების დახმარებით ავიყვანეთ. მათ ღამით აწამებდნენ, ქალებზე კი ძალადობდნენ. ერთ ნაწილში უკრაინელი სტუდენტი გოგონა მეთაურსა და მის თანაშემწეს წამებაში შემოაკვდათ. რამდენიმე დღეში მათი მანქანა აფეთქდა, რაშიც ჩვენების ხელი ერია. ანდრეევკაშიც 17 სერჟანტი ჩვენიანებმა ჩახოცეს, იმიტომ, რომ რიგითებს ადამიანებად არ თვლიდნენ...
უკრაინაში რუსული არმიის ნამდვილი სახე დავინახე. მხოლოდ გადარჩენაზე ვფიქრობდით. 24 თებერვლიდან მომავალი წლის მარტის ბოლომდე მხოლოდ ერთხელ მომცეს ახალი ფორმა და ბათინკები. ჩემი მეგობრების უმეტესობამ უკრაინული სამხედრო ფორმები ჩაიცვა. რუსულ ბრეზენტთან შედარებით, ძალიან ხარისხიანი, თბილი, კომფორტული იყო.
ჩვენი მეთაურები ჩვენ დაცვაში გვაყენებდნენ, თავად კი შენობებიდან კომპიუტერული ტექნიკა, ტელევიზორები, მაცივრები, კონდიციონერები, ავეჯი, საკვები, გამოჰქონდათ და სხვა სამხედრო ნაწილებში ყიდდნენ, ნაწილს რუსეთში გზავნიდნენ გასაყიდად ან ოჯახისთვის. თავად ვნახე, ერთ დღეში როგორ გაუშვეს დატვირთული 14 "ურალი". ყველამ იცოდა, რომ მეთაურობა ნაალაფარს რუსეთში გზავნიდა, მაგრამ ვინც ამაზე ლაპარაკობდა, ამბოხში სდებდნენ ბრალს და სხვა ნაწილში გზავნიდნენ. ციხეში გინდაო, დამიყვირა ერთხელ ჩემმა მეთაურმა. მისი ორი ბიჭი გერმანიაში სწავლობს და იქაური მოქალაქეა. ჩემი ოთხი მეგობარი სხვა ნაწილში გაამწესეს, ეს კი ომის დროს ძალიან დიდი წნეხია.
მხოლოდ ერთხელ დავისვენე ათი დღით და მაშინვე დავიწყე უფლებადამცველი ორგანიზაციების ძებნა, რათა იმ ჯოჯოხეთისთვის თავი დამეღწია. დაბრუნებიდან სამ კვირაში კონტუზია მივიღე, ყლაპვა მიჭირდა და ცალ ყურში არ მესმოდა. დარტყმისგან მუცლის ღრუში შიდა სისხლდენა დამეწყო და პოზიციიდან "უაზით" გამოგვიყვანეს, რამდენიმე დაჭრილი გზაში დაიღუპა. ერთი შეხედვით ვერც იფიქრებდით, რომ სამხედროები იყვნენ, ჭუჭყიანი წვერითა და ამუნიციით, ძირგამოხეული ბათინკებით. ტყვიების ზუზუნში, არტილერიის, რაკეტების, დრონების ბათქაბუთქში, მშიერი, უძილო და გაყინული ზიხარ, ორ დღეში ერთ კოლოფ მშრალ საკვებს გადმოგიგდებენ და ამაყი უნდა იყო, რომ "ნატოს ებრძვი, უკრაინელ ხალხს იცავ". ერთ ბიჭს მძიმე ტექნიკის მოტრიალებისას ნასვამმა მძღოლმა ფეხებზე გადაუარა. ვიდრე საევაკუაციო მანქანა მოვიდა, სისხლდენით Yგარდაიცვალა. ადრე თუ გვიან, მეც იგივე მელოდა. ამიტომაც მკურნალობის შემდეგ სამკურნალო შვებულება ავიღე. უკვე იცოდნენ, რომ ჯარის დატოვებას ვაპირებდი და მეთაური დამემუქრა, თავად გავაკონტროლებ შენს საქმეს და როგორც კი შვებულება დაგიმთავრდება, უკრაინაში დაბრუნდები ან ციხეში წახვალო.
სექტემბრის ბოლოდან მამაკაცებისთვის რუსეთიდან გასვლაზე შეზღუდვა დაწესდა, ამიტომაც ჯერ ბელარუსში წავედი, საიდანაც უფლებადამცველებს დავუკავშირდი და მათი დახმარებით ევროპაში გავემგზავრე. ეს ჩემს ცხოვრებაში მიღებული ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. რუსეთში ოჯახის წევრების გარდა, მხოლოდ ბინის საყიდლად აღებული კრედიტი დამრჩა. ვიცი, მას კონფისკაციას გაუკეთებენ, მაგრამ წუთით არ მანაღვლებს, სულ კრემლში რომ მაცხოვრონ, რუსეთში არასდროს დავბრუნდები. იმ გარემოცვაში, სადაც მოხუცები შვილიშვილებს ქირით აცხოვრობენ, თავიანთ ბინებს კი ანდერძით პუტინს უტოვებენ, შვილებს არ გავზრდი.
2008 წელს უნდა მივმხდარიყავი, რა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი. აფხაზეთსა და ცხინვალში რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი, რუსულ ბიუჯეტზე არიან. სამაგიეროდ, რუსეთი იკანონებს მიწებს, უძრავ ქონებას. დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც რუსეთის ხელისუფლებასა და სამხედრო ხელმძღვანელობას ჰააგის სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგომა და მე, ასობით ადამიანთან ერთად, მზად ვარ მათ დანაშაულებზე ვისაუბრო.