„ეს კატასტროფული რანგის სტიქიაა“
სპეციალისტების განმარტებით, მდინარეების ბუბისა და ჭანჭახის ხეობაში დაძრულმა ღვარცოფმა სტიქიის ზონაში 8-9 კილომეტრზე 5 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი მყარი მასა ჩაიტანა, რომლის სიმაღლეც 4-5 მეტრი იყო და კურორტი შოვი მთლიანად დაფარა. ექსპერტების აზრი ორად არის გაყოფილი. გეოლოგების ნაწილი ამბობს, რომ მართალია, სტიქიის შეჩერება შეუძლებელია, მაგრამ უსაფრთხოების სისტემები რომ ყოფილიყო, შესაძლებელი იქნებოდა ტრაგედიის პრევენცია და ხალხის დროულად ევაკუაცია. ზოგი იმასაც ამბობს, რომ მეწყრული პროცესები შოვში 2 დღით ადრე დაიწყო და მდინარემ შემდეგ ჩამოიტანა ნაშალი მასა, რასაც ექსპერტი ნინო ფოჩხუა კატეგორიულად უარყოფს: "არ დაუჯეროთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ არარაობებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მეწყრული პროცესები მყინვარზე თითქოს 2 დღით ადრე დაიწყო და დაგუბებულმა მდინარემ შემდეგ ჩამოიტანა ტყის და მიწის დიდი მასა. ეს არის ტყუილი! სიმართლე არის შემდეგი: 3 აგვისტოს მყინვარზე პირველი ბიძგი დილის 11 საათზე დაფიქსირდა. ბიძგმა გამოიწვია ქანური მოძრაობის პროცესი. მყინვარს უდიდესი ნაწილი დაახლოებით 15:00 საათზე მოსწყდა, ხოლო დასახლებულ პუნქტს ღვარცოფმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია. ამ სტიქიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო!"
ოთარ ქურციკიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: - შესწავლის ეტაპზეა ყველაფერი, ადგილზე არიან სპეციალისტები, კვლევებს ატარებენ თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით, რათა დადგინდეს სტიქიის მასშტაბი და მოიხსნას განმეორების საფრთხე. ვერტმფრენებით შედიან იმ ადგილებში, საიდანაც მეწყერი დაიძრა. ამ ხეობაში რთული გეოლოგიური გარემოა. ეს არის ბუბისწყლის ხეობა, რომელიც ჩამოდის შოვის ტერიტორიაზე და უერთდება მდინარე ჭანჭახს. აქ არის მყინვარები: ბუბა, თბილისა და სხვა, საიდანაც სათავეს იღებს მდინარე ჭანჭახის მარჯვენა შენაკადის - ბუბისწყლის მრავალი შენაკადი. მთავარი პრობლემაა კლიმატის გლობალური ცვლილებები, ტემპერატურული რეჟიმის მატება და დნობა. ყოველივე ამას პერიოდულად თან ერთვის უხვი ნალექები. პირველადი შეფასებით, მყინვარების დნობამ სათავეებში განაპირობა მძლავრი კლდეზვავური და მყინვარული მასის დაძვრა, რაც შემდეგ ხეობაში ღვარცოფებად მოვარდა და მივიღეთ ასეთი კატასტროფა.
- სტიქიის ეპიცენტრი სად იყო და რა მოხდა, ამის თქმა შეგვიძლია?
- ეს ზუსტდება. მდინარე მყინვარის ძირიდან იწყება და ქვემოთ, მდინარე ჭანჭახს უერთდება. ეს საკმაოდ დიდი მანძილია. ეს ნაკადი გამოჰყვა კალაპოტს, მდინარე ადიდდა და ნაკადი კალაპოტიდან გადმოვიდა. უზარმაზარი მასა წამოვიდა.
- გეოლოგ მერაბ გაფრინდაშვილის თქმით, ასეთი სტიქია არ მომხდარა 1991 წლის მიწისძვრის შემდეგ დასავლეთ საქართველოში.
- აბსოლუტურად ვეთანხმები, ჩვენ ერთობლივად ვატარებთ კვლევას. ბატონი მერაბიც ადგილზე სწავლობს ვითარებას. ალბათ, გახსოვთ დევდორაკის სტიქია დარიალის ხეობაში, მასზე გაცილებით მეტი მასაა შოვში მოწყვეტილი. დასავლეთ საქართველოში, რაჭის რეგიონში, მსგავსი მასშტაბის სტიქია არ ყოფილა 1991 წლის მიწისძვრის შემდგომ, სადაც სოფელი ხახიეთი ჩაიმარხა. ეს კატასტროფული რანგის სტიქიაა. ჩვენ ვატარებთ ყოველწლიურ მონიტორინგს, ვაკეთებთ ამ ზონების იდენტიფიცირებას, სად არის ღვარცოფი, სად მეწყერი, ღვარცოფული მდინარე, ვადგენთ რუკებს, ვუთითებთ, სად არის საშიშროება და რა ღონისძიება უნდა გატარდეს. პერიოდულად საჭიროა კალაპოტის გაწმენდა, მდინარის ნაპირების გამაგრება... ყველა რეგიონში დრონებით გვაქვს იდენტიფიცირებული ასეთი ზონები, თუმცა როცა ასეთი მასშტაბის სტიქიაა, ეს როდის მოხდება, პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია.
- "ღვარცოფული პროცესები საფრთხეს უქმნის ცენტრალურ გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს", - ეწერა გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის გეოლოგიურ ანგარიშში. იქ მითითებულია, რა ზომები უნდა გატარდეს, საუბარია გაწმენდით სამუშაოებზე. გამოდის ეს არ გაკეთებულა?
- შოვის ტერიტორიაზე უამრავი სხვა წყალია. უშუალოდ ბუბისწყალსა და მარჯვენა შენაკადთან მსგავსი გამოტანა არ ყოფილა. საუბარია მარცხენა შენაკადზე, მდინარე დღვიორაზე, სადაც შედარებით მცირეა ხეობა, მაგრამ დღვიორა უფრო აქტიურია განმეორებადობის თვალსაზრისით. დღვიორამ 2010 წელს შოვის ტურბაზის ტერიტორია დააზიანა, ამის შემდეგ ყოველწლიურად გამოაქვთ მასა. 2010 წლის მოვლენების შემდეგ იქ ბევრი რამ გაკეთდა: გაიჭრა ახალი კალაპოტი, მდინარეს შეეცვალა მიმართულება, მოსცილდა დასახლებას და ახლა ახალ ნაკადში მიედინება. იმ დოკუმენტში სხვა მდინარეზეა საუბარი, თუმცა დასახლება ერთია. დასკვნა დღვიორას უკავშირდება და არა ბუბისწყალს. კურორტი შოვი სოფელ გლოლის ფარგლებშია. პატარა კოტეჯები იმ ხეობაში 60-იან წლებში აშენდა. მას შემდეგ შეიცვალა გარემოც. ჩვენ 2022 წლის ანგარიშშიც განმეორებით გვაქვს დაფიქსირებული, რომ საჭირო იყო მდინარე დღვიორასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, პერიოდულად მისი გაწმენდა. ვამოწმებთ გაიწმინდა თუ არა.
- რა მანძილია მყინვარწვერის მოწყვეტის ადგილიდან იმ კოტეჯებამდე, სადაც ტრაგედია დატრიალდა?
- 8-9 კილომეტრი, იქ, სადაც პირველი ინფრასტრუქტურაა.
- რა დრო დასჭირდებოდა ამ მასის ჩამოსვლას იმ ადგილამდე და შეიძლებოდა თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება? მით უფრო ხალხი ამბობს, ორი დღით ადრე მდინარეში წყალი დამშრალი იყო, გამოდის, წყალი გაჭედა წამოსულმა მასამ...
- ჩვენ მსგავსი ინფორმაცია არ გვქონია. იმდენად მძლავრი მასა მოსწყდა, ამდენი ხნით ხეობაში შეჩერება გამორიცხულია. მით უმეტეს, დიდი ქანებია, ამ ხეობას დიდი დახრილობა აქვს და თუ იქნებოდა შეგუბება, ძალიან ცოტა ხნით. რაც შეეხება იმას, თუ რამდენ ხანში ჩამოაღწევს, ეს ხეობის მორფოლოგიაზეც არის დამოკიდებული. როგორც მოგახსენეთ, კლდეზვავი მოწყდა, ნაკადი წამოიღო, ამან გამოიწვია ნაპირების გადარეცხვა, რასაც მოჰყვა ჩამოშლა და ქვემოთ ეს ღვარცოფულ ნაკადად იქცა. ღვარცოფი უკვე სხვა პროცესია. ამ ყველაფრის თანხვედრა იყო. კავკასიის რეგიონში ასეთი რამ ხდება ხოლმე. ეს კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება. ატმოსფერული ნალექი, რაც ერთ წელიწადში უნდა მოვიდეს და ნორმაა, ახლა ამ ნორმის ნახევარი შეიძლება 2-3 დღეში მოვიდეს.
- ბოლოს როდის გაიწმინდა თუნდაც დღვიორის ხეობა?
- ეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს უნდა ჰკითხოთ. თუ ცენტრალური გზაა, გზების დეპარტამენტი წმენდს, თუ არადა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. 2010 წლის შემდეგ, რაც დღვიორის კალაპოტი შეუცვალეს, იქიდან წყალი არ გადმოსულა. თუმცა საყურადღებოა, რადგან სწრაფად ივსება და ყოველთვის ვაფრთხილებთ, რომ გაიწმინდოს. კალაპოტის შეცვლის შემდეგ მდინარის ნაკადი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩაედინება, დიდი ხიდიც გაკეთდა. ახალი კალაპოტი რომ შეივსოს, არის საშიშროება, მდინარე ძველ კალაპოტში დაბრუნდეს და ეს საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობას. ამიტომ უნდა გაიწმინდოს.
- მონიტორინგის სისტემა რომ დაეყენებინათ, ეს უბედურება აცილებული იქნებოდა?
- მეწყერზე დაკვირვება მონიტორინგის სისტემით შეუძლებელია, რადგან ეს გამოწვეულია მაღალი დახრილობის ფერდობებზე უცაბედი მოწყვეტით. მონიტორინგული სისტემები არის სხვა ტიპის მეწყრებზე, რომლებიც არის დასახლებაში. იქ უფრო ნელი დინამიკაა, წელიწადში მილიმეტრებით მოძრაობს. ჩვენ გვაქვს ასეთი სისტემები რაჭის 4 სოფელში და ვაკვირდებით. თუ მიუახლოვდება მოსახლეობას, გავცემთ სათანადო რეკომენდაციას... ამჟამად კი სულ სხვა რამ მოხდა, მყისიერად მოწყდა მასა.