„კლიმატი იცვლება, რასთანაც მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობები პირდაპირ არის დაკავშირებული“
ზურაბ ჯავახიშვილი, სეისმოლოგი: - მართალი გითხრათ, შოვის დამეწყვრა არ გამკვირვებია, მაგრამ მოულოდნელი იყო მასტშაბი, თუმცა ეგეც არ არის საკვირველი... დღეს ძველი ანგარიშები წავიკითხე, რუკებზეც ვნახე და ესეც მოსალოდნელი აღმოჩნდა. მანდ ბოლო წლებში ღვარცოფმა იმდენჯერ დაანგრია ხიდები, რიონის იმდენი წყალმოვარდნა იყო... რაჭაში მეწყერი და ღვარცოფი ხშირია, თუმცა ამჯერად დასახლებული ტერიტორია, კურორტი დაიმეწყრა. შოვში დიდი ხანია არ ვყოფილვარ და "გუგლმეპში" რომ დავხედე, კოტეჯები 10-15 მეტრშია მდინარიდან, ფაქტობრივად, მდინარის ჭალაა. აშკარაა, რომ იქ მდინარე გადიოდა, კალაპოტია.
- კალაპოტი შეცვლილია?
- არა. მდინარე რამდენიმე წელიწადში ერთხელ დიდდება და გადმოდის ნაპირებიდან. ეს ეტყობა იმ ადგილებს. გეოლოგიური დეპარტამენტი ბოლო წლებში ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს მეწყრებზე, ღვარცოფებზე, გეოლოგიურ საფრთხეებზე. ამ მონაცემებში შოვი და ზუსტად ეგ მიდამოებია მოხაზული როგორც გეოლოგიური პროცესებით ძალიან დატვირთულ-დაძაბული უბანი. ყოველ წელს რაღაც ხდება. ასე რომ, არ იყო მოულოდნელი, უბრალოდ მასშტაბი იყო მოსალოდნელზე დიდი.საერთოდ, იშვითად ხდება ისეთი ბუნებრივი კატასტროფები, როდესაც განსაკუთრებული მასშტაბია და როდესაც ერთმანეთს ემთხვევა რამდენიმე ფაქტორი. ვერეს ხეობაშიც ასე მოხდა, რამდენიმე ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს. შოვშიც, სავარაუდოდ, ეს ფაქტორებია: ძლიერი წვიმა, რომელიც მთელი დღე გრძელდებოდა. ბუბისწყალი მყინვარული მდინარეა. ეტყობა, მყინვარის ინტენსიური დნობა მიდის. კლიმატის ცვლილება მყინვარებთან დაკავშირებული მდინარეებისთვის ძალიან სახიფათოა. შესაძლოა მეწყერმა გადაკეტა ბუბისწყალი, ამბობენ, 2 დღე წყალი არ მოდიოდაო, ეს გადასამოწმებელია, სატელიტურ ფოტოებზე კარგად გამოჩნდება... ძალიან სახიფათოა, როდესაც მდინარე ჩაიკეტება, იქ მეწყერი დაგროვდება, მერე გაარღვევს და აი, ასეთ ღვარცოფად გადმოსკდება. თუმცა ეს ვარაუდებია და ზუსტად უნდა შევისწავლოთ, რა იყო მიზეზი.
- რა ღონისძიებების გატარება შეიძლებოდა, რომ ასეთი მასშტაბის სტიქია არ მიგვეღო?
- მასშტაბს ნამდვილად ვერ შევამცირებდით, მაგრამ ასეთი მძიმე შედეგების შერბილება ალბათ შეგვეძლო.
- როგორ?
- პირველ რიგში მოსახლეობა, ამ შემთხვევაში, დამსვენებლები უნდა ყოფილიყვნენ ინფორმირებული. ულამაზესია ეს ვიწრო ხეობები, მაგრამ ძალიან დიდი საფრთხის შემცველია, სწორედ იქ ხდება მეწყრები, სადაც ფერდობების დაქანება დიდია და უხვი ნალექებია... ეს უნდა იცოდეს ხალხმა, რომ მოულოდნელი არ იყოს, უნდა იცოდნენ ამ დროს ქცევის ელემენტარული წესები. ეს სასტუმროების მეპატრონეებზეც ითქმის, უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია ტურისტულ ბიზნესში. მოსახლეობა უნდა იყოს მომზადებული, ადგილობრივ მმართველობას, სოფლის თემი იქნება თუ ონის მუნიციპალიტეტი, უნდა ჰქონდეს გეგმა, მაშინ კი არ უნდა იწყებდნენ ფიქრს, როცა რაღაც მოხდება მნიშვნელოვანია სხვადასხვა სამსახურის, მათ შორის გეოლოგიური სამსახურის დეცენტრალიზაცია, თუნდაც მუნიციპალიტეტის დონეზე. ონის მუნიციპალიტეტს თავისი გეოლოგიური სამსახური უნდა ჰქონდეს, თავისი დაფინანსებით. გამუდმებით თბილისიდან ხომ არ უნდა ჩადიოდნენ სპეციალისტები. 21 საუკუნეა, ჩვენ კი ამ საქმეში ძალიან ჩამორჩენილი ვართ. ასეთი დიდი კატასტროფებისას მდიდარ ქვეყნებშიც კი ნებისმიერ მუნიციპალიტეტს ვერტმფრენი არა ჰყავს, მაგრამ, ვთქვათ, რომ იყოს ქუთაისში, ბათუმში, თბილისში, განაწილდეს დიდ ქალაქებში, კარგი იქნებოდა. თბილისიდან ჩასვლას მაინც დრო სჭირდება, პირველი რამდენიმე საათი კი კატასტროფისას ძალიან მნიშვნელოვანია.
- ბრძანეთ, რომ იქ საკურორტო ზონის მოწყობას ფრთხილად უნდა მოპყრობოდნენო...
- რასაკვირველია! ის, რომ იქ ძველი, საბჭოთა პერიოდში აშენებული კოტეჯები იყო, არაფერს ნიშნავს. ჯერ ერთი, საბჭოთა კავშირი არ იყო სამაგალითო სტიქიასთან დაკავშირებულ საკითხებში. მეტწილად იმალებოდა, როცა ხალხი იღუპებოდა. 1948 წელს აშხაბადის მიწისძვრამ 110 კაცი შეიწირა და ეს 90-იან წლებში გავიგეთ... კლიმატი იცვლება, რასთანაც მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობები პირდაპირ არის დაკავშირებული. კლიმატის ცვლილება მაგალითად, მიწისძვრების ინტენსივობას ვერ შეცვლის, მიწისძვრები თავისი კანონზომიერებებით ხდება, მაგრამ მყინვარების დნობა რომ მყინვარულ მდინარეებში დამატებით კატასტროფებს იწვევს, ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია. 40-50 წლის წინ არ იყო ეს საკითხი გასათვალისწინებელი და მაშინ რომ კოტეჯები ააშენეს, ახლა უნდა გვეფიქრა ამაზე, როცა კლიმატის ცვლილებაზეა ლაპარაკი. თავიდან უნდა შეფასდეს რისკები. სამეცნიერო ლიტერატურა გადავსებულია ფაქტების აღწერითა და მოდელირებით, მყინვარების ინტენსიური დნობა როგორ კატასტროფებს იწვევს მყინვარულ მდინარეებში. ის კოტეჯები ისე ახლოს არ უნდა ყოფილიყო მდინარესთან, მით უმეტეს, როცა ვსაუბრობთ კურორტის განახლებაზე. აშენდა ახალი შენობები, ხალხიც ინტენსიურად მივიდა. ის, რომ იქ 10 წელი ისვენებდნენ და არაფერი მომხდარა, არაფერს ნიშნავს. კატასტროფების თეორია ასეთ მსჯელობას იზიარებს, რომ არ მომხდარა, არ ნიშნავს, რომ არ მოხდება. ვერეზე 60-იან წლებში მოხდა კატასტროფა და შემდეგ 2015-ში. თითქმის 50 წლის შემდეგ... განმარტება უნდა მოვთხოვოთ კურორტის მფლობელებსაც. საევაკუაციო გეგმა უნდა არსებობდეს - დამსვენებელმა უნდა იცოდეს, თუ რამე მოხდა, სად უნდა წავიდეს და სად არის უსაფრთხო ადგილი. უსაფრთხოების კულტურა ჩვენთან დაბალია. არადა, ეს სკოლებშიც უნდა ისწავლებოდეს. ინფორმაციის დაფარვა დაუშვებელია!
ეკა სალაღაია