ქვეყანა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფებისთვის ისევე უნდა მოემზადოს, როგორც ომისთვის... - კვირის პალიტრა

ქვეყანა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფებისთვის ისევე უნდა მოემზადოს, როგორც ომისთვის...

ჩვენმა სამშობლომ კვლავ შეგვახსენა, რომ რამდენადაც ულამაზესია საქართველოს მთაგორიანი რელიეფი, იმდენად დიდ პოტენციურ საფრთხეს შეიცავს მდინარეების ადიდება და მეწყრების ჩამოწოლა. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. 70-მდე კაცი სტიქიის ზონიდან 3 აგვისტოს საღამოსვე შვეულმფრენის სამი რეისით უსაფრთხო ადგილას გაიყვანეს, ხოლო 4 აგვისტოს დილის 6 საათიდან ორმა შვეულმფრენმა 9 რეისით კიდევ 140-მდე კაცი გამოიყვანა სტიქიის ზონიდან. არის მსხვერპლი.

ფაქტია, მეწყრის ზონიდან სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენებით საერთო ჯამში 210 კაცი იქნა ევაკუირებული, მიუხედავად ამისა, გაისმის მკაცრი კრიტიკა, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს და ქვეყანას შვეულმფრენები არ ჰყავს, ყველა დაყიდეს და გაჭირვებაში ჩავარდნილ მოქალაქეებს­ არავინ ეხმარება. დიახ, შვეულმფრენების პარკის სიდიდისა და გამართულობის პრობლემა დიდი ხანია დგას. ოც წელზე მეტია ამაზე ვწერთ "კვირის პალიტრის" ფურცლებზე, რომ საქართველოსთანა მთაგორიან ქვეყანას აუცილებლად სჭირდება სამაშველო შვეულმფრენების არანაკლებ ორი საჰაერო ბაზა: ერთი აღმოსავლეთ და ერთიც დასავლეთ საქართველოში, რათა რეაგირება ოპერატიული იყოს მთებში ზვავისა თუ მეწყრის ჩამოწოლისას ან ზღვაზე შტორმისას ხალხის სასწრაფოდ საევაკუაციოდ. უტიფრობა და უმადურობაა, როდესაც შოვის მაღალმთიანი რაიონიდან მესაზღვრეების შვეულმფრენების ეკიპაჟებს დიდი რისკის ფასად გამოჰყავთ ადამიანები, მათგან კატეგორიულად მოითხოვო, ღამით რატომ აჩერებთ სამაშველო ფრენებს, სასწრაფოდ გაფრინდითო.

ზუსტად ერთი წელი შესრულდა იმ დიდი ტრაგედიიდან, რაც 2022 წლის 29 ივლისს გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს კატასტროფა განიცადა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენმა, რასაც ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი შეეწირა. ის, ვინც ღამით მთებში შვეულმფრენების ეკიპაჟების დაჟინებით გაგზავნას ითხოვდა, ან ვერ ერკვევა ფრენების უსაფრთხოების წესებში, კონკრეტული ტიპის (ამ შემთხვევაში Mi-8MTV-1 ტიპის) შვეულმფრენების ტაქტიკურ-ტექნიკურ შესაძლებლობებში და ეკიპაჟების ფრენების მინიმუმებზე (ანუ კონკრეტულ მფრინავს დღე-ღამის რა პერიოდში და როგორ მეტეოროლოგიურ პირობებში აქვს ფრენის უფლება) ან ეს ყველაფერი იცის, მაგრამ მათ კრიტიკას უფრო პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს, მით უმეტეს, რომ პრეტენზიების ავტორები სწორედ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გახლდნენ. სხვათა შორის, სწორედ ეს ხალხი მოითხოვდა 2015 წლის 13 ივნისის ღამეს ვერეს ხეობაში წყალდიდობის დროს შვეულმფრენების გამოყენებას, რაც დამატებით დიდ ტრაგედიას დაატრიალებდა, რადგან ქალაქის ქუჩების თავზე გაბმული ასობით ელექტროსადენისა და ინტერნეტის კაბელების გამო დაბალ სიმაღლეზე ფრენა და ჩამოკიდება, ისიც ღამით, შვეულმფრენის გარდაუვალ ავიაკატასტროფას მოასწავებს,­ რაც არ უნდა გამოცდილი ეკიპაჟი მართავდეს მას.

კიდევ ერთი ბრალდება ის იყო, რომ შვეულმფრენი შოვში ზვავის ჩამოწოლიდან თურმე მხოლოდ... სამი საათის შემდეგ გამოჩენილა!შვეულმფრენი საჰაერო თავდაცვის გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი თვითმფრინავი არ არის, რომ პილოტები მის კაბინაში მუდმივად ისხდნენ აფრენაზე ბრძანების მოლოდინში და ჰაერში 7-10 წუთში აიჭრან. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, ალექსეევკის ბაზაშია განთავსებული და იქ ყოველთვის იმყოფება მორიგე ეკიპაჟი, მაგრამ აფრენაზე ბრძანების მიღებიდან არანაკლებ 40-50 წუთი მაინცაა საჭირო წინასაფრენი ტექნიკური პროცედურებისთვის (საბჭოთა ჯარში ორწლიანი­ სავალდებულო სამხედრო სამსახურის დროს ამ სტატიის ავტორი სწორედ ამ ტიპის შვეულმფრენის საავიაციო მოწყობილობების სპეციალისტი გახლდათ და მრავალჯერ მოუმზადებია შვეულმფრენი გასაფრენად), რასაც ემატება მაშველების ჯგუფის თბილისის ზღვის ბაზიდან აყვანის დრო (თუ მაშველები თავად ალექსეევკაში არ მივიდნენ) და შოვამდე ჩასაფრენად საჭირო ერთი საათიც ანუ 2,5-3 საათი ზუსტად ის დროა, რაც შეიძლება დასჭირვებოდა შვეულმფრენს ბრძანების მიღების მომენტიდან სამაშველო ჯგუფის შოვში გადასასროლად. რა თქმა უნდა, თუ სამაშველო შვეულმფრენების კიდევ ერთი ბაზა თბილისის აეროპორტის გარდა, დასავლეთ საქართველოში,­ მაგალითად, ქუთაისის კოპიტნარის აერო­პორტშიც მოეწყობა, მნიშვნელოვნად შეამცირებს ოპერატიული რეაგირების დროს.

ახლა რაც შეეხება საშვეულმფრენო­ პა­რკს: შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ავიაციის განკარგულებაში ამ ეტაპზე სამი ერთეული Mი-8MთV-1 ტიპის შვეულმფრენია. ერთმა შვეულმფრენმა შარშან გუდაურში განიცადა კატასტროფა, ერთიც ბეწვზე გადაურჩა­ იმავეს, როდესაც ა.წ.-ის 23 ივნისს მყინვა­რწვერზე მეტეოსადგურთან დაშვებისას წინა შასი მიწას წამოსდო და მოამტვრია. შვეულმფრენი მშვიდობიანად დაბრუნდა თბილისში და დაჯდომისას წინა შასის ადგილზე საბურავები "დაახვედრეს", მაგრამ­ ის რემონტამდე მწყობრიდან გამოსულად ითვლება. სასაზღვრო პოლიციის სამი-ოთხი, ასევე თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე შვეულმფრენი (რომელთა კაპიტალურად არემონტებს "თბილავიამშენი"), რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის, თუმცა მათ მალე უნდა შეემატოს H145 ტიპის სამი თანამედროვე ევროპული შვეულმფრენიც, რომლებიც იმ ცნობილი და ყბადაღებული "სუპერპუმის" ნაცვლად უნდა მივიღოთ, რომელიც წინა ხელისუფლებამ "ვიპ-კლასის" მოდიფიკაციის სახით შეუკვეთა, მასში­ ძალიან ძვირიც გადაიხადა, თანაც ისე, რომ შვეულმფრენ-სალონს სამაშველო ფუნქციის შესრულება არ შეეძლო ასაწევი ჯალამბრის უქონლობის გამო. მიუხედავად ამისა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დღეს სასჯელმისჯილია, კვლავ უტიფრად ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს მის დროს სპეციალურად შეძენილი "სუპერპუმები" სწორედ სამაშველო სამსახურისთვის იყო განკუთვნილი და დღევანდელ ხელისუფლებას რომ არ გაეყიდა ის "ვიპ-სალონი", შოვის მეწყრიდან ყველაზე კარგად გამოიყვანდა იქ მოყოლილებსო. სინამდვილეში ის ორივე "სუპერპუმა" მაშინდელი პრეზიდენტის დავალებით სპეციალურად დაუკვეთეს ფორმით ერთნაირი, რათა მათი წყვილში ფრენისას მიწიდან იმის გარჩევა, რომელ შვეულმფრენში იჯდა პრეზიდენტი და რომელში მისი დაცვის წევრები, რთული ყოფილიყო.ამაში არის ლოგიკა და იმავე ხერხს მიმართავენ სხვა ქვეყნების პირველი პირების­ უსაფრთხოების სამსახურებიც, როდესაც საპ­რეზიდენტო კოლონაში ორ ერთნაირ ჯავშანლიმუზინს იყენებენ თუ ერთნაირი­ "ბლექ ჰოუკებით" გაფრინდებიან, მაგრამ ისინი საქართველოზე ბევრად მდიდარი­ სახელმწიფოები არიან, საპრეზიდენტო­ შვეულმფრენების გარდა, სამაშველო შვეულ­მფრენებიც საკმარისად ჰყავთ და იმის მტკიცება, "სუპერპუმას" "ვიპ-სალონი" იმიტომ შევიძინეთ, რომ სამაშველო ფუნქციებიც შეესრულებინაო, მორიგი დიდი ტყუილია.ამას ჯობს გაეცეს პასუხი, თუ ვინ "შეჭამა" ქართული შვეულმფრენების საფრენოსნო რესურსის უდიდესი მარაგი, როდესაც სწორედ იმ ექსპრეზიდენტის მთავრობა დაატარებდა მათ ხან უცხოელი სტუმარი ქალების გასასეირნებლად, ხანაც პროპაგანდისტული ფილმებისა და ვიდეოკლიპების გადასაღებად, ხანაც მთებში ჯიხვებზე სანადიროდ.საშვეულმფრენო პარკი გასაზრდელიც და გასაახლებელიც გვაქვს, მაგრამ ნუ მოვთხოვთ მფრინავებსა და მათ შვეულმფრენებს იმას, რისი გაკეთებაც მათ ხიფათის­ წინაშე დააყენებს, თორემ კიდევ ახალი პრობლემები დაგვემატება, რისი მწარე გამოცდილებაც შარშან მივიღეთ გუდაურში პარაპლანერისტების სამაშველო ოპერაციის დროს.

კიდევ ერთი საკითხი - დაჟინებით მტკიცება, თითქოს საქართველოს არ ჰყავს სამაშველო შვეულმფრენები და ძალზე მოძველებულ "რუსულ" Mi-8MTV-1 ტიპის შვეულმფრენებს სამაშველო ფუნქციის შესრულება არ შეუძლიათ... ამის განმცხადებლები ან ვერ ერკვევიან საკითხში, ან კიდევ რაღაც მოსაზრებით, შეიძლება პოლიტიკურით, ავრცელებენ ასეთ დიდ ტყუილს.

Mi-8 და მისი მოდიფიკაციის შვეულმფრენები 1960-იანი წლებიდან მთელ მსოფლიოში გამოიყენება არა მარტო სატრანსპორტო და სამხედრო, არამედ სწორედ სამაშველო მიზნითაც და მათ განვლილი 60 წლის განმავლობაში ათიათასობით კაცი ჰყავთ გადარჩენილი, მათ შორის საქართველოშიც, როგორც საბჭოთა პერიოდში, ისე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ - მარტო 1992 წლის ოქტომბერში აფხაზეთის ომის დროს გაგრასთან­ ბრძოლებისას დაჭრილი ქართველი მებრძოლების ევაკუირება რად ღირს, როდესაც მფრინავები ძალზე რისკავდნენ და შვეულმფრენში 40-50 კაციც კი აჰყავდათ (როდესაც მხოლოდ 24 მგზავრის გადასაყვანადაა განკუთვნილი), წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ტყვეობა ან დაღუპვა ელოდებოდათ.რომელ "ევროკოპტერს" ან "ბლექ ჰოუკს" შეუძლია ამდენი ადამიანის ევაკუირება?

Mi-8MTV-1 ტიპის შვეულმფრენები აღჭურვილია სპეციალური ჯალამბრით, რომელსაც გამძლე ბაგირით 40 მ-ის სიმა­ღლეზე 150 კგ-ის აწევა შეუძლია - ანუ ერთ ადგილზე "ჩამოკიდებული" შვეულმფრენიდან დაშვებული ამ ბაგირით კარგად ჩასუქებული ადამიანის ამოწევა და გადარჩენაც შეიძლება, ან შვეულმფრენიდან ამავე ბაგირით თავად მაშველი დაეშვება და უსაფრთხოების ქამრით ერთ მსუბუქი წონის ადამიანს ზევით, სამშვიდობოზე "აიტაცებს". თუკი ეს არ არის სამაშველო ოპერაცია, მაშინ კიდევ რა უნდა შეეძლოთ მათ, რომ მათ სამაშველო შვეულმფრენი ვუწოდოთ? მათი უაპელაციო განცხადებებიც­, რომ 40-50 წლის "რუსული" შვეულმფრენები არაფრისმაქნისია და სასწრაფოდ უნდა მოვიშოროთ, შორსაა ობიექტურობისგან. სასაზღვრო პოლიციისა და თავდაცვის ძალების განკარგულებაში არსებული ათამდე Mi-8MT ტიპის შვეულმფრენის საშუალო ასაკი 33-36 წელს შეადგენს, მაგრამ ისინი დაფრინავენ და თანაც ძალიან კარგად, ოღონდ დროდადრო სჭირდებათ კაპიტალური რემონტი, რის შემდეგაც მათი ექსპლუატაცია არ არის შეზღუდული. როგორ გგონიათ, ამერიკული "ბლექ ჰოუკების" საშუალო ასაკი ნაკლებია? ამერიკული "შავი ქორებიც" ნახევარი საუკუნეა დაფრინავენ და მათ პენტაგონში არ ემდურიან.

ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება­ შოვის მეწყრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებით საქართველოს თავდაცვის ძალების, კონკრეტულად კი საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების ჩართვის შესახებ. საინჟინრო ბატალიონის მთავარი ამოცანა ომის დროს საბრძოლო დანაყოფების საინჟინრო უზრუნველყოფაა, იქნება ეს თავდაცვითი ზღუდეების შექმნა გზებისა და ხიდების დანაღმვისა თუ ტანკსაწინააღმდეგო თხრილების მოწყობით ან პირიქით, განაღმვითი სამუშაოების ჩატარება შეტევაზე გადასვლის წინ. მაგრამ საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი თავისი სპეციალური ტექნიკით, გასაშლელი ხიდებითა თუ მძლავრი ბულდოზერებით, ასევე გამოდგება ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში და მოქალაქეები მალე დაინახავენ მათ ერთობლივ მოქმედებას მეხანძრე-მაშველებთან ერთად შოვის მეწყრის რაიონში საძიებო სამუშაოებში.