საქართველოში გლოვის დღეა - გლოვის დღესთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამასთან, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად.
სახელმწიფო დროშები დაშვებულია ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ სტიქიის დროს დაკარგული ადამიანების ძებნა-შველის ღონისძიებას", - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა ასევე დაეშვა საქართველოს პარლამენტის შენობაზე, ასევე, საგარეო უწყების, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2023 წლის 7 აგვისტო, გლოვის დღედ გამოცხადდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები დაეშვა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ.
სახელმწიფო დროშები ასევე დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველო-რუსეთის ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.