ხიდების აფეთქებებით ანექსირებული ყირიმის ბლოკირებაა ჩაფიქრებული... - კვირის პალიტრა

ხიდების აფეთქებებით ანექსირებული ყირიმის ბლოკირებაა ჩაფიქრებული...

ყირიმის ხიდს იმ 19 კმ-იან საავტომობილო და სარკინიგზო ესტაკადებს უწოდებენ, რომლებიც 2018 წელს რუსეთმა ჯერ ოკუპირებულ და შემდეგ - ანექსირებულ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულიდან, ქერჩის სრუტეზე გადავლით, რუსეთის ფედერაციის ტამანის ნახევარკუნძულამდე ააგო.

მას შემდეგ ყირიმის ხიდი უკრაინის კანონიერ სამიზნეს წარმოადგენს და მის წინააღმდეგ ორჯერ კიდევაც განხორციელდა წერტილოვანი დარტყმები - პირველად დანაღმული სატვირთო ავტომობილის, მეორედ კი - კამიკაძე-კატარღების გამოყენებით, რამაც ეს ხიდი გარკვეული პერიოდით მწყობრიდან გამოიყვანა და გააძნელა რუსეთის საოკუპაციო ძალების მომარაგება სამხრეთ ფრონტზე, ხერსონის და ზაპოროჟიეს ნაწილობრივ ოკუპირებულ ოლქებში.

1-xidi-1691398856.jpg
უკრაინელების ფრთოსანი რაკეტის ზუსტი დარტყმით ჩანგრეული გენიჩესკის ხიდი...

მაგრამ რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს კიდევ ერთი „სუსტი“ წერტილი გააჩნია, ჩონგარის საავტომობილი და სარკინიგზო ხიდების სახით, რომლებიც ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილს მატერიკულ უკრაინასთან აკავშირებენ სივაშის ყურის გავლით.

2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმისას, სწორედ ჩონგარის საავტომობილო ხიდი გახდა სამხრეთიდან შეტევების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რადგან ჩონგარის ხიდი არ ან ვერ იქნა აფეთქებული, მიუხედავად იმისა, რომ ის რამდენიმე წლით ადრე იყო დანაღმული და ასაფეთქებლად გამზადებული (უკრაინელი სამხედრო, რომელსაც დავალებული ჰქონდა ამის გაკეთება, არ მალავს,რომ მან რამდენჯერმე სცადა ასაფეთქებელი მოწყობილობის დისტანციურად მოქმედებაში მოყვანა 24 თებერვლის გამთენიისას, მაგრამ აფეთქება არ მოხდა, სავარაუდოდ, ან რუსი სამხედროების მიერ დაწყებული საარტილერიო დაბომბვის დროს სადენები ნაღმსატყორცნებიდან ნასროლი ნაღმების ნამსხვრევებმა დააზიანეს, ან რუსეთის სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა ეს სადენები ომის დაწყების წინ გადაჭრა...).

იმის გამო, რომ ჩონგარის ორივე ხიდი თავის დროზე ვერ ააფეთქა უკრაინამ, დღეს ყველა ხერხს მიმართავს ამ დიდი შეცდომის გამოსასწორებლად, მაგრამ ეს ბევრად უფრო რთული და ძვირადღირებულია...

2-xidi-1691398915.jpg
„ქარიშხლის ჩრდილმა“ ჩონგარის საავტომობილო ხიდი ზუსტად შუაში გახვრიტა...

ჩონგარის ხიდები ფრონტის ხაზიდან არანაკლებ 120 კმ-ის დაშორებით იმყოფებიან, რაც ღრმა ზურგად ითვლება და იქამდე შეღწევა უკრაინელ დივერსანტებს ძალიან გაუჭირდებათ.

ერთადერთ რეალურ შესაძლებლობას წარმოადგენს უზუსტესი სარაკეტო დარტყმების მიყენება უშუალოდ ამ ხიდებზე, მაგრამ „ჰაიმარსის“ მართვადი რაკეტები ფრონტის ხაზიდან მას ვერ სწვდებიან და უკრაინელებმაც დაიწყეს ბოლო პერიოდში ბრიტანელების მიერ გადაცემული Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტების აქტიური გამოყენება და როგორც აღმოჩნდა, ძალზე წარმატებითაც...

3-xidi-1691398962.jpeg
ჩონგარის სარკინიგზო ხიდიც ასეთივე დიდი სიზუსტით დააზიანა „ქარიშხლის ჩრდილმა“ ჯერ კიდევ 29 ივლისს, მაგრამ ამ ფაქტის მიჩქმალვა მაშინ რუსეთის პროპაგანდისტებმა მაინც მოახერხეს...

6 აგვისტოს უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა თავისი პროფესიული დღე აღნიშნეს, რის „მისალოცადაც“ 5-6 აგვისტოს ღამეს რუსეთმა უკრაინის სამხედრო აეროდრომები, განსაკუთრებით კი - ხმელნიცკის ოლქში მდებარე სტაროკონსტანტინოვოს საჰაერო ბაზა დიდი „მონდომებით“ დაბომბეს, მათ შორის - ჰიპერბგერითი „კინჟალების“ გამოყენებითაც (თუ რატომ ბომბავს რუსეთი გამუდმებით სწორედ სტაროკონსტანტინოვოს სამხედრო აეროდრომს, დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემი ბლოგის 27 ივლისის სტატიაში: "ქარიშხლის ჩრდილის" შიშით რუსეთმა უკრაინული აეროდრომი განსაკუთრებული სისასტიკით დაბომბა, თუმცა...“). თუმცა თავის მთავარ მიზანს - გაენადგურებინა სტაროკონსტანტინოვოს სამხედრო აეროდრომის დაცულ ანგარებში, სავარაუდოდ, თავშეფარებული მოდერნიზებული უკრაინული Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენები და ფრთოსანი რაკეტები Storm Shadow, რუსეთს კვლავ არ გამოუვიდა, რადგან მეორე დღესვე სწორედ ამ ბომბდამშენებიდან გაშვებულმა ბრიტანულმა „ქარიშხლის ჩრდილებმა“ უზუსტესი სარაკეტო დარტყმები მიაყენეს როგორც ჩონგარის, ისე - გენიჩენსკის (ქალაქი აზოვის ზღვის სანაპიროზე) საავტომობილო ხიდებს... ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით ხიდების აფეთქებას წმინდა სამხედრო თვალსაზრისის გარდა (როდესაც ფერხდება რუსეთის საოკუპაციო ძალების ლოჯისტიკური უზრუნვლეყოფა), აქვს ძალიან დიდი საინფორმაციო, პროპაგანდისტული და ფსიქოლოგიური მნიშვნელობაც ყირიმის ნახევარკუნძულზე მცხოვრები პრორუსულად განწყობილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ყირიმის პლაჟებზე ჩასული მრავალრიცხოვანი რუსი ტურისტებისთვისაც - რუსეთის ხელისუფლებას და არმიას არ შეუძლია ყირიმის დაცვა უკრაინელების ზუსტი დარტყმებისგან და რა მოხდება, თუკი ყველა ხიდი ააფეთქეს, საზღვაო ბორანები ჩაძირეს - როგორ გავიქცეთ ყირიმიდან რუსეთში თავის შესაფარებლად, რომ კონტრშეტევაზე გადმოსულ უკრაინის არმიას ხელში არ ჩავუვარდეთო... ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს აქვს კიდევ ერთი სატრანსპორტო დერეფანი, დამაკავშირებელი მატერიკულ უკრაინასთან, რომელიც ჩრდილო-დასავლეთით, არმიანსკზე გადის და იქ ხიდები არ არის, მაგრამ ეს გზა პირდაპირ მიდის ფრონტის ხაზისკენ, ხერსონისკენ, სადაც უკრაინელი სამხედროები არიან გამაგრებულები და გასაგებია, პრორუსი ყირიმელები ამ მხარეს არავითარ შემთხვევაში არ გაიქცევიან...

4-xidi-1691399032.png
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი სამახსოვრო წარწერას აკეთებს იმ ფრთოსან რაკეტაზე, რომელიც მალევე გაშვებული იქნა რუსეთის მიერ ოკუპირებული მორიგი ხიდის დასაზიანებლად...

სამხრეთ ფრონტზე შეტევების გაძლიერება, როგორმე რუსულ თავდაცვის ზღუდეებში „ნაპრალების“ გასაღმავებლად და მელიტოპოლი-ბერდიანსკისკენ გასაჭრელად, რასაც პარალელურად მოჰყვება ყირიმისა და ჩონგარის ხიდების სერიოზულად მწყობრიდან გამოყვანა ან სულაც - დანგრევა, გახდებოდა უკრაინის კონტრშეტევების მთავარი წარმატებული შედეგი...