ეს შაბათ კვირა - კვირის პალიტრა

ეს შაბათ კვირა

ასე ერქვა გადაცემას, რომლითაც მედია სივრცეში მოვხვდი, თორემ ამ შაბათ კვირის აკვიატებასთან არავითარი კავშირი არა აქვს.….. ერთი ამბის დაწერა მომინდა... ბიოლოგი, რომ ვიყავი... ომამდე...იმ დროინდელის...

ჰო, ბიოლოგი ვიყავი, დისერტაციაც მაქვს დაცული. ჩემს 164 გვერდიან საკანდიდატო ოპუსს 4 წელი დასჭირდა, რომელიც ალბათ სულ 6 კაცს თუ აქვს წაკითხული - ხელმძღვანელებს, ოპონენტებს და საბჭოს წევრებს? არც ამაში ვარ დარწმუნებული. ნეტავ ვინმეს თუ გამოადგა?... ვეჭვობ ... მე კი ერთი საოცარი შთაბეჭდილება დამიტოვა და რაღაც ძალინა მნიშვნელოვანიც დამანახა.

მოკლედ ასე იყო. ერთ ექსპერიმენტს 30 თეთრი ვირთაგვა სჭირდებოდა და 60 დღე გრძელდებოდა, 4 წლის მანძილზე 7 თუ 8 ცდა იყო და ბევრი ცხოველი. ყოველ დღე ერთი და იგივე დროს გალიებიდან კამერაში ვსვავდი და ჰაერს ვუტუმბავდი (ახლაც მზარავს ამის გახსენება). რამდენიმე დღეში, ჩემ ფეხის ხმას ცნობდნენ და გალიებს ანგრევდნენ შიშით და ბრაზით. სადღაც 5-6 დღიდან ვირთ-კომფორმისტებიც ჩნდებოდნენ და მათი რიცხვი ნელ-ნელა მატულობდა – იცოდნენ 2 საათში მათი "ხუთვა" აუცილებლად მორჩებოდა და რატომ დაეხარჯათ ენერგია ტყუილად? ახლა მე ვბრაზობდი მათზე. ისე წყნარად მემორჩილებოდნენ, ლამის 2 კი არა 4 საათი დამეტოვებინა კამერაში...

ო, მაგრამ იყვნენ რჩეულები! და ახლაც მგონია, რომ ის საშინელი ექსპერიმენტიც, მათ გამაძლებინეს. ყველა ცდაში 2- ან 3 დაუმორჩილებელი ყოველთვის იყო. მებრძოდნენ ბოლომდე და მეც ვერ ვფარავდი აღფრთოვანებას. ყველასთვის მინდოდა მეჩვენებინა ეს ბრაზიანი არსებები. ვერცერთი მათგანს, დაძინება და თირკმლის ამოჭრა ვერ შევკადრე. ისინი ექსპერიმენტის გარეთ დარჩნენ, სხვა ექსპერიმენტში გამარჯვებულები! დარჩნენ ცოცხლები, ცალკე გალიებში ვსვამდი, ვაკითხავდი და საჭმელიც მიმქონდა. არა, მაინც არ მაპატიეს, ჩემს ფეხის ხმაზე ისევ კედლებს ეხლებოდნენ და მახსენებდნენ ვინ ვიყავი. მაშინაც ვფიქრობდი, რომ დისერტაცია სწორედ ამაზე მინდოდა დამეწერა, მაგრამ მეც რომ ექსპერიმენტის ნაწილი ვიყავი, უბრალო ასპირანტი და ჩემს სერიოზულ სადისერტაციო თემას, კიდევ უფრო სერიოზული სახელწოდება ჰქონდა – "ვირთაგვის თირკმლის, იუდსტაგლომერულარი აპარატის, ზოგიერთი თავისებურებები – ექსპერიმენტული, გიპოსქიური გიპოქსიის დროს".

ჩემი რჩეულები ამ გაუგებრობაში ვერ მოხვდნენ, გმირები სხვანაირები არიან!