თბილისის ახალი გზა, ბეთანია, დევდორაკი - სად არის დამონტაჟებული საქართველოში წინასწარი შეტყობინების სისტემები და რა პრინციპით მუშაობენ ისინი?
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი, სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ მძიმე შედეგების პრევენციისთვის აუცილებელია მონიტორინგის სისტემების დამონტაჟდება - განსაკუთრებით კი - მთის კურორტებზე. სულ რამდენი წინასწარი გაფრთხილების სისტემაა საქართველოში და რა პრინციპით მუშაობენ ისინი, ამ და ბევრ საინტერესო საკითხზე ზურაბ ჯავახიშვილი გვესაუბრება.
- უკვე გამოქვეყნდა ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების წინასწარი დასკვნა. ითქვა, რომ ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო, რადგან რამდენიმე პროცესი თანხვედრაშია ერთმანეთთან და ეს გამოწვეულია კლიმატის გლობალური ცვლილებებით - მოვისმინე წინასწარი ექსპერტიზის დასკვნა და იქ გარკვეული პუნქტები დასაზუსტებელია, თუმცა ორ მომენტზე შემიძლია ყურადღება გავამახვილო. ხაზს უსვამენ იმას, რომ ბევრი ბუნებრივი მოვლენა მოხდა ერთად, რომელთა შემთხვევითმა თანხვედრამ გამოიწვია ეს კატასტროფა და რომ არანაირად არ შეიძლებოდა ამის პროგნოზირება. როგორც დასკვნაშია აღწერილი, კლდეზვავიც იყო მყინვარზე, ტბაც იყო გამდნარი ყინულის, კლდეზვავმა დაამსხვრია ყინული, ტბა წამოიღო. მე ვფიქრობ, რომ ეს ლოგიკური თანმიმდევრობაა, ვიდრე შემთხვევითი თანხვედრა. პირიქით, საოცარი ის იქნებოდა, ასე რომ არ მომხდარიყო. გარდა ამისა, დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს მყინვარის ინტენსიური დნობა. საფრთხეებს თუ განვიხილავთ, რაც გლობალურ პროცესებს თან ახლავს, ეს არის მყინვარების დნობა და ისიც ცალსახაა, რომ მყინვარების ინტენსიური დნობა იწვევს ასეთ მოვლენებს. ასეთი მყინვარ-ღვარცოფები იყო ნენსკრას ხეობაში, დევდორაკის შემთხვევაში და ა.შ. ეს პროცესი მოხშირებულია და, სამწუხაროდ, კიდევ იქნება, მაგრამ ეს არ იყო ძნელი პროგნოზირებადი. მით უმეტეს, ჩვენ თუ ვნახავთ ბოლო წლების გარემოს დაცვის დეპარტამენტის ანგარიშებს, ყველგან წერია, რომ ეს ზონა სახიფათოა. აღნიშნულია, როგორც მეწყერსაშიში და ღვარცოფსაშიში ზონა.
- გარემოს დაცვის სამსახურში ამბობენ რომ ეს საფრთხე არ იყო ბუბისწყლის მიმართულებით და ეს იყო დღვიორას მხარეს.
- რუკებზე შეგვიძლია ვნახოთ, რომ ეს ხეობაც იყო საშიში. გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, რომ ასი წელი არ ყოფილა ასეთი რამ ამ ტერიტორიებზეო. არადა, ღვარცოფული ნაკადები დაფიქსირებულია ბუბისწყლის შენაკადებზე, თვითონ მათაც აქვთ საუბარი თავის ანგარიშებში ამაზე. ასე რომ, ეს არ ყოფილა სიახლე. მეორეც, აქ ყველა მდინარე, დიდი თუ პატარა, გადატვირთულია ღვარცოფული მასალით და ასეთ დროს, სადაც იქმნება ხელსაყრელი ადგილი, იქ იჩენს თავს პრობლემა. გარდა ამისა, ის, რომ 100 წელი არ ყოფილა დიდი წყალმოვარდნა და ღვარცოფი, ეს არაფერს ნიშნავს. ბოლო 10 წელიწადში ზუსტად ამ ადგილას გაიზარდა ყინულის დნობის პროცესი და ეს მყინვარული საფრთხეები. ამიტომაც დიდი პროგნოზირება არ უნდოდა, რომ ასეთი საფრთხე შეიქმნებოდა.
- ბევრს საუბრობენ მონიტორინგის სისტემების დამონტაჟებაზე. ამბობენ, ეს აგვაცილებდა ამ ტრაგედიას.
- ვიცი, რომ ამ კუთხით ნელა, მაგრამ სხვადასხვა ტიპის დაკვირვების სისტემები შემოდის ქვეყანაში. აუცილებელია, გეოლოგური სააგენტოები იყოს მუნიციპალიტეტებში, შესაბამისი დაფინანსებით, თანამედროვე აღჭურვილობით და უნდა ხორციელდებოდეს მონიტორინგი.
- მონიტრინგის სისტემების მოქმედების დეტალებზე გვესაუბრეთ. როგორ კონტროლდება ეს პროცესი?
- მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემები ავტომატიზირებულია. ეს ძალიან ძვირად ღირებული სისტემებია და ბუნებრივია, ყველგან ვერ გაკეთდება. ჩვენ კი არა, გაცილებით ძლიერი ქვეყნები ვერ შეძლებენ ამას, მაგრამ უნდა ავირჩიოთ პრიორიტეტები. ავტომატური სისტემები უნდა დადგეს იმ დასახლებებთან და კურორტებთან, რომლებიც მყინვარებთან და მდინარეებთან ახლოს არიან. ავტომატურ სისტემებს მუდმივი შემოწმება და მეთვალყურეობა უნდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი იჯდეს მონიტორთან 24 საათი და ყველაფერი აკონტრილოს. ავტომატური სისტემები შემდეგი პრინციპით მუშაობენ - მდინარეში წყლის დონის, ნალექის მომატების ანუ ნებისმიერი მკვეთრი ცვლილების შეტყობინება ხდება სიგნალით და უნდა ატყდეს განგაში. შეიძლება, 112- შიც შევიდეს შეტყობინება. თანამედროვე ტექნოლოგიები დღეს ისეა მოწყობილია, პარალელურად, შეიძლება დამონტაჟდეს იმ ტერიტორიაზე განთავსებულ სასტუმროებში, რაიონის მერის, რწმუნებულის ოთახში.
- სად არის დამონტაჟებული ასეთი სისტემები ჩვენთან?
- სისტემები, რომელიც ღვარცოფებს ეხება, დამონტაჟებულია დევდორაკთან, თბილისის ახალ გზაზე და ბეთანიის გზაზე. ეს გაკეთდა მას შემდეგ, რაც ვერეს ხეობაში ჩამოწვა მეწყერი და მოხდა ტრაგედია, ანალოგიურად, ყაზბეგში, დევდორაკშიც ტრაგედიის შემდეგ დამონტაჟდა ეს სისტემები. თუმცა დევდორაკსა და თბილისში დამონტაჟებული სისტემები განსხვავებულია. თბილისს მყინვარის მოწყვეტის საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ წყალმოვარდნების საფრთხე არსებობს. ბეთანიასთან დამონტაჟებული სისტემა, საფრთხის შემთხვევაში, განგაშს ტეხს და სიგნალით ატყობინებს, სავარაუდოდ, 112-ს და ასეთ დროს, ავტომატურად უნდა გადაიკეტოს გზები.
- ასეთ შემთხვევაში დრო საკმარისია გაქცევისთვის?
- შოვში ეს სისტემა რომ ყოფილიყო, მყინვარიდან ნაკადი რომ წამოვიდოდა, ეს სისტემა ჩაირთვებოდა. თუ დავუჯერებთ ვერსიას, რომ ნაკადი 10 წუთში იყო შოვში, თუნდაც ეს 10 წუთი სრულიად საკმარისი დროა იმისთვის, რომ ადამიანმა რამდენიმე ასეული მეტრი გაიაროს და უხიფათო ადგილას მოხვდეს. იქ ხომ მაქსიმუმ 100 მეტრი უნდა გაევლოთ იმ ადგილამდე, სადაც საშიშროება აღარ დაემუქრებოდათ, სამწუხაროდ, ვერაფერი გაიგო ხალხმა და ეს უმძიმესი შედეგი დადგა. მონიტორინგის სისტემები სხვაა და, ასევე, არის ადრეული შეტყობინების სისტემები. ასეთ დროს, ინფორმაცია წყლის დონის მომატების შესახებ ავტომატურად გადაეცემა ცენტრს, რაც, ასევე ავტომატურად, გაძლევს საშუალებას, შეისწავლო მდინარის მონაცემები, მეტეოსადგურებიდან გაიგო ამინდის პროგნოზიც, იცოდე, რა ხდება მდინარეებზე - ამის საფუძველზე ხდება საფრთხის რუკების შედგენა.
(სპეციალურად საიტისთვის)