ჩეხეთი ჰაველს ეთხოვება - კვირის პალიტრა

ჩეხეთი ჰაველს ეთხოვება

ჩეხეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. გარდაიცვალა ჩეხოსლოვაკიის რიგით მე-10 და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი. თუმცა, ჩეხეთში და მთელ მსოფლიოშიც უპირველესად მას მოიხსენიებენ როგორც დრამატურგს, ესეისტს, სამართალდამცველსა და დისიდენტს.

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ინტელექტუალების, თუნდაც დისიდენტების მოღვაწეობა "დიდ პოლიტიკაში" მეტწილად მარცხით მთავრდება (ქართულ პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, ამის შესანიშნავი მაგალითია პოლონეთის პირველი დისიდენტი და პრეზიდენტი ლეხ ვალენსა, რომელმაც მეორე საპრეზიდენტო არჩევნებში 1%-ზე ნაკლები ხმა მიიღო). ხშირად მათ იმ პრინციპებსა და მორალურ ღირებულებებზე უწევთ უარის თქმა, რომელთა ერთგულება და დაცვა, ოფიციალური პოსტის დაკავებამდე, უპირველეს მოვალეობად მიაჩნდათ. ამის მიზეზად პოლიტიკაში დამკვიდრებულ დრაკონულ თამაშის წესებს ასახელებენ, რომელთა შესრულებაც აუცილებელია, თუ ამ ასპარეზზე რაიმე ღირებულის მიღწევა გსურს. ვაცლავ ჰაველი უიშვიათესი გამონაკლისი იყო არა მხოლოდ დისიდენტ-პოლიტიკოსთა შორის, არამედ პროფესიონალ პოლიტიკოსთა შორისაც. 1993 წელს, როდესაც ჩეხეთის პრეზიდენტი გახდა, მას ქვეყნის მოსახლეობის 80%-მა გამოუცხადა მხარდაჭერა, ხოლო 10 წლის შემდეგ, პოსტის დატოვებისას, მისი რეიტინგი 55%-ზე დაბლა არ ჩამოსულა. მსგავსი შედეგი პრეზიდენტობის 2 ვადის გასვლის შემდეგ არც ერთ პოლიტიკოსს არ ჰქონია.

"მოულოდნელად აღმოვჩნდი პრივილეგიების, ექსკლუზიურობის, უპირატესობებისა და ვიპ-პირთა სამყაროში, რომელთაც ნელ-ნელა ავიწყდებათ, რა ღირს ტრამვაის ბილეთი და ერთი ბრიკეტი კარაქი, როგორ უნდა გაიკეთონ თავისთვის ყავა, როგორ მართონ ავტომანქანა და აკრიფონ ტელეფონზე სასურველი ნომერი", - ერთგვარი შეშფოთებით აცხადებდა პრეზიდენტის სავარძელში ჩაბრძანების შემდეგ, როდესაც მის წინაშე პრაღის საპრეზიდენტო სასახლის ზღაპრული კარი გაიღო. პიროვნება, რომლის ცხოვრების უმთავრესი დევიზი მუდამ იყო "ნონ კონფორმიზმი", უცებ უმაღლესი პრივილეგიების "ტყვეობაში" აღმოჩნდა. არადა, სულ რამდენიმე წლის წინ მსგავსი პრივილეგიებით აღჭურვილი პერსონების მიმართ არათუ უარყოფითად იყო განწყობილი, არამედ ეცოდებოდა კიდეც ისინი.

"უცებ მივხვდი, რომ ეს კაცი მებრალებოდა. ვცადე, წარმომედგინა მისი ცხოვრება, სასტიკი გარეგნობის მცველების კომპანიაში გატარებული დღეები, გადატვირთული განრიგი, დაუსრულებელი შეხვედრები, მოლაპარაკების სესიები და გამოსვლები: როცა უწევს უამრავ ადამიანს მიმართოს, დაიმახსოვროს ვინ ვინაა, არ დაავიწყდეს წაოხუნჯებაც, მაგრამ, ამავე დროს, დაუკვირდეს ყოველ სიტყვას, იყოს კორექტული და არ წამოსცდეს ისეთი ფრაზა, რომელსაც სენსაციებზე ჩასაფრებული გარე სამყარო მის წინააღმდეგ გამოიყენებს", - წერდა 1989 წელს ჩეხოსლოვაკიის დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი უპირველესი ლიდერი და იდეოლოგი ვაცლავ ჰაველი, ხოლო "ეს კაცი," რომელსაც შეჰყურებდა და ეცოდებოდა, გახლდათ პლანეტის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს მმართველი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი მიხაილ გორბაჩოვი.

იქნებ პრივილეგიათა და პრივილეგირებულთა მიმართ შინაგანი პროტესტის გამოხატვის ერთგვარი ფორმა იყო ისიც, რომ პრეზიდენტის აპარტამენტებში დასახლებულმა ჰაველმა სასახლის მცველებს ხაკისფერი უნიფორმა შეუცვალა და ჩეხი რეჟისორის, მილოშ ფორმანის ფილმ "ამადეუსის" კოსტიუმების მხატვარს მათთვის თეთრ, ლურჯ და წითელ ფერებში გადაწყვეტილი ტანსაცმელი შეაკერვინა. უარი განაცხადა დიპლომატთა და პოლიტიკოსთა სამუშაო "ფორმის" - შავი კოსტიუმის ტარებაზე - ამ ტანსაცმელში ჟიგოლოს დავემსგავსებიო - და თავის განუყრელ ჯინსებსა და ველვეტის პიჯაკში გამოწყობილი დადიოდა საპრეზიდენტო სასახლის უზარმაზარ დარბაზებში. ხანდახან კი მის გრძელ დერეფნებში სკუტერითაც გადაადგილდებოდა. არ მოეწონა სასახლეში ჩამოკიდებული ძველისძველი ჭაღები. ეს მისმა მეგობარმა, ჯგუფ "როლინგ სტოუნზის" ლიდერმა მიკ ჯაგერმა გაიგო და მისთვის ახალი ჭაღები შეუკვეთა. პროტოკოლის მუშაკებსა და მომსახურე პერსონალს კი სასახლის მრავალრიცხოვანი განათებისა და დაცვის ელექტრონული სისტემების სამართავი პულტებით ათასგვარ სიურპრიზსა და ოინს უწყობდა.

ეს ყველაფერი მაინც ჩეხოსლოვაკიის საქვეყნოდ ცნობილი "ხავერდოვანი რევოლუციის" რომანტიკული ტალღიდან გამოყოლილი სიმსუბუქე იყო. მალე ქვეყნის პოლიტიკური მართვის პულტთან მისულ დისიდენტს, რომელიც აცხადებდა, რომ სიყვარულით ბოროტების დამარცხება არა მხოლოდ ზღაპრებში, არამედ რეალურ ცხოვრებაში, უფრო მეტიც, პოლიტიკაშიც კი შეიძლება, კომუნისტური წყვდიადისაგან გამოსული, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გზაზე შემდგარი ქვეყნის პრეზიდენტის მძიმე და რუტინული საქმიანობის გაწევა მოუხდა. ამ საქმესაც ბრწყინვალედ გაართვა თავი, ვინაიდან მის პიროვნებაში, რაოდენ უჩვეულოდ უნდა გვეჩვენებოდეს, მშვიდობიანად "თანაცხოვრობდნენ" მორალური პრინციპების ერთგული რევოლუციონერი და პრაგმატულად მოაზროვნე პოლიტიკოსი. ამის შესანიშნავი მაგალითია დღევანდელი პუტინისეული რუსეთის ჰაველისეული ხედვა, რომელიც არა მხოლოდ ჩეხებისთვისაა საგულისხმო: "რაც შეეხება რუსეთს, ჩემი აზრით, იქ ერთგვარი მანიპულირებადი დემოკრატიის, ანუ დიქტატურის ახალი ტიპი გაჩნდა, რომელიც კომუნიზმზე უფრო მოქნილი და განვითარებულია. ეს ჩანს რუსეთის ერთი შეხედვით შეუმჩნეველ მცდელობებში, აღადგინოს სხვა სახელმწიფოებზე კონტროლი. ამისათვის რუსეთი ახლა იყენებს არა უზარმაზარ არმიებს, არამედ პოლიტიკურ და ეკონომიკურ წნეხს. უდიდესი რუსული კომპანიები თანდათან ყიდულობენ ჩვენს ფირმებს და ამით რუსეთის ეკონომიკური ძლიერება იზრდება, შესაბამისად, იზრდება მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ზეგავლენაც. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვჭირდება რუსეთთან კონფლიქტი. მასთან ისეთი ურთიერთობა უნდა გვქონდეს, როგორიც ნებისმიერ სხვა პარტნიორთან. მაგრამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ იმის თქმა, რასაც ვფიქრობთ და არავის მივცეთ უფლება, დაშინება დაგვიწყოს. თუ რუსეთი გვეტყვის, რომ შეგვიწყვეტს გაზისა და ნავთობის მოწოდებას, უნდა ვუპასუხოთ: "არც გვჭირდება, თქვენთვის დაიტოვეთ". ჯობს, ნაკლები სინათლე და სითბო მოვიხმაროთ, ვიდრე ვიღაცას შანტაჟირების უფლება მივცეთ", - ეს ჰაველის გამოხმაურებაა ვლადიმირ პუტინის სიტყვებზე: "ევროპამ უნდა გადაწყვიტოს, უნდა გაზი თუ არა".

უკურნებელი სენი რამდენიმე წლის წინ აღმოუჩინეს, რამდენიმე ოპერაციაც გაიკეთა ფილტვზე, თუმცა, თამბაქოს მოწევას თავი მაინც არ დაანება. გარდაიცვალა ქალაქგარეთ, საკუთარ აგარაკზე, 75 წლისა.

დავით შალიკაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)