"კეზერაშვილი შემოვიდა "ბლატნოი პახოდკით", უკან მერაბიშვილი მოჰყვებოდა და დაიძახა - "მოდით, ბიჭო!" - 2008 წლის 7 აგვისტოს საგანგებო თათბირის დეტალები ანუ რატომ შეიცვალა სამხედრო ოპერაციის გეგმა?!
გთავაზობთ ნაწყვეტს პოლკოვნიკ ლაშა ქოიავას ინტერვიუდან, რომელშიც ის 2008 წლის 7 აგვისტოს, მაშინდელი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის კაბინეტში გამართულ საგანგებო თათბირის დეტალებს იხსენებს და ჰყვება, როგორ შეიცვალა სამხედროების მიერ შედგენილი ოპერაციის გეგმა.
"ყველა მეთაური იქ ვიყავით. ასეთ თათბირზე, წესით, უნდა მოვიდნენ ქვეყნის მთავარსარდალი, გენშტაბის უფროსი და უნდა დაიწყოს სამხედრო გეგმის განხილვა. წარმოიდგინეთ, ქვეყანაში ომი იწყება და მინისტრმა ორი საათი დააგვიანა! 7 საათი ხდებოდა, კარი რომ გაიღო და "ბლატნოი პახოდკით" შემოვიდა კეზერაშვილი. უკან მოჰყვებოდნენ ვანო მერაბიშვილი, შალვა ჯანაშვილი და ბოლოს - ზაზა გოგავა.
- მაშინდელი გენშტაბის უფროსი?
- დიახ. ასეთ დროს ქვეყანაში მთავარია ორი პირი: ქვეყნის მთავარსარდალი და გენშტაბის უფროსი. ყველა სხვა მინისტრი, მათ შორის - პრემიერი და თავდაცვის მინისტრი, მათ ექვემდებარება.
- მაშ, ზაზა გოგავა ბოლოში რატომ აღმოჩნდა?
- საქმე ის იყო, რომ გოგავა მანამდე 15 წელი პოლიციის სპეცრაზმში მსახურობდა და შალვა ჯანაშვილი იქ მისი უფროსი იყო. იგივე შემიძლია ვთქვა შს მინისტრ ვანო მერაბიშვილზე, ამიტომ გენშტაბის უფროსი, შეიძლება გაუაზრებლადაც, თავს ისევ პოლიციელად თვლიდა. მინისტრი უცებ შეტრიალდა და დაიძახა: ბიჭო, მოდით აქ!.. მთავარსარდალი არ მოვიდა, მინისტრი, რომელიც არ უნდა ყოფილიყო, იქ იყო, შს მინისტრი და მისი მოადგილეც არ უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ იქ იყვნენ, გენშტაბის უფროსი და ყველა მეთაურიც იქ ვიყავით. გავიფიქრე, ვიღას ეძახის-მეთქი და ამ დროს შემოლაგდნენ...
- ვინ?
- ხელისუფლების წარმომადგენლები. ადეიშვილიც რომ იყო, მახსოვს. ადგილი აღარ იყო, ზოგი სამხედრო კედელთან აიტუზა, ზოგი სკამის დასათმობად წამოდგა. ერთ სკამზე ორი სამხედრო იჯდა, თათბირზე დასწრების მსურველნი კი არ ილეოდნენ. ბოლოს კარშიც დადგნენ. არადა, თათბირზე, სადაც ქვეყნის საომარი გეგმა უნდა განეხილათ, დასწრების უფლება მხოლოდ რამდენიმე კაცს ჰქონდა! ბოლოს თათბირიც დაიწყო. სახმელეთო ჯარების სარდალი მამუკა ბალახაძე წამოდგა სამხედრო გეგმის განსახილველად. როგორც ადრე აღვნიშნე, გეგმის თანახმად, მეოთხე ბრიგადა - ზნაურის, მესამე ბრიგადა კი ერგნეთი-ვანათის მიმართულებით დაიწყებდნენ შეტევას და შეერთდებოდნენ ჯავასთან, ჩვენი არტილერიის დახმარებით გადავიდოდნენ ჯავაზე როკის გვირაბის ჩასაკეტად, მერე იქ დარჩებოდა ძალა, რომელიც როკის გვირაბს დიდი ხნით ჩაკეტავდა, მეოთხე და მესამე ბრიგადები კი უკან დაბრუნდებოდნენ, დაიკავებდნენ ცხინვალის სიმაღლეებს და ქალაქს დანებებას შესთავაზებდნენ. ამ დროს ერაყიდან დაბრუნებული პირველი ბრიგადა შევიდოდა ცხინვალში და მას პოლიცია შეჰყვებოდა წესრიგის დასამყარებლად. ამ გეგმის მთავარი ლაიტმოტივი ის იყო, რომ ჩვენ ცხინვალში არ შევდიოდით, მას გვერდს ვუქცევდით. გეგმის განხილვის დროს, როდესაც ბალახაძე უკვე დეტალებზე გადავიდა (თქვა, რომ ცხინვალში პირველ ბრიგადას პოლიცია შეჰყვებოდა წესრიგის დასამყარებლად, მაგრამ თუ ადგილობრივი ბანდფორმირებები წინააღმდეგობას გაუწევდნენ, პირველი ბრიგადა ჩაერთვებოდა, რომ პოლიციაში მსხვერპლი არ ყოფილიყო), უცებ შალვა ჯანაშვილმა წამოიძახა, ეგ ყველაფერი კარგია, მაგრამ ცხინვალს ჩვენ ავიღებთო.(?!)
ბალახაძეს რუკისკენ გაწვდილი ხელი გაუშეშდა და, როგორ აიღებთ ცხინვალსო, ძლივს ამოღერღა გაოგნებულმა.
- როგორ და, პოლიციური ძალებით!
- და როგორ? ოდესმე გაგითამაშებიათ მსგავსი ოპერაცია? იციან პოლიციურმა ძალებმა, ქალაქში როგორ უნდა იმოქმედონ? - არ ცხრებოდა ბალახაძე.
სამხედროებს გადავხედე. ყველას სახეზე ეწერა, რომ ჯანაშვილს არ ეთანხმებოდნენ.
- თქვენ არ იცით, პოლიციას როგორი სპეცრაზმი ჰყავს! - თქვა ზაზა გოგავამ.
- გენშტაბის უფროსი თანახმა იყო, თავისი სამხედროების შედგენილი გეგმა შეეცვალა - ცხინვალი არა ჯარს, არამედ პოლიციურ ძალებს გაეთავისუფლებინა? აბსურდი მგონია.
- აბსურდი ის იყო, რომ საომარ თათბირზე პოლიციელი იჯდა და კიდევ უარესი ის იყო, რომ ომს იწყებ და გენერალურ თათბირს მთავარსარდალი არ ესწრება! ეს იყო სამშობლოს ღალატის ტოლფასი დანაშაული... მამუკა ბალახაძე ძალიან სხარტი ბიჭია. უცებ მოუტრიალდა ამ მოჟრიამულე პოლიციელებს და, კარგიო, უთხრა, თან დააყოლა, თქვენს პოლიციურ ძალებს ვინმე პასუხისმგებელი პირი თუ ეყოლებაო. რა თქმა უნდაო, დაუდასტურა ჯანაშვილმა. მაშინ მასთან კავშირზე იქნება ჩვენი მეკავშირე და თუ რამე პრობლემა შეგხვდებათ, გვაცნობეთ, შტაბი დაამუშავებს კოორდინატებს და არტილერიის დახმარებით ჩაგიხშობთ საცეცხლე წერტილებსო... ბალახაძე ისევ გეგმას მიუბრუნდა და გააგრძელა ახსნა, რა მოხდებოდა, როდესაც მესამე და მეოთხე ბრიგადა მოიხსნებოდა ცხინვალიდან და ჩავიდოდა დასავლეთში... უცებ ჯანაშვილმა: ეს საკმარისი არ არის, ცოცხალი ძალაც გვინდა. ხომ ამბობდით, პოლიციური ძალებითო - ბალახაძეს ეტყობოდა, რომ მოთმინებას კარგავდა. კი მაგრამ, ცოცხალი ძალა მაინც დამჭირდება! - არ იშლიდა ჯანაშვილი. მაშინ გეგმის მიხედვით ვიმოქმედოთ. როცა ჩვენ დავამთავრებთ, ცხინვალში მაშინ შეხვალთ, მერე კი ყველა ერთად ვიყვირებთ, რომ პოლიციამ გაათავისუფლა ცხინვალი. არაო, ჯანაშვილმა, ჯერ ჩვენ ავიღებთ ცხინვალს და მერე თქვენ რაც გინდათ, ის ქენითო... როგორ აიღებთ? - გაუმეორა კითხვა ბალახაძემ.როგორ თუ როგორ? რა, ჯარი არ მყავს, ამდენი ფული რომ დამახარჯვინეთ? - ჩაერია საუბარში კეზერაშვილი. ჯარს გეგმის მიხედვით თავისი ამოცანა აქვს, - არ შეეპუა ბალახაძე. გოგავამ - აბა, რისი გენშტაბის უფროსი ვარ, თუ ჯარი არ გვყავსო?! სამხედროები ამაოდ ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ, რომ ჯარი გვყავს, მაგრამ სამხედრო გეგმის მიხედვით ყველას თავისი ამოცანა აქვს. რეზერვი არაფრის მაქნისი არ იყო - 18 დღეში მომზადებულ ხალხს რა უნდა ექნა!
- ბოლოს რაზე შეთანხმდით?
- ატყდა კამათი, საიდან მოეყვანათ დამატებითი ცოცხალი ძალა. დაიწყეს განათლების რეზერვიდან - ჩაჩიბაია იყო მათი უფროსი. პოლიციას გადაეცა ცალკეული ჯავშანსატანკო ქვეითი ნაწილები, მისცეს სპეცრაზმი, მიუხედავად იმისა, რომ მას თავისი ამოცანა ჰქონდა. პოლიციური ძალების გაძლიერება, ქალაქის აღება და სანგრებში ჯდომა ახლოსაც არ არის სპეცრაზმის სპეციფიკასთან.
თათბირზევე რეზერვში მყოფი სამხედრო ნაწილები, რომლებსაც უნდა ჩაენაცვლებინათ ბრიგადები და მშვიდობიან რეჟიმში გადაეყვანათ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, პოლიციელებს გადასცეს. ჩვენ, ფაქტობრივად, რეზერვის გარეშე დავრჩით.
- რატომ?
- ვაზუსტებ: რეზერვისტებს არ ვგულისხმობ, არამედ სამხედრო პროფესიულ სარეზერვო ნაწილებს. რადგან ჩვენ ისინი პოლიციელებს გადავეცით, უფრო ადრე ერთვებოდნენ ბრძოლაში, ვიდრე ძირითადი დანაყოფები, ამიტომ როცა ძირითადი დანაყოფები დაქანცულები დაბრუნდებოდნენ, ჩვენ მათი ჩამნაცვლებელი აღარ გვრჩებოდა.
თათბირზე პოლიციელების ინიციატივის შემდეგ გეგმა, ფაქტობრივად, ჩაიშალა.