პლაჩიდო დომინგოს რჩეული ქართველი დები - კვირის პალიტრა

პლაჩიდო დომინგოს რჩეული ქართველი დები

მსოფლიოს რომელი მუსიკოსი არ ნატრობს თანამედროვეობის უდიდეს საოპერო ვარსკვლავთან, პლაჩიდო დომინგოსთან თანამშრომლობას. ნინო სანიკიძე პლაჩიდო დომინგომ ლოს-ანჯელესის ახალგაზრდა არტისტების სტუდიის მუსიკალურ ხელმძღვანელად მიიწვია. ნინო სანიკიძის და - თამარ სანიკიძე სან-ფრანცისკოს ოპერის წამყვანი პიანისტია.

ჩვენ ვესაუბრეთ ნინო სანიკიძეს, რომელმაც მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ინტერვიუზე უარი არ გვითხრა:

- ქალბატონო ნინო, დედათქვენი, დოდო ცინცაძე ცნობილი პედაგოგია. ალბათ, მუსიკა ბავშვობიდან მოგყვებათ.

- ჩვენს სახლში სულ მუსიკა ისმოდა. ხუთი წლისა ვიყავი, როცა მუსიკის შესწავლა დავიწყე. დედა ყველგან დაგვატარებდა, არც ერთი სპექტაკლი და გამოფენა არ გამორჩებოდა, წიგნების არჩევაშიც გვეხმარებოდა. დედაჩემის დიდი პედაგოგიური წარმატების მიზეზი სწორედ ის არის, რომ მრავალმხრივ განათლებას იძლევა. წელს ზაფხული საქართველოში გავატარე და ბავშვობა მომაგონდა, – დედასთან ისევ დადიოდნენ მოსწავლეები, ჩვენ დავდიოდით კონცერტებსა და სპექტაკლებზე. რაც შეეხება თამარს, მიუხედავად იმისა, რომ ერთ შტატში ვცხოვრობთ,  ერთმანეთს ხშირად ვერ ვნახულობთ. ძალიან დატვირთულია, სან-ფრანცისკოს ოპერის წამყვანი პიანისტია. წელს, ზაფხულში, ერთად ვიყავით მოსკოვში, "ოპერალიის" კონკურსზე. სექტემბერში თამარი ლოს-ანჯელესის ოპერაში ჩამოვიდა, ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინის" მოსამზადებლად და ეს უბედნიერესი თვე იყო. ისე შევეჩვიეთ ერთად ყოფნას, რომ განშორება ძალიან გაგვიჭირდა. თბილისში ძალიან მოეწონათ თამართან მუშაობა და, ალბათ, ხშირად მოიწვევენ ჩვენს თეატრში.

- მუსიკალური განათლება საქართველოში მიღეთ?

- დიახ, ნიჭიერთა ათწლედის დამთავრების შემდეგ ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში გავაგრძელე სწავლა. ასპირანტურაც კონსერვატორიაში დავამთავრე. შემდეგ ამერიკაში, გავაგრძელე სწავლა, ჩრდილოეთ აიოვას უნივერსიტეტში, სადაც მაგისტრის ხარისხი დავიცავი, შემდეგ მერილენდის უნივერსიტეტში - დოქტორის ხარისხი. იტალიაში, საერთაშორისო კონკურსზე ავიღე კონცერტმაისტერის პრიზი და ამერიკაში, სანტა-ბარბარაში, საუკეთესო კონცერტმაისტერის პრიზი "Maryln Hornis"-ის სახელობის კონკურსზე.

- სად გაიცანით პლაჩიდო დომინგო?

- ვაშინგტონში, 2003 წელს, როცა ვაშინგტონის ოპერის სტუდიაში ჩავაბარე. სტუდიის დამთავრების შემდეგ ლოს-ანჯელესის ოპერის ახალგაზრდა არტისტების სტუდიის ხელმძღვანელობა შემომთავაზა. ჩემთვის დიდი დღესასწაულია მაესტროსთან მუშაობა. ამჟამად ლოს-ანჯელესის ოპერაში "რომეო და ჯულიეტას" დირიჟორობს, სადაც ჩემი ორი უახლოესი მეგობარი – ნინო მაჩაიძე და ვიტორიო გრიგოლო მონაწილეობენ. მე ამ სპექტაკლის სუფლიორი ვარ და ყოველ წარმოდგენას მოუთმენლად ველი, რომ გავიზიარო ამ არაჩვეულებრივი მუსიკოსების ხელოვნება. მაესტრო ძალიან თბილი ადამიანია. თავისი სიბრძნითა და გამოცდილებით ძალიან ბევრს ეხმარება. ამის მაგალითებია მისი სახელობის ახალგაზრდა არტისტების სტუდიები ვაშინგტონის ოპერაში, ლოს-ანჯელესის ოპერაში და ასევე ესპანეთში, ვალენსიაში. პლაჩიდო დომინგომ დააარსა საერთაშორისო ვოკალური კონკურსი "ოპერალია", რომელიც ყოველ წელს სხვადასხვა ქალაქში იმართება. მე და ჩემი და თამარი ამ კონკურსის ოფიციალური პიანისტები ვართ და ყოველ წელს ახალი ტალანტების აღმოჩენის მოწმენი ვხდებით.

მაესტრო დომინგოს დიდი ოჯახი აქვს, – სამი შვილი და რვა შვილიშვილი ჰყავს. დატვირთული განრიგი არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ბევრი დრო გაატაროს მათთან, მაგრამ როგორც კი დრო გამოჩნდება, ყოველთვის მიემგზავრება მათ სანახავად. მისი მეუღლე - მარტა დომინგო ცნობილი საოპერო რეჟისორია. როდესაც არ არის დაკავებული სპექტაკლებით, მეუღლეს ყოველთვის თან დაჰყვება.

- ტალანტების აღმოჩენა ახსენეთ. საბედნიეროდ, საქართველოსაც არაერთი ტალანტი ჰყავს...

- დიახ, ვაშინგტონში გავიცანი ცნობილი ქართველი მომღერალი და პედაგოგი მედეა ნამორაძე. ის შესანიშნავი მუსიკოსი და ადამიანია. "ოპერალიის" კონკურსზე შევხვდი და დავუმეგობრდიKქეთი ქემოკლიძეს, ანა კასიანსა და თეონა დვალს. სიამაყით ვადევნებ თვალყურს მათ მოღვაწეობას. მე და გიორგი გაგნიძე თბილისის კონსერვატორიაში ერთად ვსწავლობდით და მიხარია, ასეთ ფართო ასპარეზზე რომ გავიდა.

ნინო მაჩაიძე 2009 წელს ამერიკაში გავიცანი. "სიყვარულის ნექტარი" იმღერა. მაშინ შევხვდით ერთმანეთს და თავიდანვე დიდი სითბოთი და სიყვარულით განვეწყვეთ ერთმანეთის მიმართ. ნინო არა მარტო ულამაზესი და უნიჭიერესი მომღერალია, არამედ ძალიან თბილი და ყურადღებიანი ადამიანი და კოლეგა. მისი სპექტაკლები ყოველთვის უდიდესი წარმატებით სარგებლობს. სექტემბერში მისი მეჯვარე ვიყავი, - დაუვიწყარი ქორწილი გადაიხადა ლაგო-მაჯორეზე.

ლოს-ანჯელესის ოპერის კულისებში წინა სეზონების ფოტოებია გამოკრული, რომელსაც მე "ქართულ კედელს" ვეძახი. 6 სურათიდან სამზეო ნინო მაჩაიძე და გიორგიGგაგნიძე არიან გამოსახული.

- თქვენი თანამდებობიდან გამომდინარე, ალბათ, ძალიან გადატვირთული ხართ.

-  ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ის თეატრი, სადაც ვმუშაობ. ჩემდა საბედნიეროდ, ჩემი ბევრი მეგობარი ჩამოდის ჩვენს თეატრში და ასე მგონია, ერთი დიდი ოჯახი ვართ. დეტალურად თუ გაინტერესებთ, დილით მივდივარ სავარჯიშო დარბაზში. ეს სიახლეა ჩემს ცხოვრებაში. როცა ასეთი ცხოვრების წესი გაქვს, სპორტული აქტივობა აუცილებელია. ვარჯიშის შემდეგ მივდივარ შინ, რომ მოვემზადო გრძელი დღისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია რას ჩავიცვამ, რადგან მთელი დღე თეატრში ვარ. ხან სპექტაკლია, ხან მოსმენა, ხან შეხვედრა და ამიტომ კარგად უნდა გამოვიყურებოდე. თეატრში ადრე მივდივარ, სანამ რეპეტიციები და გაკვეთილები დაიწყება, ოფისის საქმეებს ვაგვარებ. ასე რომ, ძალიან დატვირთული ვარ, ხშირად ღამის 2 საათზე მივდივარ შინ.…

- საქართველოს კულტურულ ცხოვრებას თუ ადევნებთ თვალყურს?

- მხოლოდ მაშინ, როცა ჩამოვდივარ. გამიხარდა, შარშან, ნოემბერში, მაესტრო დომინგო რომ საქართველოში ჩამოვიდა. მეც მაცნობა ამ კონცერტის შესახებ და კიდევ უფრო გამიხარდა, როცა მითხრა, შენც უნდა წამოხვიდეო. ბათუმის კონცერტი ლამაზი სიზმარივით მახსოვს.

- როგორია თქვენი გეგმები?

- დეკემბერსა და იანვარში ვატარებთ ახალგაზრდა არტისტების სტუდიის მისაღებ კონკურსს. იანვარში გაიმართება სხვადასხვა სპექტაკლი. მაგალითად, მაესტრო დომინგო იმღერებს "ბოჰემაში" და ა.შ.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)