"სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არჩია, „ნაციონალური მოძრაობის“ ამ პოლიტიკას აჰყვეს" - რატომ აკრიტიკებს შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილს?
ნაციონალური მოძრაობის“ არსი და მიზანია გახლეჩა, საზოგადოების დაპირისპირება და ზიზღის დათესვა. სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არჩია, „ნაციონალური მოძრაობის“ ამ პოლიტიკას აჰყვეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ სანამ ხელისუფლებაში იყო, ყოველთვის 8 აგვისტოს, ოჯახის წევრებთან ერთად მიაგებდა დაღუპულების ხსოვნას პატივს.
„ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ 2008 წლის დაღუპულების ხსოვნას, ყველას ხსოვნას, ვინც 6 აგვისტოს დაიღუპა, 9 აგვისტოს, ანწუხელიძის ხსოვნას, 11 აგვისტოს დაღუპული შინდისის გმირების ხსოვნას, ყველას, ვინც ამ ომში დაიღუპა. ეს თარიღებით მანიპულაცია, ძალიან არასწორია. ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოს სახელმწიფო, 2008 წლიდან მოყოლებული 8 აგვისტოს მიაგებს პატივს დაღუპულების ხსოვნას. თავად „ნაციონალური მოძრაობა“ სანამ ხელისუფლებაში იყო, ყოველთვის 8 აგვისტოს, ოჯახის წევრებთან ერთად მიაგებდა პატივს დაღუპულების ხსოვნას. როდესაც ყველა სახელისუფლებო ბერკეტი დაკარგეს, ისინი დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ არა დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად, არამედ მარტო და მალულად ამოდიან ძმათა სასაფლაოზე. ამის პასუხია თავად „ნაციონალური მოძრაობის“ არსსა და მიზანში, მათი არსი და მიზანია გახლეჩა, საზოგადოების დაპირისპირება, ზიზღის დათესვა. სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არჩია, „ნაციონალური მოძრაობის“ ამ პოლიტიკას აჰყვეს, დღეს საქართველოს პრეზიდენტი დაღუპულების ოჯახებთან არ არის ძმათა სასაფლაოზე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"