საარჩევნო კოდექსის ცვლილებებში დამარხული ძაღლის თავი - კვირის პალიტრა

საარჩევნო კოდექსის ცვლილებებში დამარხული ძაღლის თავი

საქართველოს პარლამენტი საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პროექტს განიხილავს. წარმოდგენილ ცვლილებების პაკეტს ექსპერტი-კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აფასებს:

- საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პროექტში ყოველდღიურად შედის შესწორებები, ამიტომ დეტალურ განხილვას არ დავიწყებ, მხოლოდ ფუნდამენტურ საკითხებს შევეხები. დავიწყოთ იმით, რომ საარჩევნო კოდექსი შედგება სამი სახის ნორმებისგან: პირველი და უმთავრესია ფუძემდებლური ნორმები, რაც შენობის საძირკველს შეიძლება შევადაროთ; მეორე არის ის საკითხები, რაც ამ ფუძემდებლური ნორმების განსახორციელებლად არის საჭირო და რასაც ინფრასტრუქტურაც შეიძლება ვუწოდოთ. მესამე კი არის, ასე ვთქვათ, ფასადური ნორმები, რომლებიც საარჩევნო სისტემისა და პროცესის გარეგან მხარეს არეგულირებს. უნდა ითქვას, რომ ის ცვლილებები, რაც დღეს ხდება, ძირითადად, ფასადურ ნორმებს შეეხება, ფუნდამენტური საკითხები კი ან არ იცვლება, ან ისე იცვლება, რომ უარესდება. რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ: პირველი - საარჩევნო სისტემა, რომელიც არ უმჯობესდება, საარჩევნო ოლქები ამომრჩეველთა რაოდენობით ძველებურად ისევ განსხვავდება ერთმანეთისგან. არადა, ამის გადახედვას ვენეციის კომისიაც და ევროსაბჭოც კარგა ხანია ითხოვენ. ასევე არსებითად არაფერი შეცვლილა მაჟორიტარული და პროპორციული სისტემის თვალსაზრისითაც. პოლიტიკურმა პარტიამ ჯამურად შეიძლება მიიღოს ხმათა დაბალი პროცენტი, ანუ ჰყავდეს გაცილებით ცოტა მხარდამჭერი, მაგრამ მაჟორიტარული მანდატების ხარჯზე პარლამენტში დეპუტატების უმრავლესობა გაიყვანოს, რაც დიდი უსამართლობაა. მეორე, რაც ასევე ფუნდამენტური საკითხია და რომელიც ასევე არ შეცვლილა, არის საარჩევნო სიების შედგენის საკითხი. სიების დამდგენი კომისიის შექმნა ამ სფეროში არსებულ პრობლემებს ვერ გადაჭრის. სიებში კვლავაც უამრავი პირია, რომლებიც არ უნდა იყონ და რომელთა გამოყენებითაც შეიძლება არჩევნების გაყალბება. მესამე საკითხია არჩევნებში მედიის მონაწილეობის საკითხი, ჯერჯერობით ამ მიმართულებითაც საარჩევნო კოდექსში ცვლილება არ შესულა.

- ბატონო ვახტანგ, როგორ შეაფასებთ პარტიების დაფინანსების საქმეში შემოღებულ შეზღუდვებს?

- უარყოფითად. მოგეხსენებათ, ცვლილებები შედის არა მხოლოდ საარჩევნო კამპანიის დაფინანსების რეგულირებაში, არამედ ცვლილება შედის ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში და იცვლება პარტიათა დაფინანსების წესი. ამ ცვლილებებით იურიდიულ პირებს ეკრძალებათ როგორც საარჩევნო კამპანიის, ასევე საზოგადოდ, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. ასევე პოლიტიკურ პარტიებს ეკრძალებათ სესხის აღება ყველასგან, გარდა კომერციული ბანკებისა. ამასთან, კომერციული ბანკებისთვის დაწესებულია მთელი წლის განმავლობაში პოლიტიკურ პარტიებზე სესხის გაცემის ზღვრული ოდენობა. პროექტის მიხედვით, ეს ოდენობა არის 100.000 ლარი, ანუ წლის განმავლობაში ამაზე მეტი ოდენობის სესხის გაცემის უფლება პოლიტიკურ პარტიებზე ბანკს არ ექნება. შეზღუდვა უწესდებათ პოლიტიკური პარტიების წევრებსაც საწევრო შენატანებზე. ამის გარდა, ახალი რეგულირებით სრულად უნდა გაკონტროლდეს არა მხოლოდ შემოწირულობა, არამედ საწევრო შენატანებიც. ანუ პარტიამ მაკონტროლებელ ორგანოს, ანუ კონტროლის პალატას, ყველა იმ პირის სრული რეკვიზიტი უნდა გადასცეს, ვინც იხდის პარტიის საწევროს. აქვე უნდა მივუთითო იმაზე, რომ საწევროს შეტანაც კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ საბანკო გადარიცხვით, ანუ საწევრო გადასახადი - ერთ-ორი ლარი რომ შეიტანო, ამისთვის ერთი ლარი ბანკს უნდა გადაუხადო. ასეთი ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს პარტიის შესაძლებლობას, მოახდინოს ფინანსური რესურსების აკუმულირება, რათა ის საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს.

- აქამდე მმართველი პარტიისთვის შეწირული თანხები, როგორც წესი, ათჯერ აღემატებოდა ყველა სხვა პარტიის ერთად აღებულ შემოწირულობებს, დღეს ამგვარი რეგულირების შემოღება ერთნაირ პირობებში არ ჩააყენებს ყველა პარტიას?

- არა, რადგან როგორც აქამდეც ხდებოდა, ეს რეგულირების ნორმები და შეზღუდვები იმოქმედებს მხოლოდ ოპოზიციური პარტიებისთვის და ნაკლებად - სახელისუფლებო პარტიისთვის. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: წინა არჩევნებზე ”ნაციონალური მოძრაობისთვის” თანხის შემწირველთა შორის მრავლად იყვნენ ფიზიკური პირები, რომელთაც პარტიას 30.000-ლარიანი შემოწირულობა გაუკეთეს. ჩატარდა ჟურნალისტური გამოძიება და გადაიღეს ფილმი, რომელშიც ვნახე, როგორ მოძებნეს ის ფიზიკური პირები. ერთმა თქვა, არავისთვის არაფერი შემიწირავსო, მეორის მეუღლემ კი, ამდენი ფული არასოდეს მინახავსო, თუმცა, მოგვიანებით ქმარმა დაადასტურა, რომ მმართველ პარტიას ფული შესწირა. გამოდის, რომ ერთ შემთხვევაში სხვისი პირადობის მოწმობით ისარგებლეს და მისი სახელით ფული ისე ჩაურიცხეს ”ნაცმოძრაობას”, რომ იმ კაცს არაფერი უთხრეს, მეორე შემთხვევაში კი მისცეს ფული და უთხრეს, სად უნდა გადაერიცხა. ვინაიდან ამგვარი შემთხვევები არ გამოიძიეს და არც არავინ დასაჯეს, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ხელისუფლების ხელდასხმით მოხდა. ამის გაკეთება არც ახლა გაუჭირდებათ. ამის გამოვლენისა და აღკვეთის საშუალება არ არსებობს, რადგან გამოძიებასაც, პროკურატურასაც და სასამართლოსაც ხელისუფლება აკონტროლებს. ეს რომ ოპოზიციურმა პარტიამ გააკეთოს, უცებ ამუშავდება სახელმწიფო მანქანა და ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩააგდებენ. აი, აქ არის ძაღლის თავი დამარხული, თორემ რეგულირების წინაღმდეგი არავინ არის. აქამდე ამ სფეროს რეგულირება ხელისუფლებას არ სჭირდებოდა, რადგან აწყობილი ჰქონდა საქმე. იურიდიულმა პირებმა იცოდნენ, თუ ოპოზიციურ პარტიას შესწირავდნენ რამეს, მათ მიმართ უცებ ამოქმედდებოდა საგადასახადო ორგანოები თუ ფინანსური პოლიცია და ამიტომაც მხოლოდ მმართველ პარტიას აფინანსებდნენ. მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ სცენაზე გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც იციან, რომ ამგვარი მექანიზმებით ვერ შეაშინებენ, ადგნენ და შემოიღეს მთელი რიგი შემზღუდავი ნორმები. გარდა ამისა, პარტიების შესახებ კანონში შედის სხვა ცვლილებები და ძალიან ორაზროვნად ჩამოყალიბებული ნორმები, რომ თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ ან ირიბად იქნა დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან და ამ ორგანიზაციამ რაიმე საქმიანობა გასწია ამ პარტიის სასარგებლოდ, ან გასწია საქმიანობა, რომელიც ამ პარტიას პირდაპირ ან ირიბად დაეხმარება, მაშინ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართაც ამოქმედდება ის შეზღუდვები, რაც პოლიტიკური პარტიების მიმართ მოქმედებს. მაგალითად, ის, რომ პარტიებს ეზღუდებათ დაფინანსება საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, ასევე უცხოეთში დარეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირებისგან. მოკლედ, ისეთი ორაზროვანი ჩანაწერები ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ იმუშავებს.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)