“15 წლის შემდეგ პირველად ვაჟღერებ ამას...“ - რა უცნობ დეტალებზე ისაუბრა გენერალმა მამუკა ყურაშვილმა აგვისტოს ომისა და მიხეილ სააკაშვილის შესახებ? - კვირის პალიტრა

“15 წლის შემდეგ პირველად ვაჟღერებ ამას...“ - რა უცნობ დეტალებზე ისაუბრა გენერალმა მამუკა ყურაშვილმა აგვისტოს ომისა და მიხეილ სააკაშვილის შესახებ?

გენერალი მამუკა ყურაშვილი აგვისტოს ომის დღეებზე "ფორმულასთან" საუბრობს და იხსენებს იმ მძიმე ვითარებას, რომელშიც მოსახლეობა და მთელი ქვეყანა აღმოჩნდა:

"7 აგვისტოს უკვე გააფთრებული შეტევები იყო ქართულ საგუშაგოებზე. როგორც მოგეხსენებათ, 6 აგვისტოს უკვე გვყავდა დაღუპული სამშვიდობოები და ის ფაქტი, რომ მანდატი მოშლილი იყო, ნათელი იყო, მაგრამ ბოლო წამამდე ვცდილობდით, რომ ეს ყველაფერი, თუ შეიძლება ასე ითქვას, აგვერიდებინა და თავის კალაპოტში მოგვექცია.

როგორც ჩანს, გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. ეს ჩვენ არ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ დავრჩენილიყავით რუსი სამშვიდობოების იმედად.

მინდა ავღნიშნო ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, ეს არის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება 2008 წლის 7 აგვისტოს, 17:00 საათზე. უმაღლესი მთავარსარდალი იღებს უპირობო გადაწყვეტილებას და სთავაზობს სეპარატისტულ ძალებს, ფაქტიურად რუსებს, ცეცხლის ცალმხრივ შეწყვეტას. გაუწოდა ხელი და ეს ხელი დარჩა გაწვდილი, რაზეც ჩვენ მივიღეთ გააფთრებული შეტევა, ეს აღიქვეს სისუსტედ...

ჩანაფიქრი იყო ხელისუფლების ჩამოშლა და დედაქალაქის დაკავება. აქვე უნდა ითქვა ისიც, რომ უმაღლესი მთავარსარდლის მიხეილ სააკაშვილის პირადი ქცევიდან გამომდინარე, ეს არის "საქციელის კაცი". ქვეყანა რომ დაეტოვებინა, სახელმწიფო ჩამოიშლებოდა.

დღეს უნდა გავაჟღერო ის, რაც აქამდე არ მითქვამს, იმიტომ, რომ ჰააგის ტრიბუნალი მიმდინარეობდა, უკვე ყველაფერზე პასუხი გაცემულია. აქ მინდა შემოვიყვანო გორის ეპიზოდის ყბადაღებული თემა. დაცვამ ზედმიწევნით გააკეთა ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. როდესაც დასაცავი ობიექტი არ ემორჩილებათ, შეუძლიათ გათიშონ კიდეც. პიროვნულად მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი.

მიხეილ სააკაშვილი იყო ცხინვალის მისადგომებთან... დიდი ლიახვის ხეობიდან დაიძრა ჩვენი მოსახლეობა, რაც გეგმის ნაწილი იყო, მან იცოდა სად უნდა მიბრძანებულიყო და გაეკონტროლებინა ვითარება. ამას ჰქვია სამხედრო ეშმაკობა, ქვემო ნიქოზთან მოვიზიდეთ ბანდფორმირებები, რათა გამოთავისუფლებულიყო ტყის გზა. იყო ძალიან ძლიერი აფეთქებები...

თავიდან რომ დავინახე, არ მჯეროდა, რომ იქ ვნახავდი მას, მაგ დროს სამშვიდობოები გამოჰყავდათ. 15 წლის შემდეგ პირველად ვაჟღერებ ამას, ეს გაჟღერებული მაქვს ჰააგის ტრიბუნალის დაკითხვის დროს..." - იხსენებს გენერალი მამუკა ყურაშვილი აგვისტოს ომის დღეებს "ფორმულასთან" საუბრისას.