"გახევებული ვიდექი და თავჩაქინდრული თოვლს დავცქეროდი - 26 დაღუპულს - ლოყებღაჟღაჟა ბავშვებსა და ქალებს" - სვანეთისა და გუდაურის უდიდეს ტრაგედიებს ჯუმბერ პატიაშვილი იხსენებს
"ჩემი გადაწყვეტილებით, სვანეთიდან გადასახლებული მოსახლეობით ქვემო ქართლში 18 ახალი სოფელი შეიქმნა"
1987 წელს სვანეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა...
„იმდენად ტრაგიკული სურათი დამხვდა, რაღაც მომენტში მეგონა, რომ აზროვნების უნარი წამერთვა... გახევებული ვიდექი და თავჩაქინდრული თოვლს დავცქეროდი. თოვლში ბავშვებისა და ქალების ცხედრები ეწყო... ლოყებღაჟღაჟა ბავშვები, რომლებსაც სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდათ, გარდაცვლილები იყვნენ, მაგრამ ლოყებზე ჯერ კიდევ შერჩენოდათ ჯანმრთელი სიწითლე...", - ქვეყნის მაშინდელ პირველ პირს - ჯუმბერ პატიშვილს დღესაც უჭირს საუბარი, რა სურათიც სვანეთში დახვდა მაშინ...
ჯუმბერ პატიაშვილმა სვანეთის ტრაგედია წიგნში - "ოცდასამი წლის შემდეგ" აღწერა.
- ყველაზე მეტად, ადამიანი საკუთარ უმწეობასა და უსუსურობას სტიქიის უბედურების დროს გრძნობს. ამ დროს მნიშვნელობა აღარ აქვს, ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი ხარ თუ რიგითი მოქალაქე. სტიქიის წინაშე ყველა თანაბრად უძლურია.
უხვთოვლიანობა საქართველოს მაღალმთიანი რაიონებისთვის უცხო არ ყოფილა, მაგრამ იმ წელს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
გუდაურის ახალგახსნილ სამთო-სათხილამურო კომპლექსში მოზარდთა ოცკაციანი ჯგუფი გარე სამყაროს მოწყდა. ვერტმფრენით გადავფრინდით გუდაურში, ბავშვები იმავე ვერტმფრენით უსაფრთხო ტერიტორიაზე, ფასანაურში გადმოვიყვანეთ და მშობლებს უვნებლად ჩავაბარეთ.
სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელებულა, ფასანაურშივე შემატყობინეს, რომ სვანეთში დიდთოვლობამ 26 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
თბილისში აღარ დავბრუნებულვარ, ფასანაურიდან პირდაპირ სვანეთში გავფრინდით.
იმდენად ტრაგიკული სურათი დამხვდა, რაღაც მომენტში მეგონა, რომ აზროვნების უნარი წამერთვა... გახევებული ვიდექი და თავჩაქინდრული თოვლს დავცქეროდი. თოვლში ბავშვებისა და ქალების ცხედრები ეწყო... ლოყებღაჟღაჟა ბავშვები, რომლებსაც სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდათ, გარდაცვლილები იყვნენ, მაგრამ ლოყებზე ჯერ კიდევ შერჩენოდათ ჯანმრთელი სიწითლე. ტკივილის სიტყვებით გამოხატვა ვერც მაშინ შევძელი და ახლაც, წლების შემდეგაც მიჭირს.
სვანეთის ტრაგედია არ ყოფილა აღქმული როგორც ერთი რესპუბლიკის, ერთი კონკრეტული რეგიონის ტრაგედია, მან საკავშირო ინტერნაციონალური ხასიათი მიიღო. რიგითი ადამიანებიდან მოყოლებული, უმაღლესი ხელისუფლების ჩათვლით, ყველა დახმარებას ცდილობდა.
სამძიმრის და გულითადი თანაგრძნობის დეპეშების მიხედვით, მოგვიანებით რუსულენოვანი წიგნიც გამოიცა, სახელწოდებით „სტიქია და ხალხი“...
შეიქმნა სამთავრობო კომისია და იმავე წელს, გაზაფხულიდანვე დავიწყეთ სტიქიით დაზარალებულთათვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. ასეულობით სახლი და 18 ახალი სოფელი აშენდა.
სვანები, ძირითადად, ქვემო ქართლში, საგარეჯოს რაიონში და წყალტუბოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩავასახლეთ, კომპაქტურად.
დმანისის რაიონში, სადაც პრაქტიკულად, არაქართული მოსახლეობა ცხოვრობდა, ავაშენეთ ახალი ქართული სოფელი თავისი ადმინისტრაციული პუნქტით, საბავშვო ბაღითა და სკოლით.
„აღორძინების“ გახსნა საზეიმო ვითარებაში ჩატარდა, თბილისიდან საკმაოდ სოლიდური დელეგაციით ჩავედით, სახალხო ზეიმში არა ერთმა გამოჩენილმა მოღვაწემ, მწერალმა, მეცნიერმა თუ მსახიობმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მაშინაც კი, ახალმოსახლეობის საზეიმო ვითარებაში, მეხსიერებიდან არ ამომდიოდა ის დღე - სვანეთის პირქუში, დათოვლილი მთები, ტკივილისაგან გახევებული მამაკაცები და თოვლზე ლოყებღაჟღაჟა ბავშვებისა და უმწეო ქალების ჩამწკრივებული ცხედრები...
ჩემს ფოტოგალერეას შემორჩა ის კადრები...
მართალია, მათი შეხედვა ყოველთვის გულს მიმძიმებს, მაგრამ ეს ჩვენი ქვეყნის ტრაგიკული ფურცელია და მას ვერც საკუთარი ბიოგრაფიიდან ამოხევ...
პორტალის "მშობლები.ge" რედაქტორი, ლელა ზურებიანი სოციალურ ქსელში წერს:
"1987 წლის ზამთარი სვანეთში დღესაც მწარედ ახსოვთ - რამდენიმე სოფელში ჩამოწვა ზვავი (სულ, 9-დან 30 იანვრამდე 300-ზე მეტი ზვავი დათვალეს... მარტო ერთმა ზვავმა, რომელიც 9 იანვარს მულახს დაატყდა თავს, 26 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და შემდეგ კიდევ მოჰყვა მსხვერპლი, ოჯახები უსახლკაროდ დარჩნენ და ეკომიგრანტებად იქცნენ, მასობრივად ჩამოასახლეს ბარში...
მე მაშინ 10 წლის ვიყავი. მეხსიერებაში ჩამრჩა გამუდმებული კივილის და ზარის ხმა მესტიაში, უშუქობა, რომელიც მანამდე არ მენახა, დედაჩემის გაქვავებული სახე და მამა, რომელიც მხოლოდ ღამით შემორბოდა სახლში, რომ ერთი ლუკმა ეჭამა და ორი საათი დაეძინა... და დაუსრულებელი გლოვა...
სამუდამოდ დამრჩა მეხსიერებაში შავებში ჩაცმული, განადგურებული კაცი, რომელსაც ცოლ-შვილი დაეხოცა ზვავის დროს და მათი ფოტოები მკერდზე არ ეტეოდა“
(სპეციალურად საიტისთვის)
ასევე იხილეთ მაშინელი სიუჟეტი - 1987 წელს, სვანეთში მომხდარი სტიქიის ამსახველი უნიკალური კადრები
ასევე დაგაინტერესებთ: