კულუარული ბრძოლები: რას ეუბნებოდნენ სააკაშვილს ბუში და კონდოლიზა რაისი და როგორ გეგმავდა პუტინი "ცხინვალის ხაფანგს" - კვირის პალიტრა

კულუარული ბრძოლები: რას ეუბნებოდნენ სააკაშვილს ბუში და კონდოლიზა რაისი და როგორ გეგმავდა პუტინი "ცხინვალის ხაფანგს"

"აგვისტოს ომის" შემდეგ თხუთმეტი წელი გავიდა, თუმცა დღემდე უამრავი კითხვა, ცოტა პასუხი და ძალზე ბევრი დეზინფორმაცია არსებობს. დეზინფორმაციას (შემოკლებით – „დეზას“) , როგორც ფსიქოლოგიური ომის ძირითად იარაღს, ერთი მეტად საინტერესო თვისება აქვს. ბავშვობაში ყველას ჩაგვიგდია წყალში ქვა და რაც უფრო მოზრდილი იყო ის, მით უფრო დიდი წრეები კეთდებოდა წყლის ზედაპირზე. ასეა დეზინფორმაციაც, რაც უფრო დიდია სიცრუე და არარეალურია ფაქტები, მით უფრო სწრაფად და დიდი ხნის მანძილზე იპყრობენ ისინი ჩვენი მოქალაქეების გონებას. „დეზას“ კანონია: რასაც (რაც არ უნდა დიდი ტყუილი იყოს) ბევრჯერ და დამაჯერებლად გაიმეორებ, ხალხი იჯერებს ან სულ მცირე – “ეჭვის ჭია” მაინც შეეპარება. ამიტომ “დეზას” რეაგირება და დასაბუთებული უარყოფა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ უყურადღებოდ დატოვებ, “დეზა” მიზანს მიაღწევს.

ფსიქოლოგიურ ომს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჩრდილოელი მეზობელი ათწლეულების მანძილზე აწარმოებს, რაც სიახლე არაა. რუსეთის ეფ–ეს–ბეს და გე–ერ–უს საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის ანალიტიკოსები ჰყავს და მათი განსაკუთრებული “სიყვარული” და “ყურადღება” საქართველოს მიმართ ცნობილია. ისინი ყურადღებით სწავლობენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ცდილობენ მათთვის სასურველი მიმართულებით წაიყვანონ ჩვენი ქვეყნის საგარო და საშინაო პოლიტიკა. „აგვისტოს ომის“ ტრაგედიიდან თხუთმეტი წელი გავიდა და რუსეთის სპეცსამსახურებმა მორიგი დეზინფორმაციული შეტევა დაიწყეს. შემსრულებლად ისევ ძველი და კარგად ნაცნობი სახეები მოგვევლინენ.

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია კვლავ „კრემლის“ ანტიამერიკულ დეზინფორმაციას იმეორებს და აცხადებს, რომ: „ . . . სააკაშვილი აგენტია, რომელიც 2003 წელს საქართველოში ამერიკულ რევოლუციას ჩაუდგა სათავეში, ამერიკული აგენტურა მოიყვანა ხელისუფლებაში და ამერიკელების ყველა დავალების პირნათლად შემსრულებელი იყო. დაამყარა ავტორიტარული რეჟიმი, გადაავსო ციხეები და აწამებდა პატიმრებს, შიშის ქვეშ ჰყავდა ბიზნესი, მიიტაცა ტელევიზიები, გაასხვისა სტრატეგიული ობიექტები და ა.შ. თუმცა, მთავარი მიზეზი, რატომაც იცავენ სააკაშვილს და მის გათავისუფლებას ცდილობენ, მის მიერ შესრულებული მთავარი დავალებაა. ამერიკელებისთვის ყველაზე ფასეული იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პროვოცირება, რომელმაც რუსეთის ეკონომიკასა და საერთაშორისო იმიჯს პირველი სერიოზული დარტყმა მიაყენა და რუსეთსა და ევროპას შორის სერიოზული ბარიერი შექმნა“ (ციტატის დასასრული).

აქ ინჯიამ (უფრო სწორედ იმან, ვინც ტექსტი შეუდგინა) დეზინფორმაციის კლასიკური მეთოდი გამოიყენა: სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მართლაც ჩადენილ მრავალ დანაშაულს, ანტიამერიკული ტყუილებიც მიამატა (თითქოს ამერიკელებმა მოახდინეს „აგვისტოს ომის“ პროვოცირება). სააკაშვილის საბედისწერო შეცდომების ამერიკელებზე გადაბრალება – ეს რუსეთის დეზინფორმაციული ოპერაციის ნაწილია. გარდა ამისა ინჯიას ტექსტში „მცირე უზუსტობებიცაა“ გაპარული: ვითომ არ იცის ბიზნესმენ–დეპუტატმა, რომ სააკაშვილმა საქართველოს სტრატეგიული ობიექტები სწორედ რუსეთს გადაულოცა? სააკაშვილსა და კახა ბენდუქიძეს არ დასცალდათ, თორემ საქართველოს რკინიგზისა და გაზსადენის რუსეთისთვის გადაცემას ამზადებდნენ. ლოგიკური კითხვა: სააკაშვილი თუ „ამერიკის აგენტი“ იყო მოსკოვის სასარგებლოდ რატომ მოქმედებდა?

2003 წლის ნოემბრის ე.წ. „ვარდების რევოლუცია“, ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლა (სახელმწიფო გადატრიალება აბა სხვა რა არის?) და სააკაშვილის გაპრეზიდენტება, შემდეგ ჟვანიას საეჭვო გარდაცვალება და სააკაშვილისთვის ერთპიროვნული მმართველობის პირობების შექმნა, სწორედ რომ რუსეთის სპეცსამსახურების სცენარით განხორციელდა. პუტინის მრავალწლიანი ფარული გეგმები ჯერ „ცხინვალის ხაფანგში“ საქართველოს გაუწონასწორებელი და უზომოდ პატივმოყვარე პრეზიდენტის შეტყუებას, შემდეგ ფართომასშტაბიან ომს, ბოლოს კი სეპარატისტული რეგიონების „დე იურე“ აღიარებას გულისმობდა. სამწუხაროდ ეს გეგმები განახორციელა კიდეც.

picture2-1691486049.jpg

ამ საკითხებზე არაერთხელ დამიწერია, თუმცა „პრორუსი“ დეპუტატის ახალი დეზინფორმაციის „გატარება“ და გაჩუმება, მტერ–მოყვარის გარკვევაში ამ ბოლო დროს ისედაც დაბნეულ ქართულ საზოგადოებას, კიდევ უფრო არასწორ აზრს შეუქმნის ჩვენს მართლაც მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაზე. უკანასკნელ წლებში ბევრი დოკუმენტი გამოქვეყნდა, დაიბეჭდა იმ მოვლენებში უშუალოდ მონაწილე პოლიტიკოსების მემუარები და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ცხინვალის ხაფანგში" სააკაშვილს "მწვანე შუქი" თავად რუსეთმა აუნთო და იქ შეტყუება, მისი უზომო პატივმოყვარეობიდან და კომპლექსებიდან გამომდინარე, არ გასჭირვებია. ამის დასტურად მხოლოდ რამდენიმე ფაქტს გაგაცნობთ.

WikiLeaks-მა ბევრი დოკუმენტი გამოაქვეყნდა საქართველოზე. კერძოდ, საიდუმლო მასალები ასახავდა ამერიკელი დიპლომატების (საქართველოში აშშ-ის ელჩების: ჯონ ტეფტის და ჯონ ბასის, ასევე, რუსეთში აშშ-ის ელჩის - უილიამ ბერნსის) მიმოწერას სახელმწიფო დეპარტამენტთან, ასევე, 2006-2008 წლებში სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებთან მათი შეხვედრების ანგარიშებს. ჯერ კიდევ 2006 წლის ივლისში აშშ-ის ელჩი რუსეთში ბერნსი (დღეს ამერიკის „პირველი მზვერავი“) სახელმწიფო დეპარტამენტს გაკვირვებული ატყობინებდა: " ყველა რუსი, მათ მიერ დაკავებული თანამდებობისა და პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, დარწმუნებული არის, რომ საქართველო ემზადება სამხრეთ ოსეთში ომის დასაწყებად და მათ აშშ აქეზებს".

2006 წლის პირველ ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და უშიშროების საბჭოს მდივან იგორ ივანოვს. მეორე დღეს ის რუსეთში აშშ-ის ელჩ უილიამ ბერნსს ეწვია და წინა დღის საუბრის შინაარსი გააცნო. "რუსეთის მხარემ პირდაპირ განუცხადა ბეჟუაშვილს: ისინი ეჭვობენ, რომ საქართველო აპირებს სამხედრო მოქმედებების ჩატარებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და თუ მსგავსი რამ მოხდება, რუსეთი სამხედრო ძალით უპასუხებდა საქართველოს და ამ შემთხვევაში რუსეთს ნაკლებად ანაღვლებს საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია. ივანოვმა განუცხადა ბეჟუაშვილს, რომ რუსეთი არ ენდობა ქართულ მხარეს და გარანტიები მოითხოვა უმაღლეს დონეზე, .. . მე განვუცხადე ბეჟუაშვილს, რომ რუსები არ ხუმრობდნენ და სიმშვიდის შენარჩუნება იქნება უფრო მეტად მომგებიანი ქართული მხარისთვისო", - აცნობებდა ბერნსი ვაშინგტონს. ბერნსი მემუარებში იხსენებს: „აგვისტოს ომამდე, როდესაც შედგა შეხვედრა კონდოლიზა რაისსა და ვლადიმერ პუტინს შორის, სახელმწიფო მდივანმა საუბარი წამოიწყო საქართველოს შესახებ და მოუწოდა პუტინს, არ დაეშვა სააკაშვილთან არსებული კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია, რომელიც დაკავშირებული იყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსთან. მან პუტინისგან ხისტი პასუხი მიიღო: რუსეთის პრეზიდენტმა სააკაშვილი აშშ-ის მარიონეტად მოიხსენია და განაცხადა: თუ სააკაშვილი ძალას გამოიყენებს, ისიც იძულებული იქნება, ძალა გამოიყენოს და აღიაროს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი“ (ციტატის დასასრული).

რუსეთისთვის მთავარ სტრატეგიულ ამოცანად "ცხინვალის ხაფანგი" რჩებოდა: მათი გათვლებით ამ "ხაფანგში" სააკაშვილის შეტყუებით ნატოში საქართველოს შესვლა გაურკვეველი ვადით გადაიწევდა.

picture3-1691486049.jpg

კონდოლიზა რაისი

ამერიკელები ხედავდნენ, რომ რუსეთი სააკაშვილის პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი დარწმუნება, რომ რაიმე საბედისწერო შეცდომა არ დაეშვა. პრეზიდენტმა ბუშმა თეთრ სახლში ვიზიტისას პირდაპირ განუცხადა სააკაშვილს: „რუსეთი არ გააღიზიანო, რუსეთს ვერ მოერევი და მე ვერ დაგიცავ – გეოგრაფიის გამო“. 2008 წლის ივლისის დასაწყისში საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა აშშ–ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, რომელმაც სააკაშვილი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ რუსეთის პროვოცირება არ მოეხდინა, სხვა შემთხვევაში ის მარტო დარჩებოდა და ეს სააკაშვილის დასასრული იქნებოდა. კონდოლიზა რაისმა სააკაშვილს ამ სიტყვებით მიმართა: "ბატონო პრეზიდენტო, რაც არ უნდა გააკეთოთ, არ მისცეთ რუსეთს თქვენი პროვოცირების საშუალება. გახსოვთ, პრეზიდენტმა ბუშმა თქვა, რომ მოსკოვი ეცდება, რამე სულელური გაგაკეთებინოთ. არავინ მოვა თქვენს დასახმარებლად და თქვენ წააგებთ". რაისი მემუარებში წერს: „ ეს ვუთხარი მკაცრად და ჩემი სიტყვები ცალსახად არაორაზროვანი იყო – ეს აუცილებელი იყო, რათა თავი ამერიდებინა არასწორი ინტერპრეტაციისათვის, რომ ამერიკა საქართველოს იარაღით ხელში დაიცავდა...“. აი ესაა რეალური ფაქტები და არა ინჯიას მორიგი დეზინფორმაცია!

მეგობარმა ქვეყნებმა მრავალჯერ გააფრთხილეს საქართვლოს მაშინდელი პრეზიდენტი ძალისმიერი გზით კონფლიქტების მოგვარების არაპერსპექტიულობაში. ამერიკელი დიპლომატი დენიელ ფრიდი წერს: „ მახსოვს იყო საუბარი იმაზე, რომ ამერიკამ, თითქოსდა სააკაშვილს საიდუმლო მწვანე შუქი აუნთო. მე პირადად ვიყავი ოთახში, როცა კონდოლიზა რაისმა სააკაშვილს უთხრა: სამხედრო ოპერაციის არჩევანი არ გაქვს და თავი ნუ მოგაქვს ისე, თითქოს ეს გაქვს. მას ჩვენგან მკაფიო წითელი შუქი ჰქონდა სამხედრო ოპერაციაზე. მათ ( სააკაშვილმა – ბ.ა.) საჭიროდ ჩათვალეს ჩვენთვის არ მოესმინათ და ამისთვის საზღაური მიიღეს.“

ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აშშ-ს ადმინისტრაციამ მრავალჯერ, მკაცრად და მკაფიოდ გააფრთხილა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება ძალისმიერი გზით კონფლიქტების მოგვარების არაპერსპექტიულობაში.

2008 წლის 18 სექტემბერს, ვაშიგტონში, მარშალის ფონდში გამოსვლისას , აშშ-ის მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოში წინასწარ დაგეგმილ შეჭრას საფუძველი რამდენიმე თვით ადრე ჩაუყარა, თუმცა თქვა ისიც , რომ: ”რა თქმა უნდა საქართველოს ლიდერებს შეეძლოთ უკეთესად ემოქმედათ სამხრეთ ოსეთში გასულ თვეს მომხდარი მოვლენების დროს, ამაზე თვალის დახუჭვა არავის არგებს. ჩვენ ვაფრთხილებდით ჩვენს ქართველ მეგობრებს, რომ რუსეთი მათ ანკესზე წამოაგებდა და ეს მხოლოდ მოსკოვს მისცემდა ხელს. მაგრამ რუსეთის ლიდერებმა ეს გამოიყენეს საბაბად, რათა დაეწყოთ ის, რაც როგორც ჩანს, იყო დამოუკიდებელი მეზობლის დაპყრობის წინასწარ დაგეგმილი მცდელობა. რუსეთის ლიდერებმა ამ სცენარს საფუძველი თვეების წინ ჩაუყარეს - რუსული პასპორტების საქართველოს სეპარატისტებს შორის გავრცელებით, მათი მებრძოლების წვრთნითა და შეიარაღებით და შემდეგ საქართველოს საზღვრის გასწვრივ მიმდინარე სამხედრო წვრთნებით.”

აშშ–ის ხელისუფლებამ კარგად იცოდა, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში საკუთარი სამხედრო ბაზების დასაბრუნებლად და გავლენის გასაძლიერებლად ნებისმიერ პროვოკაციაზე წავიდოდა და ამიტომ მკაცრად აფრთხილებდა სააკაშვილს არ გადაეკვეთა „წითელი ხაზი“.

picture4-1691486049.jpg

დათა ვანიშვილის და ჯონ მაკკეინის შეხვედრა საოკუპაციო ხაზთან. სოფელი ხურვალეთი, 2017 წლის 1 იანვარი.

ინჯია რუსეთთან ათწლეულებია რაც "ჩახუტებულია": გარდა იმისა, რომ ორმაგი (რუსეთისა და საქართველოს) მოქალაქეობა აქვს, წლებია ძალზე სერიოზულ ბიზნესსაც ფლობს რუსეთში. ასე რომ ვინც ფულის შოვნის ნებას გრთავს, ის გიკვეთავს მუსიკასაც. ჩანს, რომ ანტიამერიკული დეზინფორმაციის გავრცელება ინჯიას დაავალეს. ამ ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ „აგვისტოს ომის“ დაწყებით პერსონალურად იყო დაინტერესებული ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელმაც 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანია რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე ააგოო. 2018 წელს გარდაცვლილი, საქართველოს დიდი მეგობარი ჯ. მაკკეინი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს მსოფლიოს გასაგონად განაცხადა: "დღეს ყველა ქართველები ვართო", "კრემლის" მიერ "ნომერ პირველ" მტრად იყო მიჩნეული, ახლა კი ფ. ინჯია არ ასვენებს საფლავში.

ინჯია იმაზეც "სწუხს", რომ თურმე 2008 წლის ომმა პირველი ბზარი გააჩინა ევროპასა და რუსეთს შორის. "ევროპელი სოციალისტების" ლიდერი ფ. ინჯია არასოდეს მალავდა სიმპატიებს რუსეთის ხელისუფლების მიმართ. გასულ წელს ფრი­დონ ინ­ჯია გა­მოვი­და ინი­ცი­ა­ტი­ვით, რომ პარ­ლა­მენ­ტში შე­იქ­მნას სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც შე­ი­მუ­შა­ვებს კა­ნონპ­რო­ექტს, რი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას "სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ჩა­რე­ვის­გან და­ი­ცავს“: ანუ აშშ და ევროპის ქვეყნები მტრული განზრახვით ერევიან საქართველოს საქმეებში და უნდათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები მიიტაცონ, რუსეთი კი „მეგობრულად“ ახდენს ჩვენს ოკუპაციას და ეს მდგომარეობა უნდა გაგრძელდეს, თანაც გვიხაროდეს? „კრემლის“ საამებლად ნათქვამი მისი სიტყვების შემდეგ ლუსტრაცია უკვე აღარაა საჭირო: ისედაც ნათელია თუ ვინაა "რუსეთის კაცი".

უკანასკნელ ხანს მომძლავრებული „ღია“ და „ფარული“ „პრორუსული“ ძალები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. „კრემლის სიით" გასული ქართველი პარლამენტარების ყოფნა საკანონმდებლო ორგანოში რეალური და სერიოზული საფრთხეა საქართველოს მომავლისთვის. ამ რეალობაზე თვალის დახუჭვა კი ღალატის ტოლფასია.