"XXI საუკუნემ დედამიწაზე ეგოიზმი დააკანონა, ეს გრძნობა ყველაფერს ჭამს და ანადგურებს. ბედნიერი ვერავინ იქნება ადამიანთან, რომელიც მარტო საკუთარ ეგოს და ვნებებს იკმაყოფილებს" - კვირის პალიტრა

"XXI საუკუნემ დედამიწაზე ეგოიზმი დააკანონა, ეს გრძნობა ყველაფერს ჭამს და ანადგურებს. ბედნიერი ვერავინ იქნება ადამიანთან, რომელიც მარტო საკუთარ ეგოს და ვნებებს იკმაყოფილებს"

რას ურჩევს მამა შალვა ახალგაზრდებს, რომლებიც ოჯახს ქმნიან?

"ეს ქვეყანა და ეს ხალხი მხოლოდ სიკეთემ და სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს"

თანამედროვე ადამიანს უამრავი მანკიერება აწუხებს, რომელიც ბოლოს, მთელი საზოგადოების პრობლემა ხდება და ჩვენს ყოფას ამძიმებს. დეკანოზ შალვა კეკელიასთან ინტერვიუ შოვის ტრაგედიით დავიწყეთ და იმ მანკიერებებით დავასრულეთ, რომელსაც მამა შალვა თანამედროვე საქართველოში ხედავს:

- პირველ ყოვლისა, ვიზიარებ იმ დიდ ტკივილს და მწუხარებას, რომელიც სტიქიურმა უბედურებამ მოგვაყენა! ეს არ არის მხოლოდ გარდაცვლილთა ოჯახების ტკივილი, ეს ჩვენი, საერთო ტკივილია! რა თქმა უნდა, ეს ჩემი ტკივილი და განსაცდელიცაა. ხომ შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი აღმოჩენილიყო ანალოგიურ მდგომარეობაში?! ის, რომ გარდაცვლილებს ვერ პოულობენ, მათი ოჯახებისთვის კიდევ უფრო დიდი სტრესი და განსაცდელია. ერთადერთი ნუგეში ამ დროს იმ ადამიანთა საქციელია, რომლებიც ხიფათში ჩავარდნილ ადამიანებს მხარში ამოუდგნენ, ხელი გაუწოდეს და დაეხმარნენ. აუცილებლად უნდა ვახსენო საოცარი კაცი - დავით ბერიაშვილი, რომელმაც სხვებისთვის თავი გაწირა: ჯერ მეუღლე გადაარჩინა, სამშვიდობოს გამოიყვანა და მერე, ღვარცოფში შებრუნდა, რათა სხვებს დახმარებოდა. თავის გმირულ საქციელს შეეწირა. სწორედ ეს არის ქრიტიანობა - როცა შეგიძლია სხვა ადამიანისთვის თავი გაწირო!

ასეთ დროს განსაკუთრებული როლი ენიჭება მედიას, რომელმაც ხალხი უნდა გაამხნევოს და იმედი მისცეს. იმას კი არ ვამბობ, რომ სიმართლე არ უნდა ვიცოდეთ, მაგრამ სასოწარკვეთილების გრძნობა არ უნდა გავაღვივოთ. ერთხელ, პატრიარქმა ჟურნალისტები დაიბარა და უთხრა: ხომ შეიძლება საინფორმაციო გამოშვება კარგი ამბებით დაიწყოთ და რაც ცუდი მოხდა, ბოლოს თქვათ, რომ ადამიანს მომავლის იმედი გაუჩინოთო... მგონი, საზოგადოების სურვილიც ასეთია: მუდმივი ნეგატივი და უარყოფითი ამბები ადამიანის ფსიქიკას აზიანებს და თრგუნავს.

რაც შოვში მოხდა, საშინელებაა, ამიტომ ჩვენი საზოგადოება მხარში უნდა ამოუდგეს და გაამხნევოს ყველა, ვისაც ეს ტრაგედია უშუალოდ შეეხო.

- მამა შალვა, თქვენი აზრით, დღევანდელ საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა და მძიმე ცოდვა რა არის?

- უმადურობით დავიწყებ, რადგან ეს ყველაზე ვერაგი და საშიში ცოდვაა. ქართველებს ღმერთმა ყველაფერი მოგვცა: ასეთი ლამაზი ქვეყანა, მშვენიერი ბუნება, ამდენი წყალობა ღვთისა, სხვა ქვეყნებში სანთლით უნდა ეძებო, მაგრამ ჩვენ მაინც უმადურები ვართ. უმადურობა ღვთისა და ერთმანეთის მიმართ - ეს ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვაა, რომელმაც ანგელოზი ბოროტ ძალად აქცია. ვინ იცის, რამდენი სისხლი დაიღვარა, რომ ეს ქვეყანა დღემდე მოსულიყო, რამხელა მსხვერპლი გაიღეს ჩვენმა წინაპრებმა, რომ 21-ე საუკუნემდე მოვსულიყავით, რომ ქართველობა და მართლმადიდებლობა შეგვენარჩუნებინა, მაგრამ ჩვენ მაინც უმადურნი ვართ. უმადურობა ის განცდაა, რომელიც ადამიანის სულს ტყვიასავით ამძიმებს.

"ჩემთვის ეს ყველაფერი აბსოლუტური მოულოდნელობა იყო - სასიამოვნო მოულოდნელობა" - რას ამბობს მამა შალვა ტაძარში დაბადების დღის აღნიშვნაზე

- ალბათ, უმადურობას განკითხვაც უნდა დავუმატოთ - სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რა დიდი სიყვარულით აღნიშნა მრევლმა თქვენი დაბადების დღე! სამწუხაროდ, ამ ვიდეოს ქვეშ ბოროტი კომენტარებიც იყო... როგორ ახერხებს ზოგი, რომ ლამაზ, სასიამოვნო ამბავშიც ცუდი დაინახოს?

- ჯერ ერთი, არც ერთი კომენტარი არ წამიკითხავს, რადგან კარგა ხანია, იმუნიტეტი გამოვიმუშავე და კომენტარებს საერთოდ აღარ ვკითხულობ. ადრე ვკითხულობდი და კიდეც განვიცდიდი, მაგრამ ახლა აღარ ვკითხულობ! ჩემთვის, როგორც სასულიერო პირისთვის, ძალიან მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ ქართველებს ეს გვახასიათებს: როდესაც ვინმე წარმატებას მიაღწევს, ვაქებთ და ვადიდებთ, მაგრამ საკმარისია რაღაც შეეშალოს, ან ვინმემ რაღაც ნაკლი მოუნახოს, რომ მაშინვე ვიწყებთ მის ლანძღვა-გინებას და შეურაცხყოფას. არ ვიცი, ეს რას დავაბრალო, მაგრამ თუ ნამდვილი ქრისტიანი ხარ, გაჭირვებამ არ უნდა გაგაბოროტოს და როცა ვიღაცას უჭირს, ან ვინმეს ამცირებენ, შენ არ უნდა გიხაროდეს. როცა ადამიანს ლანძღავ და მიწასთან ასწორებ, ეს უარყოფითი აზრები, უარყოფით ენერგია ისევ შენ არ გაზიანებს?

ერთ ამბავს გავიხსენებ: რამდენიმე თვის წინ, ჩემთან მოვიდა ერთი ახლობელი და მითხრა: მამაო, ამა და ამ ადამიანმა გაგლანძღაო... მე რა მაქვს სანერვიულო, იმან გამლანძღა და თავად ინერვიულოს-მეთქი - ვუპასუხე. მართლა ასე ვფიქრობ: ვინც სხვას ლანძღავს, ის არის ცოდო, თორემ ვისაც ლანძღავენ, მას არაფერი აკლდება. პირიქით, ამ სიტყვებმა შეიძლება რაღაცაზე ჩააფიქროს და ბევრი რამ გამოასწოროს. როდესაც ადამიანი სწორი ცხოვრებით ცხოვრობს, მისთვის ლანძღვა შეიძლება სასარგებლოც იყოს, მაგრამ საცოდავია ის, ვისაც სხვისი განკითხვა და დამცირება სიამოვნებს.

- მამაო, ზოგჯერ ხალხს ავიწყდება, რომ სასულიერო პირიც ადამიანია, მასაც ჰყავს შვილები, ოჯახი და აქვს დაბადების დღე... ხომ შეიძლება მრევლს უყვარდეს თავისი მოძღვარი და ეს დღე თავისებურად მიულოცოს?

- სხვათა შორის, დაბადების დღის გადახდა წელს საერთოდ არ მინდოდა. გადაწყვეტილი მქონდა, ჩემთვის, წყნარად, შინაურებს შორის აღმენიშნა. მით უმეტეს, მარხვა იყო, მაგრამ ახალგაზრდებმა სიურპრიზი მომიწყვეს, ძალიან ლამაზად მომილოცეს და ფეიერვერკიც გაუშვეს, რაც მართლა არ მომეწონა, რადგან გვიან იყო. აბა, რა უნდა მექნა? - ჩემთვის ეს ყველაფერი აბსოლუტური მოულოდნელობა იყო - სასიამოვნო მოულოდნელობა. მე ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, როცა ვიღაცაზე ზრუნავ და მერე ის "ვიღაც" შენზეც ზრუნავს. რა არის ცუდი იმაში, როდესაც ვიღაცას დაბადების დღეს ულოცავენ? მგონი, ძალიან უნდა გვიხაროდეს და მოგვწონდეს ის დღე, როცა უფალმა ქვეყანაზე მოგვავლინა! ადამიანი ხომ უფლის გაჩენილია და წესით, თავისი დაბადების დღეც უნდა უხაროდეს.

კიდევ გავიმეორებ: საცოდავია ადამიანი, რომელიც ყველაფერში ცუდს ხედავს და მუდმივად ვიღაცას განიკითხავს, საცოდავია ის, ვინც სხვების ცხოვრებით ცხოვრობს. ეს დამანგრეველია პიროვნებისთვის, მაგრამ სასულიერო პირის განკითხვა ორმაგად მძიმე და დამანგრეველია, რადგან ასეთ ადამიანში ცოდვა კიდევ უფრო მძაფრდება. მარტო სასულიერო პირის კი არა, ნებისმიერი ადამიანის განკითხვა საფრთხილოა. თუნდაც, მან მართლა შეცდომა დაუშვას და ცოდვა ჩაიდინოს: შეიძლება იმ ადამიანმა შეცდომა გამოასწოროს, შეინანოს და მთელი ცხოვრება შეცვალოს, შენ კი, განკითხვის ცოდვაში რჩები... ამიტომ, სულ უნდა გვახსოვდეს მეძავი დედაკაცის, ან ჯვარცმული ავაზაკის ამბავი, რომელმაც ცოდვები შეინანა და ცხონდა. ძალიან კარგი იქნება, თუ ყველა თავის ცოდვებზე იფიქრებს და არა - სხვის ცხოვრებაზე.

- ყველამ ვიცით, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ოჯახი ინგრევა, რა არის ამის მიზეზი და რას ურჩევთ თქვენს მრევლს, რომელიც დაქორწინებას გადაწყვეტს?

- მე ძალიან ბევრი მიფიქრია ამ პრობლემაზე. ვაკვირდები და ვხედავ, რომ ადამიანები, რომლებიც ქორწინდებიან, ვერ აცნობიერებენ, რატომ ქმნიან ოჯახს. ჯვრისწერამდე მომავალ ქმარს ასეთ რამეს ვეუბნები: თუ ცოლი მოგყავს, არ უნდა იფიქრო იმაზე, რომ ის გაგაბედნიერებს, მოგემსახურება, რომ დაგეხმარება და ბევრ პრობლემას მოგიგვარებს, პირიქით, უნდა იფიქრო, რომ ის გააბედნიერო, რომ ის იყოს გახარებული. დილიდან, როგორც კი გაიღვიძებ, იმაზე უნდა იფიქრო, რომ შენი მეუღლე შენთან ბედნიერი იყოს. კარგად უნდა გაიცნო, მისი ხასიათი, თვისებები და მის ხასიათს მოერგო. ამავე სიტყვებს ვეუბნები პატარძალსაც: როცა თხოვდები, არ უნდა იფიქრო, რომ მეუღლე ხელისგულზე გატარებს, რომ პრინცესასავით გაცხოვრებს - უნდა იფიქრო იმაზე, რომ ეს ადამიანი შენ გაახარო, ის შენით უნდა იყოს ბედნიერი. გამორიცხულია, ასეთი ოჯახი დაინგრეს - ოჯახი, სადაც ცოლი ქმარს ანიჭებს სიხარულს, ქმარი - ცოლს და ორივე ერთმანეთს ასწრებს ბედნიერების მინიჭებაში. ასეთი ოჯახის დანგრევა კი არა, დაპირისპირებაც კი ძნელია.

- დავუშვათ, რომ უსიამოვნება ასეთ ოჯახშიც მოხდა, ამ შემთხვევაში რას ურჩევთ, მამაო?

- ერთადერთ რამეს: თუ რაიმე შეგეშალა, შენი ცხოვრების თანამგზავრს შენდობა სთხოვე, უთხარი, რომ სისუსტე გამოიჩინე, რომ საკუთარ თავს ვერ მოერიე, ისიც გაგიგებს და გაპატიებს...

ოჯახი ინგრევა მაშინ, როდესაც ეგოიზმზეა აწყობილი, როცა ორივე მხარე ფიქრობს, რომ ის უნდა იყოს კარგად, მეუღლე, შვილები, მშობლები - მოკლედ, მთელი ოჯახი მის სურვილებს უნდა ემორჩილებოდეს... 21-ე საუკუნემ ეგოიზმი დააკანონა მთელ დედამიწაზე, ამიტომაა, რომ ეს გრძნობა ირგვლივ ყველაფერს ჭამს და ანადგურებს. როდესაც ადამიანი მარტო საკუთარ ეგოს და ვნებებს იკმაყოფილებს, როცა სხვაზე არ ფიქრობს, ასეთ ადამიანთან ბედნიერი ვერავინ იქნება. ცხადია, ის ოჯახსაც ვერ შეინარჩუნებს.

- და ბოლოს, მამა შალვა, რამ შეიძლება შეცვალოს ეს მტრული გარემო და რამ უნდა გააერთიანოს ჩვენი დაქსაქსული ხალხი, ქვეყანა?

- მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულმა! როდესაც ადამიანს ლანძღავ და განიკითხავ, რატომ არ ფიქრობ, რომ ისიც ვიღაცას უყვარს? რატომ არ ფიქრობ მის შვილზე, მასაც ხომ ოჯახი აქვს და ეს ოჯახი შენს გამო ცუდ მდგომარეობაში ვარდება? სახარებაში პირდაპირ წერია: არ გაუკეთო სხვას ის, რაც არ გინდა, რომ შენ გაგიკეთონო... თუ სიკეთეს აკეთებ და სამყაროში პოზიტივს უშვებ, უკან პოზიტიური ენერგია დაგიბრუნდება, მაგრამ თუ ბოროტებას და ნეგატივს თესავ, უკან აუცილებად ნეგატივს მიიღებ.

ამიტომაც ვამბობ: ეს ქვეყანა და ხალხი მხოლოდ სიყვარულმა, სიკეთემ და პოზიტიურმა ადამიანებმა უნდა გადაარჩინონ.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)