"ზარის ინიციატორი ოჯახის წევრი არ ყოფილა...ცოლის ბიძამ დარეკა ცხელ ხაზზე" - როგორ აღმოჩნდა ზურაბ ბიბილეიშვილი დაკარგული ადამიანების სიაში და რატომ ვერ ხერხდებოდა მასთან დაკავშირება?
ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი პირი, რომელსაც შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგულ 33 ადამიანს შორის ეძებდნენ ცოცხალი აღმოჩნდა.
როგორც ირკვევა, ზურაბ ბიბილეიშვილს ცრუ ინფორმაციის საფუძველზე ეძებდნენ და ის დაკარგულთა სიაში იყო შეყვანილი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში იყო, დადგინდა, რომ სტიქიის ზონაში არ იმყოფება და ჯანმრთელია.
„ამდენი ნეგატივის შემდეგ, ერთი იმედის მომცემი და კარგი ინფორმაცია შემიძლია გითხრათ. ცხელ ხაზზე და 112-შიც დაფიქსირებული იყო ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულების სიაში გვყავდა. ოპერატიულ-საგამოძიებო შედეგებით დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება დღეს არის ჯანმრთელად, ცოცხალია და ამჟამად სტიქიის ზონაში არ იმყოფება“.
მისივე თქმით, ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების შედეგად ზურაბ ბიბილეიშვილი პოლიციამ თბილისში აღმოაჩინა.
კითხვაზე, იმყოფებოდა თუ არა ზურაბ ბიბილეიშვილი სტიქიის ზონაში, თემურ მღებრიშვილი პასუხობს, რომ ამ მიმართულებით შეკითხვები არსებობს, თუმცა დეტალებზე ზუსტად ვერ ისაუბრებს.
"დეტალები არ შემიძლია ზუსტად გითხრათ, მაგრამ დაკარგულების სიაში იყო და დღეს შეგვიძლია, რომ ამოვრიცხოთ.ჯერჯერობით მაგ მიმართულებით კითხვები არსებობს, რაც შემიძლია დადასტურებულად გითხრათ ისაა, რომ ეს ადამიანი ცოცხალია და ჯანმრთელადაა. პოლიციამ აღმოაჩინა ოპერატიულ-სამძებრო სამუშაობის შედეგად თბილისში“, - განუცხადა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს და განუმარტა, როგორ აღმოჩნდა ბიბილეიშვილი დაკარგული ადამიანების სიაში.`
"ტრაგედიის შემდეგ სპეციალური შტაბი ჩამოყალიბდა და ონის მერიაში მოწყობილ ცხელ ხაზზე დაფიქსირდა ასეთი შეტყობინება, რომ კონკრეტულ პიროვნებასთან ვერ ხდებოდა კავშირი, ეს ზარი კი შოვთან იყო კავშირში. ავტომატურად, აღნიშნული პიროვნება შევიყვანეთ დაკარგულთა სიაში. უფრო მეტსაც გეტყვით, ტრაგედიის პირველ ღამეს ბევრი შეტყობინება შემოვიდა და ეძებდნენ კონკრეტულ ადამიანებს, მერე კი ხდებოდა დაზუსტება. ვიდრე შენ არ გაქვს გადაზუსტებული ინფორმაცია პიროვნებაზე, ის რჩება იმ სიაში, ვისი შველა-ძიებაც მიდის, შემდეგ ხდება გადამოწმება. ამ შემთხვევაში ზარის განმახორციელებელ პირთან უკუკავშირი ვერ შედგა, რომ მომხდარიყო დეტალების დაზუსტება, რადგან მხოლოდ სახელი და გვარი იყო დაფიქსირებული. კავშირი ინიციატორთან რადგან ვერ მოხერხდა, რჩებოდა სიაში სხვა დაკარგულ ადამიანებთან ერთად. კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან ვერ განხორციელდა. დაიწყო ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები, რომ დაზუსტებულიყო მეტი დეტალი. ბაზაში იმ სახელის და გვარის პიროვნება ვერ მოიძებნა, რომელიც ჩვენ მოგვაწოდეს, ამიტომ რჩებოდა სიაში. მოგვიანებით მოხერხდა ზარის ინიციატორის დადგენა, მოხდა მასთან უკუკავშირი და სთხოვეს დაეზუსტებინა, რადგან იმ გაცხადებული სახელი და გვარის პიროვნება ბაზაში ვერ მოიძებნა. მასთან უკუკავშირის შედეგად დადგინდა, რომ არასწორად იყო ცხელ ხაზზე მითითებული სახელი და გვარი. როცა ამ პიროვნების ვინაობა დადგინდა, მოხერხდა მისი მოძებნა, დაუკავშირდნენ და მან თქვა, "საერთოდ არ ვყოფილვარ შოვის ტერიტორიაზე, კარგად ვგრძნობ თავს და სახლში ვარო". ამ ინფორმაციის შემდეგ ეს ადამიანი დაკარგულთა სიაში აღარ არის", - განაცხადა მღებრიშვილმა.
ჟურნალისტებმა სთხოვეს თემურ მღებრიშვილს,რომ დაეზუსტებინა ვინ დარეკა ცხელ ხაზზე.
"რეალურად, ზარის ინიციატორი ოჯახის წევრი, ცოლი, დედა, შვილი, ძმა არ ყოფილა. შემიძლია დავაზუსტო რა სტატუსი ჰქონდა ამ პიროვნებას, იყო ახლობელი. აღნიშნული შეტყობინება დაფიქსირდა ონის მერიაში, პრობლემა ინიციატორზე გასვლა, რადგან იქ ჩაწერის სისტემა არ არის და ძალიან ბევრი ზარი შემოდიოდა. სანამ ბოლომდე არ დარწმუნდნენ ეს ადამიანი რომ არ იყო დაკარგული, მანამდე ეძებდნენ. მადლობა ღმერთს, არის ჯანმრთელად. ვიღაც ახლობელმა დარეკა და თქვა, რომ ამ პიროვნების ოჯახმა თქვა, რაღაც ვერ ვუკავშირდებითო და აქ დავრეკეო. მერე როგორც კი დაუკავშირდნენ ზარის განმხორციელებელ პირს და მან სწორად თქვა სახელი და გვარი, გადამოწმდა და ეს ადამიანი აღმოჩნდა თბილისში, თავის სახლში. სულ 33 ადამიანს ვეძებთ და 19 ადამიანი ნაპოვნი. ჩვენი სია შედგენილია შეტყობინებების საფუძველზე. ამ შემთხვევაში ზარი ოჯახის წევრს არ განუხორციელებია"- აღნიშნა მღებრიშვილმა
ჩვენი ინფორმაციით, ბიბილეიშვილის ცოლის ბიძამ დარეკა ცხელ ხაზზე.
ჩვენმა წყარომ გვითხრა, რომ თურმე ადრე ბიბილეიშვილს ჰქონდა შოვთან კავშირი, იქ მუშაობდა. როგორც ჩანს, მას ტელეფონზე ვერ დაუკავშირდა და დარეკა ცხელ ხაზზე. ასე აღმოჩნდა სიაში ბიბილეიშვილი.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით ონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელს, რომელმაც განგვიცხადა, რომ ბიბილეიშვილი ონის მაცხოვრებელი არ არის და ამიტომ მასზე ინფორმაციას არ ფლობენ.
(სპეციალურად საიტისთვის)