ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ზურაბ ბიბილეიშვილი შოვში, სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში შეცდომით აღმოჩნდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ზურაბ ბიბილეიშვილი შოვში, სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში შეცდომით აღმოჩნდა.
მისი თქმით, აღნიშნული პირის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია მათ ბიბილეიშვილის ახლობელმა მიაწოდა.
როგორც მინისტრი განმარტავს, პიროვნებამ, რომელმაც ზურაბ ბიბილეიშვილის დაკარგვის შესახებ განაცხადა, სახელი და გვარი არასწორად თქვა, თუმცა დაზუსტების შემდეგ მყისიერად მოხდა აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირება.
„ის, რომ ადამიანი, რომელიც ირიცხებოდა სიაში არის ჯანმრთელად მადლობა ღმერთს და დიდება უფალს ამისთვის. ვიღაც ახლობელმა დარეკა, თქვა, რომ ამ პიროვნების ოჯახმა თქვაო, რომ ვერ ვუკავშირდებითო და აი, გეუბნებითო. შემდეგ ამ კაცმა თქვა, უი, სახელი და გვარი ასე კი არა, ასე არისო. დაუკავშირდნენ, დააზუსტეს, როგორც კი ამ კაცმა სწორად თქვა სახელი და გვარი, მყისიერად მოხდა ამ კაცთან დაკავშირება“, - განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც შოვში, სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში იყო, დადგინდა, რომ ამჟამად სტიქიის ზონაში არ იმყოფება და ჯანმრთელია.