"სტალინს შოვში ფეხი არც კი დაუდგამს, უწერაში მოწამლულა საკვებით და უკან გაბრუნებულა" - უნიკალური კადრები შოვიდან - ფოტოგალერეა - კვირის პალიტრა

"სტალინს შოვში ფეხი არც კი დაუდგამს, უწერაში მოწამლულა საკვებით და უკან გაბრუნებულა" - უნიკალური კადრები შოვიდან - ფოტოგალერეა

„ყველაფერი რაც შოვში მომწონდა, შევეცადე ფოტოებად შემენახა... მაშინ არც კი წარმოგვედგინა, ამ სიცოცხლით სავსე კურორტზე სიჩუმე თუ დაისადგურებდა..." - შოვის უნიკალური ფოტოები, რომლებიც ფოტოხელოვანმა ბილი ბილიხოძემ შემოინახა... იგი ამ არქივს "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად უზიარებს.

ბილი ბილიხოძე:

- შოვში პირველად სასკოლო ექსკურსიაზე ვიყავი. მას შემდეგ დიდი ხანი აღარ ვყოფილვარ და, დაახლოებით, 15 წლის წინ ავედი, ბავშვობის შემდეგ... ის, ბავშვობაში ჩარჩენილი კადრები გავაცოცხლე და მას შემდეგ ხშირად ავდიოდი, ორ წელიწადში ერთხელ მაინც ვახერხებდი...

შოვი ჩემთვის უნიკალურ სივრცეს წარმოადგენდა, სადაც ყველაფერი სუფთა და უზარმაზარი იყო... დიახ, სოკოს საკრეფადაც ვყოფილვარ ბევრჯერ და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ შოვის ტყეში დაკრეფილი სოკოს ზომები აღემატებოდა სხვა ტყეებში დაკრეფილს, ალბათ, ორჯერ მაინც...

dsc00002-1691571422.jpg

dsc00295-1691572029.jpg

მახსოვს, ასევე, უზარმაზარი წიწვოვანი ხეები, რომლებიც ისეთ სურნელს უშვებდნენ, მარტო ზემო რაჭაში რომ იცის. როდესაც ტყეში დავდიოდით, ფეხქვეშ რბილი ხალიჩასავით იყო დაგებული ხავსი და ამ უზარმაზარი ხეებიდან ჩამოცვენილი წიწვები... ვიღაცისთვის შოვი იყო მდინარეები, ვიღაცებისთვის - მჟავე წყლები, ვიღაცებისთვის - ჰაერი, მაგრამ ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ, სხვა ბევრისთვისაც, შოვი იყო ტყე...

dsc02375-1691571380.jpg

ჭანჭახზე რომ პირველ ხიდს გადახვალთ, სწორი გზა იწყება, რომელიც ულამაზეს ხეივანში მიემართება. მახსოვს, პირველად დრონით ეგ გზა რომ გადავიღე, როგორი აღფრთოვანება დამეუფლა...

dji-0828-1691571629.jpg

dsc02368-1691571559.jpg

- პროფესიონალური ფოტოების გადაღება როდიდან დაიწყეთ?

- მას მერე, რაც ფოტოკამერა ხელში ავიღე, შოვში რამდენჯერმე მოვხვდი... 2018 წელს ავედი, უკვე მოყვარული ფოტოგრაფის ამპლუაში და სრულად დავიხარჯე... მაშინ „სანსეტ შოვში" ვისვენებდით და მახსოვს, ყოველ დილით მზის ამოსვლას კამერით ხელში იმ მინდვრებში, იმ ხეებში ვხვდებოდი, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, აღარ არსებობს... მაშინ ამ ფოტოებს დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა, შამშე ლეჟავას შთამომავლებმაც კი მომწერეს.

dsc09328-1691571787.jpg

dsc09941-1691571858.jpg

მახსოვს, როგორ ვიპოვე უამრავი სოკო ერთი კუნძის ქვეშ, მთელი მაკრო სამყარო იყო გადაშლილი, ლამის ნახევარი დღე იმ კუნძის ქვეშ შემძვრალმა გავატარე...

dsc02872-1691571839.jpg

ყველაფერი, რაც შოვში მომწონდა, შევეცადე ფოტოებად შემენახა... მაშინ არც კი წარმოგვედგინა, რომ რამდენიმე წელში ამ სიცოცხლით სავსე კურორტზე სიჩუმე დაისადგურებდა...

dsc09887-1691571908.jpg

- გადაღებული გაქვთ ეგრეთ წოდებული სტალინის სახლი, უნიკალური ნაგებობები...

- სტალინის სახლს რაც შეეხება, სასაცილო ამბავი ისაა, რომ სტალინს შოვში ფეხი არც კი დაუდგამს, უწერაში მოწამლულა საკვებით და უკან მიბრუნებულა.

dsc00552-hdr-1691572265.jpg

dsc09605-hdr-1691572325.jpg

რეალურად, სტალინისთვის განკუთვნილი სახლი სრულიად სხვა, გაცილებით პატარა იყო, რომელიც აღარ არსებობს.

ბევრი ვიძრომიალე მაგ სახლებში. ვატყობდი, რომ აღდგენის გარეშე ეგენი დიდხანს ვეღარ გაძლებდნენ და მინდოდა, ისტორიისთვის შემომენახა, სამწუხაროდ, შოვის ერთ-ერთი სახლი (სამხედროების სანატორიუმი) შარშან სრულიად ბოლომდე დაიწვა...

dsc09819-hdr-1691572181.jpg

dsc09831-hdr-1691572356.jpg

სანატორიუმის კორპუსები შოვში ცალკე ატრაქციაა, მჟავე წყლების და ტყის შემდეგ, მგონი, ყველაზე ნახვადი ადგილებია. აქ დრო გაყინულია, შეგიძლიათ ბევრი ისეირნოთ ამ შენობებში, რომლებიც ერთგვარი ტელეპორტია იმ წლებში, როცა შოვი შოვობდა და იქაურობა ხალხით იყო გადატენილი. როდესაც სანატორიუმის კორპუსების ფოტოები დავდე, უამრავი კომენტარი დაიწერა ადამიანების მიერ, რომლებმაც მთელი ბავშვობა იქ გაატარეს და ახლა უკვე საკმაოდ ხანშიშესულები არიან.

dsc09428-1691572437.jpg

ყველაზე ლამაზი მაინც ნომერ პირველი კორპუსი არის, სრულიად უნიკალური არქიტექტურის მქონე ნაგებობაა, გერმანელმა ტყვეებმა ააშენეს ისე, რომ ერთი ლურსმანიც არ გამოყენებულა და შენობა მთლიანად ხისაა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ძველი შენობების უმეტესობა შედარებით შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს და ამ ღვარცოფმა ვერაფერი დააკლო, კიდევ გადარჩნენ, მაგრამ ბევრს ვერ გაუძლებენ, მათი აღდგენა თუ არ მოხდა...

dsc00623-1691572547.jpg

dsc09715-hdr-1691572626.jpg

მთავარი შენობების გარდა, ბევრი ვიძრომიალე და მახსოვს, მთელი დღე დავუთმე კოტეჯების გადაღებას, რომელთაგან აღარც ერთი აღარ არსებობს. კოტეჯები გაცილებით მოგვიანებით არის აშენებული და შეიძლებოდა ის ღირებულება არ ჰქონოდა, როგორც შოვის დანარჩენ კორპუსებს, მაგრამ გადაღების ინტერესი დიდი მქონდა. მაშინ რამდენიმეში შიგნითაც შევედი და ფოტოსესიაც მოვუწყვე. ინტერიერი არ იყო მოწყობილი, ნივთები, ყველაფერი ერთმანეთზე ეყარა და დრო იყო გაჩერებული. ალბათ, ამ ბოლო წლებში გაარემონტეს და გააქირავეს...

dsc00542-1691572692.jpg

dsc00548-hdr-1691572712.jpg

3 აგვისტოს მეგობრებთან ერთად შოვში გვქონდა დაგეგმილი მოტოტური, აღმოჩნდა ისე, რომ წინა დღეებში ვერ მოვახერხე შოვში ვერაფრის დაჯავშნა, ყველგან ხალხი იყო და ამიტომ გადავწყვიტეთ უბრალოდ აგვესეირნა და გაჩერებით კი ამბროლაურში დავრჩენილიყავით... დაახლოებით, 3 საათისთვის ვიყავით უკვე ონში, გადავწყვიტეთ გვესადილა და როცა უკვე დავასრულეთ სადილი, ონში გამოჩნდნენ მაშველები და გვითხრეს, რომ შოვში მეწყერი ჩამოწვა, აზრი არ ჰქონდა იქით წასვლას... მივიჩნიეთ, რომ ეს ის რიგითი მეწყერი იყო, ლამის ყოველ წელს რომ ხდებოდა და 2-3 დღით გზა მიჰქონდა ხოლმე... ონიდან დავბრუნდით ამბროლაურში და გზაში იმდენი სამაშველო შეგვხვდა, უკვე მივხვდით, საქმე იმაზე ცუდად იყო, ვიდრე ვვარაუდობდით.

dsc00506-2-1691572812.jpg

dsc09465-hdr-1691572888.jpg

იმ ღამეს ნამგზავრებმა ადრე დავიძინეთ, დილით გავიგეთ ყველაფერი და ვნახეთ კადრები, ეს იყო ყოვლად მოულოდნელი ტრაგედია... ვუყურებდი ლაფში დაფლულ იმ ადგილებს, სადაც დავდიოდი და ფოტოებს ვიღებდი, წაღებული კოტეჯების სახურავებსაც კი ვცნობდი დრონის კადრებში, აღარ არსებობდა შოვი, სადაც თაობები გაიზარდნენ, სადაც მთელი ზაფხული ბავშვების ჟრიამული ისმოდა... ხეები ისევ ამოვა და ლაფიც გადაირეცხება, ოდესმე კოტეჯებსაც ისევ ჩადგამენ, ოღონდ შოვი აღარასდროს იქნება უწინდებური...

(სპეციალურად საიტისთვის)