"ვნანობ, რომ ქართველების წინააღმდეგ ვიბრძოდი" - რუსი ჯარისკაცის სკანდალური აღიარება საქართველოდან მოპარულ უნიტაზებზე და უკრაინაში მომხდარ საზარელ ფაქტებზე - კვირის პალიტრა

"ვნანობ, რომ ქართველების წინააღმდეგ ვიბრძოდი" - რუსი ჯარისკაცის სკანდალური აღიარება საქართველოდან მოპარულ უნიტაზებზე და უკრაინაში მომხდარ საზარელ ფაქტებზე

იაკობ პეროვი ერთ-ერთია იმ ასობით რუსი ჯარისკაციდან, ვინც რუსეთის შეიარაღებული ძალები დატოვა და თავშესაფრის თხოვნით ევროპას მიმართა. ვორონეჟელი სამხედრო რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ჯერ კიდევ 2008 წლიდან მსახურობდა და რუსეთ-საქართველოს ომშიც მონაწილეობდა.

- არმია მეთაურობის უნებართვოდ გვიან გაზაფხულზე დავტოვე, გავიქეცი­ და ცოლსა და ორ შვილთან ერთად ბელარუსში,­ იქიდან კი პოლონეთში გადავედი­. შემდეგ ესპანეთში წავედით, სადაც­ უკრაინაში რუსული არმიის დანაშაუ­ლებრივ ქმედებებზე აღიარებითი ჩვენება მივეცი. დედ-მამა და და რუსეთში დარჩნენ. მამა მშენებლობაზე­ დაზიანდა და ეტლით გადაადგილდება, ამიტომ მისი გამოყვანა ადვილი არ არის. ვიცი, ჩემს ნებისმიერ სიტყვას ეფ-ეს-ბე გულდასმით აკონტროლებს, რაც არავინ იცის, ჩემს ოჯახზე როგორ აისახება, მაგრამ სხვა გზა არა მაქვს. მივედი იმ კონდიციამდე, რომ უნდა ვილაპარაკო.

- რუსეთ-საქართველოს ომით დავიწყოთ.

- სამხედრო ნაწილი, რომელშიც ვმსახურობდი, 58-ე არმიის შემადგენლობაში შედიოდა. აგვისტოს პირველ რიცხვებში ნაწილში ბრძანება მოვიდა, რომ სატანკო ბატალიონს უნდა გავყოლოდით, რათა ცხინვალში ბაზირებული რუსი სამშვიდობოები, რომლებიც, მათი თქმით, საქართველოს ჯარის თავდასხმის გამო ყაზარმებში იყვნენ შეკეტილი, უნდა დაგვეცვა. მე მეკავშირის მანქანაში ვიჯექი. როკის გვირაბი გავიარეთ, ჩემი მეთაური გზადაგზა ვიღაცებს უკავშირდებოდა, შეტაკებებზე აწვდიდა ცნობებს. ნაწყვეტ-ნაწყვეტ მესმოდა, რომ ქართული ტანკები შეტევაზე იყვნენ გადმოსული. ჩვენი მშვიდობისმყოფელები ჯავშანტრანსპორტიორებში სხედან, მაგრამ მოსკოვიდან საპასუხო ცეცხლის გახსნაზე ბრძანებას ელოდებიანო. ქალაქში შესულები რამდენიმე ნაწილად გაგვყვეს. ჩვენ შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც ჩეჩნეთის ომი გამოიარა. პატარა ქვეყნის კვალობაზე ძალიან მაგრად მუშაობენ, კარგი მომზადებაც ეტყობათო, ამბობდნენ. ცხინვალში დაზიანებული, დაბომბილი, დამტვრეული სამხედ­რო ტექნიკა ეყარა. ბევრი დაჭრილი და დაღუპული გვყავდა, გამიკვირდა. რაღაც პატარა კონფლიქტი წარმომედგინა, ტანკებით­ შევისეირნებდით და მორჩებოდა... რამდენჯერმე რაციაში გავიგონე, მობილური ჯგუფებით გვიტევენ, დახმარება გვჭირდებაო­. ბიჭები ამბობდნენ, სწრაფად მოქმედებენ, თან დაჭრილები და დაღუპულები გაჰყავთ, თან გვებრძვიან, ძალიან კარგად არიან აღჭურვილიო. რუსული ტექნიკა ნაალაფართან შედარებით სასაცილო იყო - ისედაც ძველი, 15-20 წლის ტანკებსა და ჯავშანტრანსპორტიორებს ჩეჩნეთის ორი ომი ჰქონდათ გამოვლილი.

ჩვენ ასე ვიცოდით, თითქოს ქართველი სამხედროები ცხინვალში სამშვიდოებს ესროდნენ და ისინი უნდა დაგვეცვა. მაშინ ინტერნეტიც არ იყო ასე გავრცელებული. ხელი ინფორმაციაზე არ მიგვიწვდებოდა. სამხედრო და სამოქალაქო პირებს ახლაც კი უპრობლემოდ ატყუებენ, რომ ყველა ჩვენ გვებრძვის, მაშინ მით უფრო... 19 წლის ბიჭი ვიყავი. კრიტიკული აზროვნება არც ვიცოდი, რას ნიშნავდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე დასავლური მედიის მომზადებული ვიდეო­რგოლები გაზვიადებული მეგონა. რუსული არმიის გასაშავებლად გააკეთეს-მეთქი, ვფიქრობდი, რადგან მსგავსი არაფერი შემხვედრია, ტექნიკის, უნიტაზების გაზიდვის კადრებს ვგულისხმობ, მაგრამ შემდეგ მივხვდი, ჩემი ნაწილის მისვლამდე იქაურობა სხვებმა მოასუფთავეს. ამ ომში მონაწილეობას ძალიან ვნანობ.

მას შემდეგ რუსულ არმიაში არაფერი შეცვლილა. ჯარს იგივე შეიარაღება, ამუნიცია აქვს. მთავრობამ კი 45-მილიონიან უკრაინასთან, რომელსაც მთელი დასავლეთი უმაგრებს ზურგს, მასშტაბური ომი წამოიწყო. მოკლედ, რუსეთში დაბრუნებულს თავი შემძულდა, ყველა საქმეში­ ხელი მომეცარა, დაცვის სამსახურშიც ვერ ვიმუშავე და ისევ შეიარაღებული ძალების სადესანტო ნაწილში დავბრუნდი კონტრაქტით...

ერთი წლის განმავლობაში უკრაინის ომში ყველაფერი ვნახე. ბიჭები, რომელთან ერთადაც ტალახსა და ყინვაში ხორცისა და თევზის კონსერვს ვიყოფდი, მიყ­ვებოდნენ, რომ ხელებშეკრული ადამიანებისთვის სროლა უბრძანეს. ერთი ამბობდა, ჰოსპიტალში დაჭრილი უკრაინელი სამხედროების გაკონტროლება მიბრძანეს, მათ კი გაქცევა სცადეს. სამს ზურგში ვესროლე და მოვკალი, ორი გამექცა, რის გამოც დამსაჯესო.

- როგორ დასაჯეს?

- დასჯის სხვადასხვა ფორმა არსებობს - ზოგჯერ ფიზიკურად უსწორდებიან, ან ნაწილში შავი სამუშაოს შესრულება... ზოგჯერ ФСИН-ს (სასჯელაღსრულებითი დაწესებულება) და ОМОН-საც გადასცემენ. სამხედროებზე არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში გვაგდებდნენ სამოქალაქო პირები. როდესაც­ უკრაინის დასახლებულ პუნქტებში შევდიოდით, სანადირო თოფიც კი უსვრიათ. თავიდან გვეგონა, რომ ჩვენს წინააღმდეგ რაღაც კატეგორია იყო, პარტიზანული დაჯგუფება, მოსახლეობა კი ჩვენს მხარეს იყო, მაგრამ რამდენიმე ქალაქი ისე გავიარეთ, ყოველ 10 კილომეტრში ვჩერდებოდით, რომ თავდასხმა მოგვეგერიებინა.

ომი 24 თებერვალს დაიწყო და მარტის­ ბოლოს უკვე ყველამ ვიცოდით, რომ "კიევის სამ დღეში აღების გეგმა" ჩავარდნილი იყო, უკვე იმით "გვმუხტავდნენ", რომ ნატოს ვებრძოდით და უკან არ უნდა დაგვეხია, რათა მთელი მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა, თუ რა შეუძლია რუსულ არმიას. თუმცა მარტის ბოლოს უკვე უმძიმეს პირობებში ვიყავით, პოზიციებზე საველე კარვებიც კი არ გვქონდა, "კამაზის" ძარაზე გვეძინა.

ერთხელაც ჩვენი კოლონა ხერსონის მისადგომებთან გაჩერდა. შუაღამისას ცა წითლად განათდა და კოლონის ორივე მხარეს, გამაყრუებელი აფეთქებების ხმა გაისმა - რეაქტიული არტილერია ზალპით გვიტევდა. მე და კიდევ რამდენიმე ჯარისკაცი ტომრიანად "ჩამოვხტით" ძარიდან და წამში "კამაზი" ჰაერში აიწია. სასწრაფოდ პოზიციები შევარჩიეთ და საპასუხო ცეცხლისთვის მოვემზადეთ. ერთმა, გვარად კლიმჩევმა, ჩაილაპარაკა, ეს აშკარად არ არის ოპერაცია "ყირიმი ჩვენია", დიდ შარში ვართო. იმ ღამეს 40-ზე მეტი სამხედრო დავკარგეთ, სამი დღის შემდეგ კი კლიმჩევი გაქრა. შემდეგ გავიგეთ, რომ თანამებრძოლების დემორალიზებისთვის დასაჯეს.

ჩემს ნაწილში 190-ზე მეტი სამხედრო მსახურობდა, მაგრამ როდესაც ბრძანება­ მოვიდა, რომ დნეპრის ხიდის გავლით ხერსონი უნდა აგვეღო, 50-ზე მეტი კაცი გამოგ­ვაკლდა, მაღალი სიცხით, გაჭედილი ფილტვებით საველე ჰოსპიტალში დარჩნენ. ხერსონში მაინც წავედით. ეს არის ჩემი ცხოვრების კოშმარი. იქ ვნახე, რამდენად ცხოველურად შეუძლია ადამიანს მოიქცეს. მე ოცეულთან ერთად ჰოსპიტლის დაცვა მევალებოდა, სადაც ჩვენებთან ერთად უკრაინელებიც ჰყავდათ, დაჭრილები, ტყვეები. ხერსონელი მოსახლეობის წინააღმდეგობას არაერთხელ გადავაწყდი. ახალგაზრდა ქალმა ჩემთვის იარაღის წართმევაც კი მოინდომა...

უკრაინაზე მასშტაბური თავდასხმის შემდეგ გავაცნობიერე, რომ არავითარი "გამათავისუფლებელი სპეცოპერაცია" არ ჩაგვიტარებია, არც საქართველოში, არც ყირიმში...

ხერსონში ვნახე, როგორ ძალადობდნენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, იმ აქტივისტებზე, რომლებიც საპროტესტო აქციებს მართავდნენ, შემდეგ კი კოლაბორაციონისტების დახმარებით ავიყვანეთ. მათ ღამით აწამებდნენ, ქალებზე კი ძალადობდნენ. ერთ ნაწილში უკრაინელი სტუდენტი გოგონა მეთაურსა და მის თანაშემწეს წამებაში შემოაკვდათ. რამდენიმე დღეში მათი მანქანა აფეთქდა, რაშიც ჩვენების­ ხელი ერია. ანდრეევკაშიც 17 სერჟანტი ჩვენიანებმა ჩახოცეს, იმიტომ, რომ რიგითებს ადამიანებად არ თვლიდნენ...

განაგრძეთ კითხვა