"სანდრა საყვარელ მამაკაცს გარდაცვალებამდე უვლიდა და მის სასთუმალს არ შორდებოდა" - სანდრა ბულოკის პარტნიორი, ბრაიან რენდალი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა
სანდრა ბულოკის პარტნიორი, ბრაიან რენდალი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტრაგიკული ამბავი მამაკაცის ოჯახმა დაადასტურა:
"დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ 5 აგვისტოს ბრაიან რენდალი ამიოტროფულ გვერდით სკლეროზთან (ALS) სამწლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. ბრაიანმა არჩია, რომ დაავადების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არ გაემჟღავნებინა და ჩვენც ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მისი თხოვნა შეგვესრულებინა", - ვკითხულობთ ოჯახის განცხადებაში.
ნევროლოგიური დარღვევებისა და ინსულტის ეროვნული ინსტიტუტის მიხედვით, ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზი (ALS) არის იშვიათი ნევროლოგიური დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ტვინისა და ზურგის ტვინის ნერვულ უჯრედებზე, რომლებიც აკონტროლებენ კუნთების ნებაყოფლობით მოძრაობას. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ტვინი კარგავს ნებაყოფლობითი მოძრაობების დაწყებისა და კონტროლის უნარს. ფუნქციადაკარგული კუნთები სუსტდებიან და ბოლოს ხდება მათი სრული ატროფირება.
პროფესიით ფოტოგრაფი, ბრაიან რენდალი, სანდრა ბულოკს 2015 წლიდან ხვდებოდა. წყვილი თავიანთი ურთიერთობის შესახებ პრესასთან არ საუბრობდა, თუმცა 2021 წელს ბულოკმა განაცხადა, რომ ბრაიანის სახით "ცხოვრების სიყვარული იპოვა".
ბულოკი ინტერვიუში ყვებოდა, რომ ბრაიანი მათი შვილებისთვის სამაგალითო ადამიანია:
"ჩემი პარტნიორი ნამდვილი ქრისტიანია და ამის გამო საკითხების აღქმის ორი განსხვავებული გზა გვაქვს. ყოველთვის არ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ ის მაშინაც სამაგალითოა, როცა არ ვეთანხმები. ჯიუტი ვარ და ხშირად მჭირდება, რომ დავჯდე, მოვუსმინო და მივხვდე, რომ ერთი და იმავეს ვამბობთ, უბრალოდ, სხვადასხვანაირად". გააგრძელეთ კითხვა