პრეზიდენტობა "სოლვეის ხერხით" - კვირის პალიტრა

პრეზიდენტობა "სოლვეის ხერხით"

შესავლის ნაცვლად:

როგორც იქნა!

ვულოცავ საკუთარ თავს და ყველა გურულს, საუკუნოვანი ოცნების ასრულებას! ქობულეთი გურიას შეუერთდა!

ადრე ხომ ასე იყო - ქობულეთი გურიის სამთავროს ნაწილი გახლდათ და გურიელების საზაფხულო რეზიდენციაც ქობულეთთან მდებარე ულამაზეს სოფელ ალამბარში იყო განლაგებული.

ჰოდა, ეს ჩვენი პრეზიდენტი მხოლოდ ახალ "ლაზიკებს" კი არ აშენებს, ალბათ "ისტორიული სამართლიანობის" აღდგენაზეც ზრუნავს - აბა, ქობულეთში ჩასულმა რომ გამოაცხადა, 2012 წელი ქობულეთის წელი იქნებაო, იმას ხომ არ ვიფიქრებ, დაავიწყდა წინა დღეს გურიის წლად რომ გამოაცხდა-მეთქი?!

ეწყინათ თურმე გურულებს - ერთ დღეში დაავიწყდა დაპირებაო და ახლა მე რომ არ მივმხვდარიყავი, მტრისას მაგათი გაბრაზება!

ეს ისე, ვითომ ვიხუმრე, თორემ სულ ფეხებზე არ ჰკიდია, გაბრაზდებიან თუ არა გურულები, კახელები, იმერლები თუ ვინმე სხვა?!

მთავარია, რომ მალე არჩევნები მოდის და ბოლო ორი-სამი წლის მანძილზე პირველად, თბილისიდან აჭარაში მიმავალი პრეზიდენტი გურიას კი არ "გადააფრინდა", არამედ "ჩამოქვეითდა", საავადმყოფო გახსნა, ქუჩაში "გეიარა", ხალხს დაელაპარაკა, ყველაზე ნიჭიერები საქართველოში მეგრელები კი არა, თქვენ ხართო, - უთხრა ("მეგრელები კი არა" - მე დავამატე, მაგრამ ერთი თვის წინ ზუგდიდში თქვა იგივე და "ყველაზე ნიჭიერი" ორივე ხომ ვერ იქნება?), იმათაც გაუხარდათ და ტაში... სდექ! - ტაში არა ფლავი, "ჩიტმა ამბავი მომიტანა", რომ სტატისტიკის მიხედვით, გურიაში საჯარო დაწესებულებებში მხოლოდ რამდენიმე ასეული კაცი მუშაობს და მოსავალდაბინავებულ და ბუხართან მიმჯდარ გლეხს "მიშაიეზა" ტაშის საკვრელად ვერავინ რომ ვერ გამოიტყუებდა, ეს იცოდნენ; ამიტომ ფოთიდან "გადმოსხეს დესანტიო"!

იმ გურულებს კი, ვისაც ერთი-ორი "ტკბილი სიტყვის" თქმა "ნანდომა", ვერ მიუღწევია ხელმაკრატლიან (ლენტის გაჭრის ამბავში) პრეზიდენტამდე.

ამ ერთ შეხვედრაზე განა მხოლოდ იმიტომ ვისაუბრე ამდენი, რომ გურიაზე სხვა რეგიონებზე მეტად შემტკივა გული (ისე, კი მრცხვენია, მაგრამ უნდა ვაღიარო რომ ასეა), არამედ იმიტომ, რომ საბოლოოდ დავადგინე საპრეზიდენტო წინასაარჩევნო პოლიტტექნოლოგიის უტყუარი ანაბანა - ასე ვთქვათ, "სააკაშვილის ხერხი" (რადგან გურულებზე ვლაპარაკობთ, ხომ გახსოვთ, ზურიკელას "სოლვეის ხერხით სოდის მიღება")!

ახლა უკვე ვიცი უნივერსალური წესი - შემიძლია ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატს ჩავუტარო ტრენინგი ("ჯოტია, ტრენერი ხომ იცი, რაც არის? - კი, რომ იგინება!") და ასპროცენტიანი გარანტიით გაიმარჯვებს. მაშ ასე: ჩადიხარ რომელიმე ქალაქში, შევარდები წინასწარ შეთანხმებულ რომელიმე ოჯახში, მოითხოვ ბავშვს, ჩაისვამ კალთაში, აკოცებ, ჰკითხავ ასაკს, პასუხს არ მოუსმენ; მერე იკითხავ, - გაზი თუ შემოგიყვანესო (თუმცა უკვე იცი, რომ შემოიყვანეს - ისე რას მოხვიდოდი?!), დაპირდები, რომ კიდევ უფრო ბევრი გაზი ექნებათ; ბავშვს კიდევ ერთხელ აკოცებ, ინგლისში ერთთვიანი ენის კურსების საგზურს გადასცემ; მერე გაგახსენდება, რომ ჯერ პატარაა და ქართულიც არ იცის წესიერად, მაგრამ მერე "უფრო გაგახსენდება", რომ ქართულს ბებიამისიც ასწავლის და მთავარი ინგლისურია და მაინც აჩუქებ იმ საგზურს; მერე გარეთ გამოვარდები, ბარიერებს იქით მდგომი ხალხიდან ვინც უფრო კარგად იყვირებს (უფრო სწორად, იბღავლებს): "გრიშა! გრიშა! გრიშა!" ან "ჟორა! ჟორა! ჟორა!" (ერთი სიტყვით, რაზეც "ტრენინგი" ექნებათ გავლილი), იმას ხელს ჩამოართმევ; მერე მოითხოვ იმ უკვე ლეგენდად ქცეულ მაკრატელს, გაჭრი ლენტს და იტყვი: "ასეთი ჰოლანდიაშიც არ მინახავს, აქ ყველას შეგიძლიათ მოხვიდეთ, იაფად, დაზღვევით (ბატონო პრეზიდენტო, ეს პოლიციის შენობაა), უჰ... დასათვალიერებლად, ნაცნობ პოლიციელებთან სასაუბროდ..." პრინციპში, სულ ეს იყო... ჰო, სუფრაა რესტორანში გაშლილი, ეწყინებათ, რომ არ წახვიდე...

ა, ძმაო! ეს არის სულ! გეთანხმებით, საკმაოდ ძნელი და მომქანცველია მუდმივად ასეთი დატვირთული პროგრამა - არ გინდა ყოველდღე ვიღაცის ცინგლიანი ბავშვების კოცნა? მაგრამ ზოგადად, ქართველობაც ძნელია! და პრეზიდენტობაც ძნელია! შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტობა ორჯერ ძნელია!

არადა, ამბობენ, "სოდის მიღების ახალი ხერხი" გამოუგონიათო: გაავრცელებ ხმებს, რომ თუკი მოქალაქეობას დაგიბრუნებენ, მხოლოდ გაპრეზიდენტების შემდეგ (რადგან საარჩევნოდ კანონი კრძალავს), ქვეყნის ყველა მცხოვრებს 1000-1000 დოლარს აჩუქებ! მეტი არაფერი - ირბინონ სხვებმა მაკრატლით და ატრიალონ ველოსიპედის პედლები, შანსი აღარა აქვს არავის!..

P.S. ახლა ერთი ძველი ანეკდოტი გამახსენდა და ვისაც როგორ უნდა ისე დააკავშიროს ბოლოდროინდელ მოვლენებთან.

- ჭიჭიკია, არ მეიყვანო მაგი ქალი ცოლად, მთელი ტამბოვი მაგას ხმარობდა!

ცოტა ხნის შემდეგ:

- მაინც მეიყვანე, ხო?!

- ვიყავი მე ტამბოვში და არაა დიდი ქალაქი!...

პროვოკატორი

ჟურნალი "გზა"