"ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის პროპაგანდის წამომწყები პოლიტიკური ძალა სხვის დეზინფორმაციაზე რომ იწყებს საუბარს, ცოტა უხერხულია - რა უკვირს პაპუაშვილს!"
ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის პროპაგანდის წამომწყები პოლიტიკური ძალა სხვის დეზინფორმაციაზე რომ იწყებს საუბარს, ცოტა უხერხულია - რა უკვირს პაპუაშვილს! - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე.
მანჯგალაძის შეფასებით, ხელისუფლება შოვში მომხდარი ტრაგედიის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს, რისი დასტურიც პაპუაშვილის განცხადებაა.
"პაპუაშვილის დღევანდელი განცხადება ტრაგედიის საკუთარ სასარგებლო მიზნებისთვის გამოყენების კლასიკური ნიმუშია.
ჩვენ ფაქტობრივად მორატორიუმი გვაქვს გამოცხადებული, მხოლოდ სამაშველო ოპერაციის და წინასწარი შეტყობინების სისტემების აუცილებლობაზე ვსაუბრობთ. ის, რომ კითხვები დაისვა კალაპოტზე, ვიღაცამ იკითხა წყალი ხეობაში პოსეიდონმა ხომ არ ჩაასხა, ეს პაპუაშვილს არ უნდა უკვირდეს - ყველა კითხვა ლოგიკურია.
განხილვა იყო საზოგადოებაში - როცა შვილები ადგილს 55 წუთით ადრე ტოვებენ, იქ ჩემი შვილიც რომ ყოფილიყო, იგივე კითხვები გაჩნდებოდა. ეს უნდა მივიღოთ როგორც მოცემულობა. გაკეთდა განმარტება - სხვა საკითხია ვის სჯერა და ვის არა.
ხელისუფლებას არ მოსწონს რა თავისუფალი აზრი, თავისუფალი მედია და თავისუფალი კითხვები, გარკვეულ საკანონმდებლო რეგულაციების მიღებაზე ფიქრობს. მათ 1000 - ლარიანი ექსპერტების ქვეყანა სჭირდებათ, რომლებიც ხელს ყველა დასკვნასა და შეფასებაზე მოაწერენ - უნდათ საზოგადოებას დააჯერონ, რომ ასეთი სტიქია რვა წუთში შეიქმნა და არანაირი წინასწარი ნიშნები არ არსებობდა", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
"ინტერპრესნიუსი"