კოკოშკოვს 8 წელი მისცეს - კვირის პალიტრა

კოკოშკოვს 8 წელი მისცეს

კვირას, 18 დეკემბერს, თბილისში ფინიქსიდან იგორ კოკოშკოვი ჩამოვიდა. ვინც ამ სახელსა და გვარს კარგად არ იცნობს, შევახსენებთ, რომ იგორი საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს 2008 წლიდან ხელმძღვანელობს. გუნდი ჯერ მეორე ლიგიდან პირველში გადაიყვანა, 2010 წელს კი ევროპის ჩემპიონატზე მოახვედრა და იქაც წარმატებით ათამაშა, - მეორე ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, რაც ავტომატურად ევროპის 12 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრას ნიშნავდა.

მოკლედ, ოთხ წელიწადში მწვრთნელმა ნაკრები უფსკრულიდან მყინვარწვერზე აიყვანა. შესაბამისად, მისი მუშაობით უკმაყოფილების გამოთქმა უმადურობა იქნებოდა. თუმცა, ქართველები მაქსიმალისტები ვართ და კარგად ვიცით, რომ ევროპაში მყინვარწვერზე მაღალი მთაც არსებობს, თან არც იალბუზია ჩვენგან შორს... სხვათა შორის, ევრობასკეტზე საკალათბურთო ნაკრებისგანაც არ იყო შორს მერვედფინალი.

მადა ჭამაში მოვიდა და ბევრის აზრით, საჭირო იყო ახალი, ექსტრაკლასის მწვრთნელი, რომელიც გუნდს ახალ სიმაღლეზე აიყვანდა. ამას არც ფედერაციაში უარყოფდნენ, მაგრამ იგორ კოკოშკოვსაც არ ივიწყებდნენ. ნოემბრის ბოლოს ფედერაციის ხელმძღვანელ ბესიკ ლიპარტელიანს ასეთი კითხვით მივმართეთ: - კიდევ აქვს იგორ კოკოშკოვს გუნდთან ერთად ზრდის რესურსი? დადებითი პასუხი მივიღეთ, რაც იმას ნიშნავდა, რომ სერბ სპეციალისტთან ახალი კონტრაქტი გაფორმდებოდა. საქმეს ერთი გარემოებაც აიოლებდა: ნაკრების ყველა კალათბურთელი მასზე დადებითად ლაპარაკობდა, რაც ქართულ რეალობაში მეტად "უცნაური" ამბავია. ნაკრებს კოკოშკოვამდე სამი უცხოელი მწვრთნელი ჰყავდა, რომელთა მუშაობით უკმაყოფილო კალათბურთელთა მოძებნა ძნელი სულაც არ იყო. ამიტომაც ვერც ერთმა ვერ გაძლო 2 წელზე მეტხანს. დაახლოებით ისეთივე სიტუაცია იყო, როგორიც საფეხბურთო ნაკრებში წლების განმავლობაში - მწვრთნელი გუნდიდან ერთს გააგდებს, მეორეს არ ენდობა და მალე თავადაც უწევს პოსტის დატოვება.

სწორედ კოკოშკოვის მაგალითი გამოდგება თვალსაჩინოებისთვის: თუ არ დავაცდით, შედეგი არც ერთ მწვრთნელს არ ექნება. როგორც გითხარით, იგორი ოთხი წელია საქართველოს ნაკრებთან მუშაობს და ამ დროში სერიოზული კონფლიქტი არავისთან მოსვლია, გუნდიდან კალათბურთელის დათხოვნაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. სწორედ ამიტომ გაძლო დიდხანს და მეტსაც გეტყვით: 18 დეკემბერს იგი მეორე ოთხწლიანი "საპრეზიდენტო" ვადით აირჩიეს, - გაუფორმეს ოთხწლიანი კონტრაქტი, რომლის პირობების მიხედვით 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ქართულ მხარეს ხელშეკრულების გადახედვის უფლება აქვს და თუ მწვრთნელის მუშაობა არ დააკმაყოფილებს, კონტრაქტის გაწყვეტა შეუძლია.

დავინტერესდით, კონკრეტულად, რა შედეგი დააკმაყოფილებს კალათბურთის ფედერაციას და რას ელის სერბი მწვრთნელისგან უახლოეს წლებში? კითხვაზე პასუხი თავად იგორ კოკოშკოვმა გაგვცა:

- ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებთან მუშაობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს მეტად სასიამოვნო იყო. სათანადოდ გავიცანი თითოეული კალათბურთელის შესაძლებლობები და მჯერა, მათ ზრდის პოტენციალი კიდევ აქვთ. ამიტომ, როცა საქართველოს ნაკრებში მუშაობის გაგრძელება შემომთავაზეს, სიამოვნებით დავთანხმდი. საერთოდ, გარკვეულ სიმაღლემდე ასვლა სირთულეებთანაა დაკავშირებული, მაგრამ გაცილებით ძნელია სიმაღლის შენარჩუნება. ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ბარიერი გადავლახეთ და ტოპ-12 გუნდში მოვხვდით. საქართველოში რომ მოვდიოდი, ვიცოდი, გულშემატკივარი და მედია იმაზე უარეს შედეგს, რაც ლიტვის ევრობასკეტზე ვუჩვენეთ, არ მაპატიებს. ამისთვისაც მზად ვარ. თუნდაც 12 გუნდს შორის ადგილის შენარჩუნების იმედი რომ არ მქონდეს, კონტრაქტს ხელს არ მოვაწერდი.

2013 წელს ევროპის ჩემპიონატი სლოვენიაში ისეთივე სისტემით გაიმართება, როგორითაც 2011 წლის პირველობა: 24 გუნდი 4 ექვსგუნდიან ჯგუფად განაწილდება. მომდევნო ეტაპზე თითო ჯგუფიდან საუკეთესო სამი გავა.

თუმცა, მანამდე ცხელი შესარჩევი ტურნირი გველის: 2012 წელს 18 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე საქართველოს ნაკრები 8 მატჩს ჩაატარებს. ჯგუფში მისი მეტოქეები ჰოლანდია, ბოსნია, ლატვია და რუმინეთი იქნებიან. ევროპის პირველობის საგზურს მათგან ორი საუკეთესო მიიღებს. მესამე ადგილზე გასულსაც აქვს სლოვენიაში მოხვედრის შანსი, მაგრამ ამისთვის საჭიროა დანარჩენი 5 ჯგუფის მესამეადგილოსნებში ოთხ საუკეთესოს შორის მოხვდეს.

ვაჟა სიმონიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)