"ბავშვებო, ხმა გაგვეცით!.. ვყვიროდით ტალახში ჩაფლული ხეებიდან, თოკებზე ჩაბმულები..." - შოვში სამაშველო სამუშაოებში მონაწილის მძიმე ისტორია - კვირის პალიტრა

"ბავშვებო, ხმა გაგვეცით!.. ვყვიროდით ტალახში ჩაფლული ხეებიდან, თოკებზე ჩაბმულები..." - შოვში სამაშველო სამუშაოებში მონაწილის მძიმე ისტორია

ყოფილი მაშველი, დათო ჭიტაძე, რომელიც შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობდა, გვიყვება, რა პირობებში უწევდათ მუშაობა მაშველებსა და მოხალისეებს:

- გამთენიის 6 საათიდან შევუერთდით მაშველებს. იმ ღამეს მხოლოდ სპეცტექნიკა მუშაობდა... ხეობაში რომ შევედით, მაშინვე მივხვდი, რომ იმდენად მძიმე მდგომარეობა იყო, დამოუკიდებლად, ტექნიკის გარეშე, ვერაფერს გავხდებოდით. მიწის უზარმაზარ მასას იქაურობა რამდენიმე მეტრზე, ზოგან სამ ან მეტ სიმაღლეზე მთლიანად დაფარული ჰქონდა. იყო ადგილები, სადაც ლაფის სიმაღლე ათ მეტრსაც კი აღწევდა და ფეხს როგორც კი დაადგამდი, მთლიანად ეფლობოდი. ეს, დაახლოებითთ, 10-15 სტადიონის ფართობისხელა ხდებოდა. შემდეგ დავუკავშირდით ალპინისტებსაც, რომელთა შორის ისეთი პროფესიონალი კასკადიორებიც იყვნენ, ფილმებში რომ იღებენ... ამის მიუხედავად, დამოუკიდებელად, სპეცტექნიკის გარეშე მუშაობა თვითმკვლელობას უდრიდა. ვნახე გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის ბიჭები, რომლებიც მხრებამდე ტალახში დადიოდნენ და ისე ცდილობდნენ დაკარგულების პოვნას. ფოტოებშიც ჩანს, მანქანის ქვეშ რომ არიან შემძვრალი...

მაშველების ერთ-ერთ გუნდთან მივედი და ავუხსენი, რომ სამაშველო სამსახურში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება მქონდა. საგანგებო სიტუაციების უფროსთან შევათანხმეთ ყველაფერი და დაველოდეთ, რა დავალებას მოგვცემდნენ...

- იქვე იყვნენ დაკარგული ადამიანების ოჯახის ახლობლებიც, არა?

- დიახ, ეს ცალკე ტრაგედია იყო - ადამიანები სასწაულის იმედად, დაჩოქილი ელოდებოდნენ ოჯახის ახლობლებს. კიდევ ასი წელი რომ ვიცოცხლო, მათი თვალები არასდროს დამავიწყდება. ასეთი უმწეობის განცდა არასოდეს მქონია... ვნახე კაცი, რომელიც ცოლსა და შვილებს ეძებდა, ხელებში გვიყურებდა, თან ცდილობდა, ემოციებს მორეოდა და არ შევეწუხებინეთ. აკანკალებული ხმით უხსნიდა საგანგებო სიტუაციის სამსახურის უფროსს, რომ ვიღაცას დაუნახავს, როგორ გარბოდნენ მისი მეუღლე და შვილები ტყისკენ. ის მხარე იმ ეტაპზე შეუსწავლელი იყო, მაგრამ ისეთი მდგომარეობა იყო, არ ვიცი, იქ ადამიანების ცოცხლად პოვნის იმედი როგორ უნდა გვქონოდა. ჩვენ, სამაშველო გამოცდილების მქონე მოხალისეებს, მის ხელმძღვანელ ირაკლი საბანაძის გუნდთან და სამაშველოს ბიჭებთან ერთად, დაგვავალეს შოვის ზედა მხარის, მთლიანი ფერდის შესწავლა - ეს ტერიტორია მოიცავს ე.წ. სტალინის აგარაკებს, კოშკებსა და მჟავე წყლების ნაწილს... სწორედ იმ ადგილას ეძებდა ეს კაცი იმედს - დაკარგული ბავშვების, დუდაშვილების მამა, იქნებ შეშინებულები ტყეში გაიქცნენ და სადმე თავს აფარებენო. სამაშველო თოკებით, მდინარის ნაპირიდან სამ კმ-ზე მეტი ვიარეთ, თითქმის მთის წვერამდე ავედით... ყველა ნაბიჯი კი არა, სანტიმეტრიც კი საშიში იყო - ძლიერი დარტყმისგან ხეები იყო გადაჩეხილი, ლაფში ჩაფლული მათი ბასრი პირი ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენდა.

იმ გზაზე, რაც ჩვენ გავიარეთ, მეწყრის დიდი მასა იყო და ადამიანის ცოცხლად გადარჩენის შანსი უბრალოდ არ არსებობდა... დაუდასტურებელი ინფორმაცია გვქონდა, როდესაც მეწყერი წამოვიდა, ადამიანები ტყეში შეცვიდნენო. იმ კაცისთვის, რომელიც ცოლ-შვილს ეძებდა, გვინდოდა, ბოლომდე გვეჩვენებინა, რომ მიწის ყოველ გოჯს შევამოწმებდით და თუ რამე შესაძლებლობა არსებობდა, თავს არ დავზოგავდით, რათა მისი ოჯახის წევრები გვეპოვა. მთის მწვერალზე, თითქმის საზღვრამდე ავედით, შემდეგ 15 ადამიანი 150-მეტრიან მანძილზე გადავნაწილდით და დავეშვით ქვემოთ... გზადაგზა ვვყვიროდით - ბავშვებო, ხმა გაგვეცით, რამენაირად გვანიშნეთ და დაგეხმარებითო. ალაგ-ალაგ ვჩერდებოდით, რომ რამე სიცოცხლის ნიშანი გვეპოვა. თოკებზე ჩაბმულები, ტალახში ჩაფლული ხეებიდან ვაკვირდებოდით გარემოს, მიუხედავად იმისა, რომ იმ სიმაღლის ლაფიდან ადამიანის ამოსვლა, უბრალოდ, შეუძლებელი იყო, მაგრამ რაღაცის იმედს ვეპოტინებოდით - იქნებ ხეზე შეძლო ჩაჭიდება ან სადმე გადაუხვიაო... ვიცოდით, რომ დრო ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ვცდილობდით, ძალები არ დაგვეზოგა... როდესაც მეხანძრე-მაშველად ვმუშაობდი, საკუთარ თავზე არც კი ვფიქრობდი, ოღონდ ადამიანს დავხმარებოდი...სამწუხაროდ, ადამიანის, სიცოცხლის კვალიც კი ვერ ვიპოვეთ.

როგორც ვთქვი, წლების განმავლობაში ვიმუშავე სამაშველო სამსახურში, მაგრამ ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღეები იყო. როდესაც ქვევით ვეშვებოდით, ვიგრძენი, რომ ტერიტორია ძალიან დამრეცი, ფაქტობრივად, დაკიდებული იყო, სამაშველო თოკების გარეშე ჩამოსვლა შეუძლებელი იყო. როდესაც ჩამოვედით, ის კაცი ისევ იქ იდგა, გაქვავებული, მის დანახვაზე ყელში ბურთი გამეჩხირა. თვალებში ვეღარ ვუყურებდით, აქეთ მოგვეფერა, მადლობა გვითხრა თავდაუზოგავი მუშაობისთვის.

(სპეციალურად საიტისთვის)