"მივმართავ პროკურატურას, სასწრაფოდ დაიწყონ გამოძიება, ასევე, მოხდეს კოტეჯების დემონტაჟი" - რა ხდება ორთაბათუმში?
როგორც შოვში, იგივე მდგომარეობა გვაქვს ორთაბათუმში, სადაც მდინარის კალაპოტში განთავსებულია 54 კოტეჯი. მივმართავ პროკურატურას, სასწრაფოდ დაიწყონ გამოძიება თუ როგორ მოხდა მდინარის კალაპოტის გასხვისება უცხოელ მოქალაქეებზე და სასწრაფოდ მოხდეს კოტეჯების დემონტაჟი, რადგან შოვის ტრაგედია არ განმეორდეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიშა ბოლქვაძემ განაცხადა.
ბოლქვაძის თქმით, კოტეჯებზე მშენებლობის ნებართვა 2021 წელსაა გაცემული.
„რა თქმა უნდა, პირველ რიგში, რაჭაში, შოვში დაღუპული ახალგაზრდების, პატარა ანგელოზების, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი პოლიციელის ოჯახის წევრებს მინდა მივუსამძიმრო და ეს არა მხოლოდ ამ ოჯახის ტრაგედია, არამედ ქვეყნის ტრაგედიაა. დღევანდელი ჩვენი ბრიფინგით „რუსული ოცნება” უნდა ვამხილოთ, როგორც შოვში, იგივე მდგომარეობა სოფელ ორთაბათუმში გვაქვს. ეს არის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ორთაბათუმი, სადაც ნათლად ჩანს, რომ მდინარე ყოროლისთავის კალაპოტში განთავსებულია 54 კოტეჯი და ჩვენ დღეს მივმართავთ „რუსული ოცნების“ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება თუ როგორ მოხდა მდინარის კალაპოტის გასხვისება უცხო ქვეყნის მოქალაქეზე - არაბ და რუს მეპატრონეებზე, ასევე, მდინარის კალაპოტში მშენებლობის ნებართვის გაცემა.
გამომდინარე იქიდან, რომ ეს მდინარე დიდდება, საფრთხე ექმნება ამ მდინარეში განთავსებულ კოტეჯებს და ადამიანებს, რომლებიც იქ იცხოვრებენ. მოვუწოდებთ პროკურატურასთან ერთად ხელვაჩაურის მერიას, დროულად მოხდეს ამ კოტეჯების დემონტაჟი. ამ კოტეჯების მშენებლობაზე ნებართვა 2021 წელს არის გაცემული. დღეს გვაქვს სახეზე 54 კოტეჯი, რომლის დემონტაჟსაც ვითხოვთ და რომლის არსებობა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის”, - განაცხადა მიშა ბოლქვაძემ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
"ინტერპრესნიუსი"