მოსკოვთან ოპტიკური ქარხნის აფეთქება რუსულ არმიას ნაწილობრივ „დააბრმავებს“... - კვირის პალიტრა

მოსკოვთან ოპტიკური ქარხნის აფეთქება რუსულ არმიას ნაწილობრივ „დააბრმავებს“...

9 აგვისტოს დილას რუსეთის ქალაქ სერგიევ-პოსადში, რომელიც რუსეთის დედაქალაქის-მოსკოვის ცენტრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 70 კმ-ითაა დაშორებული, განსაკუთრებული სიძლიერის აფეთქება მოხდა და წარმოქმნილმა „სოკომ“ ადგილობრივ მაცხოვრებლებში დიდი პანიკი გამოიწვია...

აფეთქება მოხდა ამ ქალაქში განთავსებულ ცნობილ, ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაში,რომელშიც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის „თვალებს“- თვალთვალისა და დამიზნების ოპტიკურ ხელსაწყოებს ამზადებენ.

ამ ქარხნის მიერ გამოშვებულ საზღვაო ბინოკლებს, ღამის ხედვის მოწყობილობებს, სითბოვიზურ სამიზნეებს და რაკეტების ოპტიკური დამიზნების ხელსაწყოებს რუსეთის საოკუპაციო ძალები აქტიურად იყენებენ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში და სრულიად შესაძლებელია, რომ ამიტომაც ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანა უკრაინელების კანონიერი სამიზნე გამხდარიყო...

სერგიევ-პოსადიდან უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრამდე უმოკლესი მანძილი 520 კმ-ს შეადგენს და უკრაინულ დრონებს მეტიც გადაულახავთ, რაც არ გამორიცხავს მათ „ავტორობას“ ამ რუსულ ქარხანაში მომხდარ აფეთქებაზე, თუმცა აფეთქებიდან პირველსავე საათებში რუსეთის ოფიციალური წყაროები ამტკიცებდნენ, რომ აფეთქება ქარხნის ტერიტირიაზე დასაწყოებულმა პიროტექნიკურმა საშუალებებმა გამოიწვია, მაგრამ ბინოკლების გამომშვებ ქარხანაში,რა უნდა ტროტილს?

3-z-1691583132.png
საგულისხმოა, რომ ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკური ქარხანა ერთხელ უკვე იწვოდა, 2022 წლის 8 ივნისს...

ამ ქარხნის ტერიტორიაზე მარტამდე ფუნქციონირებდა კომპანია „პიროროსი“, რომელიც გაკოტრდა, ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე საწყობი კი დარჩა, რომლის დეტონაციის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა, საცხოვრებელ კორპუსებში შუშები ჩაიმსხვრა, მაგრამ რაც მთავარია, შეწყდა მუშაობა ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაში, რომლის პერსონალის სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა...

თვითმხილველების მიერ აფეთქების ეპიცენტრის სიახლოვე გადაღებულ ვიდოკადრებში გაილვებს მიწაზე დადებული 152 მმ კალიბრის აუფეთქებელი ჭურვის კორპუსიც მოხსნილი ამფეთქით, რაც აძლიერებს იმის ეჭვს, რომ აფეთქება არა პიროტექნიკის საწყობში მოხდა, არამედ საარტილერიო ჭურვების შენახვის ადგილას და ძლიერი აფეთქების ტალღამ ამ ჭურვების კორპუსები ასეული მეტრის რადიუსში გასტყორცნა, მათი შემდგომი დეტონაციის გარეშე.

რა შეიძლება გამხდარიყო ასეთი ძლიერი აფეთქების ინიციატორი - უსაფრთხოების წესების დარღვევა საწყობის შიგნით თუ მაინც უკრაინული კამიკაძე-დრონის უზუსტესი „სტუმრობა“ რუსეთის არმიისთვის ასე საჭირო ქარხანაში?

4-z-1691583210.jpg
ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკური ქარხნის მიერ გამოშვებულ ამ БСМ 16х50 ტიპის, გამოსახულების სტაბილიზაციის მქონე ბინოკლს რუსი ოკუპანტები აქტიურად იყენებენ უკრაინის ფრონტზე...

უკრაინის ქალაქების სისტემატური დაბომბვების საპასუხოდ განხორციელებული უკრაინის შურისმაძიებელი საჰაერო თავდასხმები მოსკოვის მიმართულებით, აქამდე ძირითადად მაინც ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა და პროპაგანდისტულ შედეგებზე იყო მეტად გათვლილი, ვიდრე რეალურ სამხედრო მნიშვნელობის დაზიანებების მიყენებაზე...

თუმცა დღევანდელ კონკრეტულ შემთხვევაში სერიოზული აფეთქება მოხდა რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სარეჟიმო ობიექტზე, რისი „ავტორიც“ შეიძლება ყოფილიყო არა უკრაინიდან გაშვებული მორიგი კამიკაძე - დრონი, არამედ...უკრაინის სპეცსამსახურების მიერ მოხერხებულად განხორციელებული დივერსიული აქტი...

რუსეთის ტერიტორიაზევე, მისი სამხედრო-სამრეწველო ობიექტების დროებით მწყობრიდან გამოყვანაც კი, უკრაინელებს ორმაგ სარგებელს მისცემს - ჯერ ერთი შეფერხდება უკრაინის ფრონტზე მებრძოლი რუსეთის საოკუპაციო ძალების მომარაგება და მეორეც - უკრაინა მთელ მსოფლიოს და პირველ რიგში კი რუს ობივატელს დაუმტკიცებს, რომ მას შესწევს ძალა, ქვეყანა-აგრესორს მისსავე მიწაზე მიაყენოს ძალზე მტკივნეული შურისმაძიებელი წერტილოვანი დარტყმები...