სილქნეტმა საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა გუნდს მჯდომარე კალათბურთის ეტლები გადასცა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს და დაჭრილი სამხედროების, ვეტერანების დასახმარებლად, მათ გამოცდილებასა და მიდგომებს იზიარებს. წლეულს ფონდმა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Invictus Games Foundation -ისგან მიიღო გრანტი, რომლითაც დაჭრილ მებრძოლთა გუნდისთვის 10 ერთეული მჯდომარე კალათბურთის ეტლი შეიძინა. გუნდი თანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და 2014 წლიდან „ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games) არაერთ ტურნირში იღებს მონაწილეობას.
როგორც ფონდში აცხადებენ, დაჭრილი მებრძოლების წარმატებული ასპარეზობისთვის სპორტული ინვენტარის განახლება აუცილებელი იყო. კომპანია სილქნეტმა, რომელიც „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ დამფუძნებელი და მთავარი დონორია, უზრუნველყო მჯდომარე კალათბურთის ეტლების ტრანსპორტირება საქართველომდე.
დაჭრილ მებრძოლთა გუნდი სათანადო მომზადებას უკვე ახალი სპორტული აღჭურვილობით გაივლის და სექტემბერში, დიუსელდორფში, ღირსეულად წარსდგება „ინვიქტუსის მებრძოლთა თამაშებზე“.
თადარიგის კაპიტანი არჩილ აბულაძე: „2008 წელს მივიღე ტრავმა, შინდისის ბრძოლებში. მარცხენა კიდურის დაზიანების მიუხედავად, დავკავდი კალათბურთით. ნამდვილად არ მეგონა, რომ შევძლებდი ასე აქტიურად ჩავრთულიყავი სპორტში. 2019 წლიდან შემოვუერთდი გუნდს, სადაც კალიფორნიის ტურნირზე პირველი ადგილი მოვიპოვეთ. ახალი ეტლები გააუმჯობესებს დიუსელდორფის „ძლიერთა თამაშებისთვის“ ჩვენს მზადებას. სრულფასოვანი ვარჯიშისთვის ყველაფერი გვიწყობს ხელს, ერთადერთი გვაკლდა მაღალი ხარისხის პროფესიული ეტლები, რომელიც დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მიერ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის - Invictus Games Foundation - მიერ გამოყოფილი გრანტით იქნა შეძენილი.“
მჯდომარე კალათბურთის გუნდის წევრი აჰმედ საფაროვი: „დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის მაღალი ხარისხის სპორტულ ინვენტარს, რომელიც მორგებულია ჩვენს საჭიროებებზე, ადაპტირებულია, სწრაფად გადაადგილებაში გვიწყობს ხელს. პირველად გუნდმა 2018 წელს, აშშ-ს ტურნირზე აიღო ბრინჯაოს მედალი, ერთი წლის მერე გავაუმჯობესეთ შედეგი და ოქროს მედლით დავბრუნდით. კალათბურთის თამაში, მძიმე დაზიანებების მიღების შემდეგ დავიწყე. 2015 წლიდან ვვარჯიშობ და მჯდომარე კალათბურთის გუნდის წევრი ვარ. მე ჯარისკაცად ვრჩები და სპორტით ვაგრძელებ ბრძოლას საქართველოს სახელით.“
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ 2018 წელს სილქნეტმა დააფუძნა. კომპანია ფონდში ყოველწლიურად 300 000 ლარს რიცხავს. გარდა ამისა, წლიდან წლამდე უფრო მეტ დონორს იზიდავს და გაფართოებული რესურსით ეხმარება დაჭრილ მებრძოლებს და მათი ოჯახის წევრებს. ფონდის მიზანია, მხარში დაუდგეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ბრძოლებში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს, რომლებმაც ჯანმრთელობა შესწირეს სამშობლოს ტერიტორიულ მთლიანობას და მძიმე ფიზიკური დაზიანებებს, ფონდის დახმარებით უმკლავდებიან.
მხოლოდ მიმდინარე წელს, დაჭრილ ვეტერანებსა და სამხედრო მოსამსახურეებზე, 36 სხვადასხვა სახის მხარდაჭერა განხორციელდა, მათ შორის ბენეფიციართა არასრულწლოვან შვილებსა და მეუღლეებზე. 2023 წელს სრულად, ფონდისგან გაცემული დახმარებების ჯამმა 181 973.74 ლარი შეადგინა. ეს თანხა მოხმარდა გადაუდებელ ოპერაციებს ავსტრიასა და თურქეთში, სამედიცინო მომსახურებას, მედიკამენტებით უზრუნველყოფას, სწავლის დაფინანსებას და სხვა საჭიროებებს.
შემოუერთდი ქველმოქმედებას:
საქველმოქმედო ნომერზე - 0 901 777 771. ზარის საფასური 1 ლარი
დონაციის განხორციელება შესაძლებელია საბანკო ანგარიშებზეც.
(R)