"უკანონოდ ერთი თეთრიც არ ჩარიცხვია არავის" - კვირის პალიტრა

"უკანონოდ ერთი თეთრიც არ ჩარიცხვია არავის"

პარლამენტის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა პროკრატურას სადეპუტატო კითხვით მიმართა და მოითხოვა, განსაჯაროებულიყო ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებული იმ ოთხი პარტიის შემოსავლის წყაროები, რათა ბოლოს და ბოლოს წერტილი დასმოდა მითქმა-მოთქმას იმაზე, რომ ამ პარტიებს რუსული სპეცსამსახურები აფინანსებენ. ამის თაობაზე გაუთავებლად ლაპარაკობს როგორც ხელისუფლების, ისე საპარლამენტო ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი. დეპუტატმა ცაგარეიშვილმა ამ კითხვაზე პასუხი ოპერატიულად მიიღო. როგორც ირკვევა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის მომავლმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა - კობა დავითაშვილის „სახალხო პარტიამ“, ზვიად ძიძიგურის კონსერვატიულმა პარტიამ, ირაკლი ალასანიას „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და რესპუბლიკურმა პარტიამ ნოემბერ-დეკემბერში ივანიშვილისა და საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, კახა კალაძის კომპანიებმა ჯამში 4. 100.000 ლარით დააფინანსეს. ეს  კომპანიები საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირებია, რომლებმაც დღემდე არაერთი სახელმწიფო პროექტიც დააფინანსეს. რატომ გადაწყვიტა "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა ამგვარი კითხვით მიემართაAპროკურატურისთვის, ამას თვითონ ბატონი გია ცაგარეიშვილი აგვიხსნის:

- ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმის დემონსტრაცია, რომ ჩვენ არაფერი, არც ერთი თეთრი არა გვაქვს დასამალი, რომ ვმოქმედებთ კანონიერად და გვსურს თითოეული ჩვენი ნაბიჯის თაობაზე საზოგადოება ინფორმირებული იყოს. მოგეხსენებათ, პარტიების დაფინანსების საკითხს მკაცრ მონიტორინგს უწევენ,  ამის თაობაზე ინფორმაცია აქვს როგორც პროკურატურას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს. ფართო საზოგადოება კი ამ ინფორმაციას წელიწადში ერთხელ ეცნობა. ჩვენ კანონის მიხედვით ისედაც მოგვიწევდა 2012 წლის თებერვალში პარტიის ფინანსების თაობაზე ინფორმაციის განსაჯაროება, ამჯერად ეს ერთი თვით ადრე გაკეთდა, რითაც ნამდვილად არაფერი დაშავებულა. როდესაც ჩვენ თანამშრომლობაზე შევთანხმდით, იქვე მთელი საზოგადოების გასაგონად ითქვა, რომ გაერთიანდებოდა ჩვენი როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსები. გარდა ამისა, ხელისუფლებისა და ფსევდოოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ბოლოს და ბოლოს იქნებ მორჩეს ლაპარაკს იმაზე, რომ ჩვენ თურმე უცხოეთიდან და ეფ-ეს-ბესგან ვფინანსდებით. ყველა ეს კომპანია, საიდანაც მივიღეთ დაფინანსება, საქართველოშია რეგისტრირებული. ისინი 2004 წლიდან აფინანსებდნენ "ნაციონალურ მოძრაობასაც" და სახელმწიფო პროგრამებსაც. რა გამოდის, მაშინ ეს ეფ-ეს-ბეს ფული არ იყო და დღეს ოპოზიციას რომ აფინანსებენ, უცებ რუსული ფული გახდა? ამ ფულით აშენდა უამრავი ეკლესია-მონასტერი, გარემონტრდა არაერთი თეატრი, რეკონსტრუქცია ჩატარდა არაერთ ქალაქში და ა.შ. სულ რამდენიმე დღის წინ თბილისის მერმა გიგი უგულავამ "ქართუ-ჯგუფს" ოპერის რეკონსტრუქციისა და რემონტისთვის მადლობა გადაუხადა.

- ბატონო გია, პარტიებისთვის გადარიცხული თანხა ზოგს ბევრად მოეჩვენა, ისმის კრიტიკაც. თქვენთვის თუ იყო ცნობილი თანხის ოდენობა?

- რა თქმა უნდა, იყო. სიმართლე გითხრათ, ძალიან მიკვირს იმ ადამიანებისა, ვისაც უკვირთ, რომ პოლიტიკაში წარმატების მისაღწევად ფულია საჭირო, მით უფრო, როდესაც ამას ლეგალური გზით აპირებ. უკანონოდ ერთი თეთრიც არ ჩარიცხვია არავის. ჩვენ ვაპირებთ არჩევნებით გამარჯვებას, ამისთვის კი ფინანსებიც საჭიროა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" თითქმის 12-მილიონიან დაფინანსებას იღებს წლიურად, ოპოზიცია კი - 2 მილიონ ლარს. ზოგიერთი ჩემი კოლეგის კრეტინიზმის ტირაჟირებას აღარ გავწევ და არ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს, რა საჭიროა პოლიტიკაში ფული.

- ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ თქვენი მოთხოვნით პროკურატურას საშუალება მიეცით სისხლის სამართლის საქმე აღიძრას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

- როგორც ჩანს, ვეფხვაძე უკვე პროკურატურაში მუშაობს და კარგადაც არის ინფორმირებული, ან მკითხაობა დაიწყო. არავითარი საფუძველი ვინმეს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა, ამ გადარიცხვებში არ არსებობს. ოდნავი გადაცდომაც რომ სადმე იყოს, დარწმუნებული იყავით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის არც ჩემი კითხვა და არც ვეფხვაძის მკითხაობა არ დასჭირდებოდა პროკურატურას. ივანიშვილიც და ჩვენც, "თავისუფალი დემოკრატებიც", ერთ ნაბიჯს უკანონოდ არ ვდგამთ. ვიმეორებ, ინფორმაცია დაფინანსების თაობაზე ისედაც ცნობილი იყო იმ ორგანოებისთვის, ვისაც კანონიის მიხედვით აქვთ ამგვარი ინფორმაციის ფლობის უფლება. სხვათა შორის, მე მივმართავ პროკურატურას, ასევე ოპერატიულად გამოაქვეყნოს "ნაციონალური მოძრაობის" დაფინანსების წყაროები. არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ გასულ წლებში "ნაცმოძრაობის" დამფინანსებელთა შორის რუსეთში რეგისტრირებული იურიდიული პირებიც იყვნენ.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)