რა არგუმენტებით ითხოვს გია ხუხაშვილი და ოპოზიციის ნაწილი შოვის ტრაგედიის გამოძიებას, რას პასუხობს მათ "ოცნება" და რატომ მიაჩნია ეს ინიციატივა "გირჩს" მარაზმად?!
ოპოზიციისა და ანალიტიკოსების ერთი ნაწილი შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. ერთ-ერთი პირველი, ვინც საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, ექსპერტი გია ხუხაშვილი იყო. ფაქტობრივად, პარალელურად, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ შესაბამისი ინიციატივით მიმართა პარლამენტს. საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს "ნაცმოძრაობაც" . ზურაბ გირჩი ჯაფარიძე კი სკეპტიკურად არის განწყობილი. ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციონერი ლიდერებისა და ექსპერტების მოთხოვნას არასერიოზულად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ისინი კომისიის შექმნის აუცილებლობაზე მხოლოდ პოლიტიკური კაპიტალის დაგროვების მიზნით საუბრობენ.
ანა დოლიძე(პარტია "ხალხისთვის":
- შოვის ტრაგედიის გამო აუცილებლად უნდა დადგეს ხელისუფლებაში მყოფი პირების როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. საგამოძიებო კომისიამ უნდა დადოს სურათი, თუ რამ გამოიწვია სტიქია - ნეპოტიზმმა, კორუფციამ, გულგრილობამ და შესაბამისად, შემოგვთავაზოს სისტემური ნაბიჯები სიტუაციის გამოსასწორებლად. „ქართულ ოცნება“ საერთოდ არ ფიქრობს ხალხისა და კერძო ინტერების დაბალანსებაზე - სრულიად უპასუხისმგებლოდ ეკიდება ხალხის ინტერესებს და თავის ნებაზე ჰყავს მიშვებული კერძო სექტორი. სწორედ ასეთ პოლიტიკას შეეწირა საქართველოს ეკოლოგია. ჩვენი პარტია მიიჩნევს, რომ ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობაა კერძო და საჯარო ინტერესების დაბალანსება.
ნახეთ, რა უქნეს საყდრისს - წიაღისეულის გამო, ნახეთ რა ხდება რუსთავში - როგორ აბინძურებენ ჰაერს ქარხნები... ამას ემატება ხე-ტყის უკანონო ჭრა და გასხვისება. რაჭის ტყეების კერძო პირისთვის იჯარით გადაცემას არავითარი გამართლება არ აქვს. ამ ყველაფერს ემატება ელექტროენერგიის გაუმართლებელი მოხმარება, ხალხისთვის სრულიად არასაჭირო ბიტკოინების გამო. არადა სწორედ ამის გამო აშენებენ ყველა კუთხე-კუნჭულში ჰესებს, ხოლო დიდ მდინარეებს მილებში აქცევენ... სახელმწიფოს საერთოდ არ აინტერესებს ხალხი და ქვეყნის ეკოლოგია, ფულიანი კერძო პირების ინტერესების სადარაჯოზე დგას და ყველა ხუშტურს უსრულებს. აი, ამ პოლიტიკის შედეგია შოვის ტრაგედია. ნახეთ, რა ხდება გომის მთაზე - იქ სადაც ხელუხლებელი ბუნება უნდა იყოს, კორპუსებს დგამენ. აი ასეთი განუკითხაობაა ამ ქვეყანაში. სისტემურად უნდა გავაანალიზოთ ეს ყველაფერი და ისტორიულ ჭრილში დავსვათ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. რატომ იღებენ ადამიანები მშენებლობის ნებართვას ღვარცოფიანი მდინარის კალაპოტში და ვერ იღებენ სტიქიაზე ადრეული შეტყობინების სისტემას?! ამ ყველაფერს სჭირდება საგამოძიებო კომისია და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. ასევე, უნდა ითქვას, რომ სამაშველო სამუშაოების დროს არაერთი ჩავარდნა ვიხილეთ. მაშველები და პოლიციელები თავდადებით მუშაობდნენ, მათ მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვაქვს სათქმელი. პრობლემა ის არის, რომ ეს ხალხი ძალიან ცუდ შრომით პირობებში არიან. ასევე, საინტერესოა, რატომ არ ჩავიდა ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის ადგილას თავის დროზე. კრიზისულ მომენტში ხალხმა საკუთარი პრემიერი სანთლით უნდა ეძებოს?
თინა ბოკუჩავა("ნაციონალური მოძრაობა")
- მაშინ, როდესაც მსხვერპლი დღითიდღე იზრდება, ჩნდება ორი მთავარი კითხვა - იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში და იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან. ირაკლი ღარიბაშვილი პირადად, მრავალი წელი საზოგადოებას მონიტორინგის სისტემის დანერგვას ჰპირდებოდა. ჯერ კიდევ 2014 წლის საქართველოს სოციალურ ეკონომიკურ სტრატეგიაში პრიორიტეტულ ამოცანად არის განსაზღვრული ადრეული გაფრთხილების თანამედროვე სისტემების დანერგვა. იგივე მიზანი ფიგურირებს სხვა ოფიციალურ სახელმწიფო დოკუმენტებშიც. მონიტორინგის სისტემის დანერგვისთვის 70 მილიონი დოლარის გრანტი მიიღო სახელმწიფომ ჯერ კიდევ 2018 წელს დასავლელი პარტნიორებისგან. სისტემის დანერგვა პრიორიტეტად არის გამოყოფილი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც, მაგრამ ვხედავთ, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემა დღემდე არ არის შექმნილი და ბიუჯეტით გაწერილი პროგრამა არ არის განხორციელებული. მეტიც, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც ახლა ეკონომიკის მინისტრი და ვიცე - პრემიერია და რომელიც 5 წლის წინ ამტკიცებდა მონიტორინგის სისტემის აუცილებლობას, დღეს ამბობს, რომ მსგავსი ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ პირობებში, რაც არ უნდა სისტემები გვქონოდა და ამით გაფრთხილების სისტემის არარსებობას და შესაძლო ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას ამართლებს. ბიუჯეტის ხარჯების შესაძლო გაფლანგვა, შესაბამისი თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედება და მონიტორინგის სისტემის დანერგვის ჩავარდნა პირდაპირი საფუძველია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის.
აღნიშნული ინიციატივით ასევე გამოვიდნენ სხვადასხვა საექსპერტო ჯგუფები, ისევე როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები. ჩვენ, მათ შორის ამ მოსაზრებების გათვალისწინებით, და იმ ფონზე, როდესაც ნულოვანია ნდობა საგამოძიებო უწყებების მიმართ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა შოვში მომხდარი სტიქიის ირგვლივ. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს, არის სტიქიაზე სახელმწიფოს რეაგირების ადეკვატურობა და ეფექტურობა.„პასუხისმგებელმა პირებმა საგამოძიებო კომისიას და საზოგადოებას უნდა განუმარტონ, რამდენად დროული და ოპერატიული იყო სტიქიის პირველ საათებში სახელმწიფო უწყებების რეაგირება.
მოვისმინეთ ამორალური გამართლება პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის მხრიდან, რომელმაც განაცხადა, ვციტირებ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას: „ვინც იქ უშუალოდ არ დაფარულა, ყველა გადარჩა, ძებნას 15 წუთში დავიწყებდით თუ 1 საათში, ამას რა გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა“, მაშინ როდესაც გადარჩენილი ადამიანები ირწმუნებიან, რომ ყოველ წუთს მნიშვნელობა ჰქონდა გადარჩენისთვის. სარჯველაძის ეს განცხადება ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ადამიანები სიკვდილისთვის გაწირა.
დამატებითი კითხვები, რომელსაც საგამოძიებო კომისიის ფარგლებში უნდა გაეცეს პასუხი, არის რატომ არ შეიძინა სახელმწიფომ 11 წლის განმავლობაში შესაბამისი სამაშველო ვერტმფრენები; მათ შორის, რატომ თქვა უარი სახელმწიფომ გრანტის სახით გამოყოფილ სამაშველო ვერტმფრენებზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები გვაწვდიდა; რატომ არ გააჩნია შესაბამის სამაშველო სამსახურს თანამედროვე სტანდარტების აღჭურვილობა; ამ პირობებში, რატომ არ სთხოვა ხელისუფლებამ დახმარება მეზობელ ქვეყნებს; რატომ არ ჩაერთო სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, როდესაც ცივილიზებულ ქვეყნებში ასეთი კატასტროფების დროს საათში ერთხელ ახდენს შესაბამისი პირი საზოგადოების ინფორმირებას.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე (პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის)
"რა საპარლამენტო საგამოძიებო კომისია? როდის უნდა მორჩეს ეს მარაზმი? ვინ გაგაკეთებინებთ კომისიას? ვინ გამოგაძიებინებთ? ამ პარლამენტში?როდის უნდა დაამთავროთ ასეთი ტყუილები? თან რუსები არიან და თან რუსების პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის და რამის გამოძიების იმედი გაქვთ? ხომ ვიცი, რომ არ გაქვთ. ყველას გიცნობთ. 2-3 დღიანი ნიუსისთვის ღირს ეს ტყუილი ამხელა ტრაგედიაზე? კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ხალხს რომ ესენი ცუდები არიან? Come on ესენი არიან რუსებია. მათ უნდა გა...ნ. ყველანაირი გამოძიება მერე. ესაა სიმართლე. პ.ს. გამოსაძიებელი ბევრია"
გია ხუხაშვილი(ექსპერტი):
- ჩემი რჩევა ოპოზიციას - საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე უნდა მოითხოვონ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნა. თუ ხელისუფლება აქაც კვორუმ-ობსტრუქციას მოაწყობს, ეს ფაქტობრივად დანაშაულის აღიარების ტოლფასი ქმედება იქნება. ვფიქრობ, რომ ამ მოთხოვნას შეუერთდება ყველა ჭირისუფალი, ჭირისუფალი კი მთელი საქართველოა, ორ შაურად გაყიდული „ექსპერტების“ გარდა. როგორც გავიგე, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ანა დოლიძეს დაუყენებია, რაც ჩემი აზრით, ძალიან კარგია.
(მოგვიანებით გია ხუხაშვილმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა)
- სპეციალურად იმ ხალხისთვის, რომელიც ნებისმიერ რეალურ ქმედებას სკეპტიკურად უყურებს და გაიძახის, რომ “რუსულმა ხელისუფლებამ უბრალოდ უნდა გა&&ვას”.ანუ, ან სასწაულის იმედზე არიან, ან იმის, რომ შერცხვებათ და წავლენ, ან მათი ფეხების ბაკუნის შეეშინდებათ და გა&&&&ვენ.სწორედ ეს მიდგომაა, რაც ასულდგმულებს და ამყარებს ხელისუფლებას…არავის აქვს ილუზია, რომ მხოლოდ საპარლამენტო კომისიით გადაწყდება პრობლემა. ეს უნდა იქცეს დიდი, სისტემური პოლიტიკური პროცესის ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი კომპონენტი.გეყოფათ ბატონებო მყვირალა, “უკომპრომისო” ყელყელაობა და საქმეს მიხედეთ მეთოდურად და მიზანსწრაფულად…
შალვა პაპუაშვილი(პარლამენტის თავმჯდომარე):
- დეპუტატებს შეუძლიათ, რომ შოვის ტრაგედიის შესახებ ყველა ინფორმაცია მიიღონ საჯარო წყაროების საშუალებით. ყველა ინფორმაცია თუ კი რაიმე საინტერესო და მნიშვნელოვანია საჯაროა, ამ დღეებში ქვეყნდებოდა კიდეც. არანაირი პრობლემა ამასთან დაკავშირებით არ არის. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, ჩვენი ოპოზიციის ზოგადად მოუმწიფებლობას. როგორც კი დაინახავენ რაღაც თემას, რომელზეც ფიქრობენ, რომ შეუძლიათ პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება, მაშინვე იწყებენ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბარს, შემდეგ კი საერთოდ ავიწყდებათ ამ კომისიის იდეა და პლენარულ სხდომაზეც აღარ გამოაქვთ. ეს ხომ არასერიოზულია?! კიდევ ერთხელ, თქვან რა ინფორმაცია სჭირდებათ, სადეპუტატო შეკითხვით იქნება თუ სხვანაირად, ამ ინფორმაციას მიიღებენ.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)